вторник, 18 февраля 2020 г.

ბუბუ (მოთხრობა)

❤️ბუბუ❤️ (მოთხრობა) ტრადიციულად გვიან საღამოს მივიდნენ გაბრიელი (მერე „გაბო“-თი მოვიხსენიებ, თქვენი ნებართვით) და მერი, მისი მეუღლე -შინ. ზარი მისცეს, ტრადიციულად. სესილი შინ უნდა ყოფილიყო და კარი მას უნდა გაეღო. სესილის დედაც და მამაც ლოყაზე აკოცებდა და თბილად მოიკითხავდა. კარებზე ფხაჭუნის ხმა გაისმა. ეს უჩვეულო იყო...“არატრადიციული“...მერიმ გასაღებს დაუწყო ძებნა და თან მობილურით ნომერი აკრიფა...კარიც გაიღო... სესილი ზედ კარის ზღურბლზე იდგა პატარა მოოქროსფერო თეთრი ლეკვით ხელში. „სტუმრები გყავს?“, „ვისია?“, „ლამაზი კია, ვისიც არ უნდა, იყოს“, „დაღლილია, შვილო, მამაშენი, გაგვატარე, რას აიტუზე“... ლეკვისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ, „ლამაზია“-ერთი თქვა გაბომ მერის იმ ქოქოლას გასწვრივ... აბაზანა მოილია და სამზარეულოსკენ წავიდა ტრადიციულად გაბო... იქ დოინჯშემართული მერი ელოდა...მოკლედ, სესილის არც ვინმე ჰყოლია სტუმრად. ლეკვი მისთვის მეგობარს უჩუქებია, ლაბრადორის ჯიშის დედალი ძაღლი. ერთი თვისაც არ არისო...გაბო უსმენდა მეუღლის ხმამაღალ საუბარს. დაუძახეს ქალიშვილს: გაბომ დინჯად, მერიმ- გაბრაზებულ ქალბატონებს რომ სჩვევიათ, ისე- აუხსნეს სესილის, რომ სამოთახიან ბინაში მეთორმეტე სართულზე ძაღლის გაზრდის, შენახვის, მოვლის საშუალება არ იყო, სასწრაფოდ უნდა დაებრუნებინა ლეკვი პატრონისთვის! „მე ვარ ამის პატრონი, ეს ჩემი ბუბუა!“- სესილი შეუვალი იყო... მაისი იყო. იმ წელს გოგო საშუალო სკოლას ამთავრებდა და უმაღლესში აბარებდა. გაუხსენეს ესეც: მაგისთვის სად გცალია, ძაღლს ერთი ადამიანი სულ უნდაო...გაბომ. ძაღლის მოვლას შენ მასწავლი მეო?! არ გამოვა ეგ საქმეო.... გაბო სოფელში დაიბადა და გაიზარდა. იქაურ ოჯახებში კი ყოველთვის ჰყავთ ძაღლი, რომელიც დარაჯობს ეზო-კარმიდამოს...სულ სხვაა ჯიშიანი ძაღლი, თან ბინაში, ქალაქში, სულ სხვაა ძაღლი- სოფელში, ეზოში, სივრცეში...იქ არც ვეტექიმი თუ ვეტაფთიაქი გვჭირდებოდა, ისე ვზრდიდით ძაღლებს... მოკლედ, სესილი ბოლომდე შეუვალი დარჩა სალ კლდესავით: ტიროდა, ამტკიცებდა, ევედრებოდა მშობლებს...მერე ცალკე მამას მოეფერა, შენი იმედი მაქვსო... გაბოს ჩემზე მეტად არავინ იცნობს-ბარემ აქვე ვიტყვი: ჩემი ტყუპისცალია. მე ჯაბა დამარქვეს, მას-გაბო. ერთი და იგივე სახელია ეს თითქმის: გაბრიელ, ჯაბრიელ, ჯებრიელ...ტყუპები როგორ გრძნობენ ერთმანეთს, ბევრს მოგეხსენებათ. აქ რასაც გწერთ, სწორედ ამ გრძნობის შედეგიცაა...თითქმის 20 წელი სულ ერთად ვიყავით, პრაქტიკულად-ერთ სივრცეში...მერე მე ჩემი ცოლ-შვილით უცხოეთში წავედი და ახლაც იქ ვცხოვრობ, ჩემი ტყუპისცალი კი თბილისში დამკვიდრდა თავისი ჯალაბობით.... მერი ქოთქოთით, ყვირილით შეეგუა ბედს: რაც მოგივათ, აგერ ნახავთო, მე ხელს არ გავანძრევ, ეგ ბუბუა თუ ჯანდაბა, ამ სახლს რომ დააოხრებსო...მე მოვუვლი, არ შეგაწუხებთო, სესილიმ...გაბომ კიდე: ვაცადოთ რამდენიმე კვირა, შევხედოთ, თუ ვეღარ მოვუარეთ და სახლიც მოგვისპო ამ ლეკვმა, გავაჩუქოთო...(მოესწრო გაბოს ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება ლაბრადორ-რეტრივერების შესახებ, მეც მესაუბრა იმ დღეებში, მახსოვს...გაიგო, რომ ტოპ-ათეულის ლიდერი ჯიშია, ყველაზე მეგობრული, დამჯერე, ერთგული და ა.შ. რომ ძალიან ბევრს სურს, შეიძინოს ან იჩუქოს ამ ჯიშის ლეკვი...) *** ...მერი და გაბო ერთად გადიოდნენ სახლიდან და თითქმის ერთად შემოდიოდნენ, ერთი სამსახური ჰქონდათ, საოჯახო ბიზნესი...სამოდელო სააგენტო გააკეთეს, წლების წინათ და გაუმართლათ. მშვენივრად ააწყვეს საქმე, კარგი კავშირები და გარანტირებული შემოსავალი გაიჩინეს. სამოდელო საქმეს მიაბეს რამდენიმე ბიზნესი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაუკავშირეს მთავარ მოდულს და შემოსავალიც საკმაოდ სტაბილური გაუხდათ. ფირმის დირექტორი მერი იყო, სული და გული კი (მთავარ მენეჯერს რომ ეძახიან)- გაბო. გაბომ იცოდა მისი საქმე. მის გარეშე არც არაფერი კეთდებოდა სააგენტოში. გაბო სამსახურში მხოლოდ მის საქმეზე ფიქრობდა, კონტრაქტებზე, ახალ შეკვეთებზე ... მერიმ კი დაიწყო ფიქრი: როგორი დახვდებოდა სახლი, სად რა იქნებოდა ბუბუს მიერ გაფუჭებული, და როგორ მოისროდა ლეკვს კარში....სახლში მისვლისთანავე დაიწყებდა კიდეც გაფუჭებულის ძებნას... მეოთხე დღეს დახვდა შპალერი ჩამოხეული. იკივლა მერიმ. „ეს რა არის?!“- და ლეკვისკენ წაიწია...პატარა ლაბრადორი ერთი ნაბიჯით დაიწია უკან და... ქვემოდან ამოხედა. მერი გაშეშდა...იქვე მდგომ გაბოს გაეღიმა: -რა ლამაზია, ეს უპატრონო... -რა თვალები აქვს, მართლა რა ლამაზია, ეს უჯიშო! -ბოლო სიტყვა სადღაც ნაპოვნი უსარგებლო ნივთივით წარმოთქვა მერიმ და დაიხარა, წაუჩოქა... - ჯიშიანიცაა და პატრონიც ჰყავს! -სესილიმ გამარჯვებულის იერით გახედა დედ-მამას. -აბა, პატრონი? -იკითხა მერიმ, თითქოს არ იცოდა წინასწარ პასუხი. -თქვენ ხართ ამ ლაბის პატრონი, დედიკო და მამიკო,- სესილი მოეფერა თვალდანამულ მერის და კეფაზე აკოცა კმაყოფილებისგან ლოყებანგრეულ გაბრიელს,- და მეც ვარ ამის პატრონი თქვენთან ერთად... * * * გაბო და ბუბუ მალე დამეგობრდნენ. ზუსტად მეც კი გამიჭირდება თქმა, მის მეორე „მე“-ს, ტყუპისცალს, მაგრამ მალე დადგა საღამო, როცა გაბომ აღმოაჩინა, რომ სამსახურის შემდეგ სახლში წასვლა ბუბუსთან შეხვედრისთვისაც უხაროდა. გაიღებოდა ლიფტის კარი და ნახევარი სართული ფეხით უნდა აევლოთ ბინის შესასვლელამდე. ამ ნაბიჯებს ცნობდა, მგონი, ძაღლი და ყეფას იწყებდა...ტრადიციისამებრ. კარებს სესილი გააღებდა. ბუბუ აღტაცებით, დიდი სიხარული მიეგებებოდა ორივეს.... გაბო უშუალო მონაწილე გახდა ბუბუსთან დაკავშირებული ყველა პროცედურის: საკვები, აცრები, პასპორტიზაცია, სეირნობა...თავადაც უკვირდა, როგორ იცლიდა დღენიადაგ მოუცლელი. მერიც აღარ აპროტესტებდა, საწოლში გაბოს მკლავზე ან ზურგთან გაშოტილ ნებიერას რომ დაინახავდა...მერე კი...ერთხელ გაბომ შეისწრო, როგორ ეფერებოდა მერი ძაღლს: „შენ უყვარხარ ბაბუას, შენ უყვარხარ ბებიას....შენ ბებიას ყველაზე მეტად უყვარხარ...“...შეისწრო და იმჯერად ოთახში აღარ შევიდა...დაელოდა, მერი როცა აღიარებდა ამ განსაკუთრებულ სიყვარულს....იცოდა მეუღლის ხასიათი.. ***. ბუბუ კი მშვენდებოდა, იზრდებოდა და უფრო ჭკვიანი ხდებოდა. ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ნაკლებად აზიანებდა კედლებს, ფეხსაცმელებს, ხის აქსესუარებს...განიცდიდა მარტოობას და ბედნიერი იყო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად...არ უყვარდა ბალკონი და სულ ოთახში ყოდნა სურდა....ზოგჯერ გიჟდებოდა მოფერებისას, ზოგჯერ კი- გაიყურსებოდა, თვალებს მინაბავდა, თითქოს ვალდებულებიც იყვნენ, ასე უანგაროდ მოფერებოდნენ. ტრადიციულად: დილით სახლიდან გასვლისას ბუბუ თავს მარჯვნივ გადახრიდა და ისე ემშვიდობებოდა გაბროს...შინ დაბრუნებისას უკანა ფეხებზე დადგებოდა და ელოდა გაბოსგან წინა ფეხებში („ხელებში“) ჩავლებას და ასე მოფერებას, ჩახუტებას. მგონი ესმოდა კიდეც გაბოს სიტყვები: „ჩემი ლამაზი გოგო“, „ბუბუტა“, „ჩემი გოგო ბაბალა“ , „როგორ მომენატრე, გოგუცა“...დაღლილი და ნახევრად ძილისკენ წასული ბუბუ თავს დადებდა ხალიჩაზე და ელოდა გაბოს, რომელიც ჩაუჩოქებდა, თავს მდუმარედ დაადებდა თბილ ძაღლს ხან კისერთან, ხან-გულმკერდზე, ხან-ყურებთან და იქნებოდა ასე უძრავად 1, 5 , 10 წუთი...მეტიც...ბუბუ გაიტრუნებოდა, ხვრინვას დაიწყებდა...მერე თვალს გააყოლებდა წამომდგარ გაბოს, ქვემოდან ამოხედავდა ისე, როგორც პირველად- გაბრაზებულ მერის...ეს ამოხედვა მთელ სიცოცხლედ ღირდა...ტრადიციულად. * * * საშობაოდ საქართველოში ჩავედი რამდენიმე დღით. ცხადია, ტყუპისცალი მოვინახულე. 54 წლისანი გავხდით: ახლაც უჭირთ ჩვენი გარჩევა ერთმანეთისგან, თუმცა უცხოეთში ხანგრძლივმა ცხოვრებამ მე მაინც თავისებური დაღი დამასვა და ერთადერთი ფასეულობა, რაც უცვლელი დარჩა ჩემთვის საქართველოდან, ჩემი მეორე „მე“, ჩემი ტყუპისცალი დარჩა. ტრადიციისამებრ: მოვისიყვარულეთ. მშობლების საფლავზე ავედით. გაბომ დიდის ამბით გამაცნო ოჯახის ახალი წევრი -ბუბუ...მართლა ძალიან ლამაზი იყო ბუბუ. ჩემი მეუღლე ძალიან გაუშინაურდა, როგორ ჰგავს ჩვენს ტობისო... გაბოს ადრე არ უყვარდა მაინც და მაინც ძაღლებზე საუბარი, აღარც ახსოვდა, რომ ჩვენც გვყავდა ლაბრადორი -ტობი...სუფრაზეც და ისეც იმ ტობიზე უფრო მეტს მეკითხებოდა, ვიდრე- პირად თუ ზოგად საკითხებზე... შევატყე, როგორ დამწუხრდა და ჩაფიქრდა მას შემდეგ, რაც გაიგო, როგორ დაგვეღუპა ტობი...“რამდენი წლის იყო?“, “კონკრეტულად რა სჭირდა?“, „აუცილებელი იყო დაძინება?“ ... ნეტა, საერთოდ არ მეთქვა ტობის გარდაცვალების შესახებ...სულ 5 დღით ვიყავი ჩასული და ყოველ დღე რაღაცას მეკითხებოდა ძაღლის შესახებ. ბოლოს მე ნახევრად ხუმრობით ვუსაყვედურე, რა გამიჭირე ამ ძაღლების თაობაზე, მაცადე, დავტკბე თქვენთან ყოფნით მეთქი....“ბუბუ ძაღლი არააო“,- ეგ მითხრა.... მეც ასე ვფიქრობდი დიდხანს... აეროპორტში კიდევ ერთხელ შემეკითხა: - რატომ არ აიყვანე ახალი ძაღლი? - ვერ შევძელი. ტობის შემცვლელი ვერ წარმომედგინა! „ისევ ძაღლზე ფიქრობს“. გადავეხვიე, ვაკოცე ჩემს მეორე „მეს“ და ღიმილით ვუთხარი: -ბიჭო, ეგ შენი ბუბუ 12-13 წლამდე თავისუფლად გაქაჩავს, შენ მაგ დროს კაი ბებერი იქნები-70 წლამდე მიღწეული, ძაან გექნება მაგის ჯავრი, ოჯახზე და ერთმანეთზე ვიფიქროთ, რა დაიტვირთე...მოიცალე და ჩამოდით ჩვენსკენ, ეგ ბუბუტაც წამოიყვანეთ ევროპაში...აბა, გეხუტუნეთ ყველას... * * * გაბოც, მერიც და ალბათ- სესილიც, სოციალური ქსელების იმ ჯგუფებში გაერთიანდნენ, სადაც ლაბრადორების მოყვარული ადამიანები ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას და გრძნობებს (სავსებით ბუნებრივს) უზიარებდნენ. ბუბუს დრო არავისთვის წაურთმევია, არც საზრუნავი მოუმატებია ოჯახისთვის...ბუბუმ შეავსო გაბოს ცხოვრება, უფრო გაალამაზა, ვიდრე- დატვირთა; მეტი სიკეთისკენ შეცვალა, მეტი ფერი შემოიტანა ცხოვრებაში...ორიოდე ახალი კონტრაქტი გააფორმეს, საკმაოდ სარგებლიანი ...მერიმაც და გაბომაც ბუბუს ფეხს დაუკავშირეს ორივე. ჰო, მეც იქ ვიყავ მაშინ, ბუბუ იყო ოჯახის მეკვლე... გაბოს ნელ-ნელა დაეწყო ფიქრები, როგორი იქნებოდა ცხოვრება ბუბუს გარეშე. ცდილობდა, ნამდვილად ცდილობდა, ნაკლები ეფიქრა ამ თემაზე, მითუმეტეს მისი ბუბუტა ჯერ მხოლოდ პირველ წელს ითვლიდა და წინ მთელი ცხოვრება ჰქონდა....მაგრამ ყოველ მოფერებაზე მაინც გაჰკრავდა ეს ფიქრი. მერე საკუთარ თავს უსაყვედურებდა: ასეც არ შეიძლება, ყველა წამავალია, ადამიანებიც...ჰო, მაგრამ...ბუბუ მისთვის ძაღლი აღარ იყო, არც- ადამიანი ცხადია... გაბოს უყვარდა ბუბუ მისი სესილისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო...სესილის ბოლომდე განებივრებული ჰყავდა „შვილი“. სესილი განსაკუთრებული სევდა იყო ბუბუსთვის, როცა ლექციებზე მიდიოდა და- უსაზღვრო სიხარული, როცა უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა. გაბოს უყვარდა ბუბუ იმ კონკრეტული თუ საერთო მიზეზების გამო, რის გამოც უყვართ ზოგადად ...ზოგჯერ სერიოზულ შეხვედრაზე ყოფნისას, ან სხვა ფორმალურ სიტუაციაში ტელეფონის ეკრანზე ბუბუს ალბომს გამოიხმობდა და ერთი-ორ ფოტოს დაათვალიერებდა, იქედან გაუღიმებდა „შვილიშვილს“... თითქოს ბუბუღა აკლდა გაბოს სრულ ბედნიერებამდე და ისიც მოუვლინა ღმერთმა. იმ ფიქრის საპირწონედ,“12 წლამდე ცოცხლობს ლაბრადორიო“ , სხვა ჩაანაცვლა: „ნელა გაირბინოს იქნებ ამ წლებმაო“... *** მორიგი საკონტროლო ანალიზები დამაფიქრებელი აღმოჩნდა გაბოსთვის: ფარული სისხლდენა ნაწლავებიდან, სავარაუდოდ კუჭის ეროზიით ან (და) ნაწლავების პოლიპებით გამოწვეულიაო, უთხრეს. დამატებითი კვლევები დაუნიშნეს. სრულმა ენტეროლოგიურმა გამოკვლევებმა კი ჩემს ტყუპისცალს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა...შეშლილი მესაუბრა მერი. ვამშვიდებდი, ცხადია, ეგ განაჩენი არაა და ა.შ. ჩემთან, საფრანგეთში სასწრაფოდ ჩამოსვლა ვითხოვე, აქ მივხედავ მეთქი... ჩამოვიდნენ. დავხვდი. პარიზის ცნობილ, ბენჟამინ დ’აპორტის კლინიკაში მოვათავსეთ დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის რეალური გზის დასახვის მიზნით. გაბო სულაც არ იყო დათრგუნული. ბოლომდე ვგავდით ერთმანეთს: მერის გამხნევებას მაქსიმალურად ცდილობდა. მის მეუღლეს კი ყოველთვის არ გამოდიოდა მხნე ქალის როლის შესრულება. შეიძლება ასეც სჯობდა. მერი რომ უფრო ვაჟკაცურად ყოფილიყო, შეიძლება გაბო უფრო საპატრონო ყოფილიყო ფსიქოლოგიურად... დღეში რამდენიმეჯერ ურეკავდა სესილის და ყოველთვის სთხოვდა ბუბუს გამოჩენას ტელეფონის ეკრანზე...თეთრი, მოოქროსფერო და შავთვალება ლაბრადორი იქიდან ესიყვარულებოდა მის „ბაბუას“, თითქოს ამხნევებდა, შეჰყებდა, უკანა თათებზე შედგებოდა...ესეც კიდე, „შენ გენაცვალე გოგუცა“, „შენი ჭირიმე ჩემო ბაბუცა, ბუბუტა“...მგონი „გუგულასაც“ ეძახდა... მოკლედ, გაბოს უმძიმესი დიაგნოზი ნაღდი აღმოჩნდა, სრულიად უსიმპტომოდ მიეღწია ნაწლავების სიმსივნეს მეოთხე სტადიისთვის... ...ორიოდე თვე იყო პარიზში ინტენსიური თერაპიის ქვეშ. თავიდანვე გვეხვეწებოდა, გამიშვით, ჩემს სახლში მინდა...ჩემს გოგოებთან... თმაგაცვენილი და მისუსტებული გაბო აეროპორტში მეუბნება: -იმას ვჯავრობდი, 67 წლის ვიქნები, ბუბუ რომ შეუერთდება ცისარტყელას ფერებს მეთქი და მეცოდებოდა; ასე მალე მე თუ გავასწრებდი, არ მეგონა....ხშირად ჩამოდი ხოლმე, იქნებ შეეშალოს ხოლმე და შენ ცისარტყელას ფერებიდან დაბრუნებული ბაბუა ეგონო... -კაი ახლა...-მეტი ვერაფერი ვუთხარი. ჩვენ ხომ ერთმანეთის „მეორე მე“ ვიყავით. ვიცი, ნებისმიერი გამხნევება ყალბი იქნებოდა...მითუმეტეს გაბრაზდებოდა, თუ ბუბუს ძაღლურ წარმომავლობასა და გენეტიკაზე გავუსვამდი ხაზს და რაღაც მორალს დავუკავშირებდი მის წარმოსახვაში ამ არსების ლამის გაფეტიშებას (ობივატელის თვალში). -ჩვენს დედიკოს მოგიკითხავ მალე და შენ ყოჩაღად იყავი! - ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მახსოვს მისგან ნათქვამი.... *** გაბოს გარდაცვალების, პანაშვიდის და დაკრძალვის დღეებში ბუბუ არავის ახსოვდა. სესილიმ იგი რამდენიმე დღით ერთ პრესტიჟულ თავშესაფარში დატოვა... გავაცილეთ ჩემი ტყუპისცალი, ჩვენი გაბო...სიცოცხლეზე გულდაწყვეტილს საოცრად კმაყოფილი სახე ჰქონდა კუბოში. *** რამდენიმე დღე დავრჩი ჩემი ძმის ოჯახში. - ჯაბა ბიძია, ბუბუს შემოვიყვან...-სესილიმ ნებართვა მთხოვა... - კი, რა თქმა უნდა...-წამოვდექი. ჩემს მგლოვიარე რძალს გავხედე... ბუბუ ჩემს წინ აიტუზა. უცებ წამოხტომაც დააპირა, აიწია ოციოდე სანტიმეტრზე წინა თათებით, მაგრამ მალევე დაეშვა...ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა რამდენჯერმე... ნაცნობმა სახემ დააბნია თითქოს...თითქოს...მიხვდა მალევე, რომ ეს მხოლოდ „ასლი“ იყო, ტყუპისცალი იმ ბაბუასი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა... ბუბუმ თავი მარჯვნივ გადასწია და ისე მომაჩერდა...ვერ გავუძელი. ავტირდი. ბუბუს თვალებიც სავსე იყო ცრემლით... *** ისევ აეროპორტი. შევპირდი ჩემებს, რომ ხშირად ჩამოვიდოდი ჩემი ძმის საფლავზე. ღმერთო, ნუ მიწყენ და...ახლა მივხვდი მგონი, რატომ იყო კმაყოფილი სახით იმ ქვეყნად მიმავალი....უფალო მაპატიე...ბუბუს რომ გაასწრო იმქვეყნად და მას იქ რომ დახვდებოდა?... რა სულელი ვარ... არადა, მეც ასე მოვიქცეოდი... 17.01.20 ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე