среда, 2 декабря 2009 г.

გაგრძელებაბ (სკოლა)

მამაჩემს უფროსი და – ძმა ჰყავდა. სავლე ბიძია 23-24 წლისა წაუყვანიათ ომში, სრულიად პატარა სულიკო და ნანული მესამე შვილზე ფეხმძიმე ცოლს – აგრაფინა მარდალეიშვილს დაუტოვა და ათი ათასობით სხვა ქართველთან ერთად ქერჩის მისადგომებთან დალია სული. ჩვენს ოჯახში ინახებოდა სავლე ბიძიას მიერ ქერჩიდან გამოგზავნილი სამკუთხა წერილი, რომლის დაცრეცილი ფურცლიდან კარგად მახსოვს: ტყვიები ისე გვაცვივა თავზე, როგორც – ხოშკაკალა; საცერში რომ გაცრი ფქვილს, ისე იფრქვევა ზევიდან სიკვდილი...ხუთი ვაჟკაცი დაიღუპა 1941-1945 წლების ომში ალექსი კოხრეიძის ოჯახიდან... როგორც მახსოვს, სულ ჩვენი სოფლიდან ხუთასი მეომარი ვერ დაბრუნდა შინ. ბევრი იყო მათ შორის ძმები, მამა–შვილი. წესია ალბათ, წლების გავლის შემდეგ მათი ხსოვნა და მათი სახელების მიმართ მოკრძალება ნელ–ნელა იცრიცება.
ცაფა მამიდა ხონის რაიონის სოფელ კუხში იყო გათხოვილი ჟორა კუპატაძეზე /ორივე ცოლ–ქმარი ახლო ინტერვალში გარდაიცვალა 1990–იანი წლების ბოლოს/. მამიდაშვილებთან და ბიძაშვილებთან ჩემს ახლო ურთიერთობას ალბათ სიკვდილი თუ გაწყვეტს. ზოგიერთის შესახებ ალაგ–ალაგ აუცილებლად დავწერ...

დავიბადე 1966 წლის 10 მაისს. სამშობიაროდან გამოსულ დედაჩემს მამა ვერ დახვედრია საავადმყოფოს კარებთან /მეზობლად იმ დღეს დაკრძალვა იყო–ნინა დეიდას დედამთილი იყო გარდაცვლილი და მამა ქვისლის გვერდით იდგა/ და მე დედას ტაქსით მივუყვანივარ სახლში. პელანგოც სატირალში წასული დაგვიხვდა მე და დედაჩემს. „ვიცი“, რომ მაშინ 10 წლის ნაზიმი სულიკოს ძე კოხრეიძემ გაგვიღო ჭიშკარი, მერე ფრთხილად მაკოცა კიდეც... სამი რამ მახსოვს ადრეული ბავშვობიდან: პირველი, ნათლობა. მე და ჩემი დედ–მამიშვილები ერთად მოგვნათლეს. ნათლობა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი გარეგნული პომპეზურობით და ტაშ–ფანდურით ჩატარდა. მე მაშინ 3 წლის ვიყავ. მახსოვს ტაძრის გუმბათი , ცად აზიდული, მაშინდელ წარმოდგენაში – უკიდეგანო. სულ მაღლა ვიყურებოდი. მოგვიანებით , როცა ქუთაისის პეტრე–პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე მოზრდილი ასაკისა შევედი და ზევით ავიხედე, არც დავვეჭვებულვარ ჩემს მეხსიერებაში–ეს ხომ ის გუმბათი იყო, დაბინდულ გონებას მთელი სიკაშკაშით რომ ახსოვდა... მეორე, ჩემი და–ძმის სასკოლო წიგნები და სხვა ნივთები, მათთან ლაციცი... ადრეული ბავშვობიდან მიყვარდა სკოლის სახელმძღვანელოები, კალამ–კალმისტრები, ჩანთა, ფანქრები, ფორმა, ყელსახვევი და მისთანები... მესამე, დაკრძალვის პროცესიები /ლაპარაკია, ცხადია, მეზობლების და ოჯახის ახლობლების გასვენებებზე .../.მახსოვს გაუთავებელი შეკითხვები მერე დედაჩემთან: ვინ იყო ეს კაცი /ქალი/ ? რამდენი შვილი ჰყავდა ? რა გააკეთა მის ცხოვრებაში და ა.შ. მე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მახსოვს მამაჩემის წინა თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, რომელთა შესახებ წარმოდგენაცა და შეხედულებებიც იმათმა დაკრძალვებმა შემიქმნეს. ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი ასეთ პროცესიებში საუბრებს მიცვალებულების შესახებ და რადგან მათზე ცუდს არ ლაპარაკობენ, მეც საუკეთესო შთაბეჭდილებები დამრჩა იმათ შესახებ...

სკოლა. მოსწავლეობის ხანა. ეს ჩემი ცხოვრების არა მარტო ბუნებრივად შემადგენელი ნაწილია, არამედ ყველაფერი ისაა, რასაც მოგვიანებით დაეყრდნო ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო მონაკვეთები,დღეები, მიღწევები...სკოლამ იმდენი და ისეთი მომცა, რაც და როგორიც სხვას არაფერს მოუცია ჩემთვის. აგერ, ორმოც წელს მივუკაკუნე უკვე და სკოლის გადასახედით ცხოვრებისეული საკითხების შეფასება თითქმის ყოველდღიური თანამდევია ჩემთვის. ყველაზე მძიმე დღეებში „სკოლა“ ჩემს „გვერდით“ იყო...როგორ ? ხშირად მესიზმრებიან ჩემი საყვარელი მასწავლებლები, სკოლის კედლები... გუშინწინ ქეთო მასწავლებელი დამესიზმრა : არწივისებური გამოხედვა ჰქონდა. ხალხის ნაკადს შუაზე ჰყოფდა და ჩემსკენ მოიწევდა. მოვიდა, მხარში ხელი მომკიდა და ხალხს მოშორებით, ღობესთან მიმიყვანა. თვალებში ჩამხედა – არასდროს დამავიწყდება მისი ეს გამოხედვა. ცხადია, სიზმარს არ შეუქმნია ეს დაუვიწყარი გამჭოლი მზერა. „რა მოხდა შენს თავს, ჯამბულ? საიდან? როგორ?“.... ქეთო ჩიტორელიძე ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა მე–4–მე–7 კლასებში /მერე პენსიაზე გავიდა/. ოთხი წელი იგი ჩვენი კლასის /და არა მარტო/ ერთ–ერთი უსაყვარლესი მასწავლებელი, დამრიგებელი და დედა–მოძღვარი იყო. მას სისტემატურად დავყავდით ქუთაისში თეატრში, კინოში, ბაგრატის ტაძარზე, გელათში. დაუვიწყარი იყო მისი ორგანიზებული ექსკურსიები ბათუმში, ზუგდიდში, სათაფლიაზე. თუ მე რაღაც წარმატება მქონია მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში /მაგალითად – რესპუბლიკური ოლიმპიადის მედალი/, ქეთო მასწავლებლის დიდი ღვაწლია ამაში. ყოველთვის ვგრძნობდი მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და სიყვარულს ჩემდამი. ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო: მეხუთე კლასში ვარ. სკოლაში ტარდება დეკლამატორთა კონკურსი. წარჩინებული ბავშვების არაჩვეულებრივი ნაკადი იყო მაშინ მაღლაკის მეორე რვაწლიან სკოლაში– მე–8 კლასში სწავლობდნენ: ლალი მამაგეიშვილი, ქეთინო დეისაძე, მარინა ჟორჟოლიანი /ამათი შესრულებული სიმღერა „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“ ახლაც ჩამესმის ყურში/, მე–7 კლასელები იყვნენ : მანანა დეისაძე, მზია ჟორჟოლიანი, დათო კოსტავა. მანანა ამჟამად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი და პეტრიწის უნივერსიტეტის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული დეკანია, გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები მათემატიკაში. მზია ჟორჟოლიანს ქეთო მასწავლებელი დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა ფილოლოგიაში /„ქართულ დიალექტებში“ მზიამ სამეცნიერო ნაშრომი დაწერა მისი ხელმძღვანელობით, რომელსაც წარმატება ხვდა რესპუბლიკურ კონფერენციაზე/, თუმცა მან მოგვიანებით არჩევანი ფიზიკა–მათემატიკის სასარგებლოდ გააკეთა. მზიამ ლექსების ორი კრებული გამოსცა /ერთი ამშვენებს ჩემს ბიბლიოთეკას/. მე–6 კლასში რამდენიმე წარმატებული , მაგრამ ერთი ფრიადოსანი მოსწავლე ჰყავდათ – ლია მამაგეიშვილი – ულამაზესი გოგონა, რომელიც მოგვიანებით ასცდა სწავლის გზას და 90–იანი წლებისთვის დამახასიათებელ ყოფით პრობლემებში გაეხვია. აი, ძირითადად ამ ბავშვებთან მიწევდა შეჯიბრი დეკლამატორთა იმ კონკურსში. სკოლაში ქართული ენის ორი გიგანტი /ეს სიტყვები სულაც არაა გადაჭარბებული/ მასწავლებელი მუშაობდა იმ ხანად: ქეთო ჩიტორელიძე და ლიდა დეისაძე. იმდაგვარი კონკურსები მასწავლებელთა მუშაობის დათვალიერება და ურთიერთჯიბრიც იყო ერთგვარი. არასდროს დამავიწყდება ჩემი გამოსვლით გახარებული ქეთო მასწავლებლის გაბრწყინებული თვალები... რევაზ ინანიშვილის წიგნი „შორი თეთრი მწვერვალი“ მაჩუქეს ერთ–ერთ გამარჯვებულს... ორი წლის შემდეგ ანალოგიური კონკურსის წინ „ავყევი“ უფროსკლასელი ბიჭების ქირქილს, დეკლამაცია ჩემთვის მიუღებელ „ხელობად“ ჩავთვალე და... ფაქტიურად ჩავაგდე მასწავლებელთან ერთად მომზადებული მასალა. არასდროს დამავიწყდება ქეთო ჩიტორელიძის მკაცრი, არწივისებრი გამოხედვა, თვალები – მიმხვდარი ყველაფერს. მითხრა კიდეც ღონისძიების დასასრულს : იმ გზას შენ არ სჭირდები და იგი არც შენ გჭირდებაო. მე რომ დამესიზმრა, სწორედ ის თვალები იყო, არა – სიზმრით გამოგონებული, არამედ – ნაღდი, არსებული, გახსენება იმისა, რაც იყო და არის ნამდვილად...
მოსწავლეობა პირველი კლასით იწყება. მე 1973 წელს შევაბიჯე ჩემსავით „უთინთილო“ ,როგორც დედაჩემმა იცის თქმა, 13 ბავშვთან ერთად. „ჩემი“ პირველი კლასი : ლალი ჯავახაძე, თამილა გოგისვანიძე, დალი მიქაბერიძე /მიწაწითელი–დან/, თემურ ჯვარშეიშვილი, ელგუჯა ნიქაბაძე, იზა კოსტავა,ინგა დვალი, ჯამბულ კოხრეიძე /კოსტავების უბნიდან/, გოჩა დეისაძე, გელა ჭოლაძე, თენგიზ კაშია /დეისაძეებიდან/, მამუკა ჟორჟოლიანი, რამაზ ჭეიშვილი,ბახვა ჟორჟოლიანი /კეჭინარეებიდან/. მოგვიანებით შემოგვიერთდნენ და ჩვენი კლასის განუყრელ ნაწილად იქცნენ : ლალი ჟორჟოლიანი, ქეთინო ხაბულიანი...
უზომოდ მიყვარს ჩემი კლასელები. დიდი სიყვარული იყო საერთოდ ამხანაგებს შორის. მე პირადად სამ მათგანთან /ლალი, იზა, ბახვა/ მირონი მაკავშირებს. ასეა არიან სხვებიც ერთმანეთთან. ჩვენმა კლასმა პირველებმა საზეიმოდ აღნიშნეს მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დასრულების ათი წლისავი. ამ ბანკეტს წინ ძალიან საინტერესო იმპროვიზებული გაკვეთილი უძღოდა სკოლაში. მთელი ეს ღონისძიება ვიდეოფირზეა აღბეჭდილი და რამდენიმე თანაკლასელს გვაქვს მისი ჩანაწერი. 1991 წელს გადაღებული კადრები უნიკალურია თუნდაც იმიტომ, რომ მასზე აღბეჭდილი რამდენიმე პიროვნება უკვე აღარაა ცოცხალი.
პირველი კლასის დამრიგებელი ნინო ხაზარაძე იყო. მამაჩემის ყოფილი მასწავლებელი...თაობების აღმზრდელი. თითქმის ყველა მასწავლებელს ჰქონდა შერქმეული სახელი. „მანცია მასწავლებელი“– ასე ეძახდნენ ნინო მასწავლებელს მალულად. დღემდე არ ვიცი, რა კავშირი ჰქონდა ამ სახელს ნინო მასწავლებლის კდემამოსილებასთან /თუმცა აქვე ავღნიშნავ : ამ მეტსახელს ყოველთვის სიყვარულით და სითბოთი წარმოთქვამდნენ/, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ნინო მასწავლებელს გააჩნდა გასაოცარი უნარი,განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე შეესწავლებინა მართლა „გაუთლელი ჭოგისთვის“ მშობლიური ანბანი, სწავლის ინტერესი გაეღვივებინა მანამდე სულ სხვა ინტერესებით გარემოსილი ბავშვებისათვის. სამწუხაროდ ნინო მასწავლებელი, რა ხანია, აღარაა ამ ქვეყნად /იგი 1992 წლის დეკემბერში გარდაიცვალა – მამაჩემის და მისი პანაშვიდები თითქმის იგივე დღეებში იმართებოდა/ . მისი ხსოვნა მინიმუმ 21–ე საკუნის 50–იან წლებამდე გასწვდება სოფელ–ქვეყანას, ხოლო თუ ოდესმე ჩვენი უძველესი სკოლის ისტორია დაიწერება, თავისთავად ეს ისტორია არასრულყოფილი იქნება მის გარეშე. ეს სიტყვები აგრეთვე ეკუთვნის სკოლის 60–70 –იანი წლების ძირითად ბირთვს, რომელმაც სწორედ ჩემი მოსწავლეობის ჟამს დაასრულეს პედაგოგიური მოღვაწეობა. მე თითმის ყველა მათგანს შევეხები ორიოდე სიტყვით...
მეორე კლასის დამრიგებელი გახლდათ ლუბა გოგისვანიძე – ულამაზესი ქალბატონი, ყოველთვის მოწესრიგებული ჩაცმულობით. თითქოს ახლაც ვხედავ მის მაღალქუსლიან, წვეტიან ფეხსაცმელს. ლუბა მასწავლებელი უკანასკნელად მისთვის ძალიან მძიმე დღეებში ვნახე – ერთადერთი ვაჟის დაღუპვის პანაშვიდზე. იგი მძიმე ავადმყოფი იყო, ლოგინში ჩაწოლილი. არ ვიცი, მიცნო თუ არა, ვიღაცამ კი უთხრა, რომ ჯამბული მოვიდაო. ცუდად გავხდი მისი უმწეობისა გამო. მას შემდეგ თითქმის 3 წელი გავიდა. სოფელში კი 2 წელიწადია, არა ვყოფილვარ. არაფერი ვიცი ქალბატონ ლუბას შესახებ...
მესამე კლასის დამრიგებელი ვიოლა კოსტავა იყო. იგი და ბრძოლვერდ ჟორჟოლიანი მაშინ ახალი შეუღლებულნი იყვნენ. მათი ქორწილი კარგად მახსოვს /ვიოლას დედა და დედაჩემი თანასოფლელები და იქაური მოყვარე–ნათესავები არიან, ვიოლას ძმა – ჯონი კი ჩემი საყვარელი ნათლიაა, რომლის ქორწილის სკანდალურ ეპიზოდს ალბათ გავიხსენებ სადმე/. მეორე კლასის მოწაფე ვიყავი მაშინ... საქორწილო სეფა ილია კოსტავას ეზოში წინ, მთელ სიგრძეზეა გაშლილი. თამადა სკოლის დირექტორია, მაშინ ჯერაც ახალგაზრდა, მაგრამ სიმკაცრით /ცოტა სისასტიკითაც/ ცნობილი ოქროპირ ტყაბლაძე. ისეთი სიჩუმეა სადღეგრძელოების დროს, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებთ. მე და ილიას ძმის შვილი ვდგევართ ერთად. ის თუ ბიძაშვილია პატარძლის, მე – დეიდაშვილი მგონია ჩემი თავი. გაისმის დასაკრავის ხმა. გავრბივარ საცეკვაო არენაზე მთიულურით თუ ქართულით... მერე ერთ–ერთი მასწავლებელი იგონებს დედაჩემთან : „ წამოვიმართებით ზევით. ისე მოხდა რომ ეს მასწავლებლები სუფრის თავში კი დასვეს, მაგრამ სამაგიეროდ სიძე–დედოფალი დასვეს სუფრის ბოლოში და ჩვენ წამოდგომის გარეშე ხეირიანად ვერც ვხედავდით მათ. მიდის მუსიკა. მოცეკვავეები არ ჩანან. გაიწევ–გამოიწევიან, შევხედავთ – შლის ხელებს განდაგან ეს ჩვენი კარგი მოსწავლე და თქვენი შვილი, ქალბატონო. ცეკვა თავისთავად ცუდი სულაც არაა, მარა შეიძლება ოთხასკაციან ქორწილში სულ შენ იცეკვო, მითუმეტეს როცა იცი, რომ სტუმართა შორის შენი მასწავლებლებიც ურევია“?! მოკლედ დედაჩემს საყვედური შეხვდა ჩემი „ქორეოგრაფიული აქტიურობის“ გამო. მე კი ამის მერე ბარე 4 მასწავლებელი მაინც გამოვიცვალე ცეკვაში და რაც ვიოლა და ბრძოლი მასწავლებლების ქორწილში ვიცოდი, იმის მეტი არც რამე მისწავლია თითქმის. ვიოლას და ბრძოლის ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. სოფელი ხარობდა მათი სიყვარულით. ვიოლას არასდროს აღვიქვამდი როგორც მხოლოდ მასწავლებელს. ისიც შეძლებისდაგვარად ჩვენს მოყვრობას ხაზს უსვამდა, ერთხანს მმაჭანკლობდა კიდეც. უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა ეს მშვენიერი ქართველი ქალი /1996 წელს დაიღუპა /.
ვასო ჩოგოვაძე ათეული წლების განმავლობაში იყო ჩვენი სკოლის დირექტორი. დედამ ხშირად იცოდა თქმა : ვასო და ქეთო სამ ავტობუსს გამოიცვლიან და ყოველთვის ადრიან მოდიან სკოლაშიო. ცოლ–ქმარს სოფელში დიდ პატივს სცემდნენ. ერთი ხანობა ისინი მაღლაკში ცხოვრობდენ და მათი ვაჟებიც /ერთ–ერთს – ვახტანგს ძალიან ახლოს ვიცნობ, ჩვენ თანამებრძოლებიც ვიყავით ეროვნულ – დემოკრატიულ პარტიაში/ ნაწილობრივ იქ გაიზარდნენ. ბატონმა ვასომ სულ რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვიტარა ისტორიისა მეოთხე კლასში /ერთი მეოთხედი/. ერთ–ერთი გაკვეთილის შთაბეჭდილების თუ ზეგავლენის ქვეშ მყოფმა სკოლიდან მოსვლისთანავე დავიკავე ხელში თოხი და წერაქვი და წინ, კოლმეურნეობის ფართობში გადავედი მიწის საჩიჩქნად. მშობლებმა, შინ რომ დაბრუნდნენ, მომიძიეს და ...გაოცებულმა მამაჩემმა შემეკითხა:
– სახლში არაფერს გაკეთებიებთ ისეთს და აქ რას აკეთებ?
– ვასო მასწავლებელმა გვითხრა, ჩვენი მიწა – წყალი წინაპრების ძვლებით და განძეულობითაა სავსეო და აქაც რამე იქნება, ალბათ.
– ორმოცი წელიწადია მაგ მიწას ვხნავ და ვთოხნი და არაფერი მინახია, შვილო, თუმცა ვასო მასწავლებელმა თუ გითხრა, მოძებნე, დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც იპოვი, აქ თუ არა, – სხვაგან!
ჩემს ცხოვრებაში განძის მაგვარი არაფერი მიპოვნია /ცოლ–შვილზე არ მაქვს საუბარი/ , მაგრამ ისტორიასთან კავშირი მერე ერთი წუთითაც არ გამიწყვეტია, რადგან იგი გახდა ჩემი პროფესიაცა და მარჩენალიც.
ვასო და ქეთო მასწავლებლები სკოლის დამთავრების შემდეგ არაერთხელ ვნახე. თუმცა დაუვიწყარია სტუმრობა უშუალოდ მათ ოჯახში, ბანოჯაში – მე და იზა კოსტავამ მოვიფიქრეთ ეს /საშუალო სკოლა დამთავრებული გვქონდა მაშინ/. დიდი საზამთრო და რაღაც სუვენირი წავუღეთ მაშინ ქეთო მასწავლებელს, უზომოდ გაუხარდა. არაფრით გამოგვიშვა ადრე, ქათამი დაგვიკლა – მოკლედ, სუფრა გაგვიშალა... ბევრი გვესაუბრა ორივე ცოლ – ქმარი. მაღლაკში გატარებული წლები მათი ცხოვრების არამარტო ორგანული ნაწილი, არამედ ლამის ყოველდღიურობაც იყო – ქეთო მასწავლებელმა გადმოგვიშალა რამდენიმე ალბომი, რომლებიც სავსე იყო მოსწავლეთა სურათებით. ცალკე ჰქონდათ წარჩინებულთა დაფიდან ჩამოხსნილი ფოტოები... ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით აღტაცებით მოსაუბრე ღვაწლმოსილ ადამიანებს...
ვანო მამაგეიშვილი მანამდე „გავიცანი“, ვიდრე სკოლაში შევიდოდი. ჩემი ძმა დარჩა ერთხელ სახლში – არა ავადმყოფობის გამო, არამედ–ისე, უბრალოდ, შეეზარა და არ წავიდა, რადგან დედ–მამაც არ იყვნენ სახლში. მაშინ 5–6 წლისა ვიქნებოდი, ჯიმშერი – მერვე კლასში. ქვევით, ზალაში ვსხედვართ. ვიღაც იძახის ჭიშკართან.
–დავიღუპე, ვანო მასწავლებელია, აქ რამ მოიყვანა? არიქა, გადი გარეთ და უთხარი, სიცხე აქვს და ლოგინში წევს, სძინავს თქო,– არ ჰქონდა დამთავრებული, ტანსაცმლიანად შეგორდა საწოლში. მე გავედი. მოვახსენე ეს ყველაფერი ვიღაც ცილინდრიან მამაკაცს.
–შენ რა გქვია, ბიჭო?–მკითხა იმან.
–ჯამბული!
–მამაშენი არაა, შვილო, სახლში?
–არავინაა ბიძია სახლში , მარტო ჩემი ძმაა და მასაც ძინავს.
–კაი, ვნახოთ აბა შენი ძმა ...,– ცილინდრიანმა კაცმა ქუდი მოიხადა, თავზე ხელი გადაივლო, ეზოში შემოვიდა, მანიშნა, წინ წამიძეხიო. შევედით ოთახში, სადაც „სიცხიანი“ ჩემი ძმა იწვა. კედლისკენ იყო გადაბრუნებული /ასე „ეძინა“/.
–გადმობრუნდი ბიჯო აქეთ, სიცხე გაიზომე, – ცილინდრიან კაცს მართლა ეკავა თერმომეტრი ხელში, – წამალიც მოგიტანე, იქნებ დაგჭირდეს.
ჯიმშერიც ნელ–ნელა გადმობრუნდა, თვალები მოიფშვნიტა დიდი ხნის ნამძინარევივით. ვინ აცალა ავადმყოფობის ისტორიის მოყოლა? ვანო მასწავლებელმა ერთიანად გადახადა საბანი შარვალ–მაისურიან და წინდებიან ზარმაც ბიჭს, რომელიც იმჟამად ნამდვილად არ იყო ავად და ეს ვანო მამაგეიშვილმა საიდანღაც იცოდა. საიდან ? ეს კითხვა იმწამსვე დავუსვი მისი წასვლის შემდეგ სირცხვილისაგან გაწითლებულ და გაშეშებულ ჩემს ძმას, რომელმაც მიპასუხა:
–მგონი, მართლა აქვს ტელევიზორი ამ უპატრონოს...
–რა ტელევიზორი?
–რა და... თვითონ თქვა, ისეთი ტელევიზორი მაქვს, სახლში რას აკეთებთ, ყველაფერი ჩანს შიგ, როგორ მეცადინეობთ, როგორ ეხმარებით მშობლებს ან სულაც – როგორ ყალთაბანდობთო ... იმ ტელევიზორიდან თუ გაიგო, სიაფანდზე რომ არ წავედი დღეს სკოლაში...
–ახლაც ტელევიზორი ჰქონდა? საიდან მიხვდა, შარვლიანი რომ იწექი ლოგინში?
–რა ვიცი...
ბატონი ვანო კონკურენციის გარეშე ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მე–4–8 კლასებში. იყო სამამულო ომის მონაწილე. მე–7 კლასიდან მე უკვე სხვა მყავდა რუსულის მასწავლებელი, ვანო მამაგეიშვილმა მხოლოდ ერთი კლასი დაიტოვა და მალე პენსიაზეც გავიდა. მიწაწითლის კლუბში ამაგდარ პედაგოგებს, ცოლ–ქმარს – ვანო მამაგეიშვილსა და ლიდა დეისაძეს 1984 წელს სკოლამ და სოფელმა საზეიმო გაცილება მოუწყო, რომელზეც მეც გამოვედი, როგორც მათი აღზრდილი /მაშინ აბითურიენტი ვიყავი/. ჩემს გამოსვლაში „იმ“ ტელევიზორის შესახებაც ვთქვი.. მაშინ სკოლის დირექტორი თენგიზ ნიჟარაძე იყო უკვე , რომელმაც „მეორე განყოფილებაზეც“– ბანკეტზე მიმიწვია... ვანო მამაგეიშვილის სევდანარევი გაბრწყინებული სახე არასდროს დამავიწყდება. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მომიწია ვანო მასწავლებლის გაცილებაზე სიტყვით გამოსვლა. ეს უკვე გაცილება იყო იმ ქვეყნად – გულზე ხელდაკრეფილი ვანო მამაგეიშვილის უსულო ცხედარი ლამის საუკუნოვანი სკოლის კედლებთან იყო დასვენებული და უპასუხოდ ისმენდა უკანასკნელ მოფერებას და ქებას ხალხისას, რომელსაც იგი მართლა გამორჩეულად უყვარდა...
სოფელში მცხოვრები კაცისთვის ძნელია ინტელიგენტური და გლეხური სისტემების თანაცხოვრება. ეს რომ შეუძლებელი არაა, არაერთმა პედაგოგმა დაადასტურა. ვანო მამაგეიშვილმა ეს საოცარი ძალით აჩვენა–იგი იყო შესანიშნავი მასწავლებელი, სპეციალისტი... და ამავე დროს, – მას მშვენიერი საკარმიდამო აურა და გლეხური მეურნეობა ჰქონდა...იგი იყო კაცი, რომელიც დააკლდა სოფელს.
მეექვსე კლასში ვართ, რომ შეიცვალა სკოლის დირექტორი – სიმკაცრით და წესრიგის ზედმიწევნით დაცვით ცნობილმა ოქროპირ ტყაბლაძემ დაამთავრა მოღვაწეობა მაღლაკის მეორე რვაწლიან სკოლაში და დირექტორად ქალაქ წყალტუბოს მესამე საშუალო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც ჩვენი გზები 12–13 წლის შემდეგ გადაიკვეთა /ამაზე – ქვემოთ/. ახალი დირექტორი 28 წლის ეთერ მამაგეიშვილი გახლდათ. მანამდე კი გავრცელდა ხმები: თურმე ეთერ მამაგეიშვილი სასტიკად ცემდა უდისციპლინო ბავშვებს, განსაკუთრებით ვერ იტანდა წესრიგის დამრღვევ გოგონებს, ბიჭებს ფრჩხილებით ყურებს უხვრეტდა და ასე შემდეგ.
ეთერი ძალიან ლამაზი იყო /მართლა ეთერივით იყო–აბესალომის სატრფოსავით / . თეთრი , ყირმიზივით გაცისკროვნებული სახე, მუდამ ცოცხალი თვალები, მოკლედ შეჭრილი შეუღებავი, მუქი შავი თმა...და რა თქმა უნდა ლურჯი კაბა თეთრი „კოპლებით“. ეს კაბა მისი ერთგვარი სავიზიტო ბარათი იყო და ამ კაბაში მახსოვს მე ეთერი მასწავლებელი რამდენიმე წელიწადი. დღევანდელი გადასახედიდან არ ვიცი, ეს როგორ უნდა შეფასდეს, მაგრამ პატიოსნება და სილამაზე ყველა დროსა და ყველა საზოგადოებაში რომ მოწიწებას და კრძალვას იმსახურებს, ეს ცნობილია. ქეთო მასწავლებლის თაობის შემდეგ ქალბატონმა ეთერიმ ჩემზე ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა. იქნებ იმიტომაც, რომ იგი მარტო მასწავლებელი არ ყოფილა: ის საზოგადო მოღვაწეც გახლდათ და სრულიად ახალგაზრდა სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის ქალაქკომში რაიკომის მდივნად, მაღლაკის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, განათლების განყოფილების პასუხისმგებელ მუშაკად – ყველა ამ თანამდებობებზე მე მქონდა მასთან შეხება. იქნებ ამიტომაც არის ეთერ მასწავლებელი ჩემთვის ერთგვარი იდეალი ზრდილობისა და პატიოსნებისა ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვალდაკვალ...
არ მახსოვს, რატომ, როგორ გაჩნდა იდეა, დამეწერა წერილი და გამეგზავნა მაშინ ძალიან პოპულარულ საბავშვო გაზეთში „ნორჩი ლენინელი“, თუმცა კარგად მახსოვს, რა თემაზეც მივწერე მას პირველი წერილი. ჩემი სახლის წინ ბავშვებმა საკუთარი ინიციატივით საფეხბურთო სტადიონი გავაკეთეთ. ჩვენი პატარა ხელებით გადავწმინდეთ ქვა,მოვასწორეთ ღორღი და კოლმეურნეობის კუთვნილი ეს მიწა–წყალი,სადაც თურმე აბესალომ კოსტავას მამას უცხოვრია და მის ოჯახს შეფარული პრეტენზიაც ჰქონია,საბოლოოდ გადაიქცა უბნის ახალგაზრდობის ერთ–ერთ საყვარელ ადგილად. მესამე კლასში ვიყავი მაშინ, როცა „ლენინელს“ წერილი გავუგზავნე. რედაქციიდან პასუხი კი სკოლაში მივიღე და იგი დირექტორმა ოქროპირ ტყაბლაძემ დილის ვარჯიშის შემდეგ გამართულ ტრადიციულ „ხაზზე“ საჯაროდ წაიკითხა. ეს იყო არაჩვეულებრივი დღე ჩემს ბავშვობაში : მე მივიღე წერილი თვითონ თბილისიდან და ამ წერილს პატარების საყვარელი „ჩიკორა“ აწერდა ხელს /ეს სიტყვა ასე იშიფრება „ნორჩი კორესპოდენტი“/. ბატონმა დირექტორმა გააცნო ბავშვებს, თუ რას ნიშნავდა წერილი რედაქციიდან, რომ იგი რესპუბლიკური საბავშვო გაზეთიდან იყო გამოგზავნილი და რომ ეს ამ პატარა ბავშვის /ჩემზე მიუთითა/ დიდი წარმატება იყო. იმ პირველმა თბილმა წერილმა თბილისიდან განსაზღვრა კიდეც ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჟურნალისტიკის მიმართ. მე გავუთამამდი პრესას – პატარებისას და დიდებისასაც.ჩემი წერილები იბეჭდებოდა „ნორჩი ლენინელში“, ჟურნალებში „პიონერი“, „დილა“.რა თქმა უნდა, არ ბეჭდავდნენ ყველაფერს, რასაც ვაგზავნიდი, მაგრამ რედაქციები უპასუხოდ არც ერთ კორესპოდენციას არ ტოვებდნენ , ისინი მასწავლიდნენ, მიმითითებდნენ, მეგობრობდნენ ჩემთან...ხშირად ვიღებდი წერილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მახსოვს ჩემი დროის ძალიან პოპულარული ბავშვი–ავტორები : მერაბ ბაბუხადია, ბესიკ შაკიაშვილი – ამ უკანასკნელთან მიმოწერაც მქონდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა „ლენინელის“ რედაქტორმა ვანო ცერცვაძემ საკუთარი წიგნი „ფიქრის გორა“ ფოსტით გამომიგზავნა საჩუქრად.
ერთ მშვენიერ დღეს სკოლის ახალმა დირექტორმა ეთერ მამაგეიშვილმა მიხმო თავისთან კაბინეტში. დირექტორის კაბინეტი მაშინ მთავარი შესასვლელიდან მარცხნივ, პირველი ოთახი გახლდათ – ნათელი, გრძელი კაბინეტი, სადაც ფრიადოსან მოსწავლეებზე მეტად ოროსნები ან უდისციპლინოები სტუმრობდნენ ხოლმე. ეთერი მასწავლებელმა მაგიდასთან დამსვა და შეკითხვით მომმართა:
– თუ იცი, რა არის „ჰონორარი“?
– რა? ვერ გავიგე.-მართლა პირველად მესმოდა ეს სიტყვა.
– ჰონორარით მწერლები, ჟურნალისტები, მსახიობები, რეჟისორები, მოკლედ შემოქმედი ხალხი პურს ჭამს. ჰონორარია მათი შემოსავალი, ხელფასი, გამიგე, ჯამბულ ? მწერალი ჰონორარს იღებს მოთხრობის დაწერაში, რეჟისორი – ფილმის გადაღებაში, კომპოზიტორი – მუსიკის შექმნაში, ჟურნალისტი კი ...ჟურნალისტი სტატიის დაწერაში! – ასე გასაგებად ამიხსნა ეთერი მასწავლებელმა ყველაფერი და მეც ვაგრძნობინე, რომ მივხვდი მის სათქმელს, რომელიც მან ცოტა ხნის პაუზის შემდეგ გააგრძელა,– დღეს შენ ჰონორარის ქვითარი მოგივიდა რაიონული გაზეთის „დროშის“ /ასე ერქვა საბჭოთა პერიოდში წყალტუბოს გაზეთს – „წყალტუბო“/ რედაქციიდან, ამ ქვითარს აწერია შესაბამისი თანხა, რომელსაც აიღებ სოფლის ფოსტაში, შეგიძლია, დღესვე წახვიდე, მოასწრებ, აბა, შენ იცი, გისურვებ უფრო დიდი და დიდი ჰონორარები მიგეღოს!– დირექტორმა გამიღიმა და ამ დროს რომ იცოდა, ისე – თვალების აციმციმებით გამომიწოდა ჩემს ცხოვრებაში პირველი ჰონორარის ქვითარი – ორი მანეთი და ოთხმოცდაათი კაპიკი. ამის მერე, ალბათ ვერც დავითვლი, რამდენი ჰონორარი მაქვს მიღებული ჩემი საყვარელი რაიონული გაზეთიდან /ამ გაზეთით მიცნობდა მე თითქმის მთელი მკითხველი საზოგადოება წყალტუბოს რაიონში/ ,სადაც რეგულარულად იბეჭდებოდა ჩემი წერილები, ჩანახატები, კორესპოდენციები,ინტერვიუები, ზოგი – დიდი მოცულობის, ზოგი – პატარა, ჰონორარი კი უცვლელი იყო ყოველთვის – „2 მანეთი და 90 კაპიკი“!
პრესასთან ჩემს ურთიერთობას, და საერთოდ ჩემს პუბლიცისტიკურ საქმიანობას, თავისთავად დიდი ადგილი დაეთმობა ამ მემუარებში, მაგრამ აქ არ შემიძლია, თბილად არ მოვიგონო ჩვენი სოფლის რამდენიმე დიდი უბნის ფოსტალიონები –ცოლ–ქმარი კოლია ოვსიანიკოვი და ვენერა დვალი. კოლია ბიძია ამ ორი წლის წინ გარდაიცვალა.იგი სამამულო ომის წლებში სრულიად პატარა მოხვედრილა საქართველოში და აქვე დაოჯახებულა – ქვეყანას 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი დაუტოვა. შვილები,ცხადია, ტიპიური ქართველები არიან და რუსული მხოლოდ გვარი აქვთ. რედაქციებიდან გამოგზავნილი წერილები ყოველთვის იმ დღესვე მოჰქონდათ ხოლმე ჩემთან, იცოდნენ, ამით განსაკუთრებულ სიხარულს რომ მანიჭებდნენ. კოლია ბიძია სოფლის უკანასკნელი ფოსტალიონი იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ფოსტებიც უმალ მოიშალა ქვეყანაში – ყოველ შემთხვევაში, ფოსტალიონის შტატები ყველგან გააუქმეს.
ძალიან კარგად მახსოვს, რომ თითქმის ყველა ოჯახს სისტემატურად გამოწერილი ჰქონდა მინიმუმ სამი გაზეთი: „კომუნისტი“ და „სოფლის ცხოვრება“ – თბილისიდან და „დროშა“ – რაიონული ცენტრიდან. თითქმის ყველა მოსწავლეს გამოწერილი ჰქონდა : „ნორჩი ლენინელი“ და „დილა“. გარდა ამისა მოზარდ ბავშვებში პოპულარული იყო ჟურნალი „პიონერი“. ამ გამოცემებში მაშინ მუშაობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოს მრავალი სახელოვანი მწერალი და პოეტი: მუხრან მაჭავარიანი, რევაზ ინანიშვილი, მაყვალა მრევლიშვილი, იორამ ქემერტელიძე, ვანო ცერცვაძე, სულხან ქეთელაური და სხვ...„სავალდებულო სამეულის“ გარდა საკმაოდ ბევრ ოჯახს ჰქონდა გამოწერილი მაშინ საუკეთესო სპორტული გაზეთი „ლელო“, „ახალგაზრდა კომუნისტი“. პარტიის წევრების ჭიშკრებზე ფოსტალიონის ჩავლის შემდეგ მრავალფურცლიან „პრავდასაც“ შეამჩნევდით. რა თქმა უნდა, იყო იძულებაც გაზეთების გამოწერისას, მაგრამ ამას იმდენად პატარა მნიშვნელობა ჰქონდა იმასთან შედარებით, რასაც მოსახლეობის ინფორმირება, გაზეთისადმი და კითხვისადმი დამოკიდებულება ჰქვია, რომ გასახსენებელიც არაა. „დისიდენტური“ აზრები მაშინაც ტრიალებდა, 2 კაპიკიან გაზეთში სიმართლეს ვინ დაგიწერსო, მაგრამ როცა გაზეთი 50 თეთრი და მეტი გახდა, იგი საერთოდ მიუწვდომელი გახდა მოსახლეობის უმრავლესობისათვის, აქედან გამომდინარე, მიუწვდომელი გახდა მათი „50 თეთრიანი“ სიმართლეც.
რვა წელი ვსწავლობდი მშობლიურ, მართლა დედასავით საყვარელ „მაღლაკის მეორე რვაწლიან სკოლაში“. ბევრ ჩემს მასწავლებელთან ახლაც ულამაზესი ურთიერთობები მაქვს – ცხადია, ვგულისხმობ ურთიერთობებს ემიგრაციამდე. აბა, როგორ არ გავიხსენო თენგიზ ნიჟარაძე. მეოთხე კლასის 1 სექტემბრიდან გვასწავლიდა იგი მათემატიკას. ჩემს თავთან რა დაკვეხნება და გადაჭარბება მინდა – მათემატიკა მისი მასწავლებლობის მერე აღარ მისწავლია და მაშინ შეძენილი მათემატიკური ჩვევები არაერთხელ გამომდგომია ცხოვრებაში. თენგიზი მაშინ 24 წლის ჭაბუკი იყო, ჩვენს სკოლაში რომ მოვიდა. ალგებრა – გეომეტრიას სკოლაში ორი ულამაზესი სულის და სხეულის ადამიანი, დები ლიანა და მავრა ჟორჟოლიანები ასწავლიდნენ, ამიტომ ახალგაზრდა თენგიზს მხოლოდ ჩვენი კლასი ერგო სამასწავლებლოდ. ხელფასი 25 თუ 35 მანეთი რამდენიმე წელიწადი ჰქონდა და მასაც „12“ ნომერში ხარჯავდა სკოლიდან ქუთაისში მიმავალი მასწავლებლების ბილეთების აღებისას. ახალი გარდაცვლილი ჰყავდა მამა. დედაჩემი იცნობდა მის ოჯახს და აქებდა მამამისს – მელიტონ ნიჟარაძეს, ძალიან ღირსეული კაცი იყოო. გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმკაცრით, წესრიგის სიყვარულით.

შეჩერებული წამი: ბუხუტი დეისაძის ღობის გასწვრივ ბარე რო სამოცი წლის, მეტის თუ არა, აკაციის ხეს ბელავს წელს ზევით შიშველი 26-27 წლის თენგიზ ნიჟარაძე. მარჯვედ მოთავსებულა მიწიდან სამ მეტრზე მაღლა, ცალი ხელი ხისთვის შემოუჭდევია და მეორეს კი მარჯვედ უქნევს უკვე ჩამოსავარდნად განწირულ მოწრდილ ტოტს ხისას.
– ფრთხილად, თენგიზ, არ დამარცხდე, შვილო! – შორიახლოს ქეთო ჩიტორელიძე და ბოტანიკის მასწავლებელი აგრაფინა ჩავლეიშვილი დგანან და ახალგაზრდა კოლეგას გულშემატკივრობენ.
– კაი დასაქორწინებელი ვაჟკაცია ჩვენი თენგიზი, ა? რას იტყვი, ჩემო აგრაფინა?
– ნამდვილად უნაკლო ყმაწვილია, განათლება, ფიზიკური აღნაგობა, გვარიშვილობა, კი მყავს ერთი კაი გოგო, მაგრამ ...მეშინია მაინც, თენგიზი ძალიან კარგია და...

მოხდა ისე, რომ ნოვოკაინის გაუხსნელი ამპულები იმ დღეს რამდენიმემ მოვიტანეთ სკოლაში : მე,მამუკა ჟორჟოლიანმა, გოჩა დეისაძემ...ამ ამპულებს აგიზგიზებულ შეშის ღუმელებში ვყრიდით და ვაფეთქებდით. ჩაყრას ჩუმად ვაკეთებდით, რომ მერე აფეთქება მოულოდნელი ყოფილიყო სხვათათვის და ამგვარად შიში გამოეწვია. გარეთ „ცივა, ქრის ქარი“. თოვლიც არ ჩერდება,თოვს და თოვს. დილითვე ღუმელები გაჩაღებული დაგვხვდა. პირველი გაკვეთილი ქეთო მასწავლებლისა გვაქვს.„ამპულისტებმა“ უცებ გადავწყვიტეთ: ღუმელი გიზგიზებს, აფეთქებას დიდი ხანი არ დააგვიანდება, ქეთო მასწავლებელი გაგვიწყრება, დედა – შვილურად დაგვარიგებს, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შეუსაბამოა ჩვენს ღირსებასთან და წარმომავლობასთან და ა.შ. აი, თენგიზ მასწავლებელს კი ამას ვერ გავუბედავდით, ის სიტყვიერ გაწყრომას არ დაგვჯერდებოდა და ამიტომ. ზარი დაირეკა, ათამდე ამპულა შეუმჩნევლად შევყარეთ მე, გოჩამ და მამუკამ ღუმელში და მოუთმენლად დაველოდეთ მასწავლებლის შემოსვლას. ქეთო ჩიტორელიძე არ ჩანდა. რამდენიმე წუთში საკლასო ჟურნალით ოთახში თენგიზ ნიჟარაძე შემობრძანდა.
–თოვლის გამო ავტობუსმა დაიგვიანა და ქართულის ნაცვლად პირველი გაკვეთილი ჩემი გექნებათ! – თქვა, თვალი მოავლო კლასს და სკამი ღუმელთან მიაჩოჩა, უშუალოდ ღუმელსა და კედელს შორის მოკალათთა,–ოჰ, რა სიცივეა, კაცო, არ გაითოშა მთელი ქვეყანა! ყინვა უნდოდა ახლა კიდე თქვენს ტვინებს?! რა იყო, კაშია, რავა გვერდზე გაიხედე, ვითომ ეს სიტყვები შენ არ გეხებოდეს? ცეცხლი კი კარგი გაგიჩაღებიათ,ამისთვის კი გეკუთვნით მადლობა...,– თენგიზი ხელებს ისრესდა, რომ შესძლებოდა, გავარვალებულ ღუმელს დააწყობდა გათოშილ ხელისგულებს. ჩვენ – „ამპულისტები“ მალულად გავხედავთ ხოლმე ერთმანეთს. ფერი არცერთს არ გვადევს, რაღაც საშინელს ველით ყოველ წამს და უცებ... ერთბაშად დაიქუხა ძველმა ღუმელმა, სარქველი ფანჯრისკენ გადავარდა და ცეცხლის ალი კი ლამის ჭერამდე ავარდა. თენგიზ მასწავლებელი მაშინვე გავარვალებულ სარქველს სწვდა და თავის ადგილზე დადო. ეტკინა ხელები, დაეწვა კიდეც ალბათ, მაგრამ არ შეიმჩნია. ყველას გადმოგვხედა და გვანიშნა, ფეხზე დავმდგარიყავით. ერთხელ იკითხა მხოლოდ: ვინ არის ამ შემოქმედების ავტორიო და როცა ვერავის თვალში ვერ ამოიკითხა პასუხი თუ პასუხის გაცემის სურვილი, ფანჯარასთან მივიდა, კლასისგან ზურგშექცევით დადგა და სკოლის ეზოში პირდაღებული ციდან ფარფატით მომავალ თოვლს შეაჩერდა. ასე გავიდა ალბათ ათი – თხუთმეტი წუთი, მერე მობრუნდა, მაგიდასთან დაჯდა, ჟურნალში რაღაც ჩანაწერები გააკეთა. ჩვენ ფეხზე ვდგავართ და ყოველ წამს ველოდებით თითქმის იმდაგვარ აფეთქებას, როგორსაც – გაკვეთილის დაწყების წინ, ამპულები რომ შევყარეთ ღუმელში...შიშით სავსე კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა. ბოლოს სათითაოდ თვალებში ჩაგვხედა და გვითხრა:
– კიდევ კარგი, მე შემოვედი პირველ გაკვეთილზე. ხომ შეიძლებოდა, ავტობუსს არ დაეგვიანებინა?! ქეთო მასწავლებელი სამოცდახუთი წლისაა უკვე, ვინ იცის, როგორ შეეშინდებოდა და რა დაემართებოდა? არცერთს აზრად როგორ არ მოგივიდათ ეს?..
თენგიზ მასწავლებელთან არაერთხელ მომიწია შეხვედრა, საქმიანი კონტაქტიც წყალტუბოში ჩემი მოღვაწეობის დროს. იგი საკმაოდ დიდხანს ხელმძღვანელობდა რაიონის განათლების განყოფილებას. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ჩემმა სახელმაც გაიჟღერა მაშინ, რასაც ჩემი საგაზეთო განცხადებაც მოჰყვა, თუმცა ამაზე ალბათ – სხვა დროს....

„ჩემი სკოლა“ მაშინ 8–წლიანი იყო. თუმცა საშუალო სკოლა სხვა, მაღლაკის საშუალო /ახლა – პირველ საშუალო/ სკოლაში დავამთავრე, „ჩემი სკოლა“ მაინც განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარს. რამდენიმე წელიწადში /იმედია, მაშინ მაინც ვიქნები დაბრუნებული საქართველოში/ მას დიდი იუბილე აქვს – 2011 წელს ასი წლისა ხდება. საქართველოში არც ისე ბევრია საუკუნოვანი სკოლები. სკოლის მთავარი ფასადის მარცხენა მხარეს ამოტვიფრულმა წარწერამ და გაკეთებულმა საქმემ უკვდავი გახადა ალექსი დეისაძის სახელი. აჰა, ეს წარწერაც: „მე ალექსი ბეჟანის ძე დეისაძემ აღვაშენე კლასი ესე საკუთარი სახსრებით და შევსწირე მცხოვრებთ. 1911 წელი“. ამ სკოლაში 1920 – იან წლებში ლადო ასათიანის მშობლები ასწავლიდნენ და თავად ლადოც ხშირად თამაშობდა თურმე მის ეზოში აქაურ ბავშვებთან ერთად რიკ – ტაფელას. სამწუხაროდ, მე სკოლასთან კონტაქტი არც ისე ინტენსიური მქონდა, როგორც – ამის სურვილი. ჩემი პარლამენტარობის დროსაც ვერ შევძელი რაიმე სერიოზულის ლობირება სკოლისათვის. 1995 წელს 1 სექტემბერს პირველ კლასელებს ამერიკიდან ჩამოტანილი ავტოკალმები და რვეულები დავურიგე საჩუქრად /ის ბავშვები სწორედ წელს დაამთავრებენ სკოლას/. იყო კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო კონტაქტი, რომლებიც წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ჩემთვის ყოველთვის ამაღლებული და გრძნობასთან დაკავშირებული იყო.
ამხანაგები: დავიწყებ „მიწაწითლით“ და ასე გავყვები „ზევით“...
თამილა გოგისვანიძე აკადემიური მონაცემებით კლასის ფსკერზე იმყოფებოდა, თუმცა ამას არც მაშინ და მითუმეტეს არც ახლა არავითარი უარყოფითი მნიშვნელობა არ აქვს. თამილას ხმა არათუ მასწავლებლებს, არამედ მოსწავლეებსაც არ გაგვეგო თითქმის. ძალიან მორიდებული, უპრეტენზიო და უხმაურო, სუფთა, ყოველთვის მოწესრიგებული–ასეთი მახსოვს იგი. თამილას მამა ჩემი სახლის მეზობლად /მიწაწითლის მხრიდან/ ცხოვრობდა. ჩვენი ოჯახი ახლობლობდა იმ ოჯახთან /ბიძამისი – იაშა გოგისვანიძე მამაჩემის ძმაკაცი და ჩემი დის ნათლია იყო/. მე – 4 კლასში ვიქნებოდით, თამილას ბებია რომ გარდაეცვალა – ელპიტე ბებია კარგად მახსოვს მეც. და აი, მთელი კლასი რამდენიმე მასწავლებელთან ერთად პანაშვიდზე წავედით თანაკლასელისთვის თანაგრძნობის გამოსახატად. გზაში მასწავლებლები თამილას შესახებაც ლაპარაკობდნენ :
– მაგის ხმა საერთოდ არ გამიგონია, აგერ ოთხი თვე ვასწავლი უკვე...
– მე უკვე მეორე წელია ამ კლასს ვასწავლი და მაგ ბავშვი სახლშიც თუ ლაპარაკობს, მეეჭვება, ისე ეტყობა, რომ მორცხვი იქნება ძალიან...
მივუახლოვდით ელპიტე ბებიას სახლს. შუადღეა, პირდაპირ გაკვეთილების დასრულების შემდეგ წამოვედით პანაშვიდზე. ჭიშკართან შევჩერდით, ვადროვეთ ჭირისუფალს მეორე სართულზე ასვლა და კუბოს ირგვლივ მოკალათება. კიბეზე ასვლა დავიწყეთ თუ არა, ზალის სიღრმიდან გაისმა გამკივანი ხმა – გაბმული კივილი, რასაც მოთქმაც მოჰყვა:
– ბებია, ბებია, ადექი, რომ იცოდე, ვინ მოვიდნენ? ადექი, ჩემო საყვარელო ბებია შენებურად გაუმასპინძლდი ჩემს ამხანაგებს, შეხედე ბებია, შეხედე, ჩემი მასწავლებლებიც მოვიდნენ, ადექი ...–ეს თამილა იყო, რომლის ხმას ასე დანატრებული იყვნენ მასწავლებლები.
დანარჩენი უკვე აღარ მესმოდა, მე თავქუდმოგლეჯლი გავრბოდი კიბეებიდან ძირს, მერე ჭიშკრისკენ და იქიდან – სახლისკენ. გავრბოდი და ვეძებდი ადგილს, სადაც ვერავინ დამინახავდა და სადაც მშვიდად მოვკალათდებოდი –მე სიცილით ვიგუდებოდი...
თამილა დიდებული ქალბატონი დადგა, არის მეუღლე,დედა. როგორც ვიცი, გათხოვილია სამტრედიის რაიონში. რა ხანია, უკვე აღარ მინახავს. ერთ–ერთი ბოლო შეხვედრა ამ რამდენიმე წლის წინ იყო, როცა მე და მარინა დედამისის პანაშვიდზე ვიყავით. მას მართლა ძალიან კარგი დედა ჰყავდა /თუმცა არიან ცუდი დედები?/.

ლალი ჯავახაძე კლასში გამორჩეული იყო სიმაღლით და კარგი სწავლით. ლალის დედა – ნათელა დეიდა – სკოლის ბუფეტს უძღვებოდა. ამ ბუფეტის „პავიდლო“ და პურის გემო დაუვიწყარია. ათკაპიკიანი, „გარბუშკა“ პურზე წასმული ხილფაფა ნამდვილი განცხრომა იყო დიდი დასვენებისთვის უკვე მოშიებული მოსწავლეებისთვის. ლალი ისევე ერთადერთი ოთხოსანი იყო ჩვენს კლასში, როგორც მე ხუთოსანი – ასევე ერთადერთი. მისი სურათი წარჩინებულთა დაფიდან არ ჩამოსულა სკოლის დასრულებამდე. სტაბილურად სწავლობდა, იყო ზედმიწევნით მოწესრიგებული, გულგრილი გახლდათ არასერიოზული ხუმრობების მიმართ. თუ სკოლის წლებში ჩვენს შორის მაინც ერთგვარი ჯანსაღი კონკურენცია არსებობდა /უფრო დაბალ კლასებში/ , მერე ეს მეგობრულ ურთიერთობებში გადაიზარდა. მახსოვს ჩვენი თბილი შეხვედრა და ურთიერთობა ბორჯომში, სადაც ჩვენი დასვენების დრო ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ლალი კი – ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა. ეს ის დრო იყო, როცა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა სერიოზულ ცოდნასთან და მონდომებასთან იყო დაკავშირებული...ლალის ქორწილში კარგი დრო ვატარეთ ამხანაგებმა. მისი მეუღლე კაი ვაჟკაცი და საინტერესო პიროვნებაა – ტარიელი. ჩვენ ასევე თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რაც საბოლოოდ ნათელ–მირონობაში გადაიზარდა: ამ 4 წლის წინათ ლალის უმცროსი ქალიშვილის ნათლია გავხდი...
ლალის დაბადების დღე – 21 აპრილი

დალი მიქაბერიძე „მიწაწითლის სამეულის“ ბოლო წევრია.თამილაზე ცოტა უკეთესი მოსწავლე გახლდათ სწავლაში, თუმცა ლაპარაკი, იცოცხლე, უყვარდა თამილასგან განსხვავებით. დედა ადრე გარდაეცვალა დალის. ნაადრევად დაქალებული გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა ყოველთვის თავისი მსჯელობებით, განსჯა–გარჩევებით. პირველი სწორედ დალი გაბედნიერდა ჩვენი კლასიდან. ორი ვაჟი ჰყავს, ცხოვრობს გორის ქუჩაზე – ქუთაისში, ჰყავს შესანიშნავი მეუღლე, რომელიც დიდხანს მერიის სისტემაში მუშაობდა მძღოლად და დიდი ნაცნობობის გამო „რაღაცეებს ჩალიჩობდა“.

იზა კოსტავა ... ჩემი ბავშვობის მეგობარი. ხომ არსებობს ასეთი ტერმინი?! რამდენიმე თანაკლასელის მიმართ შემიძლია ვთქვა ეს, მაგრამ იზა ალბათ ყველაზე მეტად იმსახურებს ამას. ჩვენ ერთად გავიზარდეთ – ერთ ქუჩაში. ჩვენი მამები რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგალითად, – ხალისისა და იუმორის სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ პოლ ბრეგის მიხედვით ხალისიანი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, მამაჩემი 61 წლისა გარდაიცვალა, ზოდა ბიძია კი – უფრო ახალგაზრდა.მე და იზა თითზე ჩამოსათვლელ იმ ბავშვთა სიაში ვიყავით, ვინც „მუსიკაში შეიყვანა“ მშობლებმა და ამისათვის თვეში ქუთაისიდან მოწვეულ მასწავლებელს, შავგვრემან ნუნუკა გრიგოლაშვილს 11 მანეთსა და 50 კაპიკს უხდიდა. პიანინო უბანში სულ რამდენიმე ოჯახს ჰქონდა: კოლია კოსტავას, ვაჟა ჯვარშეიშვილს და იასონ კოსტავას. სამივე ამათთან დავდიოდით მე და იზა და ვამზადებდით მუსიკის გაკვეთილებს, თუმცა მეორე კლასში მამებმა თითქმის ერთდროულად გვიყიდეს მაშინ ძალიან ხარისხიანი და საუკეთესო საბჭოთა პიანინო „ბელარუსი“. მესამე კლასში ბოტკინი მოვიხადე. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, იზამ მომინახულა და სათამაშო თოჯინა – ბაჭია სტაფილოთი – მომიტანა. ასე დავდიოდით ერთმანეთთან. პიანინოსთან ჩვენი შეჯიბრება კი მთელი სანახაობა იყო. ასეთი „ურთიერთობის გარკვევა“ კლავიშებთან ხშირად ტარდებოდა „მეტოქეთა სტადიონებზე“ და მაყურებელიც საკმაოდ ჰყავდა მეზობლების თუ ოჯახის წევრების სახით. გასახსენებელი მართლა ძალიან ბევრი მაქვს. იზას დიდებული მეუღლე ჰყავს – გია, რომელმაც მთელ სოფელს შეაყვარა თავი. გია ცხადაძეს პატივს სცემენ მის მშობლიურ წყალტუბოშიც. იზას ბავშვის ნათლიაც ვარ. დარწმუნებული ვარ , ძალიან განიცადა ჩემი ამბავი. მენატრება მათი ლამაზი ოჯახი ისევე, როგორც გაუსაძლისია ტრადიციული მონატრება უცხოეთში მყოფი ქართველისათვის.
დაბადების დღე – 10 სექტემბერი

ელგუჯა ნიქაბაძე კარგა ხანს იყო ოთხოსნების დაფაზე, მონდომებით სწავლობდა. იგი მესამე იყო ჩვენი კლასიდან, ვინც უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა – დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზ. კულტურისა და სამხედრო მომზადების ფაკულტეტი. 90 – იანი წლების დასაწყისში რამდენიმე წელი ჩვენს სკოლაშიც იმუშავა მასწავლებლად /ბედნიერი !!!/. ელგუჯამ ჯანელიძის ქალი მოიყვანა ხონის რაიონიდან /მის ქორწილს ვერ ვიხსენებ – მგონი არც ვინმე დაუპატიჟია ამხანაგებიდან, მაშინ ძალიან არეული დრო იყო საქართველოში/. ჰყავს ერთადერთი ქალიშვილი.სულ ბოლოს ამ სამი წლის წინათ ვნახე ორივე ცოლ–ქმარი ქუთაისი – მაღლაკის სამარშრუტო ტაქსში, მოვეფერეთ ერთმანეთს, არ დავიკარგოთ თქო, ერთმანეთს შევავედრეთ. მისი ამბავიც მაშინ დავაზუსტე: 3 – ოთახიანი ბინა იყიდა ავტოქარხნის რაიონში , მე–14 სკოლის გვერდით, ცოლ – შვილთან ერთად ეკონომიკური მიგრანტია რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი – სოჩაში, დაღომისში. ფინანსური პრობლემების გამო დატოვა ელგუჯამ სკოლა, მერე – პოლიცია... ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მე და თემური ვაწვალებდით , ფაქიზოს ვაფიცებდით. ჰყავდა ასეთი კამეჩი, რომელსაც უვლიდა, შეიძლება , წველიდა კიდეც. „კოიტა“, „კოიტე“ – ეს ელგუჯას მეტსახელი იყო, რომელსაც ძირითადად მე და თემური ვეძახდით და რომელიც მხოლოდ მეგობრული შარჟი იყო და ალბათ არც წყენოდა ჩვენს მეგობარს. როგორ დამავიწყდება...სკოლა რახანია, დამთავრებული გვქონდა. უნივერსიტეტიც კი... საქართველოში გაჭირვებაა, არეულობა, ტყვიების ზუზუნი. დაბადების დღის პატარა სუფრა გავაკეთეთ ოჯახში , „მოცუცქული“. მხოლოდ ბავშვობის მეგობრები მყავდა მოწვეულნი და სუფრაზეც 4 თანაკლასელი, თანაუბნელი – თანაქუჩელი ვიჯექით და ერთმანეთის სიყვარულით ვსვამდით საქართველოს გადარჩენის სადღგრძელოს: მე, ელგუჯა, რამაზ ჭეიშვილი /ჯერ კიდევ მე – 6 თუ მე –7 კლასში რამაზის მშობლებმა ჩვენს ქუჩაზე შეიძინეს სახლ – კარი და აქ დაემკვიდრნენ/ და თემური...
ელგუჯას დაბადების დღე – 14 მარტი

თემურ ჯვარშეიშვილი და მე „ბავშვობიდან ერთად მოვდივართ“. ისე მოხდა, რომ ორივეს უფროსი და–ძმა გვყავს. დები: ჩემი მზია და მისი მანანა თანაკლასელები იყვნენ. ასევე თანაკლასელები იყვნენ ძმები: ჩემი ჯიმშერი და მისი თამაზი /ბაჩუკი/. ხშირად დავდიოდით ერთმანეთთან. კარგად მახსოვს მათი შავი პიანინო მეორე სართულზე. მახსოვს რკინის ავზი უკან ეზოში ჭასთან, რომელშიც ვჭყუმპალაობდით ხოლმე. თემურის დედა – ზინა დეიდა – ყოველთვის თავშეხვეული, დედა–შვილურად გვეფერებოდა ბავშვებს. „ლენაი ხომაა კარგად“ – ყოველთვის მაბარებდა ტკბილ მოკითხვას მასთან. მე და თემური მერეც „კოლეგები“ გავხდით – ორივეს ორ – ორი გოგო გვყავს. თემურიმ მშვენიერი ოჯახი შექმნა, ჰყავს ულამაზესი ქალიშვილები...იგი მყარად დგას ძირითად ოჯახში... მას ძალიან კარგი კალიგრაფია – „პოჩერიკი“ ჰქონდა, დიდებულად თამაშობდა ფეხბურთს.საოცრად უყვარდა სისუფთავე. რაც არ უნდა წვიმა და ტალახი ყოფილიყო, თემურის ფეხსაცმელი და შარვლის ტოტები ყოველთვის სუფთა რჩებოდა – იგი ამას ყოველთვის ფაქიზად და ჩინებულად ახერხებდა. ამიტომაც მას შევარქვით „ფაქიზო“. ეს მეტსახელი კარგა ხანს გაჰყვა ჩემს ბავშვობის მეგობარს.
მესამე კლასში თემურის მამამ 22–იანი ველოსიპედი უყიდა. მე ავიჩემე და ერთ კვირაში მამაჩემმა ისეთი ველოსიპედი სამტრედიიდან მომიტანა. ასე განმეორდა 3 წლის შემდეგ, როცა „დესნები“ შევიძინეთ. მერვე კლასში კი ლამის მთელ ქუჩას „უკრაინები“ გვყავდა. ახალთ–ახალი შავი 28–იანი „უკრაინა“, ბარე რომ ათი – თერთმეტი მაინც დაეწყობოდა ქუჩაში და ერთად მიდიოდა ხან ფეხბურთის მატჩზე სოფლის სხვა უბანში, ხან – „გარადოკში“. მე და თემური ერთად დავდიოდით ველოსიპედით ... სკოლაში. გამომივლიდა, ხანდიხან – მე ავუვლიდი მას, გავუყვებოდით ნელა –ნელა, მეზობლის ბავშვებს „ბარგის“ წაღებაში მოვეხმარებოდით და...ნინა ბებიას ეზოში დავაყენებდით /ნინა და მისი ქალიშვილი თინა სკოლიდან ჩვენს მხარეს პირველი კომლი იყო/. ნინა ბებია სკოლის დამლაგებელი იყო ათეული წლების განმავლობაში, მერე მისი საქმე შვილმა გააგრძელა. მე და თემური ხშირად ვიხსენებდით ჩვენს „პარკინგს“ ნინა ბებოს ეზოში...
თემურის /მალხაზის/ დაბადების დღე – 1 მაისი

ინგა დვალი... ვეღარ ვიხსენებ, უკანასკნელად როდის ვნახე. ალბათ დიდი ხნის წინათ. იმ ბანკეტზე ვერ მოვიდა /არ იყო დიდი ხნის გათხოვილი, შეიძლება, ფეხმძიმედ იყო/. როგორც ვიცი, მუხიანში ცხოვრობს. ინგას წინაპრები და ბებიაჩემი მოყვრები ყოფილან. ერთი ისტორია მე და ინგას არასდროს დაგვავიწყდება და მას ხშირად ვიხსენებდით მერე: მესამე კლასში ვართ. საშინელი ზამთარი დაიჭირა. ქარბუქი და თოვლი... დედამ საიმედოდ გამახვია თეთრ, ბაილონის სქელ თავსაფარში და მიწაწითლიდან სკოლაში მიმავალ უფროსკლასელებს გამაყოლა, ხანდიხან გახედეთ შვილებო ამ ჩემს ბაღანასო... გაკვეთილები დამთავრდა. გარეთ ისევ ისეთი ამინდია. ვეძებ ჩემს თავსაფარს, ვერ ვიპოვე, თუმა აგერ არაა, ინგა დვალი გულმოდგინედ ცდილობს, შეიკრას ყელთან ჩემი ბაილონის თბილი თავსაფარი. არიქა, სხვისი ნივთის მოპარვა ასე არ უნდა მეთქი და ინგას თავსაფარი ძალით წავართვი, დავიხურე თავზე და აჯღავლებული გოგო თავშიშველი გავუშვი შინ. შინ რომ მივედი, დედაჩემმა სპორტული ტანსაცმლის ხელჩანთა ამოალაგა და გაკვირვებულმა იკითხა:
– კი, მარა, ეს თავსაფარი ვიღასია, შვილო, საიდან გაჩნდა მეორე თავსაფარი?
უცებ მივხვდი ყველაფერს: ჩემი თავსაფარი არც სადმე დაკარგულა, უბრალოდ კარგად არ მომიძებნია და ინგას დავაბრალე მისი გაუჩინარება.ეს ყველაფერი დედაჩემს მოვუყუვი. ან რა აზრი ჰქონდა დამალვას!
– მოგკლავს შვილო, ბებიამისი, წერო ყაჩაღი ქალი მაინც არ იყოს, დედა, რა მეშველება, რაფერ მივიდა ნეტავი ის ბოვში სახლში, შე არგადასარჩენო, შენ არ მოუკვდი დედაშენს, თვალებში ვერ გამოიხედე? – მთელი დღე დედა ინგას ჯანმრთელობაზე ლოცულობდა. მეორე დღე. ისევ ისეთი ამინდი. რა თქმა უნდა, ინგას თავსაფარი ცალკე გამიხვია დედაჩემმა და თან დამარიგა, როგორ მომეხადა ბოდიში. ვიოლა კოსტავას გაკვეთილი გვაქვს პირველი. ინგა არ არის! ესე იგი მთლად რიგზე არაა საქმე, ინგა ავადაა და რა გადაურჩება ახლა მის „ყაჩაღ“ ბებიას. შიშმა ამიტანა. გაკვეთილი 15–20 წუთის დაწყებული იყო, როცა კარებზე დააკაკუნეს.
– მოდი, ინგა, მოდი შვილო, შემოდი, თქვენ სად მიბრძანდებით, ქალბატონო, საკლასო ოთახში რა გნებავთ...
– დამანახეთ ერთი ის უზრდელი ყმაწვილი, მაგას ვანახებ, როგორ უნდა ჩემი შვილიშვილის წამება...მანახეთ ერთი, ბაყაყივით გახეთქავ ნაწლავებზე...
საკლასო ოთახს რომ უკანა კარი ჰქონოდა, აუცილებლად გავიქცეოდი, მეგონა, ვეღარ შეაკავებდა ვიოლა მასწავლებელი ამ გაალმასებულ დედაკაცს და მართლა მიმანარცხებდა კედელზე /აბა, დიდი ქვა იქ სად იყო?/ ... ცხადია, ამდაგვარი არაფერი მომხდარა, ბებია ოთახში არავის შემოუშვია, არც გაკვეთილის გამოსვლას დალოდებია, რომ ვენახე და „საქმე გაერჩია“. მე და ინგა მალე შევრიგდით. მერვე კლასში სწორედ ინგას ოჯახში დავთვერი ჩემს ცხოვრებაში პირველად – მისი სახლის ახლოს მოსწავლეები ბოლოკის ასაღებად წაგვიყვანეს და მუშაობის შემდეგ ინგამ თავისთან მიგვიწვია. დიდებული სუფრა გაგვიწყო დედამისმა და ბებიამ. გავიხსენეთ 5 წლის წინანდელი ამბავი, ბევრი ვიცინეთ მე და ბებიამ, მომეფერა, ჩვენ ძველი მოყვრები ვართ, არ დავიკარგოთ შვილო, აბა, შენ იცი, როგორ გააგრძელებ სწავლას და გვასახელებო...

თენგიზ კაშია იმით გამოირჩეოდა, რომ სწავლაში არ გამოირჩეოდა. მისი დამახასიათებელი შტრიხი იყო: გამოძახებისას ფანჯარაში ყურება და სანამ მასწავლებლის ტრადიციული საყვედურები მორჩებოდა, – მერხის სახელურის წვალება. ბოლოს თენგიზი ბახვას ბავშვის ნათლობაში ვნახე: ორივე ნათლია გახლდით ბეგი /?/ ბახვას ძის...დიდხანს ვიხსენებდით ბავშვობას.

გოჩა დეისაძე ყოველთვის ლამაზ ასოციაციებს იწვევს ჩემს მოგონებებში. დაწყებით კლასებში კარგი მოსწავლე იყო და ერთხანს ელგუჯასთან ერთად წარჩინებულთა დაფაზეც იყო გამოჯგიმული /ახლაც მახსოვს იმ დაფაზე გაკრული თითქმის ყველა სურათი/...სკოლის ნაკვეთში ვმუშაობთ /შრომის გაკვეთილი გვაქვს/. გოჩა ჩემს წინ დაიხარა: ჩემი მოქნეული თოხის წვეტი მის თვალებს შორის გაერჭო ლამის...სისხლი გამოუვიდა, მაგრამ სისხლს მხოლოდ ვინ სჩიოდა, გოჩა დაბრმავებას გადარჩა, მე კი... მერვე კლასში ყოფნისას გოჩას ოჯახში ტრაგედია მოხდა: სოხუმში მიმავალნი ავარიაში მოჰყვნენ, ყველა დაიღუპა იმ მანქანაში, რომელშიც გოჩა იჯდა /მათ შორის : მისი ბაბუა სილოვანი, მამიდა, ბიძა.../. მხოლოდ გოჩა გადარჩა შემთხვევით, თუმცა საკმაოდ დაზიანებული /გოჩამ პრაქტიკულად ახალი ცხვირით დაიმშვენა სახე/. 90–იან წლების დასაწყისში მოვხვიე ხელი თემურის და რამაზი ჭეიშვილს /მგონი – ელგუჯაც იყო სახლში/ და 13 ივლისს გოჩას დაბადების დღეზე წავედით. იმ დღეს დეისაძეებში მაგარი ქეიფი გაიმართა ... გიტარით! მერე გოჩა დაქორწინდა და მაიასთან /მეუხლის სახელია/ ერთად რუსეთში გადაიხვეწა საცხოვრებლად. კარგა ხანი შვილი არა ჰყავდათ და როგორც ამ 2 წლის წინათ მითხრა დედამისმა, მგონი მკურნალობას შედეგი გამოუღია და ახლა გოჩა და მაია შესაძლოა, მშობლებიც არიან. გოჩა ჩემს ქორწილში იყო – შემთვევით მაშინ აღმოჩნდა საქართველოში ჩამოსული. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. მას მერე /ე.ი.8 წელია/ იგი არ მინახავს...ის „ისტორიული ბანკეტი“, რომელიც 1991 წელს მოვაწყეთ, სწორედ გოჩას, გელას და ჩემი თაოსნობით მოეწყო...
დაბადების დღე – 13 ივლისი

გელა ჭოლაძე მეშვიდე კლასიდან „დუქნებზე“ გადავიდა, რადგან ჭიდაობის სპორტსკოლაში დადიოდა ქუთაისში და იქიდან უფრო ადვილად ივლიდა. მახსოვს, როგორ გული დაგვწყვიტა მასთან განშორებამ.ბუნებით ძალიან კეთილი ბავშვი იყო... სპორტული მონაცემების შესახებ უკვე ვთქვი...ეგ და მამუკა ჟორჟოლიანი ჩვენი კლასის „ჩემპიონები“ იყვნენ, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ რაიონულ შეჯიბრებზე.გელასთან ბევრი სურათიც მაქვს გადანაღები...მამაჩემის დაღუპვიდან რამდენიმე დღეში გელას 4 წლის ვაჟკაცი დაეღუპა მოულოდნელად. ეს საშინელი ტრაგედია იყო მისი ოჯახისთვის, რამაც გელასაც დიდი დაღი დაასვა. სულ ბოლოს მე და გელა 6-7 წლის წინ შევხვდით, ერთად ვიქეიფეთ და მერე ჩვენი მანქანით ბავშვობის დროინდელი მეგობრები თუ მარშრუტები შემოვიარეთ: კეჭინარეები, ზედა მაღლაკი... მაშინ უკვე ცხადად დავინახე ის, რისი დაჯერებაც ჯიუტად არ მინდა: წარსული დღეებით და მოგონებებით შეიძლება, შეხედო დღევანდელობას ოღონდ ერთი პირობით – მათ შორის განსხვავებათა პოვნა არ უნდა გაგიჭირდეს ...მე და გელამ მაშინ ბავშვობასთან შეხვედრა მოვინდომეთ, თუმცა იქ სხვა თაობა დაგვხვდა...
გელას დაბადების დღე – 20 მაისი

მამუკა ჟორჟოლიანთან დღემდე გამომყვა ის ალალი და მეგობრული ურთიერთობები, რითაც ბავშვობაშივე ხასიათდებოდა ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ პირველები ვიყავით: მე –სწავლაში, ის – სპორტში. მახსოვს ომარ ნიქაბაძის სიტყვები: ჯამბულ კოხრეიძეს ბადალი არ ჰყავდა სწავლაში, ხოლო მამუკა ჟორჟოლიანის რეკორდები ახლაც დაუმხობელია წყალტუბოს რაიონშიო. მამუკა ყველაზე მაღალი და კეთილიც იყო სკოლაში. არ მახსოვს ვინმესთან ეჩხუბოს ან დაეჩაგროს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონდა... მეშვიდე–მერვე კლასელები ექსკურსიაზე მიჰყავდათ სოხუმში. ჩვენ მაშინ მეხუთე კლასში გახლდით. შესთავაზეს ეს წინადადება ჩვენს კლასსაც. ექსკურსია საკმაოდ ძვირადღირებული ჩანდა და თუ მეტი ბავშვი შეიკრიბებოდა, ფასიც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა. მხოლოდ მე და მამუკა წავედით ამ ექსკურსიაზე. დიდი ავტობუსით გავეშურეთ აფხაზეთში... მე და მამუკას, როგორც ყველაზე პატარებს, დანარჩენები განსაკუთრებული ყურადღებით გვანებივრებდნენ. მთელი სამი დღე ერთმანეთს არ მოვშორებივართ და მერე ძალიან ამაყები დავბრუნდით უკან, ვუყვებოდით რა თანაკლასელებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს სოხუმის თუ ახალი ათონის ზღაპრული სანახაობების შესახებ. მამუკამ ლამაზი ოჯახი შექმნა, მიწაწითლელი გოგო, ჩვენზე ერთი წლით უმცროსი ირინა მოიყვანა ცოლად სკოლის დამთავრებისთანავე – ახლა ორი სრულწლოვანი ვაჟკაცი ჰყავთ. მამუკას დედა იმ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, სადაც მადონა ჩხობაძე – ჩემი მარინას ნათესავი და ერთგვარად დამკავშირებელიც – დიდი დიასახლისია დღეს. ამ ოჯახში მე და მამუკას ბევრჯერ მოგვიწია ქართული ქეიფი, წარსულის გახსენება...მამუკა და გელა ჩემს ქორწილში ისე მოვიდნენ , როგორც – ახლო ნათესავები /თანხა ჩაუწერიათ საჩუქრად/. ეს ვალია და ღმერთს ვთხოვ, კარგ მიზეზზე დამებრუნებინოს იგი.
მამუკას დაბადების დღე – 18 სექტემბერი.

რამაზ ჭეიშვილი თავდაპირველად „კეჭინარელი“ იყო. მე ნამყოფი ვარ მის ძველ სახლში, მახსოვს მისი ეზოს თეთრი ლეღვის გემო. იქაურობა იმეწყრებოდა და ოჯახმა ჩვენს ქუჩაზე დაიდო ბინა /ნინა დეიდას გვერდით შეიძინა ნოე კოხრეიძის მშვენიერი სახლ–კარი/.რამაზის მეტსახელი „ფინჩხა“ იყო, პატარა იყო და იმიტომ შეერქვა. უცნაურია მაინც ამდაგვარი მეტსახელების ისტორია: კლასში მასზე პატარებიც იყვნენ სიმაღლეში, მაგრამ ეს მეტსახელი მას შეერქვა და „ფინჩხამ საუკუნესაც გაუძლო“. რამაზი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა, სკოლაში შემოსვლამდე დიდი ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ამბობდნენ, 40 სანტიმეტრი წელები აკლიაო. საოცრად ცოცხალი და ხალასი გონების ბავშვი იყო, განსაკუთრებით მათემატიკაში. დედამისი – ვენერა დეიდა –ყოფილა ძალიან ნიჭიერი თავის დროზე სკოლაში. არ ვიცი, რატომ, რამაზი სწავლის გზას ასცდა. რვაწლიანის დასრულების შემდეგ ხონის პროფტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა სწავლა... ახლა ორი ვაჟი ჰყავს. შარშანწინ იგი მეუღლესთან ერთად თბილისში ვაჭრობდნენ მეტრო „გლდანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ეძებდნენ გზებს დედაქალაქში ეკონომიკური დამკვიდრებისათვის...ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის თბილი იყო...
რამაზის დაბადების დღე – 11 მაისი.

ქეთინო ხაბულიანი ჩვენთან მესამე კლასში მოიყვანეს – ამ წელს გადმოვიდა მისი დიდი ოჯახი მაღლაკში, კონკრეტულად კი ჩვენს ქუჩაში, საცხოვრებლად. სამი და და სამი ძმა იყვნენ, დედას დუნა ერქვა. წარსულში მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ უკვე რამდენიმე წელია, ეს ოჯახი აღარ ცხოვრობს მაღლაკში. ორი ძმა რუსეთში გადაიხვეწა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში,მესამე – ნოშრევანი ხონის რაიონში ჩაესიძა, დები კი აქეთ – იქით გათხოვდნენ... ქეთინოს ქმარს ახლოს ვიცნობდი. როგორც ვიცი, დღეს ისინი ერთად აღარ არიან. ქმარი ემიგრაციაშია... ქეთინოს სერიოზული პრობლემები აღმოაჩნდა პირად ცხოვრებაში – ღვთის მადლი გადასულიყოს და მალე მოეწესრიგებინოს ყველაფერი. ბავშვიც სერიოზულად ჰყავდა ავად...მე მაინც ის ქეთინო მახსოვს და მიყვარს, ბავშვობაში ჩვენი კლასის განუყრელი ნაწილი რომ იყო: ამაყი, სამართლიანი, მშვენიერი...ჩვენ დობილ–ძმობილები ვიყავით, მეოთხე თუ მეხუთე კლასში ნეკა თითები გავიჭერით და ერთმანეთისაზე მივაწებეთ...ეს პროცედურა რა თქმა უნდა ქეთინომ გვასწავლა – სვანეთის მკვიდრმა მაღლაკელ თანატოლებს. ბევრი რამ გვაქვს გასახსენებელი ალბათ ორივეს...თუმცა ყველაზე ხშირად ერთ ეპიზოდს ვიხსენებდით ორივე:
თენგიზა ნიჟარაძეს სკოლაში ელექტროგაყვანილობის რემონტისათვის დუქნებელი იაშა ჰყავდა მოყვანილი. /იაშა მერე ახლოს გავიცანი, იგი დიდებული ადამიანია/. როცა იმ იაშამ სამუშაოები დაასრულა, თენგიზა მასწავლებელმა გაკვეთილზე შემოიყვანა და უკანა მერხზე დასვა, გარეთ აღარ ალოდინა სტუმარი, რომელიც უანგაროდ მოეხმარა სკოლას...საკლასო ოთახში შემომავალი იაშას შეხედვაზე ჩემი და ქეთინოს თვალები ერთმანეთს შეხვდა და ...ავტეხეთ სიცილი. მასწავლებელმა უხერხულად იგრძნო თავი, თავიდან არ შეიმჩნია, შეეცადა სტუმრის ყურადღებაც სხვა რამეზე გადაეტანა...თვალებით გვანიშნა, რომ შეგვეწყვიტა „უზნეო საქციელი“, მაგრამ გაგიგონია?
– კოხრეიძე, ხაბულიანი, აბრძანდით ზევით!– ჩვენ შევასრულეთ ცხადია ბრძანება. იმასაც მივხვდით, რომ ეს უკანასკნელი გაფრთხილება იყო და ამის მერეც თუ არ გავჩერდებოდით, ცუდად წაგვივიდოდა საქმე. აბა, შენც არ მომიკვდე, ვიცინით, მარა რას ვიცინით, ვიცით, ვაშავებთ, მაგრამ ერთმანეთს შევხედავთ თუ არა, სიცილს ვერ ვიკავებთ.
–დაფასთან! – ეს უკვე დასახვრეტად გამზადებულთა კედელთან მიყვანის ბრძანება იყო... ამის მერე კი გახსენება აღარც მე და ქეთინოს, და მოგვიანებით, განსაკუთრებით აღარც თენგიზ მასწავლებელს, გვსიამოვნებს. ორივე გვისროლა თენგიზამ დერეფანში...
ამდაგვარი ისტორია პირველი და უკანასკნელი არ ყოფილა:
ზურიკო ხაზარაძის გაკვეთილი გვაქვს ზოოლოგიაში. ზურიკომ იცოდა გაკვეთილის ახსნის ან კითხვის დასმის დროს ინდოელი რაჯასავით ხელის გულების მიერთება და ამდაგვარად გადაჭდობილი თითების ნიკაპთან მიტანა. ეს ჩვეულებრივი ჟესტი იყო მისი და ამაში არაფერი იყი სასაცილო. ყველა მასწავლებელს ჰქონდა რაღაც თავისებური ჟესტი, რასაც მაშინვე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ქცევად აიტაცებდნენ მოსწავლეები. იმ დღეს რა გვეტაკა, არ ვიცი, მე და ქეთინოს ისტერიკული სიცილი აგვივარდა ზოოლოგიის მასწავლებლის ტრადიციული ჟესტის დანახვაზე /მანამდე რომ საერთოდ რეაქცია არ გვქონია/.ზურიკომ ეს, ცხადია, შენიშნა, ერთი–ორჯერ შენიშვნა მოგვცა და მერე გარეთ გასვლა გვთხოვა. ჩვენც გავედით...ეზოში ჭასთან ვიდექით და წყალს ვსვამდით, როცა სკოლის დირექტორი ეთერ მამაგეიშვილი წამოგვადგა თავს.
–რა ხდება, ვისი გაკვეთილი გაქვთ, ჯამბულ?
–ზოოლოგიის, პატივცემულო! – მიუგო ქეთინომ. ახლა, თუ იგი დამნაშავეა, მარტო არაა და მის გვერდით ჯამბულ კოხრეიძეა. ამიტომ პასუხის გაცემაც უფრო ადვილი იყო ისედაც თამამი გოგოსთვის.
–...და გარეთ რატომ ხართ? – დირექტორმა აშკარად მე მომმართა,–ჯამბულ, თქვენ რატომ არ ესწრებით გაკვეთილს?!
–გამოგვიშვა! –ვთქვი ბოლოს და ბოლოს...
რამდენიმე წუთიანი დუმილის და ჩაფიქრების შემდეგ დირექტორმა თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა:
–...და თქვენ ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ზურიკო ხაზარაძემ გარეთ გამოგაგდოთ?
ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ადვილად გადავრჩით, რაც მნიშვნელოვნადწილად განაპირობა ზურაბ ხაზარაძის დიდსულოვნებამ /მისი მეუღლეც, ქალბატონი ნაზი ჩვენი მასწავლებელი იყო–ქიმიაში „გვწვრთნიდა“. ორივე საოცარი სითბოთი გამოირჩეოდა. ნაზი მასწავლებელი,მგონი, ახლაც მოღვაწეობს ჩვენს სკოლაში /.
ქეთინო ხაბულიანის დაბადების დღეა 15 ივნისი.

ლალი ჟორჟოლიანი მეხუთე კლასში გადმოიყვანეს ჩვენთან მისმა მშობლებმა–ქუთაისში, ზასტავაზე დაიბადა და იქ იზრდებოდა კარგა ხანს. იმ წელს მისი ერთადერთი ძმა ოლეგი ჯარში გაიწვიეს და მშობლებმა სოფლის სახლში გადაინაცვლეს – ვაჟს წინასწარ მისცეს თავისუფლება ქალაქის სახლში, ჯარიდან ჩამოსვლის დროისათვის...მეექვსე კლასში ლალის ძმა „სამხედროდან“ ჩამოასვენეს...დაკძალვის დღე კარგად მახსოვს. მთელი სოფელი და ზასტავის ახალგაზრდობა იქ იყო – ოლეგი ძალიან პოპულარული ბიჭი ყოფილა თანატოლებში. ლალის შავები თითქმის გათხოვებამდე არ გაუხდია. სკოლაში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი დირექტორთან ამის თაობაზე: ეთერი მასწავლებელი სამართლიანად ითხოვდა, ბავშვი დაბრუნებოდა მოსწავლის ფორმას და ამას მარტო სკოლის განაწესის გამო კი არ ითხოვდა, არამედ – მისი სულიერი სიმშვიდისთვისაც. ლალის ბავშვობას, სიყრმეს ძმის გარდაცვალებამ სერიოზული დაღი დაასვა. ლალისთან ბოლომდე დიდებული ურთიერთობა გამყვა /ამ ორი წლის წინათ გარდაეცვალა დედა და მე და მამუკა ჟორჟოლიანი დაგვპატიჯა – ამათ ვერ დავკარგავო/. მის მეუღლესთან , კარგ ვაჟკაცთან ერთად კი არაერთხელ მიქეიფია. ამბავი, რომელსაც ლალისთან დაკავშირებით გამახსენდა, საშუალო სკოლაში მოხდა:
რვაწლიანიდან გადასულები უკვე აგვისტოში „ა“ და „ბ“ კლასებს შორის გაგვანაწილეს. დიდი ნაწილი „ა“ კლასში მოვხვდით /ისე პრესტიჟული ყოველთვის „ა“ იყო რატომღაც/. ლალი „ბ“–ში მოხვდა. მეათე კლასში მას რაღაც კონფლიქტი მოუვიდა მასწავლებელთან თუ მოსწავლესთან, არ მახსოვს და უცერემონიო გადაწყვეტილება მიიღო – შეიცვალა კლასი, ჩვენთან გადმოვიდა! ეს გადმოსვლა გაფორმებული არ იყო, არც გააფორმეს, არ შეიძლება, სასწავლო პროცესი უკვე გამართულიაო...მაშინ ლალი დემონსტრაციულად დაჯდა ჩვენს კლასში და ყველამ თითქმის მხარი ავუბით, შენს გვერდით, თუ ნამდვილად გსურს ჩვენი ამხანაგობა აგერ ვართო.../ეს ძირითადად დუქნებელ ბავშვებს ეხებოდა/. შალვა ბაღათურიას, „შაკას“ გაკვეთილი გვაქვს – ალგებრა. მის გაკვეთილზე ყოველთვის იდეალური სიჩუმე იყო. დისციპლინის დამრღვევს ან კარატისტივით გაშლილ ხელს გაულაწუნებდა /შაკა – ინდური ფილმიდან „ყვავილი და ქვა“/, ან საოცარი სიზუსტით ესროდა თავში ცარცს. მიუხედავად ღრმად მოხუცებულობისა ამ მხრივ შაკა საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს. ტრადიციისამებრ სია ამოიკითხა, ჟურნალი დახურა და ლალი ჟორჟოლიანი წამოაყენა ფეხზე:
– შენ აქ რატომ ხარ?
ლალიმ ახსნა დაიწყო:
–იცით, მასწავლებელო...
–ახლავე დატოვეთ ეს საკლასო ოთახი! – შაკას სიტყვები ბრძანება იყო და არა – თხოვნა, ხოლო მისი სახე –შეუვალი, ყველა მიხვდა , უპირველესად ლალი, რომ შელაპარაკებას აზრი არჰქონდა და მან ნელ – ნელა დაიწყო საგულდაგულოდ გადაშლილი რვეულის და წიგნის ჩალაგება ჩანთაში, თან ტირილსაც მოუმატა...ლალი გადიოდა გარეთ და, რომ იტყვიან, ფეხები უკან რჩებოდა. არ მახსოვს, წინასწარი შეთანხმება იყო თუ – სპონტანური გადაწყვეტილება, თითქმის მთელი კლასი ფეხზე ადგა და სათითაოდ უკან გაჰყვა ლალის სოლიდარობის ნიშნად. გაოგნებული შაკა ზარის დარეკვამდე საკლასო ოთახში დარჩენილა. მისთვის აქამდე „შატალოც“ კი არავის გაუბედავს და ეს რას მოესწრო: შუა გაკვეთილიდან მოსწავლეები გარეთ გავიდნენ და ამხელა დამსახურების და სახელის მქონე პედაგოგი საკლასო ოთახში მარტო დატოვეს...
ეს ისტორია ისე დამთავრდა, როგორც მთავრდება ხოლმე ანალოგიური სასკოლო ამბები: გამოგვიცხადეს საყვედურები, თითი დაგვიქნიეს ყველას და განსაკუთრებით– წარჩინებულ მოსწავლეებს, დაიბარეს მშობლები, ჩატარდა კომკავშირის კრება, ლალი კი ...ისევ „ბ“ კლასში დატოვეს.
ლალი ჟორჟოლიანის დაბადების დღე 15 თებერვალა? ვერ დავიჯინებ...

Комментариев нет:

Отправить комментарий