вторник, 1 декабря 2009 г.

რაც იყო...(დასაწყისი)

როდის დგება ადამიანის ცხოვრებაში უკან მოხედვის ჟამი? ან რაა ის დაუოკებელი ჟინი,უკვე წარსულის ,განვლილის ფიქრებში კვლავ გავლას რომ მწყურვალის წყაროს დაწაფების სურვილად გადააქცევს?
მე მოხუცი სულაც არ ვარ ამ სტრიქონების წერისას, ანუ იმ ასაკში არა ვარ,წინ რომ თითქმის ვერაფერს ვხედავდე და თუნდაც ამიტომ უკან მოხედვა ერთგვარი ნაცვალგებაცაა ამის გამო.
არც ცნობილი ვინმე პიროვნება ვარ, ადრეულ ასაკშივე რომ მოიხვეჭა სახელი და სასწრაფოდ ცდილობს საკუთარი პოპულარობის საიდუმლო გააცნოს ყველას.
მე დიდი განსაცდელი შემხვდა ცხოვრების შუა გზაზე მისვლამდე. სიკვდილს რომ რამდენიმეჯერ ჩახედავ თვალებში, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც სულიერი მღელვარება, ოჯახის დაშლა და მასთან დაკავშირებული თუ დაუკავშირებელი პრობლემები ჰქვია. განსაცდელი არა თუ გავლილია ამ სტრიქონების წერისას, არამედ თავის მწვერვალზეა: მე ახლა ჩემი სამშობლოდან გადახვეწილი კაცი ვარ...
თუმცა რატომღა გავაგრძელო?
ადამიანი დიდი განსაცდელის დროს აფასებს უკვე განვლილს! რატომ, რისთვის მოუვლინა ღმერთმა უმძიმესი ტვირთი საზიდად...
ერთია კიდევ–მე ნამდვილად არ ვიცი, როდის დავბრუნდები სამშობლოში...
მწყურია, უკვე სულმოუთქმელად ველი სტრიქონებში გაცოცხლებულ მოგონებებს.

იმ კოხრეიძეების წინაპარი, რომელთა შთამომავლობაც დღეს მაღლაკში, კოსტავების უბანში ერთ, ლამის განკერძოებულ, ქუჩაზე ცხოვრობს, გახლდათ ალექსი კოხრეიძე, რომელიც მეზობელ სოფელ ფარცხანაყანევში ცხოვრობდა და, დაქორწინდა რა ტერეზა კოსტავაზე, ჩაესიძა სიმამრის ოჯახს. ეს ამბავი მე–19 საუკუნის 90-იან წლებში მოხდა. ალექსი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა 1913 წელს. მისი საფლავის ქვის წარწერიდან ვგებულობთ: სოფელს დანანებია ახალგაზრდა ვაჟკაცის დაღუპვა და ცხარე ცრემლით დაუტირია იგი. ალექსის ექვსი შვილი დაუტოვებია ტერეზასთვის გასაზრდელ–გზაზე დასაყენებლად. ყველას სახელს ვერ ვიხსენებ. სამი მათგანი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. ერთ–ერთის – გერმანეს შთამომავლობა ამჟამად სოფელ ქვიტირში ცხოვრობს /მისი შვილთაშვილი ჩემი ნათლულია/ . ომში არწასული ორი ძმიდან ერთი – იაკინთე მაღლაკსა და ქუთაისში საკმაოდ ცნობილი ხელოსანი იყო /სახლებს აშენებდა/,4 ქალიშვილი და ერთი ვაჟი დარჩა...ადრიდანვე დაეფუძნა ქუთაისში...იაკინთეს შვილიშვილი – გიორგი კოღუაშვილი – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების და თბილისის "დინამოს" წევრი იყო 1980–იან წლებში. მამაჩემს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძასთან და მის ოჯახთან...ალექსის მეორე ვაჟი, რომელიც კომუნისტებმა ზურგში დაიტოვეს, ბაბუაჩემი – იაკობ კოხრეიძე იყო.

ბაბუა ომის წლებში და მერეც ფერმის გამგედ მუშაობდა. უმუშავია ბრიგადირად, კოლმეურნეობის კანტორაში... მოკლედ, სოფელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იაკობ კოხრეიძე დღესაც ახსოვთ სოფელში. ბებია – პელაგია /პელანგო/ გახოკიძე – ჯიხაიშელი ქალი გახლდათ. ბებიის "თავის სახლში" დღეს გახოკიძეები აღარ ცხოვრობენ...მამაჩემის სიკვდილამდე ჯიხაიშელ მოყვრებთანაც ახლობლობა გვქონდა. ბავშვობიდანვე ვიცნობდი პელაგიას დის შვილთაშვილს – რუსუდან ვაშაკიძეს, ტვ "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტს. იაკობი და პელაგია 1920 წლამდე არიან შეუღლებულნი. იაკობისთვის არ დაუმალავთ საპატარძლოს მავნე ჩვევა – პაპიროსის მოწევა, რაზეც პასუხის მომლოდინე შუამავლისთვის ბაბუაჩემს ღიმილით მიუგია: პაპიროსს მეც კი ვეწევი, ხანდიხან მე რომ არ მექნება, ცოლი მომაწევიებსო. სამი შვილი შეეძინათ: სავლე, ალექსანდრა /ცაფა/ და მამაჩემი – ვახტანგი. პელანგო ბებია ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, უფრო სწორედ, მახსოვს მისი საწოლი, კუთხე, რომელსაც ფაქტიურად მიეჯაჭვა სიცოცხლის ბოლო წლებში. ბებია ლამაზი ქალი იყო. სტალინს მოსწონებია თურმე ძალიან, პელაგიას გამოცხობილი ხაჭაპურიც გემრიელად მიურთმევია – მაშინ სტალინი ჯერ კიდევ უცნობი სოსო თუ კობა იყო და დიდ ჯიხაიშში ცოტა ხნით იმალებოდა თურმე. ორი რამ მახსოვს ბებიას დაკრძალვიდან : ნათლიაჩემმა ჯონი კოსტავამ ხუმრობით მითხრა პანაშვიდზე მოსული ადამიანების წინაშე – ბებიაშენი შენ მოკალიო. ეს ისე სერიოზულად მივიღე, რომ ცუდად გავხდი. და კიდევ: მახსოვს, როგორ დაჟინებით ვცდილობდი, დავმდგარიყავი ჭირისუფალი კაცების, ძირითადად მამაჩემის, გვერდით. 4-5 წლის ბიჭუნა კოსტუმში ვექაჩებოდი ყველას, ვინც ვერ მამჩნევდა...
ბაბუა იაკობი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა–1957 წელს. მამაჩემი მაშინ 26 წლის იყო...

მამა – ვახტანგ კოხრეიძე – 1931 წლის 8 მარტს დაიბადა. კოლექტივიზაცია...ეს პერიოდი ჩვენი ოჯახისათვის მაინცადამაინც მძიმე არ უნდა ყოფილიყო, ბაბუა ხომ კოლექტივის აქტივისტი თუ არა, ერთ–ერთი „ნომენკლატურული“ მუშაკი იყო. საოჯახო ალბომში ინახება ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან : გლეხის პირობაზე მშვენივრად ჩაცმული იაკობი და პელანგო 2–3 წლის მამაჩემთან ერთად. ..მამა ფრიადოსანი მოსწავლე იყო მეექვსე კლასამდე. დედაჩემს მისი 6 ქების სიგელი დახვედრია, რომელსაც სიამაყით და ერთგვარი ნიშნისგებით უფრიალებდა თურმე ახლადმოყვანილ რძალს პელაგია გახოკიძე.
ომის დასრულების შემდეგ მაღლაკის ველზე, ქუთაისის უკიდურესი დასავლეთით საავტომობილო ქარხანა აშენდა უშუალოდ სტალინის განკარგულებით, რომლის პერსონალსაც ე.წ. „ფეზავო“ები ამზადებდნენ. ერთ–ერთ ასეთ „საავტომობილო კოლეჯში“ სწავლობდა მამაც. რამდენიმე წელი ქარხანაშიც იმუშავა. სწორედ მაშინ დაიწყო დღევანდელი ავტოქარხნის დასახლების განაშენება. მამაჩემს სხვა მუშებთან ერთად საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სამშენებლო მასალაც, მაგრამ...მამამისის მოულოდნელმა სიკვდილმა მას ურყევი გადაწყვეტილება მიაღებინა : იგი საბოლოოდ დაუბრუნდა მისი პატარა ოჯახით დედას და სოფელს.
კაცმა სამი რამ უნდა გააკეთოს აუცილებლად ცხოვრებაში : ცოლი მოიყვანოს და ოჯახი არჩინოს, ხე /ტყე/ დარგოს, სახლი ააშენოს! – ძველებური ნათქვამია. მამამ ორსართულიანი ნახევრად კაპიტალური სახლი 1965 წელს ააშენა, 34 წლის ასაკში. /მომდევნო წელს გავჩნდი მე/.
იმ სახლმა 1988 წლამდე იარსება – როცა მამამ ჩემი დაჟინებული თხოვნით ახალი, ორსართულიანი, მთლიანად „კაპიტალური“ სახლი ააშენა.
სოფელში მდიდარი ოჯახის სახელი ნამდვილად არ გვქონდა. თუმცა ერთ–ერთი პირველი მამა ყიდულობდა ხოლმე თანამედროვე ტექნიკის საგნებს. ასე გაჩნდა ჩვენს ოჯახში ტელევიზორი , ფირსაკრავი, რადიო და ა.შ. მე ბუნდოვნად მახსენდება, როგორ გამოდგამდა დედა ტელევიზორს აივანში, სადაც გულმოდგინედ იყვნენ მოკალათებულები ახლო თუ შორებელი მეზობლები ფეხბურთის ან მაშინ ძალიან პოპულარული სერიალების–„4 ტანკისტი
და 1 ძაღლი“ და „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“– სანახავად. 1970–იანი წლების დასაწყისში ცისფერი ეკრანი ჯერ კიდევ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო ქართული ოჯახების უმრავლესობისათვის.
1968 თუ 1969 წელს მამამ ავტომობილი „პობედა“ იყიდა. იმ მანქანამ მამაჩემის ხელში გაათავა 35 წელი და მიუხედავად ამოდენა ასაკისა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილსაც რეგულარულად „ახრამუნებდა“, მამა მას თითქმის ბოლომდე ვერ შეელია.
მამამ ჭადრაკი მასწავლა.მახსოვს მისი გაკვეთილები...
ახალგაზრდობაში ცოტა მექალთანეც ყოფილა...
ბაზარი მისი სტიქია იყო. მშრომელი კაცი იყო და ბაზარში გასაყიდი პროდუქციაც სულ ჰქონდა – ზამთარ–ზაფხულ. ძალიან უყვარდა სოხუმი და სოხუმის „საკოლმეურნეო“ ბაზარი. იუმორი ყველგან თან სდევდა და ყველას ამის გამო უყვარდა. ერთხელ კი მისმა ხუმრობამ საბედისწერო შედეგი მოიტანა: ფოთის ბაზარში ვაჭრობდა თურმე მაშინ. ერთი მშვენიერი ქალბატონი უახლოვდებოდა მის დახლს. მამაჩემს იმ ქალის შესახედად მაღლა აუხედია და „გაოცებულს“ წამოუძახია : ამ სიმაღლეზე რამ ეიყვანა, რაფერ არ ეშინიათ, გაგიჟდები კაციო.
ძვირფას ქურქში გამოწყობილი ქალბატონი მანამ იყურებოდა ზევით, სანამ ნახევრად თავღია საკანალიზაციო ჭაში არ ჩავარდა. ამტყდარა ერთი ამბავი. ეს ქალი ფოთის სასამართლოს თავმჯდომარის ცოლი აღმოჩნდა... მამაჩემმა კი თქვა, მე ბეღურებზე ვამბობდი და ეს თუ დაიმტვრეოდა, რა ვიცოდიო, მაგრამ „ამხანაგურმა“ სასამართლომ მაინც მიუსაჯა ერთ თვემდე თავისუფლების აღკვეთა „კაპეზე“–ში.
შეჩერებული წამი: უბნის სტადიონის კუთხეში ვარ ბიჭებთან ერთად – კაკლის ხის ძირში. მოდის დედა, ჰკვეთს სტადიონს. გაგანია სიცხეა და ჩაიში მიდის. ვაკვირდები მის სახეს, ყავისფერ თავსაფარში გახვეულს.შორიდან მოჩანს მისი მოკუმული წარბები, მკაცრი გამოხედვა. პატიმრის ცოლი...
ჩემი და მამას ბოლო დღე /საათები/ ცხადია, ზუსტად მახსოვს: წყალტუბოში მივდიოდი /იქ ვცხოვრობდი მაშინ/, ბარბალობის წინა დღე იყო. დედა ბარგს მიმზადებდა, მე რაღაცას ვწერდი, მამა ბუხართან იჯდა და მიყურებდა თვალმოუშორებლივ. გავხედე და გამეღიმა – რა იყო, ისე მიყურებ, თითქოს პირველად მნახე, მეთქი...სტადიონის კუთხეში, ვიდრე მარჯვნივ მოვუხვევდი, სახლისკენ გავიხედე: მამაჩემი ისევ იქ იდგა, სადაც ხუთიოდე წუთის წინ დავტოვე – ღია ჭიშკარში და მიყურებდა მე...ერთ კვირაში მამა ინფარქტით გარდაიცვალა. დაკრძალვა 1992 წლის 31 დეკემბერს იყო. იმ საღამოს სოფელში არცერთი თოფი არ გასროლილა. ახალი წელი დაუკითხავად შემოდიოდა.
მამა რომ გარდაიცვალა, 26 წლის ვიყავი...

Комментариев нет:

Отправить комментарий