понедельник, 27 июля 2026 г.
მაღლაკის ისტორია
1. მაღლაკის პირველი ხსენება ისტორიულ წყაროებში
-------------------------------------------------------------
სოფლის ისტორია რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება;
- პირველ რიგში ესაა იქ მცხოვრები, იქ დაბადებული ადამიანების ღვაწლი სოფლის და ქვეყნის წინაშე, როლი სხვადასხვა ისტორიულ პროცესში...
- ქვეყანაში მომხდარი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, რომელიც გეოგრაფიული თუ სხვა პარამეტრით შეეხო ამ სოფელს...(მაგალითად, რომ არა დავით გურამიშვილის ტრაგიკული ისტორია, სოფელი ლამისყანა კაი ხანს იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი სოფელი).
- ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაშიც სტრატეგიულ მდებარეობასაც ვგულისხმობთ: სიახლოვე ქვეყნის რომელიმე დიდ ქალაქთან ან სულაც- გზაგასაყართან ახლომდებარეობა, რაც ზრდიდა ამ სოფლის აქტუალობას სხვათათვის...
მაღლაკს ამ ძირითადი ფაქტორებიდან არც ერთი აკლდა. აქ დაბადებული ქართველები სხვადასხვა დროს აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის (შიგნით თუ გარეთ), მეზობელი ქალაქების სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში...ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. ამის მიზეზი არც თუ უსაფუძვლოდ სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობაცაა: მაღლაკი უშუალოდ მდებარეობს საქართველოს უძველესი ქალაქის გვერდით, იგი მდინარე გუბისწყლის პირას გაშენებული საცხოვრისიც გახლდათ (უძველეს ეპოქაში) და ფაქტიურად წარმოადგენდა საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის: იმერეთის და სამეგრელოს საკონტაქტო ბუფერს, სადაც ამ მდებარეობის გამო რამდენიმე ისტორიული ბრძოლაც მოხდა (მაგალითად, 1709 წელს დიდი შეტაკება იმერეთის მეფე გიორგი VI-სა და მთავარ დადიანს შორის)...
სოფელ მაღლაკის ხსენება ისტორიულ წყაროებში პირველად ხდება მეცამეტე საუკუნეში: დავით ნარინის სიგელში-წმინდა წერილში, რომელიც ეკუთვნის დეკანოზ იაკობს...
გთავაზობთ სრულ ტექსტს სალიტერატურო ქართულით (ფოტო წყაროდან თან ერთვის ):
„სახელითა ღმრთისათა და ნებითა ყოვლად წმიდისა ღრმთისმშობელისათა, ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისათა, წმიდასა ზეცისა ძალთათა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათა, ღმრთისა სწორთა პატრონთა რუსუდანის ძისა დავით მეფეთ-მეფისა წყალობითა, მაღლად სადიდებლად და სულისა ჩემისა სალოცველად, მე დიდი მონასტრისა დეკანოზმან იაკობ გავაჩინე ესა:
...მამული ჩემი მკვიდრი, პატრონთაგან ბოძებული, მაღლაკს აბანოისა სახლი პირველად სადეკანოზოდ შემექმნა, თხუთმეტი ლიტრითა ზეთითა - ხახულისა ღვთისმშობელისათვის შემეწირა; და აწცა ვითა მომიხსენებია, განაღამც აგრეთვე მას მსახურებდეს: მისსა სახლსა აქაით: ქიჯგუსძე ა, ვაშაბერიძე ა. ფარსმანყანევს- ხაკოსძე ი, მათითა მიწა-წყლითა, ტყითა, ველითა, სანადიროითა, სახმარითა და უხმარითა (მოძრავ-უძრავი.-ჯ.კ) ყოვლითა.... „
დასასრულს ნათქვამია: „მაღლაკელ და ფარსმანყანეველ გლეხთაგან გამოვალს სამი ურემი ღვინო უპარტახდოდ.... “
სულ ეგ არის, რაც ამ დოკუმენტში მაღლაკს შეეხება!
დასკვნები: ცნობილი დეკანოზი იაკობი, რომელიც იმ პერიოდში გელათის მონასტერში მოღვაწეობდა წარმოშობით მაღლაკელი იყო: იგი ფლობდა მამულს მაღლაკში, მან ეს მამული და „პატრონთაგან ბოძებული“ „მაღლაკს აბანოისა სახლი“ შესწირა ხახულის ღვთისმშობლის ხატს! ცნობისთვის:
ღვთისმშობლის კარედი ხატი (სიმაღლე 1.47 მ, სიგანე გაშლილი კარით 2.02 მ. ოქრო, ოქროში დაფერილი ვერცხლი, ვერცხლი). ხატი თავდაპირველად ინახებოდა ხახულის მონასტერში, სახელწოდებაც აქედანაა. ვერცხლით მოჭედილი დიდი კარედი ღვთისმშობლის ვედრების ხატისათვის იყო შესრულებული, როგორც-შესანახი ბუდე. კარედის მოჭედილობიდან შემოინახა კარების გარეთა ნაწილზე დაბალი რელიეფით, ჭედურით შესრულებული ორნამენტული შემკულობა (X საუკუნე). შემდეგ ხატი გელათის მონასტერში გადაიტანეს და ღვთისმშობლის ეკლესიაში დაასვენეს. XII საუკუნეში აქ იგი თავიდან მოჭედეს (ცენტრალური ნაწილი ოქროთი, კარები ოქროში დაფერილი ვერცხლით), რელიეფური ორნამენტით შეამკეს და ძვირფასი ქვებით, აჟურული ვარდულებით, სხვადასხვა დროისა და ფორმის ტიხრული მინანქრითა და ჯვრებით მორთეს. კარების მოჭედილობა ორ ოსტატს შეუსრულებია, ამაზე მეტყველებს ორნამენტის შესრულების ხასიათი, მისი მხატვრული გადაწყვეტა. ორივე კარის ბოლოში მოთავსებულ წარწერაში მოხსენიებულია მეფე დავით აღმაშენებელი და მისი ძე დემეტრე.
„მაღლაკის აბანოს სახლი“ - ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს იყოს მდინარე გუბისყალზე მოწყობილი სპა-ცენტრი. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, დაკავშირებულია ახლანდელი წყალტუბოს ჯადოსნურ წყაროებთან , რომელთა გამოყენება ჯანმრთელობის და სილამაზის სამსახურში მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში (უფრო ადრე თუ არა) ხდებოდა და გეოგრაფიულად ეს აბანოები უკავშირდებოდა სწორედ მაღლაკს...
P.S.
ჰფარავდეს ჩვენს ულამაზეს სოფელს, თითოეულ მაღლაკელს, წყალტუბოს, სრულიად საქართველოს ხახულის ღვთისმშობლის ხატი და მადლი...
ჯამბულ კოხრეიძე. სოფელი მაღლაკი.
2.მაღლაკი -„ ქართლის ცხოვრებასა“ და სხვა ისტორიულ წყაროებში
----------------
მაღლაკი, მაღლარი (ქც 4:773,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყარებში:
1. ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 773,22),
2. დავით ნარინის (1245-1293) სიგელი (ქრონიკები 1897: 128, 129), 1259-1293 წწ დაწერილი იაკობ დეკანოზისა ხახულის ღვთისმშობლისადმი ( ქართული სამართლის ძეგლები .1970: 173-174; ქართული ისტ.საბუთ.კორ. 1984: 143, 148),
3. XVI-XVIII სუკუნეების სიგელები (ქრონიკები 1897: 339; 1967: 29; საქ. სიძვ. 1920: 19; ისტ. დოკ. ... 1958: 19, 144; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრ. 1964: 139; მცირე ქრონიკები 1968: 59; ქართ.სამ.ძეგლები 1965: 430; 1970: 285,
4. თეიმურაზ ბაგრატიონის ახალი ისტორია (ბაგრატიონი 1983: 76),
5. იოჰან გიულდენტშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (1962: 307),
6. ფრანსუა გამბას“მოგზაურობა“ (1987: 334)...
როგორც უკვე ავღნიშნეთ ჩვენი კვლევების დასაწყისში: მაღლაკი წყაროებში პირველად მე-13 საუკუნეში იხსენიება (ქრონიკები 1897: 128, 129). 1709 წელს მაღლაკთან მოხდა ბრძოლა იმერეთის მეფე გიორგი VI-სა (1703-1720) და დადიანს შორის, რომელიც გიორგი VI-ის გამარჯვებით დასრულდა (ქრონიკები 1967/29). 1773 წელს სოლომონ პირველმა (1752-1784) მაღლაკი შესწირა ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძარს (ისტ.დოკ. ..1958: 144)- ამ აქტის წინამორბედი იყო სწორედ დეკანოზ იაკობის მიერ დაწერილი წყალობის სიგელი, როლის მიხედვითაც მაღლაკის გარკვეული ნაწილი უკვე შეწირული იყო გელათის მონასტერზე.
. წყაროებში მოხსენეულია მაღლარის სახელითაც.
1948 წელს მაღლაკში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ.წ. VI საუკუნის ქვევრ-სამარხი, რომლის მასალა წარმოდგენილია თიხის ოთხი ჭურჭლით: შავად გამომწვარი ქუსლიანი სასმისით, შავპრიალა პირგადაშლილი მათარით, შემკული მზის დისკოს გამოსახულებით ; ზედაპირგაპრიალებული დოქით მონაცისფრო ყურმილიანი დოქით ; რკინის ცულით.
1970 წ.. მაღლაკში ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. III საუკუნის ქვევრსამარხი, რომელსაც ჰქონდა ჰორიზონტალური მდებარეობა. სამარხში გამოვლინდა წითელი საღებავით მოხატული დოქი და კოლხური ამფორის ქვედა ნაწილი...
უკვე 1973 წელს მაღლაკში აღმოჩენილი ძვ.წ. III საუკუნის ქვევრსამარხი შეიცავდა რკინის ინვენტარს! (წერაქვი, დანა, მარწუხები) . სამარხი ქვევრი ვარდისფერსარჩულიანი და შავზედაპირიანია. მასში აღმოჩნდა ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და თიხის ჭურჭელი. ყველა ეს მასალა დაცულია ნ.ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
1963-1964 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და თსუ გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი-პროფ.ოთარ ლორთქიფანიძე) მაღლაკში ჩაატარა დაზვერვითი სამუშაოები.
1977 წელს მაღლაკში მსგავს (დაზვერვით) სამუშაოებს აწარმოებდა ეთნოგრაფიის ინსტიტუტი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიცია.
1981-1982 წლების იდენტურმა ექსპედიციამ კი ოთარ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით გამოავლინა 2 გორანამოსახლარი. შეგროვდა უნიკალური კერამიკული მასალა: ადრეანტიკური, ელინისტური, ადრე შუასაუკუნეებს მიკუთვნებული...
ჩვენი მოკრძალებული დასკვნები: მაღლაკის (მაღლარის) განსახლება არ ყოფილა კონცენტრირებული ერთ კონკრეტულ ადგილას. უძველესი დროის ნამოსახლარის არსებობა მდინარე გუბისწყლის ახლოს სტრატეგიული მიზეზებითაა განპირობებული: უძველესი დასახლებები სწორედ მდინარეების პირას შენდებოდა გასაგები მიზეზების გამო (სატრანსპორტო, საკანალიზაციო და სხვა ფუნქციები...). მოგვიანებით ქუთაისის , როგორც ქალაქის და რეგიონალური ცენტრის, ერთ ეპოქაში კი- დედაქალაქის ფუნქციონალურმა დაწინაურებამ - განაპირობა მოსახლეობის გაზრდა-გადანაწილება სწორედ ქალაქის მიმართულებით...ძველ დროში სასოფლო დასახლებების ინტენსივობა ზედმიწევნით არასტაბილურობით გამოირჩეოდა. მაგალითად, მიწაწითლის დღევანდელი მოსახლეობის წინაპრები სულ რაღაც 200-300 წლის წინათ ამ უბნის საპირისპირო მხარეს (წყალტუბო-ფარცხანაყანევის გზის მარცხნივ) ცხოვრობდნენ, სადაც ახლაცაა შემორჩენილი მათი საფლავები...მოსახლეობა იქედან შავი ჭირის გავრცელებამ აჰყარა და დაასახლა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით (წყალტუბო-ფარცხანაყანევის გზის მარჯვენა მხარეს). მაღლაკის მოსახლეობა ვახუშტი ბაგრატიონს მიკუთვნებული ჰყავს ვაკესთვის, რომელიც იმხანად საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო პროვინციად ითვლებოდა (ვაკის საზღვრების აღწერა მოცეულია ქვემოთ ფოტოებზე). მაღლაკელები (მაღლარელები ) ცხოვრობდნენ ქუთაისიდან მდინარე გუბისწყლადე, ამ ზოლის ჩრდილოეთით (დღევანდელი თერნალის დასახლების ჩათვლით), სადაც ახლოს უნდა ყოფილიყო მაღლაკის აბანოს სახლიც (დეკანოზ იაკობის გადმოცემით)....
3. მეორე მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო მაღლაკის ისტორიისთვის.
———————-
ჩვენ უკვე განვიხილეთ პირველი ისტორიული წერილობითი წყარო, სადაც ნახსენებია „მაღლაკი“და რომელიც თარიღდება მე-13 საუკუნით: მეფე დავით ნარინის (1245-1293) სიგელი, 1259-1293 წლებში დაწერილი დეკანოზ იაკობის მიერ და ხახულის ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი (ქართული სამართლის ძეგლები. 1970 წ. გვ:173-174).
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული წერილობითი წყარო კი გახლავთ ისევ სიგელი, რომელიც 1450-1451 წლითაა დათარიღებული. ამ სიგელ-გუჯარით მეფე გიორგი IX-ს ერთგულებას უდასტურებს და წყალობას სთხოვს დიდი თავადი გირშელ წულუკიძე და მისი ვაჟნი: ვალადემურ, სალუყაზან, ბევროზ, ბეჟან და სიაოში. ასეთ სიგელებში მეფის ქვეშევრდომნი მადლობას მოახსენებდნენ მეფეს იმ სოფელთა, მიწათა და წყალთა, მთისა და ბარის, მდინარის და წისქვილთა, ველისა და საყანის, სათიბისა და საძოვრის მეფისგან ბოძებული მმართველობითი უფლების მინიჭებისთვის…ცხადია, მმართველნი იცვლებოდნენ: მეთხუთმეტე საუკუნეში მაღლაკი იმ ადმინისტრაციულ დანაყოფს ეკუთვნოდა, რომელსაც თავადი წულუკიძე (კონკრეტული სიგელის მიხედვით- გირშელ წულუკიძე) ხელმძღვანელობდა.
ადმინისტრაციული მმართველობის გარდა სოფელს და მის ცალკეულ კომლებს (სრულად ან გვარების მიხედვით) მართავდა თავადის ოჯახი. ამ ისტორიულ წყაროებში ზუსტად ჩანს ასეთი ადგილობრივი მმართველი თავადებიც. მაღლაკში უკვე მეთხუთმეტე საუკუნეში მაღლაკის ადგილობრივი მმართველობა ეკუთვნის თავად ნიჟარაძეებს! გავიმეორებთ: რეგიონული (ადმინისტრაციული) მმართველობა არ იყო სტაბილური ამა თუ იმ ოჯახისთვის (გვარისთვის), სოფლები კი თავიანთი კომლებითურთ სტაბილურად რჩებოდნენ ამა თუ იმ გვარის (ოჯახის) გამგებლობაში. პრაქტიკულად ნიჟარაძეები მაღლაკის მრავალი კომლის (თუ-სრულად არა) მეთვალყურე-მფლობელ და პასუხისმგებელ თავადურ ოჯახად რჩება თითქმის მე-19 საუკუნემდე. როდის დაიწყო ეს? პირველი ისტორიული წყარო, სადაც მათი განსაკუთრებული უფლებები და მოვალეობები ჩანს მაღლაკის მიმართ, არის სწორედ ეს სიგელი!
ტექსტი (ამონარიდი) სიგელიდან: „კვალდცა გკადრეთ, მოგახსენეთ და შემოგწირეთ ჩვენგან ნასყიდი იმავე ნიჟარაძისეული მაღლაკს გლეხნი ოთხი კომლი და მართებს ბეგარა ეს: დემეტრასა თეთრი ოცი, ღვინო კოკა ორმოცი, ბატკი ერთი, ღომი ნაოთხალი ათი, მართებს ლექვინაძე გიორგასა თეთრი ათი, ღვინო კოკა ოცი,ბატკი ერთი…მართებს მებუნიშვილსა თევდორასა თეთრი, ღვინო კოკა ორმოცი….მართებს ყამაზაშვილსა აბესალომსა თეთრი ოცი, ღვინო დიდი კოკით-ასოცდაათი (!), ღომი ნაოთხალი და ღომი ურემი ერთი, სამაჭრობო საკლავი ერთი და ქათამი ორი… იმავე ნიჟარაძისეული ჩემგან ნასყიდი ნამაშევს ჭოლაძე მამიას მართებს თეთრი ოცი, ღვინო კოკა ორმოცი“…
ამ მონაკვეთში ჩანს ოთხი მაშინდელი მაღლაკური მკვიდრი გვარი: ლექვინაძე, მებუნიშვილი, ყამაზაშვილი და ჭოლაძე… (ამჯერად, რამდენადაც ვიცი, მებუნიშვილები და ყამაზაშვილები მაღლაკში აღარ ცხოვრობენ).
სიგელში ჩანს, რომ მაღლაკელ ნიჟარაძეებს საკუთარ გამგებლობაში ჰყავდათ ფარცხანაყანეველი (ფარსმანაყანეველი) მარდალეიშვილებიც, რაც გახდა მიზეზი მომავალში (ანუ-მე-15 საუკუნის შემდეგ) ამ გვარის (მარდალეიშვილების) მაღლაკში დასახლების და გამრავლების. სიგელის ავტორი გირშელ წულუკიძე უცხადებს ქართველთა მეფე გიორგი მეცხრეს, რომ ბეგარას (გადასახადებს) მორჩილებით და წყალობის იმედით იხდიან ნიჟარაძეების ნასყიდი კომლები ქვიტირს, ნამაშევს და ფარსმანაყანევს…
ჩვენი მოკრძალებული დასკვნა: უკვე მე-15 საუკუნეში ნათლად ჩანს მაღლაკის ისტორიაში ნიჟარაძეთა საგვარეულოს განსაკუთრებული როლი, რომელიც სავარაუდოდ უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ეს როლი მოიცავდა უფლებებსაც და მოვალეობებსაც. საქართველოს ისტორიის არასაბჭოთა ვერსიები ასეთი სათავადოების განსაკუთრებულ მისიებზე სწორად გადმოგვცემს- მათ ეკისრათ სახელმწიფო ფუნქციები: საჯარისო ფორმირებების უზრუნველჰყოფა ცოცხალი თუ სამეურნეო რესურსებით, გადასახადების აკრეფა სამართლიანი პრინციპებით, სამართლისავე უზრუნველჰყოფა ადგილობრივ დავებში, სოფლის (სოფლების) პოპულაციის (მოსახლეობის) გაზრდა- განვითარებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა მათ ხელში არსებული ყველა რესურსის გამოყენებით. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ისტორიული წყაროებით ჩანს, რომ მაღლაკი შრომით, სიცოცხლით და უფლება- მოვალეობებით გაჯერებული სოფელი იყო…მისი მოსახლეობა შესამჩნევად იზრდებოდა, საზღვრები ფართოვდებოდა, რაშიც „ერსაც და ბერსაც“, „გლეხსაც და თავადსაც“ ჰქონდა თავისი განსაკუთრებული წვლილი….
4. მაღლაკი იმერეთის სამეფოში
----------------------
1709 წელს მაღლაკში მოხდა ბრძოლა მეფე გიორგისა და დადიანს (გიორგის ?) შორის. მემატიანე იუწყება, რომ დადიანს არა მარტო ოდიშელები, იმერლებიც ახლდნენ.
მოკლედ იმ სამეფოს შესახებ, რომელსაც ეკუთვნოდა მაღლაკი თითქმის ხუთასი წლის განმავლობაში:
იმერეთის სამეფო იყო ქართული ფეოდალური სახელმწიფო XV−XIX საუკუნეებში. წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან, მე-13 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როცა 1490 წელს საქართველოს დაშლა იურიდიულად გაფორმდა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო. ჩვენს პირველ ნარკვევში განვიხილეთ სწორედ დავით ნარინისადმი მიძღვნილი სიგელი, რომელშიც მაღლაკის „აბანოთა სახლი“ და მოსახლეობისგან აკრეფილი „შემოწირულობანი“ ეკუთვნოდა ღვთისმშობლის ხატს გელათისას. იმერეთის სამეფოში შემავალი ოდიშის და გურიის სამთავროები XVI საუკუნის შუა წლებში ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVI საუკუნის დამდეგს იმერეთის სამეფოს უკვე აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი — სვანეთისა. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მეფეს ეპყრა და ხან – ოდიშის მთავრებს.
იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ჰყოფდა, დასავლეთით ოდიშის სამთავროსაგან — მდინარე ცხენისწყალი, სამხრეთით გურიის სამთავროსა და ახალციხის საფაშოსაგან — ფერსათის ანუ მესხეთის მთები, ჩრდილოეთით კი — კავკასიონის ქედი საზღვრავდა. იმერეთის სამეფოს დასავლეთი და სამხრეთი საზღვრები ხშირად იცვლებოდა: დასავლეთით იმერეთის მეფეს საჭილაო-სამიქელაოს ოდიშის მთავარი ეცილებოდა, (მაღლაკის მისადგომები მდინარე გუბისწყლის მხრიდან ხდებოდა ხოლმე ამ მეტოქეობის და შეცილების ადგილი- ამიტომაც მოსახლეობა ერიდებოდა ამ მდინარის პირას მდებარე ნაყოფიერ მიწებზე დასახლებას). სამხრეთით საჯავახოს გურიელი ითვისებდა ხოლმე. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისი იყო. აქვე იყო მეფის მთავარი რეზიდენცია. XVII საუკუნეში იმერეთის სამეფოს 40 ათასი მეომრის გამოყვანა შეეძლო.
XVIII–XIX საუკუნეთა მიჯნაზე ამ სამეფოში დაახლოებით 120 ათასამდე მცხოვრები იყო. იმერეთის სამეფოში, მთლიანად საქართველოს მსგავსად, ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. არსებობდა მრავალი სათავადო, რომელთაც საგადასახადო, ადმინისტრაციული და ნაწილობრივ სასამართლო იმუნიტეტი ჰქონდათ მოპოვებული და ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკავებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ.
უკვე XVIII საუკუნის შუა წლებში იმერეთის სამეფოში 100-მდე თავადი იყო. ისინი მეფის ან უფლისწულის ვასალები იყვნენ. მათ შორის წარმატებული პოზიციები ეპყრათ მაღლაკელ ნიჟარაძეებს, რომელთა გამგებლობა მოიცავდა არა მარტო მაღლაკს (მაგალითად, ცნობილია ნიჟარაძეთა კომლთმფლობელობა ოფშკვითში)… XIX-XX საუკეების მიჯნაზე კი დასავლეთ საქართველოს სათავადაზნაუროს ლიდერი სწორედ მაღლაკელ და ოფშკვითელ ნიჟარაძეთა შთამომავალი გახლდათ: დავით ოტიას ძე ნიჟარაძე.
1651–1661 წლებში იმერეთის სამეფო ოთხ სამხედრო-ტერიტორიულ ერთეულად — სადროშოდ ანუ სასარდლოდ დაიყო: რაჭის, არგვეთის, ვაკისა და ოკრიბა-ლეჩხუმის. მაღლაკი ვაკის ერთეულში შედიოდა.
იმერეთის სამეფოს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რომელიც ხშირად „ჩრდილოსა და აფხაზეთის“ ან „აფხაზ-იმერთა“ ან კიდევ „პონტო ჩრდილოით აფხაზ-იმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად“ იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI საუკუნის II ნახევარში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ — გელათში.
1555 წელს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით იმერეთის სამეფო ოსმალეთს ერგო. ამას თან დაერთო გამწვავებული გარე და შინაომები და სამეფო დაკნინების გზას დაადგა.
სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებული ბრძოლა: 1709 წელს მაღლაკში მოხდა შეტაკება მეფე გიორგისა და დადიანს შორის. ეს ბრძოლა იმერთა მეფემ „მოიგო“.
იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I-ის მეფობაში (1752- 1784 წწ.). სოლომონ I ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას, ხოლო ქვეყნის შიგნით — ფეოდალურ რეაქციას.
….1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო და იქ თავისი მმართველობა დაამყარა.
ამ პერიოდის შემოწირულობათა წიგნები (სიგელები) , როგორც უკვე ავღნიშნეთ, წარმოადგენს ერთგვარ საინფორმაციო წყაროებს მოსახლეობის სამართლებრივი- ეკონომიკური ვალდებულებების და შესაძლებლობების შესახებ. კვლავ ხდება ფიქსირება, რომ მმართველთა ერთგულებას აღიარებს „მაღლაკის ტაძრის აგარაკი და ზედ მოსახლე გლეხნი, ვითარც ეს განცხადებული იყო ძველ მატიანეში… ფარცხანაყანევს მიცვალების (ფერიცვალების – ?) ტაძრის მამული და მოსახლე გლეხნი, ვითარცა განკარგული იყო ძველ გუჯარში…“
XVII-XVIII საუკუნეების გუჯარ-სიგელებში ვხედავთ (ვკითხულობთ) მაღლაკის რამდენიმე ძირ-ძველ გვარსაც: ივანჯანიშვილი! ერთ სიგელში ივანჯანიშვილთა 6 ოჯახია დასახელებული ოჯახის უფროსების მითითებით (მიქელა, დანიელი, ნანუა, მახარბელა, დავითი, სიხარულა)- რომელთაც საკმაოდ დიდი შემოწირულობა (გადასახადი) ეკისრებათ და რაც ამ (და სხვა ბევრჯერ ნახსენებ გვართა) ოჯახების შედარებით მეტ შესაძლებლობებზე მიუთითებს. ჩემი აზრით, ამ გვარმა მოგვიანებით ტრანსფორმაცია განიცადა სახელდებით და გახდა „მარჯანიშვილი“. მარჯანიშვილები მაღლაკის ერთ-ერთ ტრადიციულ გვარად უნდა ჩაითვალოს…აქვე ჩამოვთვლით ამ სიგელებში დაფიქსირებულ სხვა ძირძველ გვარებს: ჟორჟოლიანი (სახელებით: მიქელა, ნასყიდა, გამეზარდა, თვალობა, გიორგა, სიხარულა, ნიკოლოზი, გოგიჩა, ვაჟა…) - უკვე ჩანს, რომ ჟორჟოლიანები ყველაზე მრავალრიცხოვან გვარად ჩამოყალიბდა მაღლაკში; კვერნაძე (ორი კომლია ნახსენები), ხაზარაძე(სახუა, სულმამა, სიხარულა, ნასყიდა, ქვათირა…), შალამბერიძე (ივანა, საყვარელა, გიორგა, ახალბედა, ნასყიდა…)…
ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი გვარების გარდა მაღლაკში ამ პერიოდში სხვა გვარებიც ცხოვრობდნენ. ჩვენ ახლა ისტორიულ წყაროებს მივყვებით- ამ წყაროების მიხედვით ამ ეტაპზე სხვა გვარები არ ჩანან , როგორც-გადასახადის გადამხდელნი.
ზემოთ ნახსენები ბრძოლის გარდა მაღლაკის მახლობლად ან მაღლაკში სხვა შეტაკებებიც მომხდარა. ცნობილია, მაგალითად გიორგი მე-6-სა და მალაქია აბაშიძეს შორის მომხდარი შეტაკება, რომელიც სწორედ მაღლაკისა და ფარცხანაყანევის ტერიტორიაზე მოხდა მე-18 საუკუნის დასაწყისში…
მაღლაკის მოსახლეობის ზრდა (ისევე, როგორც – მთლიანად საქართველოს მოსახლეობის) მაინც უკავშირდება მე-19 საუკუნის დასაწყისს, როცა სამწუხაროდ საქართველოს სამეფო-სამთავროებმა ის დამოუკიდებლობაც დაკარგეს, რაც ჯერ კიდევ გააჩნდათ …
5. მაღლაკი ილიასეულ “ივერიაში”
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაზეთი “ივერია” მაშინდელი საქართველოს მთავარი საინფორმაციო (არა მარტო) ორგანო იყო. ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით გამომავალი გაზეთი პრაქტიკულად და იდეურად მაშინდელი საქართველოს სახეს წარმოადგენდა.
1903 წლის 30 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა მოზრდილი რეპორტაჟი-წერილი სოფელ მაღლაკის შესახებ, რომელიც გვაძლევს ძალიან კარგ სურათს მე-19 საუკუნის მაღლაკის ყოფის და სტატუსის შესახებ. გთავაზობთ ამ წერილის ზუსტ შინაარსს ყოველგვარი დამატების ან შემოკლების გარეშე:
“მთელს ქვემო იმერეთში მაღლაკი ერთ-ერთი საუკეთესო სოფელთაგანია. სოფლის მშვენიერ მდგომარეობას ხელს უწყობს ქუთაისიდგან ხონში მიმავალი გზატკეცილი. ეს გზა, რომელზედაც მთელი დღე შეუწყვეტელი მოძრაობაა, სოფელს შუა სჭრის და ამით დიდ სილამაზესა და სიცოცხლეს აძლევს. მაღლაკს პატარა ბაზარიც აქვს, სადაც ათიოდე დუქანი არის გაშენებული. იქვე კარვებში ქუთაისიდან ჩამოსული ებრაელები ხუთშაბათობით იარმუკასაც (იარმარკა, ბაზრობა- ჯ.კ) მართავენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი აქაური ნიადაგი არის, რის გამო ადგილობრივი მკვიდრნი დიდად მისდევენ სასოფლო მეურნეობას. სთესენ: სიმინდს, პურს, ბამბას. განსაკუთრებით ყურადღებას აქცევენ მებაღეობას და მებოსტნეობას. აქაური ხილი, ნამეტური ნესვი, საზამთრო და სხვა, თავისი ღირსებით განთქმულია მთელს იმერეთში. თუმცა აქაურობას კულტურული მეურნეობის ნიშანიც არ ეტყობა, მაგრამ მდიდარი ბუნება უხვად იძლევა მოსავალს. რაც შეეხება სხვადასხვა დარგს მრეწველობისას, აქ თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მეაბრეშუმეობას.
იშვიათად მოიპოვება ოჯახი, განურჩევლად წოდებისა, 1-2 კოლოფ ჭიის თესლს არ იძენდეს. ყველა ზემორე აღნიშნულ ღირსება-უპირატესობას ბაზრის სიახლოვეც რომ დავუმატოთ (ქუთაისი 8 ვერსზეა, ხონი-15 ვერსზე) და ამასთანავე მშვენიერი გზები, საფიქრებელია, რომ ამ სოფლის ხალხი შეძლებული უნდა იყოს და მასთან, ცოტად თუ ბევრად, შესმენილ-განვითარებულიც. რაც შეეხება პირველს: აქაური სოფლელები სხვა მეზობელ სოფლებთან შედარებით ქონებრივად წინ დგანან, ხოლო სწავლა განათლებაზედ კი მწყრალად არიან. ამის დასამტკიცებლად რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ, საკმარისია, მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია, აქ არავითარი კულტურული დაწესებულება, როგორც სკოლები, ბანკი, აფთიაქი თუ სხვა-არ არსებობდა. მხოლოდ ერთი პატარა სამრევლო სკოლა არსებობდა ოქონის ეკლესიასთან, რომელიც ერთს სამრევლოს მეათედ ნაწილსაც ძლივს აკმაყოფილებდა. წელს (ე.ი.1903 წელს – ჯ.კ.) მაღლაკმა ორი სამინისტრო სკოლა დაარსა. სკოლის სახლი ერთმა კერძო კაცმა ბატონმა ტყეშელაშვილმა ააშენა თავისი ხარჯით, მასწავლებლების ჯამაგირი კი ხაზინამ შეაწია.
მიზეზი რომ იკითხოთ სოფლის ამგვარ დაქვეითებისა, გეტყვიან: “მეთაური არ გვყავსო”. ასე იყო თუ ისე, დღეს მაღლაკს ორი სასწავლებელი მოეპოვება და მათი წყალობით ორი დიდი გულშემატკივარი ინტელიგენტი-მასწავლებელი! დასასრულ, ვისურვებთ, ახლად დაწყებული საქმე სწავლა-განათლებისა სოფელ მაღლაკში ბედნიერად მიმდინარეობდეს და მისი დახმარებით სოფელი წარმატების გზას დასდგომოდეს.”
P.S.
გაზეთ “ივერიის” ცოტა კრიტიკული, მაგრამ კეთილისმსურველი პოზიცია, სოფელში მეტი საგანმანათლებლო კერების დაარსებისა- დაკავშირებულია მაღლაკის ერთგვარად განსხვავებულ სტატუსთან მეზობელ (და არა -მარტო) სოფლებთან შედარებით:
1. ქუთაისი -ხონის გზაზე მდებარეობა ზრდიდა ამ სოფლის მნიშვნელობას რეგიონისთვის. ამიტომაც აქ სოფლის ცენტრში რამდენიმე სავაჭრო დუქანი იყო განლაგებული, სადაც ტრადიციული ბაზრობა ჰქონდათ ამ მიმართულებით განთქმულ ებრაელებსაც. მოგვიანებით ამ ადგილს “დუქნები” დაერქვა.
2. მაღლაკის ნიადაგი მაშინაც (და-მერეც) გამოირჩეოდა ნოყიერებით, რაც ინტენსიური მეურნეობების დანერგვამდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გლეხობისთვის. ამიტომაც მაღლაკის მოსახლეობა შედარებით შემოსავლიანები იყვნენ.
3. სწორედ ეს ორი წამყვანი მიზეზი ხდება “ივერიის” პოზიციისთვის- მაღლაკს შეეძლო უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა სწავლა-განათლების მიმართულებით!
მთელი მეცხრამეტე საუკუნე მაღლაკში სწავლა-განათლების სათავეებთან იდგნენ ნიჟარაძეების საგვარეულოს წარმომადგენლები… ასევე განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მაღლაკში მდებარე რამდენიმე ტაძრის მღვდელთა ამაგი მრევლის განათლების საქმეში. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს (ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ მათი ამაგი და მადლი):
– იესე ტყეშელაშვილი (1800-1840 წლებში იყო მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი).
–გიორგი ჭყონია (1805 წლიდან- იგივე ტაძრის მოძღვარი).
–ეგნატე კოსტავა (1810-1841 წლებში -ოქონის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია)
–ბესარიონ ტყეშელაშვილი (1812-1863 წლებში მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი)
–ანდრია იოანეს ძე ხაზარაძე (1814-1853 წლებში-ოქონის ეკლესიის მღვდელი)
–ლაზარე ჟორჟოლიანი (1818-1854 წლებში-ოქონი)
–სვიმონ ლაზარეს ძე ჟორჟოლიანი (1856-1886 წლებში -ოქონის ეკლესია).
–იასონ სვიმონის ძე ჟორჟოლიანი (1895-1917 წლებში-მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია)
–ლაზარე სიმონის ძე ჟორჟოლიანი (1906-1917 წლებში ღვთისმშობლის შობის ეკლესია).
– მათე იესეს ძე გოგისვანიძე (1818-1864 წლებში მაღლაკის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი-მიწაწითელში!)
–ეგნატე გიორგის ძე ტყეშელაშვილი (1844-1888 წლებში- მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია).
–ტარასი ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი (1888-1912 წლებში-მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია- ფოტო იხ. ქვემოთ)
–სვიმონ იაკობის ძე ათაბაგი (1853-1888 წლებში- მაცხოვრის ამაღლების ეკლესია)
–ისიდორე სიმონის ძე ჟორჟოლიანი (1886-1917 წლებში ოქონის ეკლესიის მღვდელი).
– სპირიდონ ბესარიონის ძე კოხრეიძე (1891-1896 წლებში მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი).
–ივლიანე იოსების ძე წერეთელი (1896-1906 წლებში-მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი-იხილეთ ფოტო ქვემოთ)
—————————————–
ტარასი ჩეჩელაშვილი
6. ნიჟარაძეთა სათავადო იმერეთის სამეფოში
მაღლაკის ისტორია უშუალოდაა დაკავშირებული ნიჟარაძეთა საგვარეულოსთან: წინა ნარკვევებში განხილულ ისტორიულ წყაროებში უკვე მე-15 საუკუნიდან სწორედ ნიჟარაძეები ითვლებიან მაღლაკის ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეულის მლობელებად, მათ უკავშირდება თითქმის ყველა სიგელ-გუჯარი.
ნიჟარაძეთა გვარს ვახუშტი ბაგრატიონი XV საუკუნის შემდეგდროინდელ იმერეთის უწარჩინებულეს გვართა შორის ასახელებს. ყველაზე გავრცელებული გადმოცემით 3 ძმა ნიჟარაძე პირველადი სამშობლო სვანეთიდან ძველ დროში გადმოსახლებულა, ერთი ქუთაისის გორაზე დასახლებულა, მეორე აჭარაში წასულა და მესამე – აფხაზეთში.
მეფე ბაგრატ მესამემ წარმატებით შესრულებული დიპლომატიური მისიისთვის ნიჟარაძეს დიდძალი მამული უბოძაა ქუთაისიდან გუბისწყლამდე. სწორედ ეს ტერიტორია წარმოადგენდა მაღლაკის სამფლობელოს!
დოკუმენტურ წყაროებში ნიჟარაძეთა პირველი წარმომადგენელი იხსენიება 1510-იან წლებში, რომელშიც იმერეთის მეფე ბაგრატ III ამბობს: „ნიჟარაძე დემეტრე უშვილოდ გადახდა და ესე მეზუთხენი (ე.ი. ზუთხის გადამხდელი გლეხები) მისეულნი დაგვრჩა და ჩვენ ჩვენი სულისათვის გაენათს შევწირეთ მათითა ბეგარითა“.
XVI საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეთა საგვარეულო მრავალი ყმა-მამულის პატრონია მაღლაკში…
ნიჟარაძეთა სათავადოს ჩამოყალიბება XVI ს-ის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო, როდესაც ბაგრატ მეფის 1545 წლის სიგელში ნიჟარაძისეულ ყმა-მამულზეა საუბარი.
ნიჟარაძეთა სათავადოში შედიოდა სოფლები: ზედა მაღლაკი (ნაწილობრივ, რადგან ნაწილი ეკლესიას ეკუთვნოდა), ქვედა მაღლაკი (იგივე ოქონი. ეს სახელი აქაური ეკლესიის მიხედვით აქვს), საყულია (ნაწილობრივ, ნაწილი ჩიჯავაძეებს ჰქონდათ), ოფშკვითი (ნაწილობრივ, ნაწილი აგიაშვილებს ჰქონდათ), ჭვიში (ნაწილობრივ, ნაწილი ლორთქიფანიძეებს ჰქონდათ), ნამაშევი, მიწაწითელი (ნაწილობრივ, ნაწილი ეკლესიის იყო), თერნალის ნახევარი მდინარე ოლოს გამოღმა ნაწილი.
ნიჟარაძეთა სათავადოს აღმოსავლეთით ბარბალწმინდა საზღვრავდა, რომელიც მას ქუთაისისგან მიჯნავდა, დასავლეთით- გუბისწყალი, სამხრეთით – ფარცხანაყანევი, ჩრდილოეთით – მდინარე ოლო. ეს მდინარე ჰყოფდა სათავადოს აზნაურ იოსელიანების სამფლობელო წყალტუბოსა და გვიშტიბისაგან.
გარდა აღნიშნულისა ნიჟარაძეები ყმა-მამულებს ფლობდნენ: ბაშს, უკანეთს, ფარცხანაყანევს, გუბს, ჯიხაიშს, ქვიტირსა და ჭიშურას.
ნიჟარაძეთა რეზიდენცია ზედა მაღლაკს მდებარეობდა. აქ იყო მათი სასახლე, კარის ეკლესია და ციხე სიმაგრე (მდ. ოღასკურას ნაპირთან, ფერდობზე). აქვე ჰქონდა მათ მკვიდრი საგვარეულო სასაფლაო ეკლესიაც, წმინდა გიორგის სახელზე აგებული.
იმერეთის მეფე სოლომონ II-ემ და მისმა თანამეცხედრემ დადიანის ასულმა მარიამმა ნიჟარაძეებს ერთგული სამსახურისათვის გუბის ტევრი და სხვა მიმდებარე დიდძალი მიწა-წყალი უწყალობა.
XVIII ს-ის 80-იან წლებში ნიჟარაძეთა გვარი კიდევ უფრო გაძლიერებულა. მისი სათავადოს ყმა-გლეხთა საერთო რიცხვი 600 კომლს აღემატებოდა. მომდევნო საუკუნის დამდეგს მხოლოდ ერთი თავადი მერაბ ნიჟარაძე 47 კომლ ყმა-გლეხსა და 6 კომლ აზნაურს ფლობდა.
ნიჟარაძეთა ყმა-გლეხები იყვნენ შემდეგი გვარები: ინანეიშვილი, ბანძელაძე, დეისაძე, ჭოლაძე, სვანიძე, ნეფსიწვერიძე, კეპულაძე, ჯოხაძე, კვერნაძე, გვანცელაძე, ნიქაბაძე, გუბელაძე, გამგონეიშვილი, ჯავახაძე, ესაძე, ლიონიძე, ტყეშელაშვილი, ლეჟავა, ჩეჩელაშვილი, ბიბილეიშვილი, კობეშავიძე, ვაშაძე, ბრეგვაძე, არაშიძე, რუხვაძე, რობაქიძე, კუჭაიძე, ლექვინაძე, დოლაბერიძე, გოგისვანა და სხვა.
ნიჟარაძეთა აზნაურები იყვნენ შემდეგი გვარები: დიდიძე, ალერწიანი, თათეიშვილი, ათაბეგი, ნიჟარაძე, ჭყონია და სხვ.
ნიჟარაძეების ყმათა ძირითად ნაწილს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა.
XVII საუკუნის შუა წლებისათვის ნიჟარაძეები დამსახურებული თავადები ჩანან. იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის მიერ 1651 წ. რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ ფიცის წიგნს სხვა დიდ თავადებთან ერთად ხელს აწერენ გიორგი I და ბაადურ (იგი ბაგრატ უსინათლოს 1666 წ. წყალობის სიგელშიც იხსენიება) ნიჟარაძეები. მათი შთამომავლები იხსენიებიან 1690–იანი წლების საბუთებში: გიორგი II, ბასილი, პეპუნა და მამუკა.
1734 წელს კაცია I ნიჟარაძეს იმერეთის მეფე ალექსანდრე V გლეხებსა და ყმა-მამულს სჩუქნის.
სოლომონ I-ის დროს დაწინაურებული ჩანს მერაბ ნიჟარაძე. იგი 1776 წ. გაგზავნეს თბილისში მეფის ძე ალექსანდრესათვის გიორგი ერეკლეს ძე ბატონიშვილის (ზაქიჭამია) ასულის დასანიშნავად.
დიდ წარმატებებს აღწევდნენ ნიჟარაძეები სოლომონ მეორის მეფობაშიც. 1791 წ. აბესალომ ნიჟარაძეს მარიამ იმერთა დედოფლის მოლარეთუხუცესობა უჭირავს. 1795 წ. კაცია II ნიჟარაძე საბაზთუხუცესია და მასვე აბარია სამკურნალო საქმე სამეფო კარზე. 1803 წ. მას მოურაობაც აქვს და სამოურავო რეზიდენცია ფარცხანაყანებშია, თუმცა ძირითად დროს მშობლიურ მაღლაკში ატარებდა. კაცია II დოკუმენტებში ხშირად მოიხსენიება 1793-1817 წლებში. მისი შვილები არიან: პაატა, რევაზი და ნიკო.
კაცია მეორის ძმა, როსტომ ნიჟარაძეს 1801 წ. ქილიფთარუხუცესობა უჭირავს. ხოლო მომდევნო წელს იგი მოურავადაც მოიხსენიება. როსტომ ნიჟარაძე იყო აგრეთვე 1800-1803 წლებში ქუთაისში გამართული იმერეთის პირველი სტამბის მზრუნველ-ზედამხედველი, ვიდრე ამ საქმეს მეფე მის მტერ ზურაბ წერეთელს მიანდობდა.
როსტომი ბოლომდე სოლომონ II-ის ერთგული დარჩა. იგი მათ გვერდით იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. 1810 წ. მარტში რუსეთის იმპერიის გენერალ ტორმასოვთან შესახვედრად მიმავალ მეფეს როსტომი თან ახლდა. ხოლო სამეფოს გაუქმების შემდეგ თურქეთში როსტომი ბოლომდე სოლომონ II-ის ერთგული დარჩა. იგი მათ გვერდით იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოხატავდა. 1811 წელს მეფის დავალებით როსტომი დაუკავშირდა პორტაში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელს უტრეს და ჩააბარა მას სოლომონ II-ის წერილი ნაპოლეონისათვის გადასაცემად, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნილი იმერეთის მეფე იმპერატორს დახმარებას სთხოვდა. იმპერიასთან ბრძოლას და სოლომონ II-ის სამსახურს შეალია როსტომმა სიცოცხლე. იგი ტრაპიზონში დაავადდა და იქვე გარდაიცვალა.
ნიჟარაძეები აქტიურად მოღვაწეობდნენ აგრეთვე ერთგულ ფიცისკაცთა შორის, რომელთაც დიდი გავლენაჰ ქონდათ თვით მეფეზე და ამდენად დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის ცხოვრებაში.
XVIII ს-სა და XIX ს-ში მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენენ აგრეთვე ბუჭუა, გიგი, პაატა, ვახტანგი, ოტია I ვახტანგის ძე, ზურაბ (ზემოთხსენებული კონსტანტინეს მამა), ლევან II (ბეჟანის ძე), სპირიდონ (ზურაბის ძმა), ქაქუჩა, დიმიტრი (ლევანის II-ის ძე), გიორგი IV, მალაქია, თეიმურაზ, ტოტია ნიჟარაძეები…
ნიჟარაძეთა ერთგულება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი (მეფის ხელისუფლება, წესრიგი, დამოუკიდებლობა…) განსაზღვრავდა მათი საგვარეულოს და ამ საგვარეულოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორიული ერთეულების ძლიერებასაც. მაღლაკი ამ მხრივ სერიოზულ ყურადღებას იპყრობს: იშვიათი იყო სოფელი, სადაც 6 მოქმედი მართლმადიდებლური სალოცავი იყო, ფუნქციონირებდა რამდენიმე სამრევლო სკოლა…
იმერეთის სამეფოს გაუქმებასთან ერთად ნიჟარაძეთა სათავადო, როგორც ადმინისტრაციული ერთეული გაუქმდა, თუმცა მამულები შეინარჩუნეს და გვარიც აღიარა რუსეთის საიმპერატორო კარმა.
1815 წლისთვის ნიჟარაძეთა თავადური გვარი უკვე გაყრილია და ამ გვარის წევრები ცალ-ცალკე ფლობენ თავიანთ მიწა-წყალს.
ნიჟარაძეები უკვე რუსეთის იმპერიის სამსახურში აღმოჩნდნენ, სადაც ფარულად კვლავაც მეურვეობდნენ ნაციონალური თვითმყოფადობის იდეას. მათ ეკავათ საიმპერატორო კარის უმაღლესი სამხედრო თანამდებობები. რუსეთის იმპერიის დასასრულს ცნობილია გენერალ მაიორი დავით ოტიას ძე ნიჟარაძე, რომლის მოღვაწეობას უკავშირდება მრავალი სიქველე თავის ერის შვილთა გადარჩენისა, იგი იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის თანამდებობაზე, რომლის დროსაც იმპერიისგან ინსპირირებული მრავალი ეროვნული გენოციდი მოგერიებული იქნა მისი დიპლომატიური მისიით რუსეთის საიმპერატორო კარზე.
P.S. ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ცალკეულ მაღლაკელ ღვაწლმოსილ ადამიანებს, მათ შორის- ნიჟარაძეების საგვარეულოს წარმომადგენლებს. ბევრი მათგანი თვალსაჩინო როლს ასრულებდა საზოგადობრივ ცხოვრებაში მეოცე საუკუნეშიც და მნიშვნელოვანი პოზიციებიდან ემსახურებიან სოფელს, ქვეყანას -დღესაც. ფაქტია: ამ გვარის დამსახურება ჩვენი სოფლის საკეთილდღეოდ დაფასების და აღნიშვნის ღირსია!
7. მაღლაკის სოციალურ-ეკონომიკური სურათი (მე-19 საუკუნე-მე-20 საუკუნის დასაწყისი).
მე-19 საუკუნეში (განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში) სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები სწრაფი ტემპით განვითარდა. ქუთაისი- ხონის ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე მაღლაკისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. სოფლის ცენტრში მდებარე სავაჭრო დუქნები და ზედა მაღლაკში განლაგებული რამდენიმე იარმარკა ფაქტიურად წარმოადგენდა არა მარტო მაღლაკელი, არამედ- მეზობელი სოფლების მცხოვრებთა სავაჭრო ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებასაც.
სწორედ ამ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებამ დააჩქარა მთელს რუსეთის იმპერიაში ბატონ-ყმობის გადაგდება. ყირიმის ომში (1853-1856 წ.წ.) რუსეთის დამარცხებამ კრიზისი გაამწვავა. სათავადოებს დაქვემდებარებული საკომლო ურთიერთობები მოძველებული აღმოჩნდა იმდროინდელ რეალობებთან. რუსეთის წიაღში მყოფი ქართული საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული ხდებოდა ევროპაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების შესახებ, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო თუნდა მე-18 საუკუნეში.
იმპერიის ხელმძღვანელობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მებატონეების და თავადების საშუალებით მმართველობა დროულად უნდა შეცვლილიყო ისე, რომ შეენარჩუნებიათ ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტები.
მაღლაკი მიეკუთვნებოდა ქუთაისის მაზრას. საკუთრივ ქუთაისის მაზრა კი შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში. მაზრის გეოგრაფიულ არეალში შედიოდა დღევანდელი წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის რაიონები. ქვემო იმერეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობის შესახებ მიანიშნებდა 1863 წელს თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ქუთაისის სამოქალაქო გუბერნატორი ლევაშოვი: იგი წერს, რომ ქვემო იმერეთს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სავაჭრო-სატრანზიტო გზების გადაკვეთის მიმართულებით, რომ გარდა ტრანზიტისა- მაღლაკის, ფარცხანაყანევის და მდინარეების პირას მყოფი სხვა სოფლების ნიადაგები ბუნებისგან დაჯილდოებულია ნოყიერებით!
1846 წელს მთელი ამიერკავკასია 4 გუბერნიად დაიყო: თბილისი, ქუთაისი, შემახია და დერბენტი. ქუთაისის გუბერნიაში საკუთრივ ქუთაისის მაზრის გარდა შედიოდა: შორაპნის, რაჭის, ოზურგეთის და ახალციხის მაზრები. მაზრა , თავის მხრივ, იყოფოდა სასოფლო-სათემო სამმართველოებად. 1865 წლის 11 აპრილის კანონის საფუძველზე მაზრებში შეიქნა სასოფლო საზოგადოებები-რამდენიმე პატარა სოფელი გააერთიანეს ერთ დიდ ადმინისტრაციულ- სამეურნეო ერთეულად- სასოფლო საზოგადოებად! სოფლის მმართველობის ორგანოს წარმოადგენდა ყრილობა, რომელიც ირჩევდა საზოგადოების მამასახლისს. მამასახლისს ჰყავდა თანაშემწეები (ნაცვალები) და გზირები, რომლებიც ძირითადად გადასახადების აკრეფით იყვნენ დაკავებულნი. ქუთაისის მაზრაში ითვლებოდა 37 სასოფლო საზოგადოება!
ქუთაისის მაზრაში შედიოდა 5 საბოქაულო (საპოლიციო- ჯ.კ) უბანი: ბაღდათის, ქუთაისის, სამტრედიის, ხონის და ტყიბულის. (მაღლაკი ეკუთვნოდა ქუთაისის საბოქაულოს).
ორად ორი სოფელი, რომელიც სხვა სოფლების დამატების გარეშე ქმნიდა ადმინისტრაციულ მმართველობას- სასოფლო საზოგადოებას, იყო- მაღლაკი და ფარცხანაყანევი. შედარებისთვის: ქვიტირის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა: ბანოჯა, ვაკისუბანი, ქვიტირი, მესხეთი და მუხიანი! ოფურჩხეთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა: გუმათი, ჯიმასტარო, ჟონეთი, ნამოხვანი, ოფურჩხეთი და ოსუპელა…. მაღლაკის სასოფლო საზოგადოება კი ერთი და იგივე სოფლის ორ ერთეულად იკრიბებოდა (სოფლის სიდიდის გამო): ზედა მაღლაკი და ქვედა მაღლაკი!
………..
1861 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მე-2-მ ხელი მოაწერა დებულებას რუსეთში ბატონყმობის გაუქმების შესახებ. გასატარებელი რეფორმების მიხედვით გლეხებმა მიიღეს პირადი თავისუფლება, ხოლო მიწა მებატონეების საკუთრებად გამოცხადდა. ეს პროცესი, ცხადია, უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა ვერც ერთ რეგიონში. ქართველ თავად-აზნაურობას ჰქონდა იმედი, რომ გლეხებთან მათი ტრადიციულად კარგი, „პატრონ-მოყვრული“, ხშირად „მამა-შვილური“ ურთიერთობები უზრუნველჰყოფდა რეფორმის შედარებით კომფორტულად ჩატარებას. მაღლაკში ეს ძირითადად ასეც მოხდა. თუმცა წყაროებმა შემოგვინახეს ყმა თევდორე გეგუჩაძესა და აზნაურ თადეოზ ნიჟარაძეს შორის დაპირისპირების ფაქტიც: „უწესოთ იწყეს წართმევა ჩვენი სახნავ-სათესი მამულისა და სახარდნესი…გაგვიყიდეს ორი ქცევა ძველი ეზო, სახარდნე ტყე და მისყიდეს ეს აზნაურს სისონა ნიჟარაზეს“- ჩიოდა გეგუჩაძე…
მნიშვნელოვანია, ავღნიშნოთ, რომ ბატონყმობის გაუქმებას თან დაერთო მთელს რუსეთის იმპერიაში და საქართველოშიც სოციალ-დემოკრატიული და მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელება, რომელიც თავის მხრივ უფრო ამწვავებდა ურთიერთობას თავადებსა და ყმა-გლეხებს შორის….ამ იდეოლოგიის მსხვერპლი თვით დიდი ილია ჭავჭავაძეც გახდა, რომელსაც სოციალ-დემოკრატებმა „გლეხთა მჩაგვრელის“ იარლიყი მიაწებეს…
ჩვენი აზრით, მაღლაკში რეფორმის შედარებით მშვიდობიანი ჩატარება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა:
1. ეს სოფელი მდებარეობდა ქუთაისი- ხონის დამაკავშირებელ საგზაო მაგისტრალზე და ქუთაისთან უშუალოდ ძალიან ახლოს, რაც ხელს უწყობდა აქ სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების შედარებით უკეთ განვითარებას, კომუნიკაციას გარესამყაროსთან. მაგალითად, მაღლაკელი გლეხების ნაწილი ჯერ კიდევ ბატონყმობის გაუქმებამდე მისდევდა თუთის ხეების გაშენებას, მათი საშუალებით აბრეშუმის პარკების დამზადებას (აბრეშუმის პარკი არის წვრილი ბოჭკოს ნახვევი, რომელსაც აბრეშუმის ჭია იკეთებს გარშემო ჭუპრად გადაქცევამდე. პარკს ჭია ახვევს აბრეშუმის ძაფისგან…). ხონი იმ დროს გადაიქცა აბრეშუმის პარკების მიმღებ ცენტრად, სადაც რამდენიმე მცირე საამქროც კი არსებობდა მათ გადასამუშავებლად. ეს საქმე არ მოითხოვდა ნებართვებს თავადებისგან.
2. გლეხთა ფენის ნაწილი დასაქმებული იყო ახლოს მდებარე ქუთაისში სხვადასხვა მცირე საწარმოში და მათთვის მიწების დაკანონების საკითხი პირველხარისხოვანი აღარ იყო.
3. ნიჟარაძეების სათავადო გლეხებთან მრავალსაუკუნოვანი (მინიმუმ 300 წელი) ურთიერთობების ემბირიულ გამოცდილებას ფლობდა. მათ სახელს მაღლაკის ისტორიაში ბევრი დადებითი ფაქტი უკავშირდებოდა.სწორედ იმ პერიოდში დავით კონსტანტინეს ძე ნიჟარაძემ ააშენა საკუთარი ხარჯებით ზედა მაღლაკის ცნობილი ეკლესია…ნიჟარაძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში, რომელთა ეგიდით („ლიცენზიით“-ჯ.კ.) მაღლაკში რამდენიმე სამრევლო და სახაზინო სასწავლებელი გაიხსნა.
4. მაღლაკში წარმატებით დაინერგა გრძელვადიანი იჯარის თავისებური ფორმა- სანაშენო, რომელმაც საბჭოთა ხელისუფლებამდე იარსება. ძირითადი შინაარსი ამ იჯარისა ასეთი იყო: თავადი თითქმის უვადო იჯარით აძლევდა გლეხს მიწას-შემოღობვით, იქ ნებისმიერი ხეხილის, ვაზის თუ ბოსტნეულის გაშენების პირობით. გლეხს თავად უნდა განესაზღვრა პრიორიტეტები. უმეტესწილად გლეხი მაინც უფრო ინფორმირებულ მესაკუთრეს ეკითხებოდა რჩევას. მენაშენე (ანუ-გლეხი) მოსავლის აღებამდე არაფერს უხდიდა მფლობელს. მაგალითად ვაზის გაშენების შემთხვევაში ეს მენაშენეობა 5-6 წელიც კი გრძელდებოდა! მხოლოდ მოსავლის აღების დროს მოქმედებდა წინასწარ დაპირების (შეთანხმების) პირობა- მოსავლის მხოლოდ 1/6 მიჰქონდა მიწის მესაკუთრეს! იშვიათად ეს პროცენტი 1/3-მდე გაზრდილიყო. ამ სამართლიანმა პირობებმაც დადებითად იმუშავა ჩვენს სოფელზე…
მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში მაღლაკში წამყვან სასოფლო-სამეურნეო დარგად მესიმინდეობა ითვლებოდა. ქუთაისის მაზრაში მთლიანად სიმინდი იმდენად იყო გავრცელებული, რომ აქედან თურქეთშიც გაჰქონდათ. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო „ცხენის კბილას“ ჯიშზე. დასავლეთ საქართველოში, და მათ შორის-მაღლაკში, მოწეულ სიმინდზე ევროპელთა მოთხოვნამ პიკს 1877 წელს მიაღწია.
რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ აჭარის (ბათუმის) შემომტკიცებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი სატრანზიტო მაგისტრალების გაჭრის და დაფუძნების საკითხი. წარმოების ახალ, კაპიტალისტურ ურთიერთობებზე გადასვლა, ქუთაისის მაზრის გეოგრაფიული მდებარეობა და ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობები ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა მეურნეობის შემდგომი აღმასვლისათვის. დღის წესრიგში დადგა ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის საკითხი. ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობის დაწყების ინიციატივა ეკუთვნის იმპერატორის სამოქალაქო მრჩეველს ზგურსკის და სამხედრო ინჟინერს ჩერევინს. მათი პროქტით რკინიგზას უნდა გაევლო შემდეგ ქალაქებზე: ფოთი, ქუთაისი, გორი, თბილისი. 1858 წელს კი გაჩნდა ახალი პროექტი ინჟინერ ფალკენვაგენის ავტორობით, რომელმაც პრაქტიკულად გვერდი აუარა ქუთაისს და დღევანდელი მაგისტრალის საფუძველი გახდა… ამ საკითხზე მხოლოდ იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ პირველი ვარიანტის რეალიზების შემთხვევაში რკინიგზა (მაგისტრალური) გაივლიდა მაღლაკზე (ან უფრო ახლოს მასთან)…ქართველი მრჩევლების წინადადება იყო, ხონისკენ წასულიყო რკინიგზა და იქედან- ფოთისკენ. რუსმა ავტორებმა ზედმეტ ხარჯს თავი აარიდეს და გაკეთდა ისე, როგორც გაკეთდა: სოფელი სამტრედია ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად და სატრანსპორტო კვანძად გადააქცია… მოგვიანებით რკინიგზის ტოტი მაინც შემოიყვანეს ქუთაისში, იქედან კი- წყალტუბოში და მაღლაკში მაინც გაჩნდა ადგილობრივი მნიშვნელობის სარკინიგზო სადგური…
მაღლაკის, როგორც დამოუკიდებელი სასოფლო საზოგადოების უმაღლეს ორგანოს 1865 წლიდან თითქმის 1921 წლამდე წარმოადგენდა გლეხთა სასოფლო ყრილობა! აღმასრულებელი ხელისუფლება მიენიჭა მაამასახლისს (იგივე-სტარშინას). ამ თვითმმართველობას არ ემორჩილებოდა თავად-აზნაურობა, სასულიერო წოდება, ვაჭრობა…სოფლის ყრილობას, რომელსაც მამასახლისი იწვევდა, უნდა გადაეწყვიტა თანამდებობის პირთა არჩევის საკითხი, მიეღო დადგენილება სოფლიდან მავნე პირთა გასახლების შესახებ, დაენიშნა მზრუნველი პირი ობლად დარჩენილ მცირეწლოვანთათვის, მიეცა ნებართვა ქონების გაყოფაზე, გაენაწილებინა სახაზინო და საერობო კომლობრივი გადასახადი და ა.შ. ფაქტიურად ამ ორგანოებს უნდა შეევსო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც წარმოიშვა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, როცა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ფუნქციები ჩამოერთვა თავად-აზნაურობას.
სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის დაკანონება ერთი შეხედვით პროგრესული მოვლენა იყო. ცხადია, ასეთ რეფორმას გლეხობა ძირითადად მოუმზადებელი შეხვდა. თუმცა დრო აუცილებლად შეასრულებდა დადებით ფაქტორს, რომ არა ის მოვლენები, რომელმაც სულ ცოტა ხანში მთლინად შეცვალა არა თუ მხოლოდ საქართველო, არამედ-მთელი მსოფლიო (მარქსისტულ რევოლუციებს ვგულისხმობთ).
მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში მზარდმა სოციალურმა მოძრაობებმა ადგილობრივი ადმინისტრაცია აიძულა, რაც შეიძლება მეტი ბევრი საიმედო დასაყრდენი გაეჩინა სოფლებში. ასე მოხდა მაღლაკშიც, სადაც 12 შეიარაღებული ხევისთავი (მამასახლისის დამხმარე) აირჩიეს.ესეც ისტორიული წყაროდან ინფორმაცია: სოფელ მაღლაკის 1906 წლის 20 აპრილს შეკრებილმა სასოფლო ყრილობამ, რომელშიც 428 კაცი მონაწილეობდა, ხევისთავებად აიჩია შემდეგი გლეხები:
1. ტარასი გიორგის ძე ჭოლაძე,
2. გერასიმე ივანეს ძე ლექვინაძე,
3. ანტონ დავითის ძე კვერნაძე,
4. იასონ მერაბის ძე დოლაბერიძე,
5. ალექსანდრე დიმიტრის ძე ნიჟარაძე,
6. გრიგორ სიმონის ძე კანკაძე,
7. კონსტანტინე ნიკოლოზის ძე კვერნაძე,
8. არსენა პავლეს ძე ტყეშელაშვილი,
9. ნიკოლოზ გიორგის ძე კვერნაძე,
10. არჩილ სიმონის ძე ათაბაგი,
11. ონისიმე როსტომის ძე ჩეჩელაშვილი,
12. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნიჟარაძე !
მაღლაკზე სრულად აისახა სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მოვლენები, რაც ხდებოდა იმდროინდელ საქართველოში. მეტიც, ამ ერთმა სოფელმა ორი ცნობილი მოღვაწე მისცა მაშინდელ სოციალ-დემოკრატიულ თუ ზოგადად- სოციალისტურ მოძრაობას: მიხეილ ლუარსაბის ძე ფაჩუაშვილი და პავლე მარდალეიშვილი. ორივე მაღლაკის მკვიდრნი იყვნენ. პირველი გახლდათ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და იდგა ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან. მიხეილ ფაჩუაშვილი 1886 წელს დაიბადა სოფელ მაღლაკში და ეროვნული საბჭოს წევრი გახდა საქართველოს სოციალისტ-რეცოლუციონერთა პარტიის (ესერები) ქვოტით (31 წლის ასაკში). დაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, გაიარა სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსები. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1907 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ოზურგეთის, შორაპნისა და ქუთაისის მაზრაში (მშობლიურ სოფელში). 1914 წელს მიიღო უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება. შემდგომში მასწავლებლად მუშაობდა ართვინში, სუფსასა და ლანჩხუთში.
ცარიზმის რღვევის, სოციალურ რეცოლუციათა პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. 1917-18 წლებში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მხრიდან დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. იყო საკანდიდატო სიის მე-10 ნომერი. სხვათაშორის: ესერებს პარტიულ სიაში 5 ქალბატონი ჰყავდათ შეყვანილი. არჩევნებში პარტიამ მხოლოდ 5 მანდატი მიიღო! საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მის შესახებ, სამწუხაროდ, ცნობები არ მოიპოვება.
პავლე მარდალეიშვილი -მისი სახელობის ქუჩა ქუთაისში თითქმის 70 წლის განმავლობაში არსებობდა (პატარა ბაზრის უკან, ნინოშვილის ქუჩის პერპენდიკულარულად). იგი მაღლაკელი იყო. დაბადების თარიღი: 1884, ქუთაისის მაზრა, სოფელი მაღლაკი. გარდაცვალების თარიღი: 1921 (36 წლის ასაკში). 1905 წლიდან მონაწილეობდა ხონის ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. რეაქციის წლებში პარტიულ დავალებებს ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იგი არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული და გადასახლებული. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ შლისელბურგის ციხეში მიუსწრო. 1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1919 წლის 13 სექტემბერს ა. ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელ გენერალ ნ. ბარათოვზე თავდასხმაში, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წლის 14 მაისს გაათავისუფლეს, ივლისში კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც შემდეგ ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. 1920 წლის მარტის დასაწყისში ქუთაისის ციხე ადგილობრივი და თბილისიდან ევაკუირებული ბოლშევიკებით იყო გადაჭედილი, რომლებიც ციხიდან თავის დაღწევას ელოდნენ. მე-11 წითელი არმია წინ მოიწევდა და მისი შეჩერება ქართულმა ჯარმა და გვარდიამ ვერც სურამის უღელტეხილზე შეძლო. ციხეში აღწევდა ხმები, რომ წითელმა არმიამ მამისონის უღელტეხილიც გადმოლახა და რიონის ხეობით ქუთაისისკენ მოიწევდა ბრძოლით. პატიმარი ბოლშევიკები ზეიმობდნენ, რადგან უკვე ყველა ხვდებოდა, რომ მათთვის საძულველი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტდა და ციხიდან გამოსულები კვლავ კომუნისტური პარტიის რიგებს შეავსებდნენ. თუმცა მალე გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დატოვებას ქუთაისში სულაც არ აპირებდა და 7 მარტს პატიმრების ჯგუფების ბათუმში გადაყვანა დაიწყო. ამ დროისთვის ქუთაისის ციხეში 923 ბოლშევიკი იჯდა და პირველ ნაკადად ბათუმის ციხეში 500-მდე პატიმარი გადაგზავნეს. პატიმრებმა არეულობით ისარგებლეს და გაჯიუტდნენ. ისინი მოითხოვდნენ, ბათუმში არ გადაეყვანათ და პროტესტის გამოხატვა დაიწყეს სხვადასხვა ფორმით, რომლის ორგანიზატორიც ბოლშევიკების „პოლიტიკური კომისარი“ პავლე მარდალეიშვილი იყო. ვითარება ჩიხში შევიდა და ადმინისტრაციას ძალის გამოყენება მოუწია. მალე ციხის დერეფნები სახალხო მილიციის და განსაკუთრებული რაზმის თანამშრომლებით აივსო, რომელთაც სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია, თბილისის მილიციის უფროსი ვლდიმერ სულაქველიძე, ქუთაისის მილიციის უფროსი სილიბისტრო მაღნარაძე და ქუთაისის მილიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბერკი ადეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. მილიციელებმა სასტიკად სცემეს ყველა, ვინც ევაკუაციას ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის მეთაურები ვანო სტურუა, მიხა ჩოდრიშვილი, ნესტორ ცერცვაძე, ფიალკოვსკი და სხვები მაუზერის ტარით ნაცემები და თავგატეხილები, საკაცეებით წაიყვანეს ეშელონზე. ქუთაისის დატოვების წინ, 9 მარტის ღამეს ვლადიმერ სულაქველიძის ბრძანებით, პავლე მარდალეიშვილი, საბჭოთა რუსეთის დაზვერვის აგენტი პოლკოვნიკი ნიკოლოზ ივანოვი და სისხლის სამართლის დამნაშავე დავით უკლება საღორიის ტყეში დახვრიტეს და გვამები დაწვეს. ამის გამო ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პროპაგანდა ვლადიმერ სულაქველიძეს განსაკუთრებული სიძულვილით მოიხსენიებდა და მისთვის „ჯალათის“ და „სისხლისმსმელის“ ეპითეტებს არ იშურებდა. 1921 წლის 10 მარტს ყოფილი მენშევიკური მთავრობა ქუთაისიდან ბათუმში გაიქცა… ვიცოდეთ ისტორიის მაგალითები, რომელიც არ უნდა განმეორდეს…
საქართველოს ეროვნული საბჭოს (1918 წ.) წევრები
პავლე მარდალეიშვილი
8. დიდი ისტორიული კატაკლიზმები და მაღლაკი (1917-1940 წ.წ.)
რუსეთის იმპერიის რღვევას წინ უძღოდა პირველი მსოფლიო ომი (1914-1918), სოციალური რევოლუციები (1905-07 წ.წ), მსოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებები…სოციალური მოძღვრებები (ძირითადად-მარქსიზმი, სოციალ-დემოკრატია) მეტ-ნაკლები ინტენსიურობით ვრცელდებოდა საქართველოშიც. მარქსისტები საქართველოში მუდმივად ეძებდნენ სოციალურ დასაყრდენს, რადგან მუშათა კლასი აქ შედარებით მცირერიცხოვანი იყო. მაღლაკი ხშირად ჩანს მაშინდელ გაზეთებში, როგორც არა- სოციალური „აფეთქების“ ადგილი, არამედ -დასახლებული პუნქტი, რომელთანაც მაშინდელ ისტორიას საკმაოდ ინტენსიური კონტაქტი აქვს:
– 1905 წლის 8 ივნისს, ქუთაისში უდროოდ გარდაიცვალა ლენინური მიმართულების კავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის გამოჩენილი მოღვაწე, რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის წევრი, პროფესიონალი რევოლუციონერი და აგიტატორ- პროპაგანდისტი ალექსანდრე (საშა) წულუკიძე. როგორც პრესა გადმოსცემს, მისმა სიკვდილმა „შეძრა მთელი კავკასიის პროლეტარიატი და მშრომელი გლეხობა“, რომელთა წარმომადგენლები კავკასიის ყოველი კუთხიდან ჩამოვიდნენ ქუთაისში წულუკიძის დაკრძალვაზე. დაკრძალვა მოხდა 12 ივნისს ქალაქ ხონში (თითქმის მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ამ ქალაქს კომუნისტებმა დაარქვეს სახელი „წულუკიძე“). სამგლოვიარო პროცესიაში 10 ათასამდე კაცი და ქალი მონაწილეობდა. პროცესია შეჩერდა გზად მაღლაკშიც, სადაც „დახვდნენ გლეხთა ჯგუფები წითელი დროშებით და რევოლუციური სიმღერებით“. პროცესიას წინ მიუძღოდა 3-4 წითელი დროშა და უამრავი გვირგვინი. გზადაგზა წარმოთქმული იყო მრავალი მგზნებარე სიტყვა. სოფ. გუბთან პროცესია შეჩერდა, სადაც სიტყვით გამოვიდა ი. ბ. სტალინი, რომელმაც დაახასიათა ალ. წულუკიძის მრავალფეროვანი და მდიდარი რევოლუციური მოღვაწეობა. შესაძლოა, სტალინმა ჩვენს დუქნებთანაც ჩაიარა პროცესიასთან ერთად…
– 1909 წელს აკაკი წერეთელს დაბადების დღე გადაუხადეს ხონელებმა.ხონისკენ ეტლით მიმავალ აკაკის მიეგებნენ მისი პოეზიით და პიროვნებით აღფრთოვანებული მაღლაკელები. მგოსანმა რამდენიმე წუთი სოფლის ცენტრში მუხის ჩრდილში შეისვენა, სადაც გაესაუბრა კიდეც ადგილობრივ მოსახლეობას…
– წინა ნარკვევში ავღნიშნეთ, რომ სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი პავლე მარდალეიშვილი მაღლაკელი იყო. იგი ქვედა მაღლაკში დაიბადა 1884 წელს. 1921 წლის 10 მარტს ყოფილი მენშევიკური მთავრობა ქუთაისიდან ბათუმში გაიქცა. წასვლისას იგი და მისი მეგობარი ნ. ივანოვი საშინლად აწამეს და ქუთაისის მახლობლად ტყეში დაწვეს.
– მაღლაკელი იყო სოციალისტ-რევოლუციონერი მიხეილ ფაჩუაშვილი.იგი 1886 წელს დაიბადა მაღლაკში… 1918 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მხრიდან დასახელდა ეროვნული საბჭოს (საქართველოს ფაქტობრივად პირველი პარლამენტის) წევრად. იყო ეროვნული საბჭოს განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. იყო საკანდიდატო სიის მე-10 ნომერი. საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ სამწუხაროდ ცნობები აღარ მოიპოვება.
– გიორგი კოსტავა- ეს სახელი და გვარიც მაღლაკს უკავშირდება. იგი სოციალისტ-ფედერალისტი გახლდათ. წყარო გადმოგვცემს: 1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს შოთა აბესაძემ ორგანიზაციის წევრები ილიკო ჩხაიძის სახლში დაიბარა. იქ გამოცხადდნენ: შალვა დოლაქიძე, შოთა აბესაძე, მიშა მიხაილოვი, შალიკო ქელბაქიანი, გიორგი კოსტავა. შოთა აბესაძის თქმით, ქუთაისში როგორც კი ტყვია გავარდებოდა და აჯანყებულები საპყრობილეს და საგანგებო კომისიის შენობას აიღებდნენ, ისინი სადგურს უნდა დასცემოდნენ. მაგრამ ორგანიზაციის წევრები გამთენიისას დაიშალნენ და სახლში წავიდნენ, რადგან აჯანყება დაგეგმილი სცენარით აღარ მიმდინარეობდა. სოციალისტ-ფედერალისტების არქივი და ბეჭედი გიორგი კოსტავასთან ინახებოდა. პარტიული ფსევდონიმები კი იყო: შოთა აბესაძის _ „ქუთაისელი“, გიორგი კოსტავას – „გრიშა“. 1924 წლის აჯანყებამდე ათი დღით ადრე ჭიათურაში მყოფ გიორგი კოსტავას შ. აბესაძის წერილი მიუვიდა, რომლითაც ეს უკანასკნელი სთხოვდა მას ქუთაისში ჩამოსვლას. აქ ჩამოსულ გ. კოსტავას შ. აბესაძემ სათანადო ინსტრუქცია მისცა და გადაკვრით აუწყა, რომ მოსალოდნელი იყო აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. შ. აბესაძის თქმით, როდესაც დაიწყებოდა ტერიტორიების განაწილება თუ ვის რა უნდა აეღო, გარკვეული ტერიტორია მათაც უნდა დაეკავებინათ. შ. აბესაძემ ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტებს სადგურის აღება დაავალა, რომ ამით მათ აჯანყებაში გარკვეული წვლილი შეეტანათ. (სშსსა (II), ფონდი #6, საქმე #24383, ტომი #2, ფურცელი 5-7). სამწუხაროდ, 1924 წლის ამბების შემდეგ გ.კოსტავაზე ინფორმაციები წყდება ისევე, როგორც არაფერი ვიცით მ.ფაჩუაშვილზე 1921 წლის შემდეგ…
იმდროინდელი ჟურნალის “კავკაზსკოე ხოზიაისტვოს” კორესპონდენტი ე. ნაკაშიძე მკითხველებს აუწყებდა, რომ სოფ. კულაშში, ეწერაში, იანეთში, მაღლაკსა და ჯიხაიშში სიმინდის ყანების ნახევარზე მეტი დათესილია მწკრივზე და ნათესების კულტივაციას ცხენის სათოხნით აწარმოებენო. სოფლის მეურნეთა დაკვირვებით მწკრივად სათესი მანქანა და ცხენგასაბმელი კულტივატორი ორჯერ ამცირებდა სიმინდის ყანის დამუშავების ხარჯებს. ჩამოთვლილ სოფლებში მწკრივად სათესი მანქანა ყოფილა სულ – 5-6 ცალი, კულტივატორი კი მეურნეთა ორ მესამედს ჰქონია. კულტივატორებს ამზადებდნენ ადგილობრივი ოსტატებიც (ვლადიმერ ბახტაძე, სიკო ლეჟავა, სოლომონ ხეთერელი და გიორგი კასრაძე). მათ მიერ გაკეთებული კულტივატორები, როგორც აგრონომი ე. ნაკაშიძე იუწყებოდა, ქარხნულს თითქმის არაფრით არ ჩამოუვარდებოდა
მაღლაკი კვლავ გამოირჩეოდა მაზრის სხვა სოფლებიდან მეტი მოსავლიანობით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით….სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება აქ რამდენიმე სკოლის გახსნა:
– 1911 წელს ალექსი ბეჟანის ძე დეისაძემ საკუთარი სახსრებით ააგო ქვედა მაღლაკში სასწავლებელი. ა.ბ.დეისაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი გახლდათ და დოკუმენტებში მას ვხვდებით არა მარტო იმერეთში, არამედ- სამეგრელოშიც (ზუგდიდის მაზრა).
– პირველი სამრევლო სკოლა კი ქვედა მაღლაკში 1896 წელს მღვდელმა ლაზარე ჟორჟოლიანმა დაარსა, რომელიც თანამედროვეების გადმოცემით გამოირჩეოდა საოცარი ნიჭიერებითა და განათლებით. თავდაპირველად სასწავლო პროცესს მამა ლაზარე უძღვებოდა სხვა საეკლესიო პირებთან ერთად, შემდეგ კი მღვდელი ისიდორე ჟორჟოლიანი გაუძღვა ამ პროცესს. მამა ლაზარე 1906-17 წლებში მოღვაწეობდა სოფელ მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში…
– 1901 წელს ზედა მაღლაკში შეძლებულმა ქველმოქმედმა თომა ტყეშელაშვილმა (1828-1926) საკუთარი ხარჯებით გახსნა პირველი 2-წლიანი საერო სასწავლებელი.
– ქვედა მაღლაკში1918 წელს გაიხსნა კიდევ ერთი დაწყებითი სასწავლებელი. სასწავლებლის დაარსებას წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაო. შეიქმნა სასწავლებლის დამაარსებელი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: იონა ჭყონია, ნიკიფორე და აკაკი ნიჟარაძეები, ტარასი ყუბანეიშვილი, ბესო კვერნაძე, პავლე ლექვინაძე, ლაზარე და ივანე ჟორჟოლიანები, ვასო ბიბილეიშვილი. კომიტეტმა მაღლაკელ გლეხკაცობაში შეგროვილი 17500 მანეთი შეიტანა ბანკში სკოლის ანგარიშზე. 1921 წელს სკოლა გადაკეთდა რვაწლიანი ,, შრომის სკოლად’’, დირექტორად დანიშნეს იონა ჭყონია (1892-1971).
———————————————
ადმინისტრაციული დაყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა ასეთი იყო: 1918 წლის 2 აგვისტოს მიღებული კანონით საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილ იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით; ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი, ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი); სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი. 1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი. შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა. გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში – ოლქის კომისარი, მაზრაში – მაზრის კომისარი. გუბერნიის, ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი – სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია. 1918 წლის ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 წელს საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებების აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმნის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მმართველობის სისტემა.
წარმოშობით მაღლაკელი ნოე ნიჟარაძე გახლდათ ჭიათურის მარგანეცის მომპოვებელი სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი და სააქციო საზოგადოების წევრი. მას აქვს საინტერესო ჩანაწერი მაშინდელი სოფლის შეფასებისთვის („ცნობის ფურცელი“): დასავლეთ საქართველოს ბარისათვის დამახასიათებელი იყო საკარმიდამო ტიპის დასახლება: საცხოვრებელი სახლიც, სამეურნეო შენობებიც და თვით მეურნეობაც უპირატესად ცალკე ოჯახთა კუთვნილ ნაკვეთებზე იყო განლაგებული. სახლი მწვანით და ხეხილით დაფარულ ფართო ეზოში იდგა. ამგვარი დასახლება მოგვიანებით აღმოსავლეთ საქართველოს იმ რაიონებშიც დამკვიდრდა, სადაც დასავლეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი გადასახლდა. სახლებს ერთსართულიანსაც აშენებდნენ და ორსართულიანსაც, ზოგჯერ – სართულნახევრიანსაც. ქვედა სართული სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა. საცხოვრებელ სახლს, განსაკუთრებულ დასავლეთ საქართველოში, პირი აღმოსავლეთისაკენ, მზის მხარეს ჰქონდა მიქცეული. სახლები დახურული იყო უფრო ხშირად ყავრით, რომელიც ულურსმნოდ, მხოლოდ რიყის ქვით მაგრდებოდა სახურავზე.
საქართველოს მოსახლეობა 1918-1921 წლებში დაახლოებით 2,5 მილიონ სულს უდრიდა. მოსახლეობის ოთხი მეხუთედი სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად სასოფლო მეურნეობას მისდევდა, დანარჩენი სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობას ეწეოდა. გზები და სახალხო სამიმოსვლო ტრანსპორტიც არ შეცვლილა. სოფლად უპირატესად კვლავ ქართული ურმის მრავალი სახეობა იყო გავრცელებული, ქალაქად – ეტლი.
დამოუკიდებელი საქართველოს ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობის სფერო ის მიმართულება აღმოჩნდა, სადაც საინტერესო და პროდუქტიული რეფორმები ჩატარდა. მაშინდელმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ სწორედ თვითმმართველობა იყო დემოკრატიის საფუძველი. საერობო რეფორმის გატარების მთავარი ინსტრუქტორი სოციალ-დემოკრატი ნიკო ელიავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ევროპული გამოცდილებით ამ სფეროში.
ადგილობრივი მმართველობის პირველი დონის – სამაზრო ერობების ჩამოყალიბების შემდეგ, 1919 წლიდან დაიწყო ადგილობრივი მმართველობის ქვედა დონის – სათემო (სასოფლო) თვითმმართველობების შემოღებაც.
საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველობებს ფართო უფლებები მიენიჭა. თვითმმართველობების კომპეტენციას წარმოადგენდა:
• ადგილობრივი გადასახადების დაწესება და აკრება;
• სახელმწიფო გადასახადების ადგილობრივ დონეზე აკრება;
• ადგილობრივი ქონების მართვა და ახალი ქონების შექმნა;
• მოქალაქეთა დასაქმებაზე ზრუნვა;
• ღარიბთათვის სოციალური დახმარების უზრუნველყოფა;
• ადგილობრივი მნიშვნელობის საწარმოთა გამართვა;
• გზების სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებათა გამართვა;
• ჯანდაცვის პუნქტების გამართვა და მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
• სასკოლო განათლებაზე ზრუნვა, დაწყებითი და სპეციალიზირებული სკოლების შექმნა;
• ვეტერინარული მომსახურების მიწოდება;
• სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და ვაჭრობის განვითარება;
• ადგილობრივ დონეზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა;
• სამხედრო მობილიზაციის ორგანიზება ადგილზე;
• ცენტრალური ხელისუფლების მიერ განკარგულებებით გადაცემული სხვა მოვალეობები.
1918-1920 წლებში აირჩიეს 20 სამაზრო, 26 საქალაქო და 400-ზე მეტი სათემო თვითმმართველობა. აღნიშნულ თვითმმართველობებში აქტიურად მონაწილეობდნენ ცენტრალური საკანონმდებლო ორგანოს წევრებიც, რადგანაც ეს რესპუბლიკის კანონმდებლობით აკრძალული არ იყო.
მაღლაკის თემი წარმოადგენდა თვითმმართველობის პირველ დონეს. წარმომადგენლობითი ორგანოა თემის საბჭო, აღმასრულებელი – გამგეობა: თემის თავი და გამგეობის წევრები (თემში შემავალი: ზედა და ქვედა მაღლაკიდან– თითო წარმომადგენლით). თემის საბჭო აირჩეოდა 2 წლის ვადით, ასევე, პირდაპირი, პროპორციული სისტემით. თემის გამგეობა (თემის თავი და მისი თანაშემწეები) აგრეთვე, პირდაპირი წესით აირჩეოდნენ.
1918-1921 წლებში საქართველოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უამრავი სირთულისა და გამოწვევების მიუხედავად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს. სამწუხაროდ, 1921 წლის შემდეგ მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო (რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, თავსმოხვეული გასაბჭოება) თვითმმართველობის რეფორმა შეწყდა მრავალი იმ ადამიანის სიცოცხლესთან ერთად, ვინც მეტ-ნაკლები აქტიურობით გამოირჩეოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებისთვის მოღვაწეობით.
ლენინური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კომუნისტები აქტიურად შეუდგნენ თავის მოწინააღმდეგე ძალთა დათრგუნვას და საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას. გაუქმებულად გამოცხადდა დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო და არჩევითი ორგანოები, არაპროლეტარული პარტიები. მოისპო მიწაზე კერძო საკუთრება, სახელმწიფოს ხელში გადავიდა მთელი მრეწველობა, რკინიგზები, ფლოტი, ბანკები და სხვა. დამსჯელი ორგანოები მასობრივად ხვრეტდნენ ან გადასახლებაში აგზავნიდნენ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და უბრალოდ ეჭვმიტანილ პირებსაც. განსაკუთრებით, ყოფილ ოფიცრებს, თავად-აზნაურობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ათეიზმის დანერგვის მიზნით კომუნისტები ანგრევდნენ ეკლესიებს, ხოცავდნენ სასულიერო პირებს; მარტო 1922 – 1923 წლებში საქართველოში 1500 ეკლესია იქნა დანგრეული. მაღლაკში დაანგრიეს ოქონის, მიწაწითლის, ღვთისმშობლის შობის ტაძრები…დააზიანეს ზედა მაღლაკის ტაძარი…მოსახლეობა უძლური იყო, წინ აღდგომოდა ასეთ ბარბაროსობას…
სისხლიანი ტერორის მიუხედავად 1921 – 1924 წლებში საქართველოში ადგილი ჰქონდა ანტიკომუნისტურ გამოსვლებს. მაგრამ ისინი დაქსაქსულ ხასიათს ატარებდნენ და ხელისუფლება ადვილად ახერხებდა მათ ლოკალიზებასა და ჩახშობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1924 წლის აჯანყება. აჯანყებულებს კავშირი ჰქონდათ ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. დაგეგმილი იყო ერთდროული გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ კომუნისტებმა მოახერხეს შეთქმულთა რამდენიმე ლიდერის წინასწარ დაპატიმრება. ამიტომ დაწყებულ აჯანყებას ორგანიზებული ხასიათი არ მიეცა და იგი სასტიკად იყო ჩახშობილი.
1920 – იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა სახელმწიფოში გამალებული ტემპებით იწყება ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია, რომლის ნამდვილი მიზანი იყო არსებული რეჟიმის მაქსიმალურად გაძლიერება. საქართველოში შენდება მრავალი ფაბრიკა და ქარხანა, ჰიდროელექტროსადგური, შახტები, გაიზარდა მანგანუმისა და ქვანახშირის ამოღება. სოფლის მეურნეობაში ფართოდ ინერგება ტექნიკური კულტურები; განსაკუთრებით, ჩაი და ციტრუსები, რომლებითაც გამიზნული იყო უზარმაზარი საბჭოთა ბაზრის დაკმაყოფილება. მაგრამ დამკვრელურ ტემპებში აგებული საწარმოები დაბალი ხარისხის პროდუქციას უშვებდნენ, სახნავ-სათესი ფართობების ზრდა მიმდინარეობდა ტყეების მასობრივი გაჩეხვის ხარჯზე. მთელი რეგიონების მონოკულტურებისათვის დათმობამ, საქართველოს მრავალდარგოვან სოფლის მეურნეობას ტრადიციული ელფერი დაუკარგა. ასე დაემართა მაღლაკსაც…
საბჭოთა რეჟიმმა ოკუპაციითა და ტერორით მოსპო არა მხოლოდ თითმმართველობის დემოკრატიული სისტემის გამოცდილება, არამედ ფიზიკურად გაანადგურა თავად ამ სისტემის შემქნელებიც.
P.S. კოლექტივიზაციის და ინდუსტრიალიზაციის „ეპოქის“ მოღვაწეთა გალერეა უფრო მდიდარია და ცნობილი ჩვენთვის, გასაგები მიზეზების გამო…მაშინდელი კომუნისტური პრესა საკმაოდ ვრცელ მასალას გვაძლევს ამ „ფერხულში“ ჩაბმული ადამიანების, მოწინავე მშრომელების და მათი ხელმძღვანელების შესახებ. ჩვენ მათზეც გვექნება ჩანაწერები: მათი უმრავლესობა იძულებული იყო, საკუთარი ენერგია მიემართა ოჯახის, სოფლის, ქვეყნის საკეთილდღეოდ იმ პოზიციებიდან, საიდანაც ეს შეეძლოთ და ნებადართული იყო.
9. მაღლაკი 1940-1960 წლებში
ამ ოცწლეულში მაღლაკი ქუთაისის მაზრის სოფლიდან უკვე წყალტუბოს რაიონის შემადგენლობაში მყოფი სოფელია. მასზე მთლიანად ასახულია საბჭოთა ხელისუფლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. კოლექტივიზაცია გამარჯვებული სასოფლო-სამეურნეო წყობილებადაა გამოცხადებული. მაღლაკში ამ დროს 9 (!) კოლმეურნეობა იყო. შედარებისთვის, მეზობელ ფარცხანაყანევში ითვლებოდა 8 კოლმეურნეობა. კოლმეურნეობათა სახელები მეტყველებს მაშინდელ სისტემურ ტენდენციებზე: ტელმანის სახელობის, პარიზის კომუნის სახელობის, (1941 წელს ამ კოლმეურნეობებმა ერთმანეთი სოციალისტურ შეჯიბრებაშიც გამოიწვიეს), აგრეთვე: კომკავშირის, ბერიას, მოლოტოვის, ჩარკვიანის, ჩხუბიანიშვილის, მე-17 პარტყრილობის და თავდაცვა-ავიაქიმიის სახელობის…
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი რამდენიმე ათეული მაღლაკელის სახელის ხსენება ოჯახის წევრებსაც კი აეკრძალათ. იმათი და სხვა ოჯახებიც ერთიანად ჩაება „სოციალიზმის გამარჯვების ფერხულში“. ნებისმიერი პოზიცია გამოყენებული იყო საკუთარი ოჯახის, ქვეყნის და სოფლის საკეთილდღეოდ. ამიტომ ჩვენ მადლიერებით გავიხსენებთ იმ ადამიანების სახელებს, რომლებმაც შექმნეს ისტორია სოფლისა, რომელმაც დღემდე დიდებით მოაღწია და იქნება კიდევ უთვალავ წელს.
1940 წლის 30 მაისის გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ ნომერში დაიბეჭდა ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ სიმონ ჯანაშიას სტატია „წყალტუბოს ხსენება მე-13 საუკუნის ქართულ დოკუმენტში“. ავტორი ხაზს უსვამს, რომ მაღლაკის აბანოებში უნდა იგულისხმებოდეს სწორედ წყალტუბოს წყლები, რომ მაღლაკის საზღვრები მოიცავდა მაშინდელ თერნალს, წყალტუბოს, რომ ასეთი გეოგრაფიული ტრანსფორმაციები ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ სახელი „მაღლაკიც“ წყალტუბოს აბანოების შედარებით ამაღლებულ ადგილზე განლაგებას უკავშირდება და ა.შ.
განსახილველი ოცწლეულის დასაწყისში მაღლაკის კომკავშირის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარეა აპოლონ იოსელიანი. პრესა ასახელებს მოწინავე ბრიგადირებს ამ კოლმეურნეობიდან: სერგო ჭოლაძე, ერისტო გურეშეძე. ხშირად იბეჭდება მაშინდელ გაზეთებში მელიტონ დოლაბერიძე– ფერმის გამგე. ჯერ კიდევ ომამდე სახელი გაითქვეს კოლმეურნეობა „მოწინავე პირველის“ მეორე ბრიგადის (ხელმძღვანელი- ალ. ჟორჟოლიანი) წევრებმა: ასინეთ გეგუჩაძე (დღეში 40-50 კგ ჩაის კრეფდა), მარგალიტა კვერნაძე, ქეთო ჟორჟოლიანი, ივანე ჟორჟოლიანი….
1941 წლის 22 ივნისს დაიწყო დიდი სამამული ომი: ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. მაღლაკელთა ცხოვრებაც მთლიანად ამ ომის წესრიგს დაემორჩილა. ჩვენ ცალკე ნარკვევები გვექნება მაღლაკელ მეომრებზე…სოფლის ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ფრონტზე გაიწვიეს. მაშინ ინფორმაციის ერთადერთი საშუალება იყო რადიო და ნაწილობრივ- კომუნისტური პრესა. იმდროინდელ პრესაში ფაქტიურად ძირითადად საბჭოთა ჯარების გამარჯვებებზეა საუბარი. ალბათ ასე იყო რადიოშიც. კოლმეურნეობებს შორის სოცშეჯიბრებები ძველებურად გრძელდება. მოტივაციას ზრდიდა ომიც- საბჭოთა ჯარს სჭირდებოდა მეტი ძლიერი ზურგი!
1941 წლისთვის მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა ო.მიქაბერიძე. ამ დროის სოფლის ელიტას წარმოადგენდნენ აგრეთვე: კოლმეურნეობათა ხელმძღვანელები, ბრიგადირები, მოწინავე კოლმეურნეები, სოფლის ინტელიგენცია, რომელიც ძირითადად სკოლებში მოღვაწეობდა. გავიხსენოთ ისინი- მაღლაკის მე-2 დაწყებითი სკოლის პედაგოგები: ქ. ხაზარაძე, თ.კოსტავა, ვ. მამაგეიშვილი; მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორია გრ. ფარჯანაძე; მასწავლებლები: გ.ჟორჟოლიანი, ეკ.ჭეიშვილი, ნიკ. ნიჟარაძე, გ.კოსტავა, ნ.კოსტავა, გ.დოლაბერიძე, შ.წივწივაძე, თ.ჯავახაძე. სოფლის მოწინავე ადამიანებს შორის სახელდებიან: თინა ჟორჟოლიანი, ვერა ჟორჟოლიანი, ეშხა გოგილავა, ასინეთ გეგუჩაძე, თამარ ჟორჟოლიანი, ნატალია მარდალეიშვილი, ეფროსინე ჭოლაძე, თინა ჯავახაძე, ოლღა ჟორჟოლიანი- სწორედ ამათი ხელმოწერით გამოქვეყნდა პრესაში „მიმართვა დიდ სტალინს“ , რომელშიც მაღლაკელი ქალების სახელით პირობას დებდნენ მომავალში უკეთ საქმიანობისას სრულ გამარჯვებამდე…რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნდა შემდეგი მაღლაკელი მეჩაიეების სახელები: ნინა ფანცხავა, გაიანე და ლუბა დოლაბერიძეები, ნადია და ქეთო კვერნაძეები, ოლია კანკაძე, ანასტასია ჭოლაძე, იულია და ნადია კოსტავები, ევა მამაგეიშვილი, ფედოსია ბიბილეიშვილი, მარო ხაზარაძე, ლუბა ღაჭავა, ელენე, პელაგია და ლიდა ჭოლაძეები, ქეთო ლექვინაძე…
სოფლის სხვადასხვა საწარმოში პერიოდულად იმართებოდა მიტინგები, სადაც განიხილავდნენ წითელი არმიისთვის თბილი ტანსაცმლის შეგროვების საკითხებსაც. მოგვიანებით კი განსახილველ საკითხებს დაემატა სოფლიდან ომში წასული ბიჭების ოჯახებზე დახმარებაც, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა…ასე მიიღეს გადაწყვეტილება, დახმარებოდნენ გიორგი ჯავახაძის, დავით ჯავახაძის და ივანე ბენიძის ოჯახებს…წითელარმიელთა ოჯახებზე დახმარებაში ორგანიზაციული საქმიანობა წარმართეს მე-17 პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის კომკავშირის მდივანმა გ.ბიბილეიშვილმა, მოწინავე კომკავშირულმა მერგოლურეებმა: კირილე დეისაძემ, კორნელი კოსტავამ, მე-4 ბრიგადის მეთაურმა ფილიპე ჯავახაძემ, მოწინავე გლეხებმა: ტიხონ გოგისვანიძემ, ოთარ და ლიდა მიქაბერიძეებმა, ქეთევან ჯავახაძემ.
სოფელი განსაკუთრებით სცემდა პატივს ომში წასულთა სახელებს და მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე ჩაბმულნი იყვნენ საყოველთაო შრომის ფერხულში…ასეთი ბევრი იყო. მაგალითად, 1943 წლის პრესაში ვკითხულობთ რამდენიმე მათგანის სახელებს: კოლმეურნეობა „მოწინავე პირველში“ საქმიანობს 80 წლის ფარნაოზ ჟორჟოლიანი, რომლის 2 ვაჟი ფრონტზეა. აქვეა სამი ფრონტელის მამა- კოსტა ჟორჟოლიანი!
მე-17 პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის მე-5 ბრიგადას ხელმძღვანელობს ასევე ფრონტელის მამა იაკობ კოხრეიძე. მისი ვაჟი სავლე კოხრეიძე ქერჩში დაიღუპა, თუმცა მამამ (მსგავსად მრავალი მშობლისა) ეს ამბავი ძალიან გვიან გაიგო ისე, როგორც – ომის მსვლელობის პირველი უარესი ინფორმაციები ფაქტიურად თითქმის უცნობი იყო მოსახლეობისთვის… პრესა აღნიშნავს, რომ იაკობ კოხრეიძის ბრიგადას სიმინდი დათესილი ჰქონდა 52 ჰექტარ მიწაზე და მისი მოწინავე თანამშრომლები იყვნენ: ვლადიმერ, მიხეილ, გრიგოლ, ბიქტორ კოსტავები, კოსტა და აპოლონ ნიქაბაძეები…
სოფლის მაშინდელი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი იყო იმათი საქმიანობა, ვისი სახელიც რესპუბლიკის დონეზე ხდებოდა ცნობილი მითუმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდეც არ არსებობდა ცისფერი ეკრანი, შეზღუდული იყო რადიოფიცირებაც (სოციალურ ქსელებზე კი ლაპარაკი ძალიან ნაადრევია… ). ამ სახელებს შორისაა ილია ტყეშელაშვილი– მაღლაკის პარიზის კომუნის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რომელმაც მიიღო ჯილდო „შრომითი მამაცობისთვის“ (1943წ.)…
ადგილობრივი და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ინფორმაცია მაღლაკი „მე-17 პარტყრილობის სახელობის კოლმეურნეობის“ თავმჯდომარე მიხეილ ბესარიონის ძე ჟორჟოლიანზე. იგი (1905-1985 წ.წ.) ჯერ კიდევ 1928 წელს აირჩიეს ადგილობრივ გლეხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, 1930 წელს- კოოპერატივის თავმჯდომარედ. ომის წლებში (1941-45 წ.წ.) იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე. 1953 წელს აირჩიეს მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ! ამ პოსტიდან წასვლის შემდეგ კი (პენსიაზე გასვლამდე) მიხეილი მაღლაკის ე.წ. სამხედრო მაგიდის უფროსად მუშაობდა…
—————–
1945 წლის 9 მაისს საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე. მაღლაკიც ზეიმობდა ამ დღესასწაულს დანარჩენ გამარჯვებულებთან ერთად. ომში ჩვენმა სოფელმა დიდი მსხვერპლი გაიღო: 700 წასულიდან შინ არ დაბრუნდა 400-ზე მეტი მეომარი! სოფელში დაბრუნებულების მიერ მოტანილმა უდიდესმა ენერგიამ, გამარჯვების ისტორიული მნიშვნელობის გააზრებამ და აგიტაციამ ყოველგვარი სულის მოთქმის გარეშე ქვეყანა (და ჩვენი სოფელიც) უმალვე გადაიყვანა „წინსვლის ახალ რელსებზე“…ომის დასრულებიდან სულ რამდენიმე წელში ზედა მაღლაკში დაიწყო ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მშენებლობა, რასაც ქალაქის გაზრდა მოჰყვა მაღლაკის მიმართულებით და რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ერთმანეთს ისტორიულად ისედაც ახლოს მყოფი ეს ორი ადმინისტრაციული ერთეული (ქუთაისი და მაღლაკი).
გაძლიერდა სოფლის სკოლები და იქ დასაქმებული ინტელიგენცია. წყალტუბოს რაიონული საბჭოს აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე მის ყოველწლიურ მოხსენებაში რაიონის აქტივის წინაშე გამოჰყოფს და საუკეთესო მასწავლებელთა შორის ასახელებს: ი.დეისაძეს (მაღლაკის მე-2 რვაწლიანი სკოლა), ნ.ხაბურზანიას, ი.ჭყონიას, შ. ბაღათურიას, ვ. ხაზარაძეს, პ.ხაზარაძეს, პ.ჟორჟოლიანს, რ.ღაჭავას, შ.კვერნაძეს (მაღლაკის საშუალო სკოლა). ამდენი მასწავლებელი არსდროს დასახელებულა ერთი რომელიმე სკოლიდან აგვისტოს ტრადიციულ რაიონულ კონფერენციებზე!!!!
1950 წელს მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორად ჩანს შალვა ბაღათურია. სკოლის მოწინავე პედაგოგებს შორის ჩანს სახელები: თ.ნარეშელაშვილი, ნ.აბუთიძე, ნ.მესხორაძე,ნ.ხაბურზანია. ამ პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ფრიადოსანი მე-9-10 კლასელებიც: მ.დოლაბერიძე, ლ.ლექვინაძე, ლ.კვერნაძე, ლ.მირცხულავა, ბ. შალამბერიძე (მოგვიანებით იგი ამავე სკოლის დირექტორი ხდება), კ.ბუაძე, ნორა და ოთარ ჟორჯოლიანები, გოგონა და გრიგოლ ჟორჟოლიანები…
1950 წლის 9 აპრილს დუქნებზე ჩატარდა 2000-კაციანი თათბირი, რომელიც გახსნა მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ ე.თავშავაძემ. თათბირს ესწრებოდა წყალტუბოს რაიკომის მდივანი ნ.ჭახრაკია. თათბირზე მაღლაკელმა კოლმეურნეებმა სოცშეჯიბრებაში გამოიწვიეს წყალტუბოს ყველა კოლმეურნე!!! ეს დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა მაშინდელ პრესაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასზე ხელის მომწერნი ფაქტიურად წარმოადგენენ სოფელ მაღლაკის მაშინდელ ხელმძღვანელობას, სახეებს, ელიტას: ე. თავშავაძე, გ.კვერნაძე (ტელმანის კოლმ.თავმჯდომარე), შ. ჯავახაძე (სტალინის კოლმ. თავმჯდომარე), შ.კუხიანიძე (ჩხუბიანიშვილის კოლმ. თავმჯდომარე), ი. ტყეშელაშვილი -პარიზის კომუნის კოლმეურნეობის (ფოტოზე ქვემოთ- ქუდით, მარჯვნიდან მეორე) თავმჯდომარე, შ.მარჯანიშვილი (ბერიას კოლმ. ფერმის გამგე)…
მოგვიანებით (ერთი წლის შემდეგ) ე.თავშავაძეს ვხედავთ ჩარკვიანის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. სოფლის გამორჩეულ ადამიანებს შორის არიან: მ. კვერნაძე (ხელმძღვანელობს სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემკეთებელ ბრიგადას, რომელსაც ადრე ისიდორე ჭოლაძე უძღვებოდა), ბრიგადირები: ბუდუ დოლაბერიძე და კლიმენტი კანკაძე, ნოე ხუნწარიძე (მოწვეული სპეციალისტი, უმაღლესი განათლებით, რომელიც ფერმის გამგედ მუშაობს), იასონ ბობოხიძე (ბრიგადირი, მომავალი- ხელმძღვანელი ამ სფეროში, ვეტექიმი), კ.მუკბანიანი (რუსთაველის სახ. კოლმეურნეობის თავმჯდომარე)…
მაღლაკის წარმოჩინებულ პირთა გალერეის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს მაშინდელი საარჩევნო კომისიების შემადგენლობაც. 1952-53 წლებში ამ საარჩევნო კომისიებში ვხედავთ შემდეგ სახელებს: ვასილ ჩოგოვაძე (მაღლაკის მე-2 რვაწლიანი სკოლის დირექტორი), გიორგი ბიბილეიშვილი (სტალინის სახ.კოლმ.), ნადია გოგისვანიძე (მაღლაკის მე-2 რვაწლიანი სკოლა), ნინა ხაზარაძე (სტალინის სახ.კოლმ.), ლოლა ბიბილეიშვილი (სტალინის სახ.კოლმ.), რაჟდენ მამაგეიშვილი, ფილიპე ჯავახაძე, ვარლამ მჟავია (ყველა- სტალინის სახ. კოლმ.), სევერიან ჟორჟოლიანი , შალვა კუხიანიძე (მალენკოვის სახ.კოლმ.), გოგუცა ჟორჟოლიანი (მაღლაკის საშუალო სკოლა), ოთარ ჟორჟოლიანი (მტს), თამარ მარდალეიშვილი, შალვა კეთილაძე, შოთა კვერნაძე (მაღლაკის 1 დაწყებითი სკოლა), ზოსიმე ჟორჟოლიანი (მაღლაკის საექიმო უბნის მედპერსონალისგან), ნაზი ჟორჟოლიანი (ალკკ), არჩილ კვერნაძე (ალკკ),სონია ნიჟარაძე, გრიგოლ ნიჟარაძე, ზინა კვერნაძე, მიხეილ კვერნაძე, ვარდენ დოლაბერიძე, რაჟდენ ლექვინაძე, ნოე ფაჩუაშვილი, მარო დოლაბერიძე (ყველა- ლენინის სახ. კოლმ.), შალვა ბაღათურია (მაღლაკის საშუალო სკოლა), აბესალომ ნიჟარაძე, მარიამ ჩეჩელაშვილი, შურა ჭოლაძე, ვასილ ჭოლაძე, ვახტანგ მარჯანიშვილი,ელენე ტყეშელაშვილი, აპოლონ ნიჟარაძე (რუსთაველის სახ.კოლმ.).
ნორა მარდალეიშვილი- ეს სახელი ხშირად იბეჭდება მაშინდელ რაიონულ თუ რესპუბლიკურ პრესაში უკვე 1954 წლიდან. დღეში 120 კილოგრამზე ავიდაო, კორესპოდენტი წერს, რითაც გადაასწრო მეჩაიეთა ყველა მანამდე არსებულ მონაცემებს. ასევე ხშირად იბეჭდებიან: მწველავები: საშა კვერნაძე და პოლია დოლაბერიძე, ფერმის გამგე ს.ლექვინაძე, მისი ბრიგადირი გ.შარვაშიძე…რესპუბლიკურ პრესაში 1956 წელს გამოქვეყნდა სტატია სტალინის სახ. კოლმეურნეობის ახალგაზრდა ბრიგადირებზე: ევტ.ღურჭუმელია, შ. ბიბილეიშვილი, ს.ბიბილეიშვილი და აბესალომ კოსტავა. იშვიათად, მაგრამ მაინც, ქვეყნდებოდა ინფორმაციები „არასოციალისტურ თემებზეც“…მაგალითად, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა მაღლაკში მომხდარი ამბავი: წარჩინებული ახალგაზრდა ბრიგადირის აბესალომ კოსტავას სახლში მოულოდნელად გაჩნდა ხანძარი. პრესა აღწერს პიონერის, მეზობლად მცხოვრები ნათელა დავითის ასული კოსტავას გმირობას: იგი ცეცხლწაკიდებულ სახლში შევიდა და ბრიგადირის ორი მცირეწლოვანი ბავშვი სამშვიდობოს გამოიყვანა…
მაღლაკის საშუალო სკოლის მშენებლობას საფუძველი 1934-35 წლებში ჩაეყარა. სამწუხაროდ მისი მშენებლობისთვის სისტემის მიერ დანგრეული ოქონის ტაძრის ქვები იქნა გამოყენებული. საშუალო სკოლის პირველი დირექტორი კონონი ჟორჟოლიანი ყოფილა. გრიგოლ ფარჯანაძე გახლდათ დირექტორი ომის წლებში, როცა სკოლის პირველი სართული ფაქტიურად ლაზარეთად იყო გადაქცეული: აქ მკურნალობდნენ ფრონტიდან ევაკუირებულ დაჭრილებს… ამ ნარკვევის წინა ნაწილში ავღნიშნეთ, რომ კონონის შემდეგ სკოლის დირექტორი გახდა მათემატიკოსი შალვა ბაღათურია- წარმატებული სპეციალისტი, მეცნიერი, ორგანიზატორი, პრინციპული და მომთხოვნი ხელმძღვანელი! 1953 წლიდან კი სკოლას ხელმძღვანელობდა რაჟდენ ღაჭავა, ასევე გამორჩეული ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ბატონი რაჟდენი ორ ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა სკოლას…რამდენიმე წელი ის წყალტუბოს რაიონის განათლების განყოფილების გამგეც იყო… სოფელში (და -მთლიანად რაიონში) მოპოვებულ ავტორიტეტს რაჟდენ ღაჭავა დიდებულად იყენებდა საშუალო სკოლის სიკეთეებისთვის, მუდმივად მოიპოვებდა რა დაფინანსების წყაროებს საჭირო პროექტებისთვის: ამ დროს აშენდა სკოლაში კაპიტალური სახელოსნო ხეზე და ლითონზე მუშაობისთვის- სახელოსნოს რუსთაველის კოლმეურნეობის გამგეობის თავმჯდომარემ გ.ნიჟარაძემ გადასცა ორი მოქმედი სახარატო დაზგა და სხვა მოწყობილობები. სწორედ ამ ლეგენდარული დირექტორის დროს სკოლას გაუკეთდა კაპიტალური რემონტი, „შეკეთდა დგამ-ავეჯი, შეუძინეს 10 ათასი მანეთის ხელსაწყო-იარაღები და 5 ათასი მანეთის სრულიად ახალი ინვენტარი“. მისი თხოვნით რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის გამგეობამ შეფობა იკისრა მაღლაკის საშუალო სკოლაზე და რამდენიმე ათასი მანეთის ინვენტარის გარდა სკოლას გადასცა საჩუქრად ავტომობილი!
1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მაღლაკი-წყალტუბოს წყალსადენის მშენებლობა (სათაო შენობა-ნაგებობანი მიწაწითლის ბოლოში უნდა აშენებულიყო და საქართველოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით დასაწყისისთვის ამ მიზნით 5 მილიონ მანეთამდე გამოიყო)…მშენებლობას იმჟამად ცნობილი მე-4 ტრესტი ხელმძღვანელობდა…ახალ წყალსადენს უნდა გადაეწყვიტა კურორტ წყალტუბოს ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებები სასმელ (არა-მარტო) წყალზე…
ისევ ხშირად იბეჭდება მაშინდელ პრესაში მაღლაკის ახალგაზრდა ხელმძღვანელი-ლიდერები: შალვა ჯავახაძე (სტალინის კოლმეურნეობის თავმჯდომარე), გ. ნიჟარაძე (მალენკოვის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე)…კრიტიკული შენიშვნებით, მაგრამ მაინც მოწინავეთა რიგებში ჩანს კ. ფაჩუაშვილი (რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე).
ამ ოცწლეულის მაღლაკი დახუნძლული იყო შესანიშნავი ინტელგენციით (რაც არაერთხელ ავღნიშნეთ და კიდევ გავიმეორებთ სხვა ნარკვევებში). ბევრი მათგანი გასული საუკუნის წიაღში სოფელში მოღვაწე განათლებული სასულიერო პირების ბიოლოგიური თუ სულიერი შთამომავლობა გახლდათ…სოფელშივე მოღვაწე ეს ინტელიგენცია მაქსიმალურად უწყობდა ხელს არა მარტო მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეს, არამედ -მთლიანად მოსახლეობის საგანმანათლებლო პოტენციალის ამაღლებასაც. ამისთვის კი მაქსიმალურად იყენებდნენ ოფიციოზისგან დაშვებულ ფორმებს. მაგალითად, სხვადასხვა კოლმეურნეობებთან არსებობდა „საქართველოს კომპარტიის ისტორიის მოკლე კურსის“ შემსწავლელი წრეები. სტალინის და თავდაცვა-ავიაქიმის კოლმეურნეობებთან არსებულ ასეთ წრეში 17 აქტიური კომუნისტი ყოფილა გაწევრებული. ამ ჯგუფთან მუშაობდა პროპაგანდისტი ვენედიქტე ხაზარაძე – მაღლაკის მაშინდელი ინტელიგენციის უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი…აი, რას წერს კორესპოდენტი: „პროპაგანდისტი ვენედიქტე ხაზარაძე მეცადინეობის ჩატარებისას სიტემატურად იყენებს თვალსაჩინოებას: რუქებს, დიაგრამებს. ამასთანავე ცალკეული თემების მიხედვით წრის ხელმძღვანელი ცოდნის გაღრმავების მიზნით მსმენელებს უამბობს სხვადასხვა მხატვრული ნაწარმოების მოკლე შინაარსს. ასე მაგალითად, ბატონყმობის გაუქმების საკითხის განხილვისას ვ.ხაზარაძემ მოხერხებულად გამოიყენა შესაფერისი ადგილები ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხიდან“. ამ და სხვა ლიტერატურის განხილვაში აქტიურად მონაწილეობენ: ვერა კოსტავა, გიორგი ბიბილეიშვილი, გოგოლა ჯავახაძე.“
მაღლაკის ჩაის ფაბრიკა – ასე ერქვა 1940-1960-იან წლებში სოფელ თერნალში მდებარე ჩაის ფაბრიკას. იგი ერთ-ერთ საუკეთესო და მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მომუშავე საწარმოდ ითვლებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რესპუბლიკურ პრესაში არაერთხელ გამოქვეყნდა ამ ფაბრიკის გამოწვევები სხვა რაიონებში მდებარე ანალოგიური საწარმოების მიმართ. მთელი ქვეყნის ფარგლებში გაითქვა სახელი ელენე ტყაბლაძემ– მან სამართლიანად დაიმსახურა „სტახანოველის“ სახელი. იგი მუშაობდა ფაბრიკის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საამქროში- ჩაის სახმობ განყოფილებაში. როგორც წერდნენ, საწარმოო გეგმა მან 365%-ით შეასრულა. ეს კი იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას მაშინდელი ხელისუფლებისგან და ასეც მოხდა.
შალვა ჯავახაძე
ინდიკო ჩეჩელაშვილი (1927-1993) -ამ პერიოდის იმ მაღლაკელთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც რესპუბლიკის მასშტაბითაც ხდება ცნობილი. მან 1947 წელს დაამთავრა ქარელის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და იმავე წელს დაიწყო მუშაობა მაღლაკში აგროტექნიკოსად. 1955 წლიდან იგი რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის ბრიგადირი იყო. 1958 წელს ი.ჩეჩელაშვილის ბრიგადამ გეგმიურზე 15 ტონით მეტი ჩაი მოკრიფა- ეს ციფრები მაშინვე გასცდა რაიონის ფარგლებს. რაიონმა გაიცნო მისი ბრიგადის მოწინავენი: ამბაკო ზაქარიაძე, აპალონ ნიჟარაძე, ლუბა ჩეჩელაშვილი (მან გეგმიური 800 კილოს ნაცვლად მოკრიფა 2200 კგ.), ეთერ ჩეჩელაშვილი, ვერა გურეშიძე, ანეტა ჯიშკარიანი… ინდიკო ჩეჩელაშვილი მაშინდელი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი და პოპულარული ჯილდოს- ლენინის ორდენის კავალერიც გახლდათ. ი.ჩეჩელაშვილი საქართველოს კპ მე-20 ყრილობის დელეგატადაც აირჩიეს.
იონა ჭყონია განსახილველ პერიოდში მაღლაკის პირველი შვიდწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი იყო. მას დასრულებული ჰქონდა ქუთაისის ქართული გიმნაზია, საიდანაც ხარკოვში გაემგზავრა და იქაური უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილების სტუდენტი ხდება, თუმცა უსახსრობის გამო მალე ბრუნდება სამშობლოში. 1918 წლიდან იონა ჭყონია მაღლაკის სასკოლო სივრცეში იწყებს მოღვაწეობას. ამ ასპარეზზე იყო იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი! მაღლაკის საშუალო სკოლის შექმნის სათავეებთან მისი სახელიც ფიგურირებს: 1918 წელს მისი უშუალო ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაარსდა დაწყებითი სასწავლებელი…იონა ჭყონია აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა (სასოფლო თუ რაიონული საბჭოს დეპუტატის, განათლების მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელის, კოლმეურნეობათა სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის სტატუსით…). მიუხედავად ამდენი (და სხვა) სტატუსისა, მისთვის მაინც ყველაზე ძვირფასი ეს სტატუსი იყო: „იონა მასწავლებელი!“. განსაკუთრებული სიყვარულის და დამსახურების აღიარება სცადა იმჟამინდელმა ოფიციოზმაც, რომელმაც იონა ჭყონია საკავშირო მნიშვნელობის ჯილდოთი (ლენინის ორდენი) დააჯილდოვა!..მის მკერდს ამშვენებდა კიდევ ერთი საკავშირო მნიშვნელობის ჯილდო: მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“. რამდენიმე რესპუბლიკური (ანუ-საქართველოს ფარგლებით მნიშვნელოვანი) ჯილდოს მფლობელი იყო მისი მეუღლეც- ქალბატონი თამარ მიხეილის ასული, რომელიც ასევე მაღლაკის პირველ შვიდწლიან სკოლაში მუშაობდა პედაგოგად….
1950-60 -იან წლებში მთელი დატვირთვით მუშაობდა მეცხოველეობის ფერმა რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობაში (ე.წ. მერწყალაზე)- სამწუხაროდ ამ ფერმის შენობა-ნაგებობაც (სხვათა მრავალთა მსგავსად) უმოწყალოდ განადგურდა 1990-იან წლებში. წელიწადში საშუალოდ აქ 90 ტონა რძეს წველიდნენ…გავიხსენოთ რამდენიმე სახე საწარმოს იმჟამინდელი პერსონალიდან: ვ.მარჯანიშვილი – ხელმძღვანელი, გივი ჭოლაძე- ზოოტექნიკოსი, ა.ტყეშელაშვილი- ბრიგადირი, ნადია შალამბერიძე- მწველავი (ერთ წელიწადში მარტო მან 10 ტონაზე მეტი რძე მოწველა)! კოლმეურნეობის თავმჯდომარის კ.მუკბანიანის ინიციატივით ეს ფერმა წარდგენილი იქნა სხვადასხვა ჯილდოებზე და რამდენიმეჯერ მიიღო კიდეც გარდამავალი წითელი დროშა…
არანაკლებ წარმატებით მუშაობდა მეცხოველეობის ფერმა სტალინის კოლმეურნეობაში (ეს ფერმა მდებარეობდა ე.წ. კოსტავების უბნის მთავარი ქუჩის ბოლოს. დღეს იქ ნარჩენი ნაგებობა კერძო საკუთრებაშია). ფერმის ხელმძღვანელი გახლდათ ვეტექიმი იასონ ბობოხიძე. გარდამავალი წითელი დროშა ამ კოლექტივმაც მიიღო, რაშიც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით მარიამ ჭეიშვილს, შურა კოსტავას და ციალა კოსტავას. ამ კოლექტივს გარდამავალი წითელი დროშა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ შალვა ჯავახაძემ გადასცა.
1959 წელს უკავშირდება მაღლაკელ ფრენბურთელთა პირველი წარმატება რაიონულ შეჯიბრებაზე, საიდანაც ჩვენი თანასოფლელების ტრიუმფი დაიწყო რეგიონულ და რესპუბლიკურ ტურნირებში. მიტროფანე კირთაძე, ვაჟა ჟორჟოლიანი და მათი თანგუნდელები იყვნენ სპორტის ამ სახეობის ერთგვარი პიონერები მაღლაკში და მათ მიმბაძველებიც ბევრი ჰყავდათ. სოფლის ცენტრში (დუქნებზე) სწორედ იმ დროიდან ტარდება ფრენბურთის ასპარეზობები…
1960 წელს კი მაღლაკელმა ფრენბურთელთა ნაკრებმა (მწვრთნელი რ. ხეთერელი) სპორტული საზოგადოება „კოლმეურნეს“ რაიონულ შეჯიბრებაზეც გაიმარჯვა.
მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა სევერიანე ჟორჟოლიანი. 1959 წელს რესპუბლიკურ პრესაში მიცემულ ინტერვიუში იგი აღნიშნავს: „ საბჭოთა წყობილების გამარჯვებისთანავე მაღლაკმა დაიწყო არნახული აღმასვლა. აქ ახლა 5 მაღაზიაა. გვაქვს საექიმო პუნქტი, საავადმყოფო, 2 სამშობიარო სახლი (!). სახალხო განათლების საქმეს მაღლაკში 80-ზე მეტი მასწავლებელი ემსახურება, ჯანმრთელობის დაცვისათვის კი 3 ექიმი და 14 მედდა იბრძვის. მაღლაკში 4 კოლმეურნეობაა (წინა ნაწილში ჩვენ 9 დავითვალეთ- გამსხვილდა ეს ერთეულები. ჯ.კ.). თითოეული მათგანის შემოსავალი წელიწადში მილიონ მანეთს აღწევს. კოლმეურნეები ახლა არამარტო შრომაში, არამედ- საკუთარი ოჯახების კეთილმოწყობაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს-აგებენ ახალ სახლებს, იძენენ მანქანებს, ძვირფას ავეჯს, პიანინოს. ამას წინათ წერილი შემოვიდა საბჭოში: დაწყებითი მუსიკალური სკოლის შექმნას გვთხოვენ. ჩვენი სოფლის მოსახლეობას კულტურული დასვენების ფართო შესაძლებლობა აქვს. საკოლმეურნეო კლუბების გარდა გვაქვს სასოფლო კლუბი და ბიბლიოთეკა. ამ დღეებში დასრულდა დიდი კინოთეატრის მშენებლობა, რომელიც 500 მაყურებელს იტევს. აქვე მოეწყობა სამკითხველო და გასართობი დარბაზები. კინოთეატრი ადგილობრივი რესურსების ანგარიშზე აშენდა. მომდევნო წელს განზრახული გვაქვს მთავარი გზების მოასფალტება.“
მაღლაკის სასოფლო კლუბის კულტურულ-შემეცნებითი აქტივის რამდენიმე სახელი: ნ. ბოლქვაძე- დრამატული წრის ხელმძღვანელი, ვენერა კალაძე- ლიტერატურული წრე, სადაც ხშირად იწვევდნენ მაღლაკის ინტელიგენციის წარმომადგენლებს: რ.ღაჭავა (საშუალო სკოლის დირექტორი), ზოსიმე ჟორჟოლიანი (ექიმი), ზ.დოლაბერიძე და გ.ქაშიბაძე (აგრონომები)- ყველა ესენი გამოდიოდნენ ხოლმე მოსახლეობის წინაშე საინტერესო ლექცია-მოხსენებებით, ა.ჩიხლაძე (მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი)… მაღლაკის კლუბთან არსებულ მუსიკალურ წრეებში აქტიურობით და საინტერესო ხელოვნებით გამოირჩეოდნენ ახალგაზრდები: სერგო ჟორჟოლიანი, აჩიკო ფხაკაძე, კარლო დოლაბერიძე, გერასიმე ჟორჟოლიანი, გურამ ლექვინაძე, რეზო კვერნაძე.
ჩაის პლანტაციები მაღლაკში მასობრივად გაშენდა 1930-იანი წლებიდან. იგი ითვლებოდა აქაური სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი. განსახილველ პერიოდში მაღლაკი ყველაზე მეტ მოსავალს იღებდა რაიონის სხვა სოფლებს შორის, რაც აქ მეტი რაოდენობის პლანტაციების გაშენებითაც იყო განპირობებული. რაიონის ყველაზე მოწინავე რვა ბრიგადიდან, რომელთა სიაც მოცემულია პრესაში (იხ. ფოტო), ხუთი (!) სწორედ მაღლაკის კოლმეურნეობის ბრიგადირები იყვნენ: კოსტავა აბესალომ, ჯავახაძე გივი, ბიბილეიშვილი სულიკო, ბიბილეიშვილი შალვა და ჯავახაძე რომანი! ხუთივე ბრიგადა ეკუთვნოდა სტალინის სახელობის კოლმეურნეობას.
მიუხედავად მეჩაიეობის განვითარებისა, რაც პოლიტიკის შედეგი უფრო იყო, მაღლაკელთათვის უფრო ისტორიულ-ტრადიციული მეურნეობა მებაღეობა-მებოსტნეობა იყო: მაღლაკური საზამთრო მთელს საქართველოში იყო პოპულარული. 1958 წელს კი მისი პოპულარობა გასცდა საქართველოს საზღვრებს და საკავშირო ზენიტსაც მიაღწია: მაღლაკური საზამთრო მოხვდა მოსკოვში- სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. მოგვყავს ნაწყვეტი ლ. აპარნიკოვის სტატიიდან, რომელიც გაზეთ „იზვესტიაში“ დაიბეჭდა: „ სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის პავილიონ „ვოლგისპირეთში“ დამთავრდა საზამთროსა და ნესვის წლევანდელი წლის მოსავლის ექსპონატების დათვალიერება, რომელიც სამ კვირას გაგრძელდა. სულ დათვალიერებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჯიშის მაღალმოსავლიანი საზამთროსა და ნესვის 400 ნიმუში, რომლებიც ხასიათდებიან საუკეთესო ხარისხითა და გემოთი. დათვალიერებაზე საუკეთესო შეფასება მიიღო „ჭოლაძის“ ჯიშის საზამთრომ, რომელიც მოყვანილია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის კოლმეურნეობის იმ ბრიგადაში, რომელსაც მიხეილ მელიტონის ძე კვერნაძე ხელმძღვანელობს!“
ძალას იკრებს მტს: მანქანა-ტრაქტორების სადგური , რომელიც ემსახურებოდა არა მარტო მაღლაკს. პრესაში ჩნდება ახალგაზრდა მექანიზატორთა სახელები, რომლებიც ენთუზიაზმისა და პროფესიონალიზმის წყალობით ხვდებიან მოწინავეთა რიგებში: ანზორ ფესტვენიძე, გივი ლექვინაძე და კარლო კილაძე…
10. მაღლაკი 1960-1970 წლებში
(I ნაწილი)
ამ პერიოდის მაღლაკელთა საქმიანობის და შემოსავლების ძირითადი წყაროები:
მეაბრეშუმეობა – მაგალითად ბაბილინა ლექვინაძემ 10 გრამი აბრეშუმის მურიდან 103 კილოგრამი ხარისხოვანი სათესლე პარკი ჩააბარა სახელმწიფოს, რაც საუკეთესო შედეგად ჩაითვალა; თითქმის ყველა ოჯახში რიგდებოდა ასეთი მურები, რომელთა მომსახურეობასაც უწევდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის, მეტწილად უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები. თუთას (ბჟოლის) ხეების გაშენება ერთგვარ სტიმულად იქცა გლეხობისთვის, რადგან სწორედ მისი ფოთოლი გამოიყენებოდა აბრეშუმის ჭიის საკვებად.
მეცხოველეობა-სოფელში იმხანად 5 მეცხოველეობის ფერმა (როგორც სასაქონლო, ასევე- მეღორეობის) იყო, რომელიც დიდი წარმადობით გამოირჩეოდა. მიწაწითლის კოლმეურნეობის (ყოფილი „სტალინის სახელობის“) თავმჯდომარე შალვა ჯავახაძის ინფორმაციით მარტო ამ კოლმეურნეობაში ფუნქციონირებადი 2 ფერმისგან 1962 წელს მოსალოდნელი იყო მინიმუმ 20 ტონამდე ხორცის ჩაბარება (მიყიდვა) სახელმწიფოზე. თავმჯდომარე ასახელებს ფერმის ხელმძღვანელს იასონ ბობოხიძეს და რამდენიმე მოწინავე მშრომელსაც ამ ფერმებიდან: ფაცია კოსტავა, სონია ჟორჟოლიანი, ვალიკო კოსტავა…იმხანად მთელმა რაიონმა გაიცნო იზოლდა ფხაკაძის სახელი, რომელმაც სკოლის შვიდწლედის დასრულებისთანავე დაიწყო მშობლიური სოფლის ფერმაში მუშაობა ცნობილი ალექსანდრა კვერნაძის ბრიგადაში. ამ გოგონას შესახებ ერთობლივი პატაკით იუწყებიან სკოლის დირექტორი რ.ღაჭავა და მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე ს.ჟორჟოლიანი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ქალბატონი ალექსანდრა კვერნაძე გახლდათ შრომის წითელი დროშის ორდენოსანი!!!
ჩაი – მაღლაკის მიწაზე ჩაის პლანტაციები გეგმაზომიერად იყო გაშენებული განაპირა ნაკვეთებზე სოფლის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ჩაის ბუჩქების განაშენიანებას იცავდა ქარსაცავი ზოლები, რაც თან იცავდა და თან ზრდიდა ამ საოცარი აგროკულტურის მოსავალს. საერთო წარმატების მიუხედავად ამ სფეროშიც იყვნენ გამორჩეულები: ზედა მაღლაკში ინდიკო ჩეჩელაშვილის და ქვედა მაღლაკში- აბესალომ კოსტავას ბრიგადები. ასევე მოწინავე პოზიცებს იკავებდნენ: ვენია კვერნაძის, დავით ესაძის და ოთარ გუდაძის ბრიგადები. 1961 წელს მარტო ი. ჩეჩელაშვილის ბრიგადამ გეგმიური 11 ტონის ნაცვლად სახელმწიფოს ჩააბარა 19 ტონა „მწვანე ოქრო“…მთელს რაიონში (და -არა მარტო) გაითქვეს სახელი მაღლაკელმა მეჩაიეებმა: ნაზი კუტივაძე, ლიანა ჭოლაძე, ნაზი ჩეჩელაშვილი, ანეტა ჯიშკარიანი, ვენერა გურეშიძე… მიწაწითლის კოლმეურნეობამ 1962 წელს გეგმიურზე 45 ტონით მეტი ჩაის მოსავალი მოიწია! ეს ციფრები მეტნაკლებად უშუალოდ აისახებოდა მეჩაიეების შემოსავალზეც. ასევე გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა მაღლაკის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობამ (თავმჯდომარე-ო. მაღლაფერიძე), სადაც თავი გამოიჩინეს: მერი ფესტვენიძე, თამარ ტყეშელაშვილი, თინა ჩირგვილაძე, ცაცა კვანტალიანი. ლიდერთა შორის ისევ ინარჩუნებს პოზიციას ცნობილი ნორა მარდალეიშვილი. ე.წ. „ეწერის“ პლანტაციების მოვლა-პატრონობის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს თანასოფლელებს: შოთა მარდალეიშვილმა, სანდრო ჟორჟოლიანმა, ელენე მარდალეიშვილმა… 1963 წელს მაღლაკის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის მოწინავე მეჩაიე, უპარტიო მარგო პავლეს ასული დოლაბერიძე დაასახელეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად! მაშინ ასეთი დასახელება პრაქტიკულად არჩევას ნიშნავდა…ორიოდე სიტყვით ქალბატონ მარგოს ოჯახის შესახებ: თავად მარგო დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ხიდში. მისი მეუღლე გახლდათ სერგო დოლაბერიძე, შვილები: ფირუზა და ლევანი…მარგო დოლაბერიძის შრომითი წარმატებების შესახებ კიდევ ბევრჯერ იმეტყველებს მაშინდელი პრესა…
მესიმინდეობა– სწორედ 50-60-იან წლებიდან მასობრივად გავრცელდა მაღლაკში მესიმინდეობა პლანტაციების დონეზე…ეს ამ მიმართულებაზე გაზრდილმა მოთხოვნებმაც განაპირობა: სიმინდს და მისგან დამზადებულ პროდუქციას მოითხოვს ადამიანიც და ცხოველიც…მესიმინდეობას ძირითადად მსხვილი კოლმეურნეობები უწევდნენ პატრონაჟს, გლეხობა კი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებში უფრო ინტენსიურ აგრარულ მეურნეობას მისდევდა- მებოსტნეობას, მეხილეობას… (აგროფერმერული მეურნეობები, სათბურები ნელ-ნელა იკიდებს მაღლაკში ფეხს შედარებით გვიან-1970-იანი წლებიდან). ადგილობრივ და რესპუბლიკურ პრესაში ჩნდება მაღლაკელი წარჩინებული მესიმინდეების სახელებიც: აპოლონ ნიჟარაძე, ალექსი ჩეჩელაშვილი, ლავრენტი ზაქარიაძე, ვარლამ კვერნაძე, აბესალომ კოსტავა. რუსთაველის სახ.კოლმეურნეობის თავმჯდომარის ო.მაღლაფერიძის მორიგ პატაკში ფიქსირდება სოც.შეჯიბრებებში დაწინაურებულთა სახელები მესიმინდეობა-მებოსტნეობის მიმართულებით: ოლია და ლუბა ანდრიაძეები, დომენტი გუდაძე, მარგო დოლაბერიძე…
მებოსტნეობა-მებაღჩეობა– მაღლაკში ჯერ კოლმეურნეობებში დაინერგა. როგორც ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მოანგარიშე ლ.დოლაბერიძე გვაუწყებს: მთავარი აგროკულტურა ამ მიმართულებით პომიდორი იყო! კომკავშირელი ილია დოლაბერიძე გაპიროვნებული ნაკვეთიდან 180 ცენტნერი პომიდვრის მოყვანას ვარაუდობსო…არანაკლებ მოვლილი ნაკვეთები ჰქონდათ ილიას თანატოლებს, რომლებიც ასევე მონდომებით და შრომისმოყვარეობით მისდევდნენ თავის საქმეს: თ.ანდრიაძე, მ.დოლაბერიძე, ე.ნიჟარაძე, ც.გოგილავა…დაწინაურებულ მებოსტნეებს შორის სახელდებიან: შუქურა სვანიძე; თამარ, ზინა, გალაკტიონ, შალვა და თათუშა კვერნაძეები…სხვადასხვა პატაკში ასევე დადებითად მოიხსენებენ ამ მიმართულებით მომუშავე იმ ბრიგადებს, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ: შალვა ბიბილეიშვილი, ივანე ბენიძე, ვალერიან ჯავახაძე, ვალოდია დეისაძე, ჯემალ მამაგეიშვილი. 1961 წელს სწორედ მიწაწითლის კოლმეურნეობამ (თავმჯდომარე შალვა ჯავახაძე), რომელიც ჯერ კიდევ ატარებდა სტალინის სახელს, გაიმარჯვა სარაიონთაშორისო (წყალტუბო, ვანი, მაიაკოვსკი, ტყიბული) სოციალისტურ შეჯიბრებაში და გადაეცა გარდამავალი წითელი დროშა…
სტალინის პიროვნების კულტის დაგმობამ გარკვეული „დათბობა“ დაიწყო სოფლის ძირითადი მოსახლეობის -გლეხობის მიმართ. კოლექტივიზაცია არავის გაუუქმებია, მაგრამ გლეხებს ნელ-ნელა მისცეს საშუალება, მეტად გამოევლინათ ინიციატივები საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის გარეთაც. თუმცა ყველაფერი ეს მუდმივად კეთდებოდა „სოციალიზმის უპირატესობის“ აღიარების ფონზე. მაგალითად, ხელისუფლება მუდმივად ზრდიდა ფასებს სახელმწიფო შესყიდვებზე და საჯაროდ აპიარებდა იმ გლეხებს, რომელთაც კერძო მეურნეობებში მოწეული პროდუქცია სახელმწიფოს ჩააბარეს გარკვეულ საფასურად. მაღლაკის მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის ს.ჟორჟოლიანის პატაკში მოხსენებულია სამი ასეთი გლეხის სახელი, ვინც საკუთარ ეზოში 1.5-1.5 ტონა ყურძენი ჩააბარეს სახელმწიფოს: სტეფანე დეისაძე, რომან ჯავახაძე და ომარ ლექვინაძე.
ეს პერიოდი (60-იანი წლები) ვითომცდა „ოტტეპელის“ (დათბობის, ლიბერალიზაციის) სოციალურ-ეკონომიკურ ჩარჩოებში მიმდინარეობდა. მმართველ ერთადერთ პარტიას არ გამოჰპარვია ამ „შეთავაზებული თავისუფლების“ პერსპექტივა- მეტი თავისუფლება! ეს კი (ანუ- მეტი თავისუფლება) არ აწყობდა „კომუნიზმის მშენებელ“ სსრკ-ს, ამიტომაც შეიქმნა დამატებითი სტრუქტურები იდეურ-პოლიტიკური მუშაობის მიმართულებით, რათა ხალხს არ დაჰვიწყებოდა მთავარი მისია- „კომუნიზმის მშენებლობა“. მაღლაკზე ეს პოლიტიკა სხვადსხვა კუთხით აისახა. ეკონომიკურ ფაქტორებზე („სახელმწიფო შესყიდვების“ პროპაგანდის გაძლიერება) ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. დაიწყო აქტიური შეტევა ე.წ. დრომოჭმულ ტრადიციებზე და ასეთთა შორის მოექცა ელიობის დღესასწაული (ყოველი წლის 2 აგვისტო), რომელიც „თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამო რელიგიურ დღესასწაულად“ იქნა მონათლული…როცა ამ დღეს სოფლის ცენტრში და ოჯახებში მოსახლეობის შეკრება ვერ აღკვეცეს, მოიფიქრეს, ამ დღისთვის „მეჩაიეს დღე“ დაერქმიათ. თითქმის 3 ათეული წელი მაღლაკში აღინიშნებოდა ე.წ. „მეჩაიეს დღე“, თუმცა მოსახლეობა მას მაინც ტრადიციულად „ელიობას“ უწოდებდა. ოქტომბრის რევოლუციის დღის (ახლით „7 ნოემბერი“) აღსანიშნავად პროპაგანდამ შესთავაზა გლეხობას, ოჯახური დღესასწაულების რანგში აეყვანათ ეს დღე, რაც ასევე კრახით დამთავრდა…მაღლაკში, ფარცხანაყანევში, ოფშკვითში და სხვაგან დამკვიდრებულმა „მოსავლის დაბინავების დღესასწაულებმა“ (7, 15, 20, 25 ნოემბრობა) მართლაც მოიკიდა ფეხი, მაგრამ ეს ჩვეულებრი საქეიფო დღეები (საოჯახო, სამეგობრო, უბნის თავშეყრის) იყო და თითქმის არაფერი აკავშირებდა 7 ნოემბრის რევოლუციასთან ან -კოლმეურნეობის მიერ მოსავლის აღებასთან და „დამსახურებულ შვებულებაში გასვლასთან“…
ე.წ. “მეჩაიეს დღე“ თითქმის ყოველთვის ასეთი პროგრამით ტარდებოდა: (მოგვყავს რეპორტაჟი 1963 წლის ღონისძიებიდან): სამასწლოვანი მუხის ჩრდილში დღის 4 საათისთვის ასპარეზობა დაიწყეს მოჭიდავეებმა. ერთმანეთს ეცილებოდნენ მაღლაკელი, გეგუთელი, გვიშტიბელი და ფარცხანაყანეველი ფალავნები. წონითი კატეგორიების მიხედვით გაიმარჯვეს და ქების სიგელები გადაეცათ: გივი გუდაძეს, შალვა კუხიანიძეს, ჯემალ ღაჭავას (მაღლაკი); არსენ მაჩალაძეს (გეგუთი); რევაზ გახოკიძეს, გივი ცანავას (გვიშტიბი) და ნოდარ გუბელაძეს (ფარცხანაყანევი). ჭიდაობის პარალელურად ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მიმდინარეობდა შეჯიბრება ჭადრაკსა და შაშში. ჭიდაობის დასრულებისთანავე მაყურებელმა იქვე ფრენბურთის მოედნის გვერდით გადაინაცვლეს, სადაც ერთმანეთს გეგუთელი და მაღლაკელი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. 3:1 -ამ ანგარიშით მასპინძლებმა იმარჯვეს.ამის შემდეგ ყველა კულტურის სახლის (დირექტორი: ზ.კოსტავა) დარბაზში შევიდა, სადაც მოეწყო შეხვედრა მოწინავე მეჩაიეებთან…ჯერ გამოვიდნენ მაღლაკის თვითმოქმედი კოლექტივის სოლისტები. ფორტეპიანოს თანხლებით იმღერეს: მანანა ჭოლაძემ, ნუნუ ლექვინაძემ, მაგული ნიჟარაძემ. იცეკვეს: ნაზი შარვაძემ, ანზორ სოტიევმა, ზაურ ბანევიჩმა…იუმორისტულ სკეტჩებში გამოვიდნენ: მანანა გოგავა, ნაზი შარვაძე და რევაზ ჟორჟოლიანი. მაყურებლით გადავსებული დარბაზის წინაშე საფინალო პროგრამით წარსდგნენ სტუმრები- ბათუმის საესტრადო ბრიგადის მსახიობები.
P.S. საბედნიეროდ, ელიობის ბრწინვალე დღესასწაული (წმ. ელია თეზბიტელის ხსენების დღე) ღვთის ნებით და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უფრო დაუბრუნდა დედა-ეკლესიას და ეს დღესასწაულიც უპირველესად ტაძარში იწყება, რომელიც სწორედ წმინდა ელიას სახელს ატარებს…
მურთაზ კანკაძე- მაღლაკის საშუალო სკოლის ამ მოსწავლის პირველი წერილები წყალტუბოს რაიონულ გაზეთში 1957-58 წლებში დაიბეჭდა…60-იან წლებში ის უკვე გაზეთ „დროშის“ სისტემური ავტორია და მისი ძირითადი თემა სწორედ მშობლიური სოფლის ცხოვრებაა. 1961-63 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში იყო, თუმცა იქედანაც ახერხებდა გაზეთთან თანამშრომლობას…მისმა პუბლიკაციებმა ბევრი ჩვენი დასამახსოვრებელი თანასოფლელის სახელი დაგვიტოვა. ასე მაგალითად:
მაღლაკის საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ციური ჟორჟოლიანი ამავე სკოლის მეჩონგურე ქალთა და ვოკალური ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია. იგი მღერის გატაცებით, ხავერდოვანი ხმით. 1959 წელს ციური დასასვენებლად გაგზავნეს პიონერთა ქალაქ „მზიურში“. ბანაკის საზეიმო გახსნაზე ციურის უფლება მისცეს, რამდენიმე სიმღერა შეესრულებინა თავის განუყრელ ფანდურთან ერთად. ციური სკოლის წარჩინებული მოსწავლეცაა…
სკოლები მაღლაკში კვლავ რჩება ინტელიგენციის ერთ-ერთ მთავარ ასპარეზად. სხვადასხვა დროს რაიონის განათლების განყოფილებას ხემძღვანელობდნენ რაჟდენ ღაჭავა (1960-იან წლებში მაღლაკის საშუალო საკოლის დირექტორი) და ვასილ ჩოგოვაძე (მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორი). რაიონულ პრესაში და პროფესიულ-პარტიულ შეკრებებზე უკვე აქტიურობს საშუალო სკოლის პედაგოგი, ისტორიკოსი ქალბატონი თინა შარვაშიძე, რომლის პუბლიკაციებიც საიმედო წყაროებად გვევლინება იმ პერიოდის მაღლაკური ისტორიებისთვის. 1960-1970 წლებში საშუალოდ სკოლის მოსწავლეთა რიცხვი მერყეობდა 330-დან 400-მდე. სკოლის აბსოლუტური მოსწრება 92.7% -ით განისაზღვრა. მის პატაკში დაფიქსირდა რამდენიმე წარჩინებული მასწავლებლის გვარიც: ნ.ბახტაძე, შ.გუბელაძე, ვ.ხაბურძანია, ქ.გოგისვანიძე, ნ.ხაბურძანია, ლ.ჩეჩელაშვილი, შ.ლექვინაძე, ბ.ფაჩუაშვილი, ლ.გოგისვანიძე, გ.ჟორჟოლიანი, მ.კიკაჩეიშვილი. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ისევ შალვა ბაღათურიაა. იგივე სკოლის სწავლასა და შრომაში დაწინაურებულთა შორის მოიხსენებენ მოსწავლეებს: ჯიმშერ ჟორჟოლიანი, ადელინა ჭოლაძე, გულნაზი კვერნაძე, ნარგიზა ღაჭავა, გენრიეტა ზვიადაძე, ცისანა ქუთათელაძე, ლიანა კანკაძე…
მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის პედაგოგებს შორის გვხვდებიან: ივანე (ვანო) მამაგეიშვილი, ნინო ხაზარაძე, ქეთევან ჩიტორელიძე, ლიდა დეისაძე, ქეთევან ხაზარაძე…ბატონი ვანო მამაგეიშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ. იგი ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედინსტიტუტში ჩარიცხვის პირველსავე წელს (1939) გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. სამშობლოში დაბრუნდა 7 წლის შემდეგ- 1946 წელს და იგივე ინსტიტუტში სწავლა გააგრძელა რუსული ენის ფაკულტეტზე. 1950 წელს დაინიშნა მაღლაკის მეორე 7-წლიანი (მაშინ ასე იყო) სკოლის რუსული ენის მასწავლებლად. დაქორწინდა მაღლაკელ ლიდა დეისაძეზე, რომელიც იგივე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წარჩინებული პედაგოგი იყო. (ამ წყვილის ქალიშვილი ეთერ მამაგეიშვილი მოგვიანებით მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე იქნება. ჯ.კ.). ვანო მამაგეიშვილს სისტემატურად ვხედავთ 1960-იან წლებში სხვადასხვა საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში…
მაღლაკის პირველი რვაწლიანი სკოლის პედკოლექტივი ასევე გამორჩეული იყო თავისი კლასიკური და შემოქმედებითი პედაგოგიური პოტენციალით. განხილვის საგნად იქცა მათემატიკის მასწავლებლის ლ.ლექვინაძის მიერ მოწყობილი „ნორჩ მათემატიკოსთა საღამო“, რომელზეც წარმოადგინეს მათემატიკური ფოკუსები, კომედიებიც კი, ელვა-მათემატიკოსი და ა.შ. ღონისძიებში აქტიურად მონაწილეობდნენ: მ.ფანცხავა (პიონერ-ხელმძღვანელი), მოსწავლეები: გუგული ჩეჩელაშვილი, ნ.შალამბერიძე, გ.ტყეშელაშვილი, თ.ნაკაშიძე, ო.თუთბერიძე, ი.კვერნაძე…
ნაკვესები 1960-იანი წლების მაღლაკიდან:
– ქუთაისი- მაღლაკის ავტობუსი იმდენად დატვირთულია ტომრებით და ყუთებით, მგზავრებს შიგ შესვლა ძალიან უჭირთ…მიუხედავად იმისა, რომ მძღოლ ნ.ილიაევს ოფიციალური გაფრთხილება რამდენიმეჯერ მისცა წყალტუბოს სატრანსპორტო კანტორის უფროსმა ამხანაგმა ზ.ცირეკიძემ, ვითარება არ შეცვლილა: ტომრები და მგზავრები ერთმანეთს აზის!
– კვირაში მინიმუმ 4 დღე მაღლაკის სასოფლო კულტურის სახლში ყოველ საღამოს უჩვენებენ კინო-ფილმებს. დარბაზში ზოგჯერ ისეთი ხმაურია, ფილმის შინაარსის გაგება ძნელი ხდება…ისმის ცალკეულ უსაქმურთა და მთვრალთა გინება, ღლაბუცი, კულტურის მუშაკთა აბუჩად აგდება, ქალიშვილებისადმი ქილიკი…კორეპოდენტი კითხულობს: „სად არიან სახალხო რაზმელები ამ დროს? და საერთოდ, არიან კი ისინი მაღლაკში?“
– 18 წლის მურთაზ კანკაძის საახალწლო ნატვრები: „1. ნეტა იმ დღეს მოგვასწრო, ტანს მაღლაკის აბანოში ვიბანდეთ; 2. კლუბში კინო-სურათი უწყვეტად ჩატარებულიყოს; 3. წყალტუბო- მაღლაკის ავტობუსები გრაფიკით მუშაობდეს და მძღოლები ხურდას ზუსტად იძლეოდნენ; 4. მაღლაკელ ახალგაზრდებს კეთილმოწყობილი ფეხბურთის მოედანი ჰქონდეთ.“
– ზედა მაღლაკის სასოფლო გზები ისეა დაზიანებული, წვიმაში პატარებს მალე ნავები დასჭირდებათ სკოლაში მისასვლელად…
დიდი სამამულო ომის დამთავრებიდან 15 წელზე მეტი გავიდა. 1960 წლისთვის ფაქტიურად მოშუშებული იქნა ყველა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ჭრილობა, რაც შეიძლებოდა, ჰქონოდა ომში მონაწილე ქვეყანას. მეტიც, ამ ომმა საბჭოთა კავშირს მსოფლიო პოლიტიკის სათავეებთან მიუჩინა საკმაოდ დიდი ხანი ადგილი. მოუშუშებელი დარჩა მხოლოდ ადამიანური რესურსების დანაკარგი და ეს განსაკუთრებით ძნელი იყო საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, რომელსაც აღარ ჰყავდა „შვილი დასაკარგავი“… 1960 წლიდან იწყება ომში დაღუპულთა და შინ დაბრუნებულთა შესახებ ინფორმაციების მეტი გასაჯაროება…ჩვენც ეტაპობრივად დავწერთ იმათ შესახებ, ვისზეც შეგვხვდება ინფორმაციები შესაბამის წყაროებში…
სწორედ ამ პერიოდში (1960 წლიდან) იწყება ყოფილ წითელარმიელთა, სამამულო ომის ვეტერანთა როლის განსაკუთრებული წარმოჩინება: ისინი ამას იმსახურებდნენ კიდეც, მაგრამ მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებში (პრესა, რადიო და ცოტა მოგვიანებით-ტელევიზია) დაიწყო მასობრივად ომში მონაწილეთა შესახებ ნარკვევების, ესსეების, რეპორტაჟების პუბლიკაცია. სტალინის როლის დაკნინების პარალელურად რიგითი მეომრების როლის წარმოჩინება ემსახურებოდა აღიარებას იდეის (კომუნიზმის, სოციალისტური სამშობლოს აუცილებელი გამარჯვების) უპირატესობისა ცალკეული პიროვნების შესაძლებლობებზე…
ჩვენ ამ პუბლიკაციებმა შემოგვინახა ძვირფასი თანასოფლელების შესახებ ინფორმაციები: მათი სახელები, ბრძოლის ისტორიები, ოჯახური მოვლენები და ა.შ. მათ შესახებ სხვა ნარკვევებშიც იქნება საუბარი იმის მიხედვით, თუ რომელ წლებში გამოქვეყნდა ეს პუბლიკაციები…
მაგალითად, 1963 წელს გაზეთ დროშაში დაიბეჭდა სტატია მაღლაკელი კირილე გოგისვანიძის შესახებ: იგი იბრძოდა ჰიტლერელი ოკუპანტებისაგან უკრაინის, ბელორუსიის და მოგვიანებით ბალტიისპირეთის რაიონების განთავისუფლებისათვის. მიწაწითელში დაბადებულ და გაზრდილ კირილეს, როგორც მძიმე ყალიბიანი საარტილერიო დანადგარის მემიზნეს, წილად ხვდა, მონაწილეობა მიეღო აგრეთვე პოლონეთის ტერიტორიიდან ფაშისტების განდევნაში. ომგადახდილი მეომარი იგონებს იმ მედგარ ბრძოლებს, რაც საბჭოთა ჯარებმა გაუმართეს უკან დახევით გამძვინვარებულ აგრესორებს ვარშავის გათავისუფლების დროს. კირილე გოგისვანიძე სწორედ აქ, პოლონეთში- მდ. ვისლასთან დააჯილდოვეს საბრძოლო მედლით „მამაცობისათვის“ ! უფრო გვიან, მდინარე ოდერთან გამოჩენილი ვაჟკაცობისა და პროდუქტიულობისთვის (მის პირად ანგარიშზე აღმოჩნდა ათობით გერმანული ტანკის -ე.წ. „ვეფხვების“ განადგურება), კირილე წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს. ამ ჯილდოს მიღებიდან რამდენიმე თვეში კირილე ლორთქიფანიძე თანმებრძოლებთან ერთად ბრძოლით შევიდა ბერლინში, რომლის მსოფლიო დედაქალაქად გადაქცევის გეგმაც ჩაიშალა მეკავშირეების საერთო მეცადინეობით. ომის დასრულების შემდეგ კირილე გოგისვანიძე მშობლიურ მაღლაკში დაბრუნდა…იყო აქაური კოლმეურნეობის ერთ-ერთი წარმატებული ბრიგადირი და კარგი მუშაობისთვის რამდენიმეჯერ ფასიანი საჩუქარიც მიიღო…
სერგო ჟორჟოლიანი პედაგოგი იყო. სოფელში ყველას უყვარდა: გამრჯე, შრომის მოყვარე, ბრგე ვაჟკაცი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სრულიად ახალგაზრდა მიწაწითლის ოთხწლედის ხელმძღვანელი იყო. აქვე გაიცნო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ხაზარაძე…ახალგაზრდებს ერთმანეთი მოეწონათ, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. ორი ქალიშვილი შეეძინათ: მავრა და ლიანა. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე 27 წლის სერგო ჟორჟოლიანი ფრონტზე გაიწვიეს. როგორც ქართველთა დიდ ნაწილი, სერგოც ქერჩში დაიღუპა…დაობლდნენ 5 წლის მავრა და 3 წლის ლიანა, დაქვრივდა მრავალთა სხვათა მსგავსად სრულიად ახალგაზრდა ქეთევანი… საკუთარი გულმოდგინებით და ყოჩაღობით, მტერ-მოყვარის თანადგომით ქეთევანმა ობლობა არ აგრძნობინა შვილებს: იგი მაღლაკის ინტელიგენციის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად ითვლებოდა ათწლეულების განმავლობაში, ხოლო ორივე ქალიშვილი უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ასევე დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და პედაგოგებად დაიწყეს მუშაობა. 1960-იან წლებში სამივე (დედა და შვილები) სოფლის მეორე რვაწლიან სკოლაში მუშაობდნენ.
ვასილ დეისაძე მაღლაკელი გახლდათ. იგი ომში ომის პირველივე წელს გაიწვიეს. იბრძოდა სევასტოპოლის მისადგომებთან. სწორედ ამ გმირი-ქალაქის დაცვისათვის მძიმედ დაჭრილი ტყვედ ჩაიგდეს ჰიტლერელებმა. 1943 წლის შემოდგომაზე იგი იტალიაში მდებარე ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. იტალიელი თანამოაზრეების მეშვეობით ბანაკში გამამხნევებელი ცნობა მოვიდა, რომ „თავისუფლებისათვის ბრძოლის მოხალისეთა კორპუსში“ იბრძოდა ტყვედყოფილ ქართველ პარტიზანთა რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. ამ ამბავმა წაახალისა საკონცენტრაციო ბანაკის საბჭოთა ტყვეები. მათ შეადგინეს ბანაკიდან გაქცევის გეგმა და 1944 წლის 9 მარტს 17-მა ქართველმა ტყვემ თავი დააღწია დილეგს. მათ შორის იყო ვასილიც. იტალიელი მეკავშირის საშუალებით მოხდა გაქცეულთა დაკავშირება და შეერთება ვ. გაბისონიას რაზმთან. იტალიაში მოქმედი ეს ქართული რაზმი მონაწილეობდა მრავალ ტოპიკურ თუ მასშტაბურ ოპერაციაში…ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში გამომგზავრების წინ ვ. გაბისონიას რაზმის მებრძოლებმა სოფელ კიანოკში მოინახულეს ძმათა სასაფლაო, სადაც ათეულობით დაღუპული მათი მეგობარი, ქართველი თანამებრძოლი განისვენებდა. 1965 წელს ვლადიმერ გაბისონია სტუმრად ეწვია თანამბრძოლს ვასილ დეისაძეს მშობლიურ მაღლაკში… მაშინდელ პრესაში გამოქვეყნდა გეგეჭკორის (ახლა-ქ.მარტვილი) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლის სტატია, სადაც ვრცლადაა მოთხრობილი ფრონტელი მეგობრების შეხვედრის შესახებ…ვასილ დეისაძის ოჯახი მრავალრიცხოვანი გახლდათ. ყოფილი არტილერისტის და პარტიზანის მეუღლე მარგალიტა დეისაძე მრავალშვილიანი დედის სტატუსის გარდა გამოირჩეოდა საკოლმეურნეო შრომის სფეროშიც და ითვლებოდა ერთ-ერთ მოწინავე მეჩაიედ…
რაულ ბაბუნაშვილი
აბესალომ კოსტავა
მეორე ნაწილი
ანარიის ტორფი – 1960 -იანი წლებიდან იწყება მისი ათვისება, პოპულარიზაცია და ფართო მიწოდება პოტენციურ მომხმარებლამდე. ტერიტორია, სადაც ამ ტორფის პრაქტიკულად ბუნებრივი საბადო არსებობდა, მდებარეობდა მიწაწითლის დასავლეთით… ნიადაგში ჰუმუსის ზრდის მიზნით აუცილებელია ზოგადად ნაკელის, ტორფის, კომპოსტების და სხვა ნივთიერებების გამოყენება. ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა აზრით (მოგვყავს ციტატა პროფესორ ა. მენაღარიშვილის სტატიიდან), სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე მდებარე ანარიის ტორფი არის უმაღლესი ხარისხის ნეიტრალური მასა! მასში მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებანი დაახლოებით იგივეა, რაც-კარგად შენახულ ნაკელში. აგროქიმიური ლაბორატორიის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზედა ფენა 20-30 სმ სიმაღლეზე იმდენად სრულად არის დაშლილი, რომ გადამწვარ ნაკელს მოგვაგონებს… ანარიის ტორფის გამოყენება პრაქტიკულად შეწყდა მომავალ 20-წლეულში მონოპოლიზებული სამეურნეო სტრუქტურების გაუქმების შემდეგ…კერძო მეურნეობებმა ეს სიკეთე დაივიწყეს…მარტო 1964 წლის გაზაფხულზე (ოფიციალური ინფორმაციით) მაღლაკის ლენინის სახელობის კოლმეურნეობამ (თავმჯდომარე შ. ჯავახაძე) სასათბურე მეურნეობაში 400 ტონა ანარიის ტორფი შეიტანა!…
1963 წელს რაჟდენ ღაჭავა წყალტუბოს რაიაღმასკომის განათლების განყოფილების გამგედ დააწინაურეს, ხოლო საშუალო სკოლის დირექტორად გვევლინება ა.ნამგალაძე. ორიოდე წელიწადში რ.ღაჭავა ისევ გვევლინება მაღლაკის საშუალოს სკოლის დირექტორად. მაღლაკის პირველი რვაწლიანი სკოლის დირექტორი ამ პერიოდში არის შ.კეთილაძე, მეორე რვაწლიანისა კი- ვასილ ჩოგოვაძე. იმ პერიოდის მაღლაკის სკოლებში ორი ლენინის ორდენოსანი პედაგოგი მოღვაწეობდა: ი.ჭყონია და ნ. გოგისვანიძე.
მაღლაკის სკოლებში (იშვიათი იყო საქართველოში სოფელი, სადაც 6 სახელმწიფო სკოლა არსებობდა: 1 საშუალო, 2- რვაწლიანი და 3 -დაწყებითი) ჯერ კიდევ მოღვაწეობდნენ პედაგოგები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულნი იყვნენ რევოლუციამდე, როცა წერა-კითხვის გავრცელება ძირითადად სასულიერო პირთა და ცალკეულ საერო პირთა დიდი მონდომების შედეგად ხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გახლდათ იონა ჭყონია. იგი რამდენიმე დიდი სახელმწიფო რეგალიის (ლენინის ორდენი) მფლობელი იყო, მაგრამ ხალხის სიყვარული მისთვის და მისი ოჯახისთვის გახლდათ მთავარი ჯილდო. 1965 წელს სასოფლო კულტურის სახლში მოეწყო დიდი საზეიმო შეხვედრა სამ ღვაწლმოსილ პედაგოგთან, რომელთა აღზრდილებიც პრაქტიკულად მაღლაკის (და-არა მარტო) პოლიტიკური-სოციალური მართვის სათავეებთანაც იდგნენ. ამ პედაგოგების სახელებია: იონა ჭყონია, თამარ ჭყონია (მისი მეუღლე) და მარიამ ნიჟარაძე! შეხვედრა გახსნა და სამეულის ღვაწლზე ისაუბრა ისტორიკოსმა თინა შარვაშიძემ. ვრცლად ისაუბრებს ამაგდარ პედაგოგთა ღვაწლზე, მაღლაკის უახლოესი ისტორიის პერიპეტიებზე ასევე ისტორიის მასწავლებელი გოგუცა ჟორჟოლიანი….შეხვედრის დასასრულს მაღლაკის საშუალო სკოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა (ხელმძღვანელი ე.ალასანია) გამართა კონცერტი. აქვე ავღნიშნავთ, რომ იმხანად მაღლაკში პოპულარობით სარგებლობდა პირველ რვაწლიან სკოლაში ჩამოყალიბებული ნორჩ მოცეკვავეთა წრეც, რომელსაც ახალგაზრდა ქორეოგრაფი ჯუმბერ ერაძე ხელმძღვანელობდა…
1964 წლის იანვარში მაღლაკის საშუალო სკოლასთან (დირექტორი ა.ნამგალაძე) შეიქმნა მუსიკალური სკოლა, რაშიც სოფელს დიდი დახმარება გაუწია ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალურმა სასწავლებელმა. უკვე პირველ წელს ფორტეპიანოს შემსწავლელ წრეში 35 ბავშვი გაერთიანდა. პიანინო კი წრეს მაღლაკის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობამ შეუძინა. პარალელურად სასოფლო კულტურის სახლთანაც მეცადინეობები დაიწყო მუსიკის შემსწავლელმა წრემ. 1965 წელს სკოლაში ჩამოყალიბდა ფოტომოყვარულთა წრე ფიზიკის მასწავლებლის გ.ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით. 1966 წელს დაიწყო ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, სადაც იმეცადინებდნენ ტანვარჯიშის, ფრენბურთის, კალათბურთის და ხელბურთის სექციები. მშენებლობას აწარმოებდა კომუნალური მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს სარემონტო-სამშენებლო უბანი.
სოფლის ტერიტორიაზე მანქანა-ტრაქტორთა სარაიონთაშორისო სადგურის განლაგებამ (მტს) დიდი როლი შეასრულა მაღლაკის კოლმეურნეობების თუ კერძო რგოლების შესაბამისი ტექნიკით მომსახურეობის უზრუნველჰყოფაში. დიდ სოფელს სახნავ -სათესი ნაკვეთებიც ბევრი ჰქონდა. მექანიზატორთა ბრიგადას გურამ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა…მის პატაკში ჩანს ბევრი წარმატებული მექანიზატორი (ტრაქტორისტი): ნოდარ ჯავახაძე, ელგუჯა ჯავახაძე, ვარლამ (ვალიკო) ჭეიშვილი, ზურაბ ჟორჟოლიანი, ანზორ ფესტვენიძე, გივი და უშანგი ხაინდრავები…
1964 წელს პირველად ჩვენი სოფლის ისტორიაში სიმინდის სათეს ფართობებზე (დაახლოებით 485 ჰექტარი) თვითმფრინავით შეიტანეს ფოსფორი, რითაც დაიზოგა ასეულობით ადამიანის შრომა…
1963 წლის მეორე ნახევარში მაღლაკში დაიწყო თევზსაშენის (ე.წ. „სათევზიას“) მშენებლობა! მაღლაკის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის ტერიტორიაზე (ე.წ. „დამპალა“) რამდენიმე თვის განმავლობაში გუგუნებდნენ ტრაქტორები, ბულდოზერები, სრეპერები, თვითმცლელი მანქანები…სულ თევზსაშენი 42 ჰექტარს დაიკავებს. გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი აუზი, რომელთა წყლის სიღრმეც მინიმუმ 2.5 მეტრი იქნებოდა… „საქთევზტრესტის“ ამ თევზსაშენის სამივე აუზში გაუშვებენ სარკისებრი კობრის ლიფსიტებს. თითოეული აუზიდან საშუალოდ იგეგმებოდა 20-25 ტონა (ანუ ჯამში-75 ტონამდე) ახალი თევზის მიღება…მშენებლობის მთავარი ინჟინერია ოთარ ლომაძე, ხოლო სამუშაოთა მწარმოებელი- დავით ლეჟავა…სამუშაო გეგმის მიხედვით 200 ათას მანეთამდე უნდა დამჯდარიყო… მაღლაკის თევზსაშენის მშენებლობა წარმატებით დასრულდა უკვე 1964 წელს!
ამ პერიოდის ადგილობრივი მმართველობა ასეთი სტრუქტურით წარმოგვიდგება: ქვეყანაში არსებული ერთადერთი პოლიტიკური პარტია (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია) წარმოადგენდა რეალურად რესპუბლიკური და ტერიტორიული ხელისუფლების სათავეში მყოფ ძალას. პარტია აკონტროლებდა უფრო დაბალ რგოლსაც- სოფლის და დაბების ე.წ. „თვითმმართველობას“. მაღლაკის ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში განსახილველ პერიოდში ორი პიროვნება გვევლინება: სევერიან ჟორჟოლიანი და თინა შარვაშიძე (1969 წლიდან). მათ პოსტს ერქვა: „სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე “. სოფლის სახალხო დეპუტატები კი წარმოადგენდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით ადგილობრივ თვითმმართველობას. ამ სამმართველო რგოლის წევრები იყვენენ: ინდიკო ჩეჩელაშვილი (ბრიგადირი), აბესალომ კოსტავა (ბრიგადირი), ვახტანგ მარჯანიშვილი (ფერმის გამგე), ბონდო შალამბერიძე (პედაგოგი), ნაზი ნიქაბაძე, თამარ დეისაძე, ზოსიმე ჟორჟოლიანი (სოფლის ექიმი), ჟუჟუნა ჩეჩელაშვილი, მერი კანკაძე, სიმონ ტყეშელაშვილი, ლამარა გოგისვანიძე, ლუბა ჟორჟოლიანი, ვიტალი გოგისვანიძე. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჩანს გარკევული ინიციატივები და ფუნქციების განაწილება ამ დეპუტატებს შორის. მაგალითად: ვ.მარჯანიშვილის და ბ.შალამბერიძის ინიციატივით დაიწყო ზედა მაღლაკის შიდასასოფლო გზების კეთილმოწყობა. კოლმეურნეები მასობრივად გავიდნენ შაბათობებზე, ამუშავდა ბულდოზერები, ტრაქტორები, გაკეთდა წყლის საწრეტი არხები, მოსწორდა და მოიხრეშა გზები…დეპუტატები ნ.ნიქაბაძე, თ.დეისაძე და ზ.ჟორჟოლიანი სასოფლო საბჭოსთან არსებული ჯანმრთელობის დაცვის მუდმივი კომისიის წევრები არიან და მონდომებით ზრუნავენ სოფელში სანიტარულ- ჰიგიენური ღონისძიებების განსახორციელებლად. ლ.გოგისვანიძეს, ლ.ჟორჟოლიანს და ვ.გოგისვანიძეს მოსახლეობამ განაწესი მისცა მიწაწითელში, მარდალეიშვილების და სოფლის სხვა უბნებში რადიოქსელის მუშაობის, ელექტროგანათების გაუმჯობესების და სარწყავი არხების წესრიგში მოყვანის საკითხებზე. სწორედ ამ პერიოდში გადაწყდა დეპუტატ თ. დეისაძის თაოსნობით ხაზარაძეების უბნის სოფლის ცენტრთან ავტოტრანსპორტით დაკავშირება: ამიერიდან ქუთაისი- მაღლაკის ავტობუსით სარგებლობა შეეძლო პრაქტიკულად სოფლის ყველა მცხოვრებს.
21-ე საუკუნის ახალგაზრდებისთვის ასე დავწერ: „კომკავშირი“ გახლდათ მაშინდელი მმართველი და ერთადერთი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთა, ახალგაზრდული კავშირი. კომკავშირი ითვლებოდა პარტიის ყველაზე საიმედო საყრდენად, ცვლად, კადრების რეზერვად…როგორც წესი, 14 წლის ასაკიდან სკოლის მოსწავლეებს რიგ-რიგობით იღებდნენ კომკავშირის (ალკკ- ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი) რიგებში…დამოუკიდებელი საქართველოს წიაღში (1990-იანი წლებიდან) აღმოცენებულმა ბევრმა პარტიამ შექმნა ანალოგიური ახალგაზრდული ორგანიზაციები, რასაც საერთო ახლო „საბჭოთა წარსულთან“ უფრო ჰქონდა, ვიდრე -ევროპულ ან ამერიკულ რეალობებთან…1960-70-იან წლებში მაღლაკელი კომკავშირლების ორგანიზაციის მდივნად გვევლინება ჯონდო ჯავახაძე: მან დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და მშობლიურ სოფელს მიაშურა. როგორც ერთ-ერთ პატაკშია აღნიშნული, თანამოაზრეებთან ერთად ჯონდო აქტიურად მუშაობს სკოლის კომკავშირლების და სოფლის ყველა ახალგაზრდის მაქსიმალურ ჩართვა-გააქტიურებისთვის კოლექტივის საქმიანობაში…დასახელებულია რამდენიმე ყველაზე აქტიური და ბეჯითი კომკავშირელიც: ლეილა კვანტალიანი, იზოლდა ჩეჩელაშვილი, დალი ანდრიაძე, გურამ ჭოლაძე, გურამ ანდრიაძე, ჟუჟუნა ჩეჩელაშვილი …
თუ კომკავშირი პარტიის საკადრო ორგანიზაცია (წინარე გაერთიანება) იყო, კომკავშირისთვის ასეთ ორგანიზაციად (სამჭედლოდ) ითვლებოდა პიონერული კავშირი (პიონერია). კომკავშირულ ორგანიზაციებს მდივანი ხელმძღვანელობდა, პიონერულებს კი- თავმჯდომარე. სკოლებში კომკავშირში მიღების ასაკად ითვლებოდა 14 წელი. თითოეულ კლასს (მერვე კლასიდან) ჰყავდა კომკავშირის მდივანი, საბოლოოდ კი სკოლასაც ჰყავდა მთელი სკოლის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანი…მე-4 კლასიდან (10 წლის ასაკიდან) ბავშვებს მიაკუთვნებდნენ პიონერულ ორგანიზაციებს: კლასს ჰყავდა პიონერული რაზმი და შესაბამისად-რაზმის თავმჯდომარე, ხოლო სკოლას- პიონერთა რაზმეული შესაბამისად რაზმეულის თავმჯდომარით! არსებობდა უფრო დაბალი რგოლიც (პირველი-მესამე კლასელებისთვის) – ოქტომბრელთა კავშირი, რომელიც რაიმე ორგანიზაციული სტრუქტურების გარეშე წარმოადგენდა „პარტიის საყრდენს“….მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის პიონერხელმძღვანელი, მასწავლებელი მალვინა გოგისვანიძე თავის პატაკში აღნიშნავს, რომ სკოლაში სულ 4 რაზმი იყო 96 პიონერით: განსაკუთრებით გამოირჩევა N2 რაზმი მერვეკლასელი დალი ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით. კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჩიტორელიძეკარგად იცნობს რაზმის სამუშაო გეგმას, თავადაც ურჩევს ბავშვებს შეკრების საინტერესო თემებს, თვალყურს ადევნებს წრეობრივ მეცადინეობებს…რაზმეულში შექმნილია პიონერული საგუშაგოები, რომლებიც დაუნდობელნი არიან ზარმაცების, გამცდენების და უდისციპლინოების მიმართ…ბავშვები ინტერესით ეუფლებიან ჭადრაკის თამაშს, რომლის შემსწავლელ წრეს მერვეკლასელი წარჩინებული მოსწავლე ეთერ მამაგეიშვილი ხელმძღვანელობს. არდადეგებზე ჩატარებულ ტურნირში გამარჯვება სწორედ მეორე რაზმმა მოიპოვა…პიონერებთან მუშაობაში სახელმძღვანელო მითითებებს იძლევიან პედაგოგები: ი.მამაგეიშვილი, მ.ჟორჟოლიანი, მ.ხაზარაძე, ლ.გოგისვანიძე…
1966 წელს დაიწყო მშენებლობა იმ ორსართულიანი ადმინისტრაციული ნაგებობისა, სადაც დღეს მაღლაკის თვითმმართველობაა განლაგებული. თავდაპირველად იქ მხოლოდ რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობის კანტორა მოიაზრებოდა, მაგრამ მალევე სოფლის აქტივის („არტელის გამგეობა“) ჩარევით გადაწყდა, აშენებულიყო მოზრდილი შენობა, სადაც მოთავსდებოდა საბჭოს აღმასკომი და ფოსტაც…მშენებლობას წარმართავდა წყალტუბოს რაიონის საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო საბჭო.
სწორედ ამ პერიოდში (1967 წლიდან) ფართოდ დაინერგა ჩაის გასხვლის მექანიზაცია. ნელ-ნელა ინერგება ჩაის საკრეფი მანქანებიც. მაღლაკში კოლმეურნეობა „ეწერის“ ფართობებში უკვე წარმატებით ტარდებოდა მექანიზებული გასხვლა „ტ-16 მჩ“ ტრაქტორებით, რომელთაც მართავდნენ შუქურა ჟორჟოლიანი და ბონდო კოსტავა. მექანიზაცია მთლიანად, ცხადია, ვერ ანაცვლებდა ხელით შრომას, რასაც თავის პატაკში ბრიგადირი ნოდარ ჟორჟოლიანიც ხაზს უსვამს, ჩამოთვლის რა ბრიგადის მოწინავე მეჩაიეებს: ლიანა კუჭუხიძე, ეთერ კობეშავიძე, ფაცია გოგისვანიძე, ლამარა ჯავახაძე… შემთხვევით ალბათ არც მომხდარა, რომ სისტემამ ელიობის დღესასწაულის ჩანაცვლება (უშედეგოდ, მაგრამ-მაინც) სწორედ „მეჩაიეს დღით“ სცადა და არა, ვთქვათ- „მებოსტნის დღით“…
მაღლაკის სიდიდის, მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური და გარკვეული პოლიტიკური ინტერესების გამოც აქ არსებული ორივე კოლმეურნეობა მრავალდარგოვანი იყო (საქართველოს სინამდვილეში ასეთი პროფილი მხოლოდ კოლმეურნეობათა 12%-ს ჰქონდა). მაგალითად მაღლაკის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის (ქვედა მაღლაკის) სახნავ-სათესი 2 940 ჰექტარს შეადგენდა (1968 წელს). ამას ემატებოდა 545 ჰექტარი საძოვრები და 288 ჰექტარი მრავალწლიანი ნარგავები! კოლმეურნეობაში 11 ბრიგადა ფუნქციობდა 1131 კოლმეურნით. არტელის ფულადმა შემოსავალმა 1967 წლისთვის 602 450 ათასი მანეთი შეადგინა, რაც მაშინდელი კურსით თითქმის 1 მილიონი დოლარი იყო. ცხადია, დოლარის ხსენება არც იყო, სამაგიეროდ ერთი კაცდღის (კოლმეურნეობაში გატარებული ერთი დღის ხელფასი) ანაზღაურება 4 მანეთს არ აღემატებოდა! ამიტომაც მშრომელი და მონდომებული ადამიანები იმთავითვე ცდილობდნენ საკოლმეურნეო (სავალდებულო) შრომის პარალელურად კეთილმოეწყოთ საკუთარ ეზო-კარ-მიდამოში კერძო მეურნეობები, სადაც ფასებსაც და ანაზღაურებასაც თავად დაარეგულირებდნენ.
მურთაზ კანკაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგაც აქტიურად თანამშრომლობს რაიონულ პრესასთან, რესპუბლიკურ გაზეთებთან. ხშირად იბეჭდება მისი პუბლიკაციები მაღლაკის ყოველდღიურობის შესახებ. 1969 წლის დასაწყისში ჩატარდა მისი პოეზიის საღამო გაზეთ „დროშის“ რედაქციასთან არსებულ ლიტერატურულ წრეში. განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად მის ლექსებს: „ნანადირევი“, „ზაფხულის გახსენება“, „მუხა“, „მთების სურათი“, „ბაბუაჩემი“…
1966 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მაღლაკის კულტურულ- საგანმანათლებლო ცხოვრებაში: მიწაწითელში (ადმინისტრაციის შენობაში) გაიხსნა ბიბლიოთეკა. სამკითხველოს გამგე გახლდათ სრულიად ახალგაზრდა ნანული კიკნაველიძე… დასაწყისიდანვე ბიბლოთეკაში 1200 ცალამდე წიგნი განთავსდა. ცალკე ადგილი ჰქონდა დათმობილი თემატურ სტენდებს, რომელთა შორის გამოირჩეოდა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სტენდი. დაფუძნებიდან ორიოდე თვეში ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია თემაზე: „შოთა რუსთაველი: პოეტი, მოაზროვნე და ჰუმანისტი“. კონფერენციაზე მთავარი მოხსენებით გამოვიდა მაღლაკის სასოფლო კულტურის სახლთან არსებული პოლიტგანათლების კაბინეტის გამგე თინათინ შარვაშიძე. ამ დროისთვის ბიბლიოთეკას უკვე ჰყავდა 200-ზე მეტი აქტიური მკითხველი, რომელთა შორის იყვნენ: ქეთევან ჟორჟოლიანი, ნაზი ნიქაბაძე, ვიოლა კოსტავა, ნოდარ კვერნაძე, თამაზ ნიქაბაძე… მოსწავლეები: ეთერ ჟორჟოლიანი, მარინე და ქეთევან ნიქაბაძეები, მარინე გორდეზიანი, ნათელა და მანანა ჯვარშეიშვილები, მზია კოხრეიძე, რომან კოსტავა, ნატული კოსტავა, მზია და მურად ხაზარაძეები…
დაახლოებით ამ პერიოდიდან გიორგი ჟორჟოლიანი (ნანული კიკნაველიძის მეუღლე) გახლდათ მაღლაკის სასოფლო კულტურის სახლის დირექტორი. ამ სახლში პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირებდა: აგრონომიული, ჭადრაკის, ქორეოგრაფიული, დრამატიული და ჭრა-კერვის წრეები. კულტურის სახლის სამკითხველო-პოლიტიკურ საგანმანათლებლო წრეებში აქტიურად მონაწილეობდნენ პედაგოგები: თ.შარვაშიძე, ვენერა კალაძე, გოგუცა ჟორჟოლიანი, ბიბლიოთეკის გამგე ჟუჟუნა ჭოლაძე…დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა როლანდ ლექვინაძე. ამ 12 კაციანი დასის (წრის) ორი სპექტაკლი („ოქროთი სავსე ქვეყანა“, „მთების გუგუნი“) პოპულარობით სარგებლობდა არა მხოლოდ თანასოფლელებში…მაღლაკელ ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა ჯუმბერ ერაძის ხელმძღვანელობით მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდია… აქვე ავღნიშნავთ: წყალტუბოს რაიონში 1969 წლისთვის არსებობდა მხოლოდ სამი სამკითხველო, რომელიც სარგებლობდა „ცენტრალური ბიბლიოთეკის“ სტატუსით. ეს ბიბლიოთეკები იყო: წყალტუბოში (გამგე- ლილი გურეშიძე), რიონში (გამგე-ვალია ჩხარტიშვილი) და მაღლაკში (გამგე- ჟუჟუნა ივანეს ასული ჭოლაძე)!
სწორედ განსახილველ პერიოდში (1965-1970 წ.წ.) რესპუბლიკურ პრესასა და სამეცნიერო წრეებში მაღლაკი არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამის მიზეზი გახლდათ მაღლაკის მკვიდრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის რაულ გალაქტიონის ძე ბაბუნაშვილის სამეცნიერო გამოკვლევა თემაზე: „არესის ველის ადგილმდებარეობა“. ძალიან მოკლედ ამ გამოკვლევის შინაარსის შესახებ: ცნობილია, რომ დიდი კოლხეთის სახელმწიფოს (ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-I ათასწლეული) ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ქუთაისი სტრატეგიულმა მდებარეობამ… ქუთაისთან არსებულ ველს ბერძენი ისტორიკოსები აძლევენ ბერძნულ სახელწოდებას- „არესის ველი“, სადაც მათივე თქმით განლაგებული იყო ზევსის, ათენა აზიელის, არესისა და სხვათა ტაძრები. პელანიკე მიტილენელი ამბობს, რომ „ოქროს საწმისი“ ინახებოდა ზევსის ტაძარში არესის ველზე…ადგილი, რაზეც ასე დაჟინებით მიუთითებენ ისტორიკოსები და სადაც უნდა ყოფილიყო კოლხთა სამისნო, ეწყობოდა ძველი საკულტო ცერემონიები და დიდი მჭერმეტყველებით გადმოსცემდნენ ღვთიურ წინასწარმეტყველებას. არესის ველი- სინამდვილეში -მაღლაკის ველია!!!
საინტერესოა ბერძენი ჟამთააღმწერელის დიოდორე სიცილიელის ცნობაც ოქროს საწმისის ადგილმდებარეობის შესახებ: როგორც ცნობილია, იასონი კოლხეთში მოვიდა შორეული საბერძნეთიდან ოქროს საწმისის გასატაცებლად, რაშიც მას ეხმარება კოლხეთის მეფის ასული მედეა. დიოდორეს ინფორმაციით, მედეამ არგონავტები ჩაიყვანა ქალაქიდან 70 სტადიონზე დაცილებულ არესის ქალაქში, სადაც არის წმინდა ადგილი და ინახება ოქროს საწმისი. „70 სტადიონი“ უდრის ზუსტად 12 კილომეტრს და 950 მეტრს! დღევანდელ სინამდვილეშიც, სწორედ ამ მანძილზე ქუთაისიდან ქვემოთ, დასავლეთისკენ, მდინარე გუბისწყლის სიახლოვეს არის ადგილი, რომელსაც ჰქვია უძველესი სახელი -არანია, შენაცვლებით-ანარია. არანია გადაჭიმულია მაღლაკის სამხრეთ-დასავლეთით 130 ჰექტარ ფართობზე (მიწაწითლიდან გუბისწყლამდე). ხალხში არსებობდა გადმოცემა, რომ აქ არსებული უძველესი და მდიდარი ქალაქი მიწისძვრამ დაანგრია, მერე ყველაფერი ჭაობის სქელი, ტალახიანი ფენით დაფარულა…ეს ფენა ახლა არანიის ტორფის სახელითაა ცნობილი…ადგილობრივები იმასაც ამბობდნენ, რომ ამ ქალაქის განადგურება იყო ღვთის სასჯელი ოქროს საწმისის კოლხთაგან ბერძენთათვის გადაცემის გამო…1932 წელს საწრეტი არხის გაჭრის დროს დიდ სიღრმიდან ძველი აგურები ამოყარეს…ბერძნულ წყაროებში ასევე მითითებულია, რომ არესის ველსა და კუტაიას შორის იყო ქვიანი ველები…მედეა, რომელმაც კარგად იცოდა „მაღლაკის“ ქვიანობა, იასონს არიგებს, რომ ამ ქვების სროლით ჩამოაგდოს შუღლი მიწიდან აღმოცენებულ დევგმირებს შორის. იასონიც ამ საშუალებით აღწევს გამარჯვებას. დასავლეთ საქართველოში არსად არაა მეორე ისეთი ველი, რომელიც გამოირჩეოდეს მეტი ან მსგავსი ქვიანობით მაღლაკის ველისგან. მაღლაკის ველი ამ მხრივ უნიკალურ იშვიათობას წარმოადგენს ნიადაგის განსაკუთრებული თვისობრიობის გამო. „ქვასროლია“ – ეს ტერმინი ხშირად ჯანსაღი იუმორით და ერთგვარი მოფერებითაც იხმარებოდა ხოლმე მაღლაკელთა მიმართ…მაღლაკის აღმოსავლეთით შემორჩენილია იმ გზის ნაშთი, რომელიც ქუთაისს აკავშირებდა არანიის მისადგომებს.ამ გზას ახლაც არანიის გზას ეძახიან. გზის ორივე მხარეს არსებობდა წინანდელი დასახლების ნიშნები მიმობნეული ქვევრების სახით, ადამიანის ნასახლარი; „მრგვალი ტყე“ გარშემორტყმული ამაღლებული მიწაყრილით, ერთგან ჩაყრილი უზარმაზარი ქვევრებით…
სწორედ ამ პერიოდში (1970 წ.) გავრცელდა რესპუბლიკურ პრესაში ხალხური თქმულება სახელწოდებით „მეფის წყარო“, რომელიც ასევე მაღლაკის ისტორიას, კერძოდ კი ანარიის (არანიის) წარსულს ეხება. თქმულების ავტორია სახალხო მთქმელი ივანე ნიქაბაძე: იქ, სადაც დღეს ანარიის ტორფს იღებენ და ბევრი სოფელი სარგებლობს ამით, გაშენებული ყოფილა დიდი ქალაქი, რომელიც მეფე ანარიას სახელს ატარებდა. უშუალოდ ის ადგილი კი, სადაც დღეს ანკარა წყარო მოჩუხჩუხებს, ხშირი ტყით ყოფილა დაფარული. ამ ტყეში კი სეირნობა უყვარდა მეფის ერთადერთ ვაჟს. ერთხელაც ტყეში მარტომყოფ ვაჟს გული შეუღონდა, თვალთ დაუბნელდა და მიწაზე დაეცა…
- წყალი, ერთი წვეთი წყალი! -ამოიკვნესა უფლისწულმა… საიდანღაც გლეხის ასული გამოჩნდა, რომელმაც მოკრძალებით გაბედა მისვლა, მივარდა უფლისწულს, სახე და ხელის მტევნები დაუზილა…“წყალი“ -ისევ წარმოთქვა ვაჟმა… უცნაური ძალით სწვდა გოგონა მიწას, ამოთხარა ზედაპირი და ღრმად ჩაჰყო ხელი მიწაში…ფხაჭნიდა მიწას და თან საკუთარი უმწეობის გამო ტიროდა…უეცრად ქალიშვილმა ხელში სიგრილე იგრძნო: მის მიერ ამოთხრილი ორმოდან წყარომ ამოხეთქა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გოგონამ პეშვით მიაწოდა ვაჟს წყალი, გამოაცოცხლა… უფლისწული მობრუნდა სააქაოს, თვალები მოიფშნიტა, მიმოიხედა, გულის საკინძე გახსნილი ჰქონდა, გვერდით კი წყარო მოჩუხჩუხებდა…გლეხის გოგო გარიდებოდა იქაურობას. დიდი ძებნის შემდეგ ხელმწიფემ ნახა თავისი ვაჟი…ვაჟმა მეფეს მოუთხრო: „კარგად არ მახსოვს, მამა. მხოლოდ თვალი რომ გავახილე, უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი ასული მიჯდა თავთან და როგორც კი შევხედე, გაიქცა აი იქეთ, აღმოსავლეთისკენ. ეს ორმო მისი ამოთხრილი უნდა იყოს, მან გადამარჩინაო…“ მეფე ამალასთან და ვაჟთან ერთად გაეშურა გლეხის გოგოს საძებნელად. მიაგნეს ერთ ქოხში: ქალიშვილს ჯერაც არ მოეშორებინა წითელი მიწა, რომელიც ორმოს ამოთხრისას ტანსაცმელზე ეცხო. მეფემ გლეხის გოგო რძლად გაიხადა, ხოლო იმ სოფელს, სადაც ის ცხოვრობდა, „მიწაწითელი“ უწოდა…
1932 წელს სამელიორაციო არხის გაყვანისას ორნახევარი მეტრი სიღრმეზე იპოვეს სპილენძის სხვადასხვანაირი ნივთები, რომლებიც შემდეგ უყურადღებობის გამო დაიკარგა…ეს შემთხვევა 1964 წელსაც განმეორდა: ერთმა ტრაქტორისტმა მუშაობისას ნიადაგში რაღაც ნივთები იპოვა…ეს ნივთებიც დაიკარგა…
———————————-
მაღლაკის საშუალო სკოლის პატაკებს 1967 წლის მონაცემებით ხელს აწერენ: რ.ღაჭავა- სკოლის დირექტორი, შ.ბაღათურია- სასწავლო ნაწილის გამგე, ბ.შალამბერიძე -პარტიული ორგანიზაციის მდივანი, ე.მამაგეიშვილი -მოსწავლეთა კომკავშირის მდივანი, კ.გუბელაძე- პიონერ-ხელმძღვანელი, ლ.ჭოლაძე- მე-9 კლასის მოსწავლე…
1969 წელს მაღლაკის საშუალო სკოლაში დამონტაჟდა რადიოკვანძი ფიზიკის მასწავლებლის გივი ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით. სკოლის რადიოს დიქტორებად გვევლინებიან მეათე კლასელები: იური კოსტავა და ლიანა კვერნაძე...
1967 წლის პირველ სექტემბერს ექსპლუატაციაში გაეშვა მაღლაკის პირველი რვაწლიანის სკოლის ორსართულიანი შენობა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ სოფლის ისტორიაში. თომა ტყეშელაშვილის მიერ თავის დროზე შეძენილი შენობა ითვლებოდა ჩვენი სოფლის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო კერად, სადაც სხვადასხვა დროს დირექტორებად მუშაობდნენ ლეგენდარული იონა ჭყონია (1892-1971) და რაჟდენ ღაჭავა (1914-1981). მათი დახმარებით პირვანდელ ნაგებობას პერიოდულად ემატებოდა ოთახები, რაც მაინც არ იყო საკმარისი სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესისთვის. ახალ კორპუსს ჰქონდა 12 დიდი საკლასო ოთახი, კაბინეტ-ლაბორატორიები, პედაგოგთა სამუშაო ოთახები… ამ დროს სკოლის დირექტორი გახლდათ შ. კეთილაძე., სასწავლო ნაწილის გამგე- მ.კუტალაძე…ახალი შენობის პირველი სიკეთე გახსნისთანავე დაფიქსირდა: გამოცხადდა ქორეოგრაფიული სტუდიის შექმნა ივ. ქვაშაბაიას ხელმძღვანელობით. აქამდე ზედამაღლაკელი ბავშვები ფაქტიურად ვერ მონაწილეობდნენ თვითმოქმედი კოლექტივების რაიონულ თუ სასოფლო დათვალიერებებში…შენობის პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეში დერეფანში გაიხსნა ზედა მაღლაკელი შინმოუსვლელების სტენდი, სადაც გამოიფინა სრულიად ახალგაზრდა მეომრების, მსოფლიო ომს შეწირული მაღლაკელი ბიჭების ფოტოები: ძმები ესაძეები: ვარლამ, გიორგი, გრიგოლ; იასონ და არსენ ჭოლაძეები; ლევან, ფრიდონ და ოთარ კვერნაძეები; ვალოდია შალამბერიძე; კოსტა ჩეჩელაშვილი; ოთარ ჭოლაძე; გიორგი. კვანტალიანი; შოთა კვერნაძე და სხვ.
1967 წელს იდეის დონეზე გადაწყდა, მაღლაკში გახსნილიყო სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი. იდეა ეკუთვნოდა ომში დაღუპული მაღლაკელის გიორგი ბიბილეიშვილის (1907-1943) ძმას -კოსტას, რომელიც შეხვდა სოფლის მესვეურთ, გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა…ოფიციალური ინფორმაციით მეორე მსოფლიო ომში 700-ზე მეტი მაღლაკელი იყო გაწვეული, რომელთაგან 400-მდე უკან ვერ დაბრუნდა. ბევრი იყო ოჯახი, საიდანაც 2 და მეტი კაცი წავიდა ფრონტზე. მაგალითად, ივანე ჟორჟოლიანის ოჯახიდან მისი ოთხი ვაჟი გაიწვიეს და შინ ვერც ერთი დაბრუნდა. მათი სახელებია: პორფილე, ბიქტორი, ხარიტონი და ანტონი! დედამ ოლღა ჯავახაძემ სამი ვაჟი გააცილა ფრონტზე და სამივე დაკარგა: დავითი, კონსტანტინე და ტიტიკო! 1969 წლის ბოლოს გამართულ სოფლის ყრილობაზე კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ო.მაღლაფერიძემ „ოფიციალურად“ დააყენა ობელისკის გახსნის წინადადება, რასაც, ცხადია, მხარი დაუჭირა ხალხით გადაჭედილმა კულტურის სახლმა…
მაღლაკის ისტორია (1960-70-იანი წლები) წარმოუდგენელია მაღლაკელ ფრენბურთელთა მრავალჯერ ხსენების გარეშე: ეს გუნდი ფაქტიურად კონკურენციის გარეშე იმარჯვებდა რაიონულ შეჯიბრებებზე. 1969 წლის საქართველოს პირველობა „ბ“ კლასის გუნდებს შორის სამტრედიაში ჩატარდა, სადაც წყალტუბოს რაიონის ნაკრებს თითქმის მთლიანად მაღლაკელი სპორტსმენები შეადგენდნენ. საოცრება მოხდა: გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო, დაიკავა პირველი ადგილი, გახდა ჩემპიონი და მოიპოვა „ა“ კლასში თამაშის უფლება. რესპუბლიკურ პრესაში გაიჟღერა წყალტუბოს გუნდის წამყვანი მოთამაშეების სახელებმა: ვაჟა ჟორჟოლიანი, ვახტანგ დოლაბერიძე, რომან ხეთერელი, ვიაჩესლავ სულიმენკო და თემურ ჟორჟოლიანი.
1968 წელს 45 ჰექტარზე გაშენებულმა მაღლაკის სათევზე-სატბორე მეურნეობამ (დირექტორი ა.ასათიანი) პირველი პროდუქცია გამოუშვა- მომხმარებელს პირველსავე წელს მიაწოდა 60 ტონაზე მეტი „სარკისებრი კობრი“. იმ ეტაპზე მეურნეობაში 20 კაცი იყო დასაქმებული!
(მესამე ნაწილი)
1969 წელს მთლიანად გაეშვა ექსპლუატაციაში ორსართულიანი ადმინისტრაციული სახლი, სადაც მოთავსდა სასოფლო საბჭო, ფოსტა, აფთიაქი, სატელეფონო სადგური. მეორე რვაწლიან სკოლასთან (დირექტორი ვ.ჩოგოვაძე) აშენდა მასწავლებელთა ორბინიანი კეთილმოწყობილი სახლი, ხოლო „საქსოფლტექნიკის“ რაიონული გაერთიანების მუშა-მოსამსახურეებისთვის აშენდა და მომხმარებელს ჩაბარდა ორსართულიანი კაპიტალური სახლი. მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის კომისიის თავმჯდომარე შ. ბაღათურია თავის პატაკში აღნიშნავს, რომ ბოლო ორ წელიწადში სოფელში აშენდა 120 „ორსართულიანი კაპიტალური ინდივიდუალური სახლი“ და რომ მაღლაკი კვლავ ხარაჩოებშია: იგი უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი ხდება! ამ წლების მაღლაკზე საქართველოს სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკი ნ. შავგულიძე თავის პუბლიკაციაში წერს: თანამედროვე მაღლაკი ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და კულტურულ სოფლად, სადაც გვხვდება 6 სახელმწიფო სკოლა, კულტურის სახლი, სასოფლო კლუბი, სამი ბიბლიოთეკა, ფოსტა, სამედიცინო პუნქტი, რამდენიმე მაღაზია, სასადილო, საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტები. ნ. შავგულიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბევრი მაღლაკელის ოჯახში ნახავთ რადიოს, ტელევიზორს, გაზქურას, მაცივარს და ძვირფას ავეჯს; რომ მაღლაკელთა გართობისა და დასვენების სამსახურშია დიდებული სასოფლო კულტურის სახლი გიორგი ჟორჟოლიანის დირექტორობით…
1969 წლის მაისიდან მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ გვევლინება პედაგოგი, ისტორიკოსი თინა შარვაშიძე. იგი კვლავ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პრესასთან, რომელიც წარმოადგენდა მაშინ ფაქტიურად ერთადერთ „სოციალურ ქსელს“. მისი პუბლიკაციებით ჩვენ საშუალება გვქონდა, გაგვეხსენებინა იმ დროის მრავალი მაღლაკელის სახელი, ვინც მუშაობდა ქვეყნის, სოფლის და საკუთარი ოჯახის კეთილდღებისათვის…
1970 წლის თებერვალში ჩატარდა ორივე მსხვილი კოლმეურნეობის გაფართოეული კრებები, რომელთა მუშაობაში მონაწილეოდნენ რაიონის ხელმძღვანელობაც (წყალტუბოს რაიკომის პირველი მდივანი გ.ვაშაძე), სოფლის აქტივი. ოფიციალურად დამტკიცდა: კოლმეურნის ოჯახს (საკოლმეურნეო კომლს) ბოსტნის, ბაღის, ვენახისა და სხვა საჭიროებისათვის საკარმიდამო ნაკვეთი განესაზღვროს 0.5 ჰექტარის ოდენობით, შენობების ჩათვლით! კომლს პირად საკუთრებაში შეიძლებოდა, ჰყოლოდა 1 ძროხა ან კამეჩი და ა.შ. კოლექტივიზაციის და „სოციალიზმის მშენებლობის“ განვლილი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდის შემდეგ პირველად გაჩნდა პრაქტიკული და თეორიული მოხმარების სუბიექტი ტერმინი „კერძო საკუთრება“ …მთავარია, გაჩნდა ეს ტერმინი, მერე კი ცხოვრებამ აჩვენა, რომ მიწის ნაკვეთის და საქონლის რაოდენობის “ცოტათი გაზრდა“ ბევრს ვერაფერს დააკლებდა „კომინიზმის იდეას“… ამ სიახლემ განაპირობა კიდეც, რომ 1970 წლიდან (ამ პერიოდს განვიხილავთ მომდევნო ნარკვევში) მაღლაკში საოცარი სისწრაფით მრავლდება კერძო ინტენსიური მეურნეობები, სათბურები, იმატებს კერძო საკუთრებაში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა, უფრო მეტად იზრდება მოსახლეობის კეთილდღეობაც…
ნანული კიკნაველიძე
ოთარ მაღლაფერიძე
11. მაღლაკი 1970 - 1980 წლებში.
1971 წელი მაშინდელი სისტემით მე-9 ხუთწლედის პირველი წელი იყო…იწყება საბჭოთა სისტემის და სსრ კავშირის არსებობის ბოლო 20 წლიანი ეპოქა. ჯერ კიდევ ადრეა „პერესტროიკამდე“, იმ ქვეყნის დაშლამდე, მაგრამ მცირედით უკვე იგრძნობა თავისუფლების სიო, რაც დიდი ქარიშხლის საფუძველი გახდა სულ რამდენიმე წელიწადში… მაღლაკზე ეს სიო იმთავითვე შეიგრძნობოდა: 1960-იან წლებში , როგორც წინა ნარკვევში ვწერდით, გლეხს მიეცა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწა-ნაკვეთებზე საკუთარი მეურნეობის წარმოება, ამ საკუთრების და წარმოების ოფიციალური გაფორმების საშუალება. კოლექტივიზაციის და საბჭოთა წყობილების რეპრესიული პოლიტიკის (1930 წლიდან თითქმის 1960 წლამდე) შემდეგ კერძო საკუთრების დაშვება სოფელში მცირედი დათბობა იყო თავისუფლებისაკენ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკუთრების საზღვრები საკმაოდ შეზღუდული იყო. მაღლაკზე (და მსგავს დიდ სოფლებზე, სადაც მრავალფეროვანი სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის წარმოების საშუალება იყო) უშუალოდ აისახა ეს დათბობა. სწორედ 1970 წლიდან ჩნდება კერძო მეურნეობებში კვალსათბურები (ე.წ. „პარნიკები“) და დიდი სათბურები (ე.წ. “არაჟენიები“). გაჩნდენ ჯერ პიონერები ამ საქმის (ანუ- პირველები)…მალე კი სათბურები თითქმის ყველა ოჯახში აიგო…პარტია ხედავს ტენდენციას, რომ კერძო საკუთრება საბოლოოდ ძირს გამოუთხრის კომუნისტურ იდეალებს, მაგრამ ეს აუცილებელია მოსახლეობის (განსაკუთრებით- სოფლის მოსახლეობის) სოციალური სტაბილურობისთვის. ამიტომ ძლიერდება იდეოლოგიური ზემოქმედება მასებზე კომუნისტური იდეალების მეტი პოპულარიზაციისთვის, გრძელდება ანტირელიგიური პროპაგანდა, კაპიტალიზმის კრიტიკა…მაშინდელი პრესა სავსეა წერილებით, სადაც „მოგვითხრობენ“, თუ როგორ შიმშილობს მილიონობით მშრომელი ინგლისში, აშშ-ში, საფრანგეთში…
პარტია ცდილობს, კერძო მეურნეობების „დაშვების“ პარალელურად აგიტაცია გაუწიოს ე.წ. „სახელმწიფო შესყიდვებს“, მაგრამ მაღლაკელი გლეხები მშვენივრად ერკვევიან ბაზრის მოთხოვნებში და იწყებენ საკუთარ სათბურებში თუ სხვა კერძო მეურნეობებში მოწეული პროდუქციის გაყიდვას იქვე მდებარე ქუთაისის, ხონის, უფრო შორს მყოფი- სოხუმის, რესპუბლიკის გარეთ მდებარე ქალაქების ბაზრებშიც კი…. 1975 წლის თებერვალში დუქნებზე კულტურის სახლში გაიმართა ძალიან დიდი თავყრილობა სოფლის აქტივის რაიონის ხელმძღვანელობის, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წარმომადგენლის მონაწილეობით. ხელისუფლების სამივე დონის (ადგილობრივი, რაიონის, რესპუბლიკური) წარმომადგენლები საუბრობდნენ საზოგადოებრივი შრომის უფრო მეტ აქტუალობასა და პოპულარიზაციაზე…ისინი, ვინც კერძო სტრუქტურებში ძალ-ღონეს არ ზოგავდნენ და კოლმეურნეობებში კი არაფერს აკეთებდნენ, მუქთახორებად მონათლეს…“მუქთახორებში“ მოხვდა ის ნაწილიც, რომელიც არც კერძო ნაკვეთებში იკლავდა თავს და არც- კოლმეურნეობებში…ინტელიგენცია (სკოლების პედაგოგები) შეეცადა, რისხვის ქვეშ სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია მოექციათ… საბაზრო ეკონომიკის გამოცხადებამდე, თავისუფლებამდე სულ რაღაც 10 წელი რჩება. თუმცა თავისუფლება არ იყო გარანტია მუქთახორობის მოსპობისა…
და კიდევ: საგრძნობია პარტიული აქტივისტების შეტევა რელიგიურ ღირებულებებზე, რომელიც მცირედით, მაგრამ მაინც არსებობდა ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის „საბჭოთა საზოგადოებაში“. სწორედ 1970-იანი წლების შუა ხანებში მაღლაკში წამოიჭრა საკითხი, 28 აგვისტო გადაექციათ „მებოსტნის დღედ“…ეს მცდელობა, ცხადია, უშედეგოდ დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ „ელიობა“ ოფიციოზმა „მეჩაიეს დღედ“ მონათლა, მაღლაკლები და მისი სტუმრები ამ დღესასწაულს მაინც სწორი წარმომავლობით აღნიშნავდნენ: მართავდნენ სადღესასწაულო სუფრებს ოჯახებში, უბნებში, მდინარე გუბისწყალზე…ამ სუფრებზე არავინ ახსენებდა „მეჩაიეს დღეს“ … ასევე უშედეგო აღმოჩნდა ქელეხების წინააღმდეგ მიმართული კამპანია: საჯაროდ „ამხილეს“ ქელეხისთვის საჭირო ბრეზენტის „სეფების“ და ჯამ-ჭურჭლის გამქირავებლები, მაგრამ ამან იოტისოდენა ვერ შეამცირა ტრადიციული დამოკიდებულება ქართველებისა ჭირის სუფრის მიმართ. მთავარი მიზეზი ასეთი „მხილებისა“ სწორედ რელიგია იყო: დაკრძალვის დღეებში ჭირისუფალი (და არა – მარტო) ხომ უშუალო შემხებლობაში იყო დედა- ეკლესიასთან…ეს კონტაქტი კი აღიზიანებთა პარტიულ აქტივს…გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა…
მექანიზაცია (ტრაქტორები, კომბაინები) მაღლაკში კვლავ სათანადო დონეზეა, რაშიც დიდ როლს ასრულებს ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მყოფი მტს (მანქანა-ტრაქტორების სადგური). გამოირჩევიან მექანიზატორები: დემურ დოლაბერიძე, გურამ კუტივაძე, გივი გაბუნია, ნოდარ ჯავახაძე, ანზორ ფესტვენიძე, ნოდარ ჟორჟოლიანი, ამბაკო ალფაიძე; კუკური, შაქრო და შოთა ჟორჟოლიანები, იონა ფხაკაძე, რეზო გეგუჩაძე, ჟორა ჟორჟოლიანი, ზურაბ ბენიძე, ვალიკო ჭეიშვილი, კუკური ჟორჟოლიანი, ბონდო კოსტავა, ოთარ მახათაძე.
მექანიზატორთა ბრიგადას ხელმძღვანელობს გურამ ჟორჟოლიანი: მამამისი მეორე მსოფლიო ომიდან შინ ვერ დაბრუნდა. თავად კი 1955 წლიდან უკვე ბრიგადირად მუშაობდა; მექანიზატორთა უმრავლესობა სწორედ გურამის აღზრდილები იყვნენ. ბრიგადაში 20-მდე სხვადასხვა მარკის ტრაქტორი იყო, რომელიც 1200 ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობს ამუშავებდა (ხვნა, კულტივაცია, ჩაის პლანტაციების გასხვლა და ფოთლის კრეფა, მრავალწლიან ნარგავებში საჭირო სამუშაოების ჩატარება და სხვ…). გურამ ჟორჟოლიანი აირჩიეს საქართველოს კომპარტიის 24-ე ყრილობის დელეგატად!
მებოსტნეობის, განსაკუთრებით კი პომიდვრის კვალსათბურების მშენებლობა- განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აბესალომ კოსტავას და პავლე კვერნაძის ბრიგადებმა და მათმა წევრებმა: მიშა კოსტავა, ვახტანგ კოხრეიძე, კორნელი კოსტავა, ტიტიკო ბიბილეიშვილი, ზურაბ მამაგეიშვილი, ვარდენ ჟორჟოლიანი, სიმონ ფერცულიანი, გულიკო ჭოლაძე, ალექსანდრე დეისაძე…მათმა უმრავლესობამ საბჭოთა მეურნეობაში მიღებული გამოცდილება წარმატებით გამოიყენეს მოგვიანებით საკუთარ აგროფირმებში. 1974 წლისთვის ორივე კოლმეურნეობის ანგარიშზე 400-მდე კვალსათბური იყო 2500 ჩარჩოთი!
მეცხოველეობის ფერმები კვლავ ადგილობრივი მრეწველობის ავანგარდშია. კერძო მეურნეობები მათ კონკურენციას ვერ უწევენ იმ მოთხოვნილებების ბაზარზე, რაც ირგვლივ არსებობდა: მარტო წყალტუბოს საკურორტო ინფასტრუქტურას სჭირდებოდა სისტემური და სტაბილური მომარაგება ხორცით, რძით, ყველით…გავიხსენოთ რამდენიმე სახელი: მეორე მეცხოველეობის ფერმა (ბრიგადირი ოთარ ჭოლაძე) 450 სულ პირუტყვს ითვლიდა, რომელმაც 1970 წელს 240 ტონა რძე (!) მიყიდა სახელმწიფოს. გამოირჩეოდნენ: ლუბა დოლაბერიძე, ლენა შარვაშიძე, გალინა დეისაძე, ოლია ნუცუბიძე, ეთერ სარდალაშვილი, ვალია ჩუბრინა… თითოეული დღეში საშუალოდ 150 კგ რძეს წველიდა…კვლავ მოწინავეთა რიგებშია ფერმა ლენინის სახელობის კოლმეურნეობაში, რომელსაც ვეტექიმი იასონ ბობოხიძე ემსახურებოდა. ამ ფერმის სამი მწველავის სახელი მთელმა რაიონმა გაიცნო: ციალა და ფაცია კოსტავები, ფაცია ჯვარშეიშვილი. 1975 წელს პრესაში გამოქვეყნდა რაიონის პირველი ხუთი მწველავის სახელები მათი კონკრეული მონაცემებით, ციფრებით (იხ. ფოტო). ამ ხუთეულში ოთხი ადგილი უჭირავთ მაღლაკელ ქალბატონებს: ნორა ფხაკაძე, ფაცია ჯვარშეიშვილი, ფაცია კოსტავა და ოლია ნუცუბიძე !
მარცხნიდან: ციალა კოსტავა, ფაცია ჯვარშეიშვილი და ფაცია კოსტავა.
სკოლები: მაღლაკის სკოლებში ჯერ კიდევ მუშაობენ პედაგოგები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 1941-1945 წლების ომის სხვადასხვა ეტაპზე. მაგალითად, უკრაინის განთავისუფლებისთვის ბრძოლებში მონაწილეობდნენ: შალვა კეთილაძე ( I რვაწლიანი სკოლის დირექტორი), ალექსანდრე ჯავახაძე, შალვა ლექვინაძე. ბელარუსიის ფრონტზე იბრძოდა საბრძოლო ორდენების კავალერი რაჟდენ ღაჭავა (საშუალო სკოლის დირექტორი). კავკასიის მისადგომებთან იბრძოდა (იქვე დაიჭრა) ვასილ ჩოგოვაძე- მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორი. ზემოთ ჩამოთვლილები მოხვდნენ 1970 წელს გამოცემულ წიგნში „მასწავლებლები დიდ სამამულო ომში“ (ავტორი: ივანე გიორგაძე).
ვასილ ჩოგოვაძე დაიბადა 1917 წელს სოფელ ბანოჯაში. 1935 წელს ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ-ქუთაისის პედინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. ომში გაწვევამდე მუშაობდა გუმბრის სკოლაში მასწავლებლად…დაიჭრა კავკასიის ფრონტზე, გახდა რა მეორე ჯგუფის ინვალიდი. 1948-1952 წლებში გუმბრის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორია. 1952 წლიდან 1974 წლამდე (18 წელი!) იყო მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორი! (ამ პოსტზე იგი ოქროპირ რაფიელის ძე ტყაბლაძემ შეცვალა). ბატონი ვასილი 1976 წლამდე მუშაობდა მაღლაკში იგივე სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მისი მეუღლე ქეთევან ჩიტორელიძე (1922-2013) ასევე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა მაღლაკის სკოლაში. ყველასთვის ცნობილი იყო ფაქტი: ბატონ ვასილს არაერთხელ ჰქონდა მიწვევა წყალტუბოდან, მშობლიური გუმბრიდან, , მაგრამ მაღლაკისადმი და მაღლაკელებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა ის დიდი ხნით დატოვა ამ სოფელში. ფაქტიურად აქ გაიზარდა მათი ორივე ვაჟი…
ვასილ ჩოგოვაძე და მისი კოლექტივი-მაღლაკის მეორე 8-წლიანი სკოლის პედაგოგები.
ქეთევან ჩიტორელიძე
ვასილ ჩოგოვაძე
ვენედიქტე მელქისედეკის ძე ხაზარაძე დაიბადა 1916 წელს გლეხის ოჯახში და იზრდებოდა 6 დასთან ერთად. სწავლობდა მაღლაკის სკოლაში, ქუთაისის პედინსტიტუტში, რომელიც 1939 წელს დაამთავრა. იმავე წელს დანიშნეს სოფელ ტყაჩირის 7-წლიანი სკოლის დირექტორად. 1940 წლიდან დაბრუნდა მაღლაკში, სადაც მუშაობდა კიდეც პენსიაში გასვლამდე, თუ არ ჩავთვლით ფარცხანაყანევის სკოლაში გატარებულ 2 წელიწადს, სადაც ბუნებისმეტყველების პედაგოგად იყო მიწვეული. ვენედიქტე ხაზარაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეც იყო, საიდანაც დაჭრილი დაბრუნდა-მიღებული ჰქონდა მთავრობის სამი ჯილდო. მაღლაკში კი იგი 1941-1952 წლებში იყო მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორი, 1955-1978 წლებში კი მაღლაკის საშუალო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე კლასგარეშე მუშაობის დარგში. ბატონი ვენედიქტე 2000 წელს გარდაიცვალა…
ვენედიქტე ხაზარაძე
1974 წელს მაღლაკელი ეთერ მამაგეიშვილი დაინიშნა საქართველოს ალკკ წყალტუბოს რაიკომის მესამე მდივნად: ეს მაშინ ადგილობრივი ხელისუფლების ელიტაში მოხვედრას ნიშნავდა! ე.მამაგეიშვილი 1951 წელს დაიბადა, 1968 წელს დაამთავრა მაღლაკის საშუალო სკოლა, 1972 წელს კი- ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. ორიოდე წელი ინსტიტუტის დასრულებიდან იმუშავა მაღლაკის საშუალო სკოლაში, საიდანაც მოხვდა სწორედ ალკკ წყალტუბოს რაიკომის მდივნად. ამ თანამდებობის საკურატორო სფეროში შედიოდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლები, პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები… ეთერი ხშირად იბეჭდება პრესაში, მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. 1975 წელს ბრუნდება ჯერ ერთ, მერე -მეორე მშობლიურ სკოლაში: 1975-78 წლებში იყო საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ხოლო 1978-82 წლებში- მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორი! 1982 წელს აირჩიეს მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1987-1991 წლებში დანიშნეს წყალტუბოს რაიონის განათლების განყოფილების იდეურ-ზნეობრივი აღზრდის მეთოდისტად. 1991 წელს ეთერ მამაგეიშვილი საბოლოოდ დაუბრუნდა მაღლაკის მეორე, აწ უკვე, საშუალო სკოლას, სადაც პენსიაში გასვლამდე (2019) მუშაობდა…
ეთერი მამაგეიშვილი
1971 წელს გარადაიცვალა იონა ჭყონია (1892-1971). მაღლაკის ისტორიაში ამ კაცს თავის როლი აქვს- დადებითი, ემოციური, საგანმანათლებლო…კიდევ ერთხელ დავწერთ მის შესახებ: იგი იყო საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (ოფიციალური სტატუსი). 1914 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტში…1917 წლიდან: ჯერ მაღლაკის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებელია, მერე-გამგე, ხოლო 1921 წელს ინიშნება მაღლაკის თემში გახსნილი სკოლების გამგედ. სხვადასხვა დროს იყო: მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე, ზედა მაღლაკის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი (1946 -1957)…მერე კი პენსიაში გასვლამდე იმავე სკოლაში მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ და რიგით პედაგოგად. იონა ჭყონიას მოღვაწეობა აღინიშნა მრავალი ჯილდოთი, ორდენით და ყველაზე მთავარით- ხალხის სიყვარულით! სამწუხაროდ 2 წელიწადში გარდაიცვალა იონა ჭყონიას მეუღლეც, ასევე ღირსეული ადამიანი და ცნობილი პედაგოგი თამარ ყუბანეიშვილი- ჭყონია (1900-1973).
იონა ჭყონია
პიროვნებები სოფლის აქტივიდან : თინა შარვაშიძე(საბჭოს თავმჯდომარე), ოთარ მაღლაფერიძე (1976 წლიდან იგი შეცვალა ზ.კახიძემ, 1977 წლიდან კი-დ. გაბუნიამ) და ჟირონ ბრეგაძე (კოლმეურნეობების თავმჯდომარეები), ინდიკო ჩეჩელაშვილი, ამბაკო ზაქარიაძე, ჟენია ფესტვენიძე, ჟუჟუნა ჩეჩელაშვილი, ბაბუცა ტყეშელაშვილი, ნაზი კუტივაძე, გრიგოლ კუხიანიძე, ეთერ ჩიტია, ტატიანა დოლაბერიძე (დეპუტატები), რაჟდენ ღაჭავა (საშუალო სკოლის დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ბონდო შალამბერიძე (მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორი 1978 წლიდან), შალვა კეთილაძე (პირველი რვაწლიანი სკოლის დირექტორი), ჯ.ჟორჟოლიანი (პროფკავშირების თავმჯდომარე), ალეკო მარჯანიშვილი (მეურნეობის კომკავშირის მდივანი)…
ვანო მამაგეიშვილი
კოტე დოლაბერიძე
ნოდარ ჯავახაძე
ალიოშა დოლაბერიძე
თამარ ყუბანეიშვილი
მეორე ნაწილი
1970-1980 წლებში მაღლაკის კულტურის სახლი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. საუკეთესო ორგანიზაციულ- მენეჯერული და პროფესიული უნარებით გამოირჩეოდა ამ სტრუქტურის ყველა ხელმძღვანელი რგოლი: გიორგი ჟორჟოლიანი (სახლის დირექტორი), ნანა მაღლაკელიძე (კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი), ჟუჟუნა ჭოლაძე (სასოფლო ბიბლიოთეკის გამგე), ნანული კიკნაველიძე (ბავშვთა ბიბლიოთეკის გამგე), ა.ჯიმშელეიშვილი (აგიტმხატვრული ბრიგადის ხელმძღვანელი), კოტე დოლაბერიძე (ქორეოგრაფიული სტუდიის ხელმძღვანელი),
სწორედ იმ პერიოდში მიწაწითელშიც ფუნქციობდა ახლადგახსნილი კლუბი, რომელიც მხოლოდ კინოფილმების საჩვენელ დარბაზად იყო ცნობილი (ამ საქმეს ძალიან კარგად უძღვებოდა კინომექანიკოსი ავთო დეისაძე). კულტურის სახლის მობილური ბრიგადა ხშირად სამუშაო ადგილებზე გადიოდა მოკლე პროგრამებით და შესვენებების დროს მართავდა წარმოდგენებს. ამ ბრიგადის წევრები იყვნენ: ძმები ბადრი და იაგორ ნუცუბიძეები, რევაზ ჟორჟოლიანი, თემურ მარჯანიშვილი.
რეპორტაჟი: ახალი 1979 წლის მობრძანებასთან დაკავშირებით მაღლაკის კულტურის სახლში მოეწყო კარნავალი: „ახალგაზრდობა აწ და მარადის“. საზეიმოდ მორთულ დარბაზში ახალგაზრდებს გულითადად მიესალმა მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თ.შარვაშიძე. საღამოზე მოწვეული ჰყავდათ ახლადდაქორწინებული წყვილი- კომკავშირელები ამირან ტუკვაძე და მზია კოხრეიძე. წყვილს მეურნეობის დირექტორმა ო. აბაშიძემ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. კარნავალის საღამოს ხელმძღვანელობდა ჟიური: ჯიმშერ ჟორჟოლიანი, მადონა გარუჩავა, ნანა მაღლაკელიძე, კოტე დოლაბერიძე…მოეწყო კონკურსები მხატვრულ კითხვაში, სიმღერასა და ცეკვაში, გათამაშდა ლატარეა. აგიტმხატვრულმა ბრიგადამ (ჟ.ჭოლაძე, მ.ლექვინაძე, გ.ჟორჟოლიანი, ე.ჯავახაძე) წარმოადგინა სკეტჩი „თანამედროვე სასიძო“…
გივი გუდაძე – ეს იმ მაღლაკელის სახელი და გვარია, ვინც სახელი გაითქვა ამ პერიოდში როგორც რესპუბლიკის, ასევე- მთელი ქვეყნის (სსრ კავშირი) მასშტაბით. იგი მონაწილეობდა მე-5 საკავშირო სპარტაკიადაზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრის რანგში და ძვირფასი ქულები შესძინა ჩვენს გუნდს, რომელმაც სპარტაკიადაზე მეორე ადგილი დაიკავა. მაღლაკელმა ბიჭმა ჭიდაობის ანა-ბანას ქუთაისში ეზიარა ლევან ფხაკაძის ხელმძღვანელობით. 1963-65 წლებში იგი გახდა ჯერ ქალაქის, შემდეგ კი-იუნიორთა შორის რესპუბლიკის ჩემპიონი (5-ჯერ!). 1970 წელს გივი „დინამოს“ საზოგადოების ალმით საკავშირო ჩემპიონიც ხდება! გივიმ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება იუგოსლავიაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში. კლასიკური ჭიდაობის დიდოსტატი სოფლის სპორტსმენთა საკავშირო სპარტაკიადაზე მეორე ადგილის დაკავებისთვის საჭიდაო ხალიჩით დააჯილდოეს. საჩუქარი გივიმ მშობლიური სოფლის სპორტსმენებს უძღვნა და მათ წვრთნა-დაოსტატებასაც თვითონ ხელმძღვანელობს.
გივი გუდაძე
იუზა გუდაძეს (დაბ. 1957) ფეხბურთის ნიჭი ბავშვობიდანვე ეტყობოდა.. უკვე მე-6 კლასელი მოსწავლე ქუთაისის „ტორპედოს“ ოსტატ ფეხბურთელთა მოსამზადებელ ჯგუფში ჩარიცხეს. აქ იგი უშუალოდ აღმოჩნდა ცნობილი მწვრთნელების – კარლო ხურციძის და დურმიშხან თოდაძის სახელმძღვანელო ჯგუფში. პირველი წარმატება 1971 წელს მოვიდა, როცა მისმა გუნდმა „კოლხიდამ“ საქალაქო ასპარეზობაში გაიმარჯვა. მალე „კოლხიდა“ თანატოლებს შორის საქართველოს ჩემპიონიც გახდა- ბავშვებს ოქროს მედლები თვით ბორის პაიჭაძემ გადასცა. საკავშირო ტურნირში (პიონერთა სპარტაკიადა) კი „კოლხიდამ“ დაამაარცხა რუსეთის (1:0), მოლდავეთის (4:1),უზბეკეთის (4:0), სომხეთის (2:0) გუნდები და მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ უკრაინელ თანატოლებთან. იუზა თავის თანაკლასელებთან ერთად (მურთაზ მანაგაძე და გურამ ლექვინაძე) წყალტუბოს რაიონის ნაკრების ღირსებასაც არაერთხელ იცავდა თანატოლებს შორის. 1974 წელს კი იუზა გუდაძე ქუთაისი „ტორპედოს“ შემადგენლობაში ჩაირიცხა…პროფესიული ფეხბურთის კარიერა მაღლაკელმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კრასნოდარის „ყუბანში“ დაასრულა…
1977 წელს მაღლაკის გუნდმა გაიმარჯვა სპორტსაზოგადოება „კოლმეურნის“ რაიონულ ტურნირში: ფინალში ოფურჩხეთის გუნდი დაამარცხა 3:1 და საქალაქო საბჭოს თასი აიღო. იუზა გუდაძე გუნდის კაპიტანი იყო. მასთან ერთად გუნდში თამაშობდნენ: ტ. გუდაძე, ბ.კანკაძე, ა.სალდაძე, ნ.კვერნაძე, თ. ჯვარშეიშვილი (ბაჩუკი), გ.ლექვინაძე, კ.ჟორჟოლიანი, ი.ჭოლაძე, გ.ჟორჟოლიანი, მ.მახათაძე, რ.ჟორჟოლიანი, რ.ჭოლაძე, ა.კუტივაძე.
იუზა გუდაძე
1970-1980 წლებშიც მაღლაკში ორი მსხვილი მეურნეობაა: რუსთაველის სახელობის (დუქნები + ზედა მაღლაკი) და ლენინის სახელობის (მიწაწითელი + ქვედა მაღლაკი). 1972 წელს 5 ჰექტარი ხეხილის ბაღი (ატმის ნერგებით- 2 ჰა, ტყემლის ნერგებით- 3 ჰა) გაშენდა რუსთაველის სახელობის მეურნეობაში. ნიადაგი მაღალხარისხოვნად დაამუშავა სატრაქტორო ბრიგადამ (იაშა ზაქარიაძე, მურად და იმედი დოლაბერიძეები).ხეხილის დარგვაზე კი თავი ისახელეს: სერგო ჯიმშელეიშვილმა, ტიტე, თამაზ და ვარდენ დოლაბერიძეებმა, გიორგი გუდაძემ, ვლადიმერ ლექვინაძემ…იმავე მეურნეობის მებოსტნეთა რგოლი, რომელსაც ამბაკო ზაქარიაძე ხელმძღვანელობდა, მთელს რაიონში გახდა ცნობილი თავისი მუყაითობით: რგოლის წევრი ქეთევან მარჯანიშვილი საპატიო ნიშნის ორდენის კავალერიც გახდა. მასთან ერთად ხშირად ფიქსირდება ნაზი და გურამ კუტივაძეების, იაშა ზაქარიაძის სახელები.
მაღლაკელ მებოსტნეთა შორის ასევე ცნობილ სახეებად იქცნენ: ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ბაბუცა ტყეშელაშვილი, მზია ჟორჟოლიანი, ივანე კანკაძე, მარიამ კვერნაძე, მარგო დოლაბერიძე… (სამწუხაროდ 1980 წელს შრომის წითელი დროშის ორდენოსანი და სხვა არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი მარგო დოლაბერიძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა).
ალექსანდრე ჟორჟოლიანი
ამ მიმართულებით კვლავ ლიდერის პოზიციებზეა ლენინის ორდენოსანი ინდიკო ჩეჩელაშვილის N1 ბრიგადა (ზედა მაღლაკში). ქვედა მაღლაკში კი კვლავ მოწინავეა მე-15 ბრიგადა, რომელსაც 1978 წლიდან უკვე ნოდარ ჯვარშეიშვილი ხელმძღვანელობდა.
1973 წელს კურორტსა და რაიონულ ცენტრში წყალტუბოში ავალიანის ქუჩის მარჯვენა მხარეს, მაშინდელ კინოთეატრ „კომკავშირელთან“ გაიხსნა დიდი საკოლმეურნეო ბაზარი! ეს მაღლაკელებისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა საკუთარი პროდუქციის გაყიდვის გზაზე…
ჩაი („მწვანე ოქრო“) კვლავ რჩება მაღლაკში ინტენსიური მონოაგროკულტურის ლიდერად. განსახილველი ათწლედი (1970-1980) უკანასკნელია ამ კულტურის ლიდერობისთვის. მომდევნო ათწლედიდან ნელ-ნელა იწყება ჩაის პლანტაციების მიმართ ჯერ იგნორის, მერე სულაც- მათი განადგურების პოლიტიკა. მანამდე კი…გავიხსენოთ: გულნარა ჭოლაძემ მაგალითად 1971-72 წლების სეზონზე 4 ტონამდე ჩაი მოკრიფა, რისთვისაც საკავშირო ჯილდოც დაიმსახურა (მედალი „შრომითი წარჩინებისთვის“). ასე მოწინავეთა პოზიციებზე დგანან: ნორა ჭოლაძე, იამზე კვერნაძე, ციალა ლექვინაძე, ლამარა ტუკვაძე, მაყვალა მახათაძე, ბაბუცა ტყეშელაშვილი, გუგული ესაძე.
მესიმინდე ვარდენ დოლაბერიძე 1973 წელს ერთ-ერთი პრესტიჟული საკავშირო ჯილდოს- „საპაატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი გახლდათ. ამ მიმართულების (მესიმინდეობა) გამორჩეულ კოლმეურნეთა შორის სახელდება ბუხუტი ჭოლაძეც: მან 1973 წელს 1 ჰექტარიდან 1500-ის ნაცვლად 2000 კგ სიმინდი მოიწია. სიმინდის მაღალი მოსავალი მიიღეს: არსენ ცოტაძემ, სილოვან დეისაძემ, ალექსანდრე ჭოლაძემ, ვარდენ ჟორჟოლიანმა, ვალიკო მჟავიამ, ჭიჭიკო იოსელიანმა, ეფრემ კვერნაძემ, ალიოშა დოლაბერიძემ, …
1975 წელს 30 წელი გავიდა მეორე მსოფლიო და დიდ სამამულო ომში სსრ კავშირის გამარჯვებიდან. მაღლაკი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი სოფელი, დიდი ზეიმით და სევდით შეხვდა ღირსშესანიშნავ თარიღს. ზეიმობდნენ ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე ომის ვეტერანები და დარდს ვერ მალავდნენ ოჯახები, რომლებსაც ვერ დაუბრუნდნენ სიცოცხლით სავსე ვაჟკაცები…ზოგიერთმა კი დაღუპულთა საფლავებიც არ იცოდა. და აი, ერთ-ერთმა ოჯახმა მაშინდელი კომუნიკაციების მაქსიმალური გამოყენების გზით მიაგნო თავისი წევრის საფლავს, რომელიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ამ ისტორიას მურთაზ კანკაძე საინტერესოდ მოგვითხრობს ერთ-ერთ გაზეთში:
„ ჩუმი და უწყინარი კაცის სახელით იცნობდნენ მაღლაკში შალვა ანდრიაძეს…ომის დაწყებიდან მეორე დღესვე 35 წლის ვაჟკაცი სამხედრო კომისარიატში გამოცხადდა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგომა ითხოვა…უკანასკნელი წერილი ყირიმიდან მოვიდა: მსუბუქად დავიჭერი, ახლა კარგად ვარ, ფრიცებს დედას ვუტირებთო…მერე შეწყდა სამკუთხა ბარათები და ოჯახმაც მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა მიიღო. სოფელში მომრავლდა თალხები. დიდხანს ელოდნენ მამას პატარები…დრო გავიდა. ბავშვები დაფრთიანდნენ. ჯარისკაცის მეუღლე ცაცია ანდრიაძე საკოლმეურნეო პენსიაზეა: ხან ერთ შვილთანაა, ხან-მეორესთან, ხან-მესამესთან. ხარობს შვილიშვილებში. ორმა მათგანმა კი -ქეთინო და მარინე ანდრიაძეებმა- ბაბუას საფლავის მოსაძებნად ყირიმელ თანატოლებს მიმართეს დახმარებისთვის. პასუხმაც არ დააყოვნა: იქაურმა პიონერებმა შალვა მიხეილის ძე ანდრიაძის საფლავი სოფელ ბატალნოეს ძმათა სასაფლაოზე იპოვეს. შალვა 1942 წელს დაღუპულა იმავე სოფელში… შინმოუსვლელი მეომრის შვილებს და შვილიშვილებს გადაწყვეტილი აქვთ, დიადი გამარჯვების 30 წლისთავის დღეებში ჩავიდნენ ყირიმში და მშობლიური მაღლაკის მიწა მოაყარონ გმირის საფლავს…“
1975 წლის 26 აპრილს მაღლაკის კულტურის სახლში ჩატარებულმა საერთო ყრილობამ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად საბჭოს თავმჯდომარე თინა ევგენის ასული შარვაშიძე დაასახელა! იგი 1922 წელს დაიბადა მაღლაკში. 1944 წელს დაამთავრა ქუთაისის პედინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ჯერ მაღლაკის პირველ რვაწლიან, შემდეგ- საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.იგი გამოირჩეოდა არა მხოლოდ როგორც- მცოდნე, გულისხმიერი პედაგოგი, არამედ, როგორც- ორგანიზატორული უნარების მქონე ადამიანი, ინიციატივების გენერატორი, შესანიშნავი პუბლიცისტი (საბჭოს თავმჯდომარეობამდეც და მერეც ის ხშირად იბეჭდებოდა ადგილობრივ პრესაში), რის გამოც მას იცნობდნენ არა მხოლოდ მშობლიურ სოფელში. 1969 წლიდან თ. შარვაშიძე მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა. პარალელურად იგი წყალტუბოს რაიონული საბჭოს დეპუტატი და საზოგადოება „ცოდნის“ პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდათ.
თინა შარვაშიძე
1976 წელს მაღლაკის საექიმო ამბულატორიაში, რომელსაც ექიმი ზოსიმე ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა, გაიხსნა ფიზიოთერაპიული კაბინეტი. აქ ულტრამაღალი სიხშირის დენით (ე.წ. „უვეჩე“), კვარცითა და სოლუქსით მკურნალობენ რადიკულიტით, ნევრიტით და ფლექსიტით დაავადებულ ავადმყოფებს. ეს მოვლენა მაშინდელ საქართველოშიც კი საკმაოდ იშვიათი იყო: ფიზიოთერაპიის კაბინეტები პრაქტიკულად მხოლოდ საკურორტო ქალაქებში და ცენტრებში იყო ძირითადად თავმოყრილი…
მაღლაკის სკოლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები ხშირად აწყობდნენ ექსკურსიებს არა მხოლოდ რესპუბლიკის შიგნით, არამედ -მის საზღვრებს გარეთაც. ასე მაგალითად, 1977 წელს მაღლაკის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლის (ყოფილი დირექტორის) რაჟდენ ღაჭავას თაოსნობით მოეწყო რამდენიმე დღიანი ექსკურსია ტურისტული მატარებლით ისე, რომ ექსკურსანტებს ფაქტიურად არ გამოუცვლიათ სატრანსპორტო საშუალება. მარშრუტი კი ასე გამოიყურებოდა: მაღლაკი – ქუთაისი – ვოლგოგრადი (ყოფილი სტალინგრადი) – როსტოვი – ქუთაისი -მაღლაკი !
შინმოუსვლელთა მემორიალი:
მეორე მსოფლიო ომში მაღლაკიდან 800-მდე ვაჟკაცი წავიდა. ბევრი მათგანი საბრძოლო ჯილდოებით მკერდდამშვენებული დაუბრუნდა მშობლიურ კუთხეს, მაგრამ თითქმის ნახევარი (400-მდე !) ვერ მოესწრო გამარჯვების მაისის ხილვას. სამარადისოდ ცოცხლობს მაღლაკელთა ხსოვნაში ძმების- მაიორ გრიგოლ ჭოლაძის და პოლიტხელ ილიკო ჭოლაძის, კაპიტნების გრიგოლ ნიჟარაძის, გიორგი ბიბილეიშვილის, ინდიკო ღურჭუმელიას, უფროსი ლეიტენანტის ვახტანგ ნიჟარაძის , ლეიტენანტების ვლადიმერ ნიჟარაძის, ანდრო ჭოლაძის, არკადი კობეშავიძის, ძმები ტყეშელაშვილების, ესაძეების, ჟორჟოლიანების, კვერნაძეების, დოლაბერიძეების, ლექვინაძეების და სხვათა საგმირო საქმეები.
1977 წელს სოფლის ცენტრში აიგო სტენდი, რომელზეც იარაღშემართული მებრძოლის ფიგურაა გამოსახული, როგორც შინმოუსვლელი მაღლაკელის სიმბოლო…დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჭედურობასა და მარმარილოში გამოკვეთილი დაუბრუნდა მშობლებს- შვილი, ცოლს- მეუღლე, შვილებს- მამა, დებს-ძმა… სიმბოლურია სტენდის ადგილმდებარეობაც: სწორედ სამასწლოვანი მუხა აცილებდა სასოფლო საბჭოდან ხელში უწყებით გამოსულ ვაჟკაცებს. და ეს მუხა ისევ შეეგება მათ…
რა თქმა უნდა, მემორიალი საყვარელ ადგილად იქცა შინ დაბრუნებული მაღლაკელი ვაჟკაცებისთვისაც. ერთ- ერთი მათგანი იყო დავით ჟორჟოლიანი, რომელმაც დანგრეული რაიხსტაგის კედლებზე ათასობით სხვა საბჭოთა მეომრების მსგავსად დატოვა თავის ავტოგრაფი. დავითი 20 წლის იყო, ომში რომ გაიწვიეს. პირველი ჭრილობა ბელორუსიის მიწაზე მიიღო.
ვორონეჟის ჰოსპიტალში განკურნების შემდეგ მონაწილეობდა ქალაქების კურსკის და ბელგოროდის დაცვაში. დავითს მოუწია სტალინგრადის დამცველთა რიგებში ყოფნაც, საიდანაც დაიწყო ფაშისტური არმიის ხანგრძლივი უკანსვლა….გამარჯვებას კი, როგორც ავღნიშნეთ, ბერლინში შეხვდა, ზედ რაიხსტაგზე…1977 წელს ახლადგახსნილ მემორიალთან იდგა ომის ვეტერანი 56 წლის დავით ჟორჟოლიანი მრავალ სხვა თანასოფლელთა მსგავსად…
მემორიალთან იდგა 64 წლის ვეტერანი პოლიკარპე ხაზარაძეც: იგი მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას წყალტუბოს რაიონის სხვადასხვა სკოლაში. ბოლოს კი მშობლიურ სოფელში მუშაობდა ჯერ მეორე რვაწლიან სკოლაში (სასწავლო ნაწილის გამგედ) და შემდეგ- მაღლაკის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად (თითქმის 30 წელი). პოლიკარპე იბრძოდა კავკასიის და უკრაინის ფრონტებზე. მის მკერდს ამშვენებდა ათამდე მედალი…სამწუხაროდ ეს 9 მაისი უკანასკნელი აღმოჩნდა პოლიკარპე ხაზარაძისთვის (1913-1978)…
1977 წელს გაიხსნა მაღლაკის ღვინის ქარხანა. ეს გახლდათ პირველადი გადამუშავების საწარმო, რომელიც მიიღებდა ყურძენს წყალტუბოს, ქუთაისის, წულუკიძის, სამტრედიის და ტყიბულის ზონის მევენახეებისგან! ქარხნის წარმადობა 10 ათას ტონაზე იყო გათვლილი. გარდა წმინდა საწარმოო სიმძლავრეებისა და შესაბამისი დანადგარებისა, ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობდა ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის კორპუსი, სასადილო, საშხაპეები, საქვაბე მეურნეობა, წყალსადენი და ა.შ. მთავარ კორპუსში ყურძნის მიღება, დაწნეხა-დაწურვის შემდეგ მინის მილგაყვანილობით წვენი ავტომატურად გადადის ვერტიკალურ ცისტერნებში, სადაც მოხდება დადუღება, გაფილტვრა და ჰორიზონტალურ ცისტერნებში გადასხმა. ამის შემდეგ მასალა ჩამოსასხმელად და მარკირებისთვის ქუთაისის ღვინის ქარხნისკენ აიღებდა გეზს…
1979 წელი ბავშვთა საერთაშორისო წლად იქნა გამოცხადებული. ამ წელს განსაკუთრებულად შეხვდა ახლად გახსნილი მაღლაკის საბავშვო ბაღი, რომლის ხელმძღვანელი პედაგოგი კლარა გუბელაძე გახლდათ. ბაღის შენობა, ინტერიერი, მომსახურე პერსონალი, ხელმძღვანელის ორგანიზატორული უნარები და სხვა საჭირო თვისებები ამ ბაღს სანიმუშოდ ხდის მთელს რაიონში და ეს გრძელდება რამდენიმე ათეული წელი…
კლარა გუბელაძე აღსაზრდელებთან…
რეპორტაჟი: 1979 წელს სწორედ ბავშვთა საერთაშორისო წელს მაღლაკის კულტურის სახლში ჩატარდა დიდი თემატური საღამო დევიზით: „დაე, მუდამ იყოს მზე!“. მასში მონაწილეობდნენ მაღლაკის ყველა სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „გაზაფხული“…ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტები არიან: მამუკა დოლაბერიძე, გოჩა ჟორჟოლიანი, გივი დოლაბერიძე, ელგუჯა ფაჩუაშვილი, გოჩა სამარანი, გოჩა გუბელაძე, და-ძმა ზეინაბ და მამია ჟორჟოლიანები, ნინო ნიჟარაძე. თავიანთი მუსიკალური და დეკლამატორული ნიჭით მოხიბლეს მაყურებელი მოსწავლეებმა: ნანა ლექვინაძე, იამზე კვერნაძე, ჯამბულ კოხრეიძე, თამილა ავალიანი, ინგა ჭოლაძე და სხვ…
1979 წელს სოფლის ადგილობრივი თვითმმართველობის, კულტურის სახლის ადმინისტრაციის და პირადად მურთაზ კანკაძის თაოსნობით, მისი უშუალო მონაწილეობით გაკეთდა ალბომი „მათ ასახელეს მშობლიური სოფელი“. ალბომში თავი მოიყარეს იმ მაღლაკელებმა, რომლებმაც თავიანთი ცოდნით, განათლებით, მოღვაწეობით, გამოგონებებით და საქმიანობით გაითქვეს სახელი მთელს ქვეყანაში! აქვე ჩამოვთვლით რამდენიმეს:
ნიკოლოზ მოსეს ძე ფაჩუაშვილი; დავით ლაზარეს ძე ჟორჟოლიანი; იასონ ნესტორის ძე ჟორჟოლიანი; ალექსანდრე ბესარიონის ძე ჟორჟოლიანი; მიხეილ მელიტონის ძე დოლაბერიძე; ალექსანდრე მელიტონის ძე დოლაბერიძე; ეზეკი პორფილეს ძე ხაზარაძე; რევაზ ეზეკის ძე ხაზარაძე; ნიკოლოზ არსენის ძე კოსტავა; შალვა ფილიპეს ძე მარდალეიშვილი; ტარიელ შალვას ძე მარდალეიშვილი; შოთა რაჟდენის ძე ტყეშელაშვილი; ნინა რაჟდენის ასული ტყეშელაშვილი; ანდრო ნიკიფორეს ძე ნიჟარაძე; იოსებ კონსტანტინეს ძე მახათაძე; არჩილ გერმანეს ძე ჟორჟოლიანი; ინგუშა დიმიტრის ძე ჭოლაძე; ტარიელ აპოლონის ძე გოგისვანიძე; გურამ იონას ძე ჭყონია; იასონ ვასილის ძე ჟორჟოლიანი; მიხეილ ლუკას ძე მარდალეიშვილი; ლილი მიხეილის ასული კვერნაძე; შოთა ლაზარეს ძე მარდალეიშვილი;
1971 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ უმაღლესმა ხელისუფლებამ დააჯილდოვა ქვეყნის მრავალშვილიანი დედები: პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით შესაბამისად 9 (მეტი) და 8 შვილის დედები, აგრეთვე- მედლებით 5 (და მეტი) შვილის დედები.
წყალტუბოს რაიონიდან ეს მაღალი ხარისხის ჯილდოები გადაეცათ სულ 7 ქალბატონს და აქედან ნახევარზე მეტი -4 პირი გახლდათ ჩვენი თანასოფლელი.
გავიხსენოთ ისინი:
1. კვერნაძე ეთერი გიორგის ასული ! (8 შვილის დედა).
2. ოვსიანიკოვა ვენერა სიმონის ასული! (5 შვილის დედა).
3. ფაჩუაშვილი მარგალიტა ალექსანდრეს ასული!
(5 შვილის დედა).
4. ჭოლაძე მარო დომენტის ასული! (5 შვილის დედა)!
გაიხაროს ყველა დედამ და მისმა შთამომავლობამ!
წყალტუბოს საკოლმეურნეო ბაზარი
ვარდენ დოლაბერიძე
გულნარა ჭოლაძე
ნანა მაღლაკელიძე
მარგო დოლაბერიძე
მანანა დეისაძე და მზია ჟორჟოლიანი
ნონა ტაბიძე
შალვა ბაღათურია
ნოდარ ჯვარშეიშვილი
დავით ჟორჟოლიანი
ანდრო ნიჟარაძე
ჟენია ფესტვენიძე
მარიამ კვერნაძე
ნორა ხაბურზანია
თინა შარვაშიძე
სოფლის ყრილობაზე (ცენტრში: ინდიკო ჩეჩელაშვილი)
12. მაღლაკი 1981-1990 წლებში.
1981 წელს გარდაიცვალა რაჟდენ ღაჭავა! ამ პიროვნების სახელი და გვარი თითოეულმა მაღლაკელმა იცოდა…მას იცნობდნენ მთელს რაიონში, ქვეყანაშიც…იგი 1914 წელს დაიბადა სოფელ მაღლაკში. 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი და რამდენიმე დღეში გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. სპეციალიზირებული სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი დაინიშნა სატანკო ოცეულის მეთაურად, იბრძოდა უკრაინის ფრონტებზე. რამდენიმე ჭრილობის შემდეგ 1944 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1946 წლიდან რაჟდენ ღაჭავა განათლების სისტემაშია: 1952 წლამდე გახლდათ მაღლაკის პირველი რვაწლიანი სკოლის დირექტორი; 1952-1963 და 1965-1974 წლებში რაჟდენ ღაჭავა იყო მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორი! შუალედში კი (1963-1965) წლებში ხელმძღვანელობდა წყალტუბოს რაიონის განათლების სისტემას, იყო რა რაიონის აღმასკომის განათლების განყოფილების გამგე!
რაჟდენ ღაჭავა
პენსიაში გასვლის შემდეგ ვეტერანი პედაგოგი მშობლიურ სკოლაში მოღვაწეობდა ისტორიის და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის რანგში. იგი აქტიურად მონაწილეობდა არა მარტო სკოლის , არამედ- მთლიანად სოფლის ცხოვრებაში. მის სიტყვას ყოველთვის დიდი წონა ჰქონდა სხვადასხვა შეხვედრებზე, კრებებსა თუ ყრილობებზე…რაჟდენ ღაჭავა დაჯილდოებული იყო მაშინდელი ოფიციოზისგან წამყვანი სახელმწიფო ჯილდოებით: წითელი ვარსკვლავის და საპატიო ნიშნის ორდენებით, „სახალხო განათლების ნიშნით“ და მრავალი სიგელით. ყველაზე დიდი ჯილდო მაინც ხალხის სიყვარული იყო: სიყვარული მისი მოსწავლეების, თანასოფლელების…
რეპორტაჟი:
1981 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 60 წლის „იუბილე“ აღინიშნა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა მაღლაკშიც. „პერესტროიკამდე“ ჯერ კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი. მაღლაკის კულტურის სახლში დიდი თემატური საღამო გაიმართა ამ დღესთან (25 თებერვალი) დაკავშირებით. შეკრებილებს მიმართეს: სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარემ თინა შარვაშიძემ, მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორმა ბონდო შალამბერიძემ, მაღლაკის მებოსტნეობის მეურნეობის დირექტორმა ალეკო აშვეთიამ, ამავე მეურნეობის პარტორგანიზაციის მდივანმა ოთარ ჭოლაძემ, მაღლაკის მევენახეობის მეურნეობის დირექტორმა რეზო ასათიანმა, ამავე მეურნეობის პარტორგანიზაციის მდივანმა თემურ ჩეჩელაშვილმა, შრომის წითელი დროშის ორდენით ახლახანს (1981 წელს) დაჯილდოებულმა მეჩაიემ ელენე დოლაბერიძემ. თემატური საღამო დასრულდა მხატვრული განყოფილებით, რომელსაც უძღვებოდნენ საშუალო სკოლის მოსწავლეები: მზია ჟორჟოლიანი და იამზე კვერნაძე. სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს: დებმა ჟანა, ირმა და ბელა შალამბერიძეებმა; ინგა და ბელა ჭოლაძემ, ინგა გოგილავამ…ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტებმა ნინო ნიჟარაძემ, მამუკა დოლაბერიძემ და გოჩა ჟორჟოლიანმა შეასრულეს ცეკვები: „ქართული“ და „აჭარული“…განსაკუთრებული აპლოდისმენტები ხვდა წილად ნანა ლექვინაძის და იამზე კვერნაძის მუსიკალური დუეტის მიერ შესრულებულ სიმღერას: „მე ვუმღერი შენს ხვალინდელ მზიან დღეს“…
წინა ნარკვევებში ჩვენ უკვე ვწერდით, რომ 1970-იან წლებში ნებსით თუ უნებლიედ მეტი გასაქანი მიეცა კერძო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. გლეხები მაქსიმალურად იყენებდნენ საოჯახო კარ-მიდამოს ინტენსიური აგრომრეწველობის გასაჩაღებლად. მაღლაკი მოიფინა კაპიტალური სათბურებით და კვალსათბურებით. იგივე სიტუაცია იყო სხვა სოფლებშიც. ქალაქში ამ მხრივ შედარებით უფრო ძველი ეკონომიკურ-პოლიტიკური კლიმატი იყო: „მუშათა კლასს“ კერძო საკუთრების ტენდენციები ნაკლებად ეხებოდა… ოფიციოზი შეეცადა (ადრეც ცდილობდა, ცხადია), მაქსიმალურად გაეზარდა სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოო-დაწესებულებების მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა, იმ ფენის (კლასის) რაოდენობა, რომელიც მიაჩნდათ საბჭოთა სისტემისადმი ყველაზე ლოიალურად განწყობილად. დაიწყო საშუალო და რვაწლიან სკოლებში პროფესიული ორიენტაციის არნახული პროპაგანდა, რომლის მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მიეღო გადაწყვეტილება, სწავლა გაეგრძელებინათ პროფტექნიკურ სასწავლებლებში… ასეთი სასწავლებლები უკვე ათეულობით იყო მაღლაკის ახლო-მახლოც (წულუკიძესა და ქუთაისში)… ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო სამივე სკოლის დირექტორი: ბონდო შალამბერიძე (საშუალო სკოლა), ნონა ტაბიძე (პირველი რვაწლიანი), ეთერ მამაგეიშვილი (მეორე რვაწლიანი) … ბევრი მოსწავლისთვის ეს პოლიტიკა წარმატების და ახალი ცხოვრების დასაწყისის პლაცდარმიც აღმოჩნდა…ფაქტია: სოფლიდან ახალგაზრდობის გადინების ბუნებრივი პროცესი ამ პოლიტიკამაც საგრძნობლად დააჩქარა!
ჩვენს ერთ-ერთ წინა ნარკვევში 1900-იანი წლების ცნობილი მაღლაკელების შესახებ ვახსენეთ მელიტონ დოლაბერიძე, რომელიც გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტი, საზოგადო მოღვაწე. სწორედ მის ოჯახში დაიბადა 1901 წელს მიხეილ მელიტონის ძე დოლაბერიძე, რომლის 80 წლის იუბილე ღირსეულად აღნიშნა რესპუბლიკის საზოგადოებრიობამ და მშობლიურმა სოფელმაც. შრომითი ნათლობა მიხეილმა წყალტუბოში მიიღო, სადაც 1920-30 იან წლებში საფუძველი ეყრებოდა ჩაის კულტურის სამრეწველო განვითარებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა ახლად ჩამოყალიბებული პირველი სამეურნეო რგოლების ხელმძღვანელი კადრებით დაკომპლექტებაში, მათი მენეჯმენტური უნარების ჩამოყალიბებაში. 1925 წელს მიხეილ დოლაბერიძემ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1927 წლამდე იგი განაწილებით მუშაობდა გორის რაიონში მეხილეობის მიმართულების აგრონომ-ინსტრუქტორად. 1927 წლიდან გადაჰყავთ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჩაის“ სისტემაში ჩაის კულტურის მთავარ აგრონომ-ინსტრუქტორად. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაშენდა ათასობით ჰექტარზე ჩაის სუბტროპიკული პლანტაციები ლანჩხუთში, სამეგრელოში, აფხაზეთში. 1930-იან წლებში კი ეს პროცესი გააგრძელა მშობლიურ სოფელსა და მთელს წყალტუბოს რაიონში.
მიხეილ დოლაბერიძე წლების მანძილზე იყო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუბტროპიკული კულტურების დარგის მთავარი აგრონომი; სუბტროპიკული კულტურების, მევენახეობისა და მეხილეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე!
1966 წელს მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება! დაჯილდოებული იყო მაშინდელი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით: ლენინის, წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით!
P.S. მიხეილ დოლაბერიძის სამეციერო-პრაქტიკული მოღვაწეობის შესახებ მაშინდელ სამეცნიერო გამოცემებში დაცულია რამდენიმე სტატია-შრომა (მაგალითად, იზოლდა თავართქილაძის პუბლიკაციები!)
/მიხეილ დოლაბერიძე/
ამ ათწლეულს უკავშირდება თენგიზ ნიჟარაძის მოღვაწეობის დასაწყისი ჩვენი სოფლის და რაიონის რამდენიმე სკოლის (და მოგვიანებით- რაიონის განათლების სისტემის) ხელმძღვანელ თანამდებობებზე. იგი 1954 წელს დაიბადა მაღლაკში, მელიტონ ნიჟარაძის ოჯახში. 1971 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, 1976 წელს- ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1976 წლიდანვე მუშაობს მაღლაკის პირველ და მეორე რვაწლიან სკოლებში მათემატიკის მასწავლებლად. 1982 წლიდან მაღლაკის მეორე რვაწლიანი სკოლის დირექტორია. 1990 წლამდე იგი კიდევ ორი სკოლის ხელმძღვანელი ხდება (გვიშტიბის საშუალო და ქ.წყალტუბოს პირველი სკოლები). 1990 წლიდან 2014 წლამდე თენგიზ ნიჟარაძე იყო წყალტუბოს რაიონის განათლების განყოფილების გამგე. 2013-2017 წლებში მუშაობდა მღლაკის გამგებლად, 2017-2023 წლებში- მოღვაწეობდა წყალტუბოს საკრებულოში, როგორც- სოფელ მაღლაკიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი…28 წლის დირექტორმა იმთავითვე გამოავლინა ორგანიზაციულ-მმართველობითი ნიჭი და ხელმძღვანელობის გასაოცარი უნარები, რამაც სკოლა (სკოლები) რაიონში სანიმუშო აკადემიური მოსწრების და დისციპლინის დაწესებულებებად აქცია…
თენგიზ ნიჟარაძე
წინა ნარკვევშიც ვწერდით: მაღლაკის კულტურის სახლის კოლექტივი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი- გიორგი ჟორჟოლიანი, სამხატვრო ხელმძღვანელი-ნანა მაღლაკელიძე) 1970 -იანი წლებიდან გამოირჩეოდა ალბათ მთელი ქვეყნის მასშტაბით საოცარი აქტიურობით, პროფესიონალიზმით, ენერგიულობით…ასეთი მასშტაბის ხელოვანი კადრები და მენეჯმენტი, შეიძლება, მანამდეც და მერეც ამ სახლს არ ჰყოლია…1980 წლიდან მაღლაკის კულტურის სახლის აგიტმხატვრული ბრიგადა იწყებს გასტროლებს წყალტუბოს რაიონის ფარგლებს გარეთაც. ყველგან ჩვენს წარგზავნილებს ხვდებოდათ საოცარი სითბო, ბევრი აპლოდისმენტები და მოწონება. მაშინდელი პრესა მოგვითხრობს ამ გასვლით კონცერტებზე: მესტიაში, ზუგდიდში, ქობულეთში, ამბროლაურში, ლანჩხუთში…
1982 წელს მაღლაკის სასოფლოს საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დანიშნეს ეთერ ივანეს ასული მამაგეიშვილი (დაბ. 1951 წელს). დანიშვნიდან (არჩევიდან) ერთ თვეში გაზეთში დაიბეჭდა მისი ერთგვარად საპროგრამო ვრცელი სტატია, რომელშიც ძალიან ზომიერად, მაგრამ ზუსტად, ლაკონურად და მძაფრად იყო გადმოცემული მაღლაკის (და მის მაგალითზე, ზოგადად -ქართული სოფლის) უმნიშვნელოვანესი პრობლემები და რეალური სურათი! პერსეტროიკამდე და სსრ კავშირის დაშლამდე ჯერ კიდევ წლებია დარჩენილი. ე.მამაგეიშვილი აფიქსირებს, რომ მაღლაკში ორივე საბჭოთა მეურნეობაში კლებულობს მუშა-ხელი და ეს ხდება ძირითადად ორი მიზეზით: სახეზეა სოფლიდან ქალაქად შრომითი რესურსების გადინება და მეორე- კერძო მეურნეობებით „ზედმეტი დატვირთვა“. ამ მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრეთ კიდეც. მაღლაკის საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ხელისუფლების მოვალეობად მიიჩნევს, წარმართოს საქმიანობა, რათა კერძო მეურნეობებიდან მიღებული პროდუქცია სახელმწიფომ ჩაიბაროს! წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი ხალხი ჩამოშორდება საბჭოთა მეურნეობებსო… სწორი პროგნოზი იყო. სამუშაო ძალის კერძო სტრუქტურებში გადაქაჩვას კი ბუნებრივია, მოჰყვებოდა იმ სუბტროპიკული და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების პერმანენტული განადგურება, რომელთა კვლვწარმოება აუცილებლად მოითხოვდა შესაბამის ძალას (თუნდაც- საბჭოთა მეურნეობების სახით). ფაქტიურად სტატიაში გაკეთდა პროგნოზი: თუ ფარგლებში არ მოექცეოდა კერძო მეურნეობების განვითარება, გარდაუვალი იყო საბჭოთა მეურნეობების კრიზისი მათთან ასოცირებული სამეურნეო ობიექტების (ჩაი, ყანები, ფერმები და ა.შ) მოსპობის ჩათვლით… ეთერ მამაგეიშვილი მიმართავს სოფლის ინტელიგენციას, ადგილობრივ დეპუტატებს, რომ ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას: „მბეჭდავი -მემანქანეების“ და „კულინარების“ სპეციალობების აგიტაციის მაგიერ გაეკეთებინათ ისეთი სპეციალობების პროპაგანდა, როგორიცაა: ტრაქტორისტ-მემანქანეობა, აგრონომობა და მსგავსნი- სოფლისთვის საჭირო ხელობები…აქვე მოჰყავს საინტერესო ციფრები: მაღლაკის ორივე საბჭოთა მეურნეობას რეგულარულად სჭირდებოდა 1500 მუშა ხელი. რეალურად კი აღრიცხული იყო მხოლოდ 880 კაცი! . დიახ, ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს გარდაქმნების აუცილებლობას, იმასაც, რომ კერძო საკუთრება თავისუფლების მთავარი საფუძველია, და როცა ეკონომიკურ საფუძველს თავისუფლებისას პოლიტიკურიც დაემატება, უკვე გარდაუვალია რეალური ცვლილებები…
ეთერი მამაგეიშვილი
უშუალოდ ე.წ. „პერესტროიკის“ წინა პერიოდში (1985 წლამდე) მაღლაკში აღრიცხული იყო 1500 კომლი და მოსახლეობა შეადგენდა 5000-მდე სულს. აქ ფუნქციონირებდა ორი საბჭოთა მეურნეობა, ღვინის ქარხანა, თევზის სატბორე მეურნეობა, მეღორეობისა და მეიხვეობის საწარმოები, საგალანტერიო-სამკერვალო ფაბრიკა (საამქრო), ექვსი სახელმწიფო სკოლა (1- საშუალო, 2- რვაწლიანი, 3- დაწყებითი), საბავშვო ბაგა-ბაღი; აგრეთვე: რამდენიმე სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები…
მექანიზატორები: კუკური, ნოდარ და თემურ ჟორჟოლიანები.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში 20 ათას კაციანი (ოფიციალური ინფორმაციით) საპროტესტო გამოსვლა მოხდა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შეცვლის მცდელობის წინააღმდეგ. პრაქტიკულად ეს დღეც შეიძლება, ჩაითვალოს 1980-იან წლებში განვითარებული ეროვნული მოძრაობის დასაწყისად. საქართველოს ცკ პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის შეხვედრით პროტესტანტებთან და ადექვატური ზომების მიღებით შესაძლებელი გახდა პროტესტის ჩაცხრობა მშვიდობიანად. 14 აპრილი კი გამოცხადდა ხსოვნის დღედ (1990 წლიდან კი სავსებით შესაბამისად- ეს დღე ოფიციალურად გამოცხადდა ქართული ენის დღედ).
1981-1990 წლებში მაღლაკშიც არაერთხელ აღინიშნა 14 აპრილს ხსოვნის დღე. კულტურის სახლში, სკოლაში თუ სხვაგან თავშეყრილი ადამიანები პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილ თანასოფლელებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის კეთილდღეობის შექმნაში….აქ კიდევ ერთხელ ჩამოვთვლით (გავიხსენებთ) იმ მაღლაკელთა სახელებს, ვისაც ყველაზე მეტად აფიქსირებდა ხსოვნის დღეებზე შეკრებილი საზოგადოება: მაქსიმე კვერნაძე, ილია ტყეშელაშვილი, მიხეილ კვერნაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ჭიჭიკო ჭოლაძე, სერგო ლექვინაძე, არსენ დოლაბერიძე, დავით კვერნაძე, ევგენი თავშავაძე, ოთარ მაღლაფერიძე, პავლე მარდალეიშვილი, კონონი ჟორჟოლიანი, რაჟდენ ღაჭავა, ნიკიფორე ნიჟარაძე, კონსტანტინე ფაჩუაშვილი, აბესალომ ნიჟარაძე, ოთარ ჟორჟოლიანი, რაჟდენ ნიჟარაძე…
ვასილ ჟორჟოლიანის ოჯახიდან სამი ვაჟი წავიდა მეორე მსოფლიო ომში: ტერენტი, პავლე და შოთა. ტერენტის 3 თვის მოყვანილი ჰყავდა ცოლი, ფრონტზე რომ გაიწვიეს; პავლე და შოთა კი უკვე იმყოფებოდნენ სამხედრო სამსახურში ომის გამოცხადებისას… სამწუხაროდ შინ ვერც ერთი დაბრუნდა. ვასილის კერაზე ახლა ტერენტის ვაჟი ნუგზარი ცხოვრობდა, რომელიც აცოცხლებს ამ დიდი ოჯახის, სახელოვანი მამის და ბიძების სახელებს. ოჯახში ინახება შინმოუსვლელთა ბარათები, რამდენიმე პირადი ნივთი…
შინ მოუსვლელი ძმები ჟორჟოლიანები: ტერენტი,პავლე და შოთა
1985 წელს მაღლაკის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა ცნობილ პოეტთან ლილი ნუცუბიძესთან. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საშუალო სკოლის მე-6 კლასის ხელმძღვანელი გულნაზ ლექვინაძე. ღონისძიებამ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე და განსაკუთრებით- თავად პოეტზე…სტუმრის ლექსები შთამბეჭდავად წაიკითხეს ბავშვებმა: ნინო კვანტალიანი, ზაალ ჩეჩელაშვილი, ვლადიმერ კუჭუხიძე, გია კვერნაძე, შალვა ჭოლაძე, შალვა გოგილავა, ვასილ კვერნაძე, ხვიჩა დოლაბერიძე, მაყვალა ბენიძე…
ლილი ნუცუბიძე- მაღლაკში.
მაღლაკელ ჯეირან ფაჩუაშვილს მთელი საქართველო იცნობდა. იგი 1942 წელს დაიბადა მაღლაკში, ბავშვობაც აქ გაატარა და მერეც არ გაუწყვეტია კავშირი მშობლიურ სოფელთან…. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1968 წლიდანვე ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია. მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ვოლჩეკის „სასამართლო ქრონიკა“, ვ. სოფკოს „შორეული ფანჯრები“, დავით კვიცარიძის „როცა სიცოცხლე გეძახის“, ილია ჭავჭავაძის “გლახის ნაამობი“, იონა ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“, „საბრალდებო დასკვნა“, „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, მოლიერის „ჟორჟ დანდენი“ და „ძალად ექიმი“, ალექსი არბუზოვის „ძველმოდური კომედია“, ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, ალექსანდრ დიუმას „სამი მუშკეტერი“, არჩილ სულაკაურის „სალამურა“, ალექსანდრე ყაზბეგის „განკიცხულნი“… გორის თეატრში გააფორმა რუსტამ იბრაგიმბეკოვის „ქალი მწვანე კარს იქით“და სხვა. 1997 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, გაფორმებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის სახელმწიფო თეატრის, სამარის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები.
მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის, საქართველოს, გერმანიის, ინგლისის კერძო კოლექციებში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიიდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ჯეირან ფაჩუაშვილმა დიდებული საჩუქარი უძღვნა მაღლაკში გახსნილ საბავშვო ბაღს: ინტერიერი მხატვრულად სწორედ მისი მოხატულია -ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები სიკეთის გამარჯვების რწმენით აღავსებს დიდ თუ პატარა მნახველს…. ხალხის სიყვარულის და პატივისცემის გარდა ჯეირან ფაჩუაშვილის დამსახურება სახელმწიფომაც აღნიშნა: 1997 წელს -ღირსების ორდენით, 2004 წელს- სახელწიფო პრემიით; აგრეთვე- საპატიო ნიშნის ორდენით. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
ჯეირან ფაჩუაშვილი
იმჟამინდელ პრესაში ხშირად იბეჭდება პენსიონერ იასონ ჟორჟოლიანის წერილები, რეპლიკები, წინადადებები, რომელთა ძირითადი თემა მაღლაკი და მისი მოსახლეობის ყოფითი პრობლემები იყო…ბევრმა არც კი იცოდა, რომ ამ სახელის უკან იდგა საკმაოდ მდიდარი წარსულის მოქალაქე:
იასონ ნესტორის ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1906 წელს სოფელ მაღლაკში. მამამისი 1916 წელს დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წ.წ.). დედის ანაბარა დარჩენილი ბავშვი უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა…წერა-კითხვა იასონმა მაღლაკშივე ისწავლა ძირითადად სასულიერო პირთა თაოსნობით გახსნილ სამრევლო სკოლებში…1920-იან წლებში იგი მშობლიურ სოფელში წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სკოლის გამგედაც მუშაობდა. იყო მაღლაკის თემკომის მდივანი…1927 წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი…1930- იან წლებში იასონი ისევ მაღლაკშია და მეტ-ნაკლები აქტიურიობით ჩართულია კოლექტივიზაციის პროცესებში, თუმცა მისი მთავარი მისწრაფება იყო მეცნიერება. და მალე ეს მიზანიც აისრულა: მან წარმატებით დაასრულა საქართველოს ინდუსტრიალური ინსტიტუტი და მისივე ასპირანტურა, დაიცვა დისერტაცია და გახდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი. 1939 წელს კი 33 წლის იასონ ჟორჟოლიანი შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რექტორად დაინიშნა.
იასონი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში: იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის N706-ე ბატალიონის სამხედრო კომისარი! საბედნიეროდ, მსოფლიო ომიდან იგი ჯანმრთელი და ცოცხალი დაბრუნდა (მამამისისგან განსხვავებით) და დაუბრუნდა სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას. იასონ ჟორჟოლიანი ავტორია არაერთი რაციონალიზატორული წინადადებისა, რომელთა დანერგვამ ქვეყანას დიდი ეკონომიკური ეფექტი მისცა….
განსახილველ პერიოდში (1981-1990 წ.წ.) 80 წელს მიღწეული იასონ ჟორჟოლიანი ძველ ნაფუძარზე დაბრუნებული დამსახურებული პენსიონერი იყო, რომელსაც საკუთარი ისტორიის მოყოლაზე მეტად საერთო პრობლემებზე ყურადღების გამახვილება უყვარდა…
იასონ ნესტორი ძე ჟორჟოლიანი
———————————
1985 წელს მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა (აირჩიეს) ალეკო მარჯანიშვილი! იგი ამ პოსტზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდა: მოუწია ყველაზე რთულ ეტაპზე საქმიანობა, რაც ეპოქალურ ცვლილებებს დაემთხვა. მიუხედავად უმძიმესი პოლიტიკურ-ეკონომიკური-სამხედრო ფონისა, ალეკო მარჯანიშვილი სარგებლობდა იმ ავტორიტეტით მოსახლეობაში, რამაც პრინციპში შეინარჩუნა შესაბამის დონეზე ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა სრულად არ დააშორა პოლიტიკურ ინსტიტუტებს.
იგი დაიბადა 1951 წელს. 1968 წელს დაასრულა მაღლაკის საშუალო სკოლა,1971- 1976 წლებში სწავლობდა ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში საბუნებისმეტყველო გეოგრაფიის ფაკულტეტზე. 1977 წელს დაიწყო მუშაობა მაღლაკის საშუალო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლად. 1978 წლიდან ალეკო იწყებს მუშაობას მაშინდელ სახელმწიფო- პოლიტიკურ სტრუქტურებში: ჯერ მაღლაკის მერძევეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის პირველადი კომკავშირული ორგანიზაციის განთავისუფლებულ მდივნად დაამტკიცეს, მერე (1981 წ.) ამავე მეურნეობის უბნის უფროსად დანიშნეს.
1984 წელს აირჩიეს მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის მდივნად (თავმჯდომარე მაშინ იყო ეთერ მამაგეიშვილი).
1985-1992 წლებში, როგორც ავღნიშნეთ, ალეკო მარჯანიშვილი მუშაობდა სოფლის საბჭოს თავმჯდომარედ (გამგებლად).
ალეკო მარჯანიშვილი
მაღლაკის თვალსაჩინო ადამიანთა ერთი ჯგუფი.
1992 წელს 16 დეკემბერს იგი დაინიშნა ქვიტირის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორად…ალეკო მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდება ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებს: 2006-2010 წლებში ის აირჩიეს წყალტუბოს რაიონის საკრებულოს წევრად, სადაც მუშაობდა ფრაქცია “მაჟორიტარების” თავმჯდომარედ. იგი ამის შემდეგაც იყო არჩეული (2010- 2021 წ.წ.) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად.
ვიდრე გარდაქმნის (ე.წ. „პერესტროიკის“) რელსებზე ოფიციალურად გადავიდოდა სსრ კავშირის ცენტრალური ხელისუფლება (1985-87 წ.წწ.), მმართველი პარტია ცდილობს ეკონომიკის მართვას „ახლებურად“ ისე, რომ შენარჩუნდეს ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის პრიორიტეტები. ამის მაგალითი იყო სოფელში საბაზრო ეკონომიკის ელემენტების შემოტანა, მეტი დამოუკიდებლობის მინიჭება გლეხებზე, თუმცა პარალელურად ძლიერდება ჩინოვნიკების პროპაგანდა, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო „საერთო-სახელმწიფო ღირებულებები“… მაღლაკში 1981-1990 წლებში ფაქტიურად სრულად მოიკიდა ფეხი კერძო ინტენსიურმა საგლეხო მეურნეობებმა (კვალსათბურები, სათბურები, აგროფერმები…).
სახელმწიფო მეურნეობების წიაღში იქმნებოდა ე.წ. უგანრიგო რგოლები, რომლებიც თავისუფალი გრაფიკით იმუშავებდნენ, ფაქტიურად არენდით იღებდნენ ჯერაც სახელმწიფო ბალანსზე მყოფ მიწას თავისი აგროკულტურებით (მაგ. ჩაი) და აწარმოებდნენ სამუშაოს შეზღუდული ვალდებულებებით და მეტი თავისუფლებით. ასეთ რგოლებს შორის მოწინავეებს მთავრობა პოპულარობასაც უწევდა. მაგალითად, მაღლაკის მევენახეობის მეურნეობის (დირექტორი შალვა ჯავახაძე) მერვე ბრიგადის (ბრიგადირი კარლო კოხრეიძე) წიაღში შეიქმნა უგანრიგო რგოლი, რომელმაც თავისუფალი განრიგით (ეს სიახლე იყო კოლმეურნეობების ეპოქაში) დიდ მატერიალურ წარმატებებს მიაღწია. ამ რგოლის მუშა ნათელა კუხიანიძე კი აირჩიეს ჯერ პარტიის წყალტუბოს ქალაქკომის წევრად, შემდეგ კი- საქართველოს კომპარტიის ცეკას სარევიზიო კომისიის წევრად. თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, ქვეყანას მეტი განვითარებისთვის სჭირდებოდა აბსოლუტური თავისუფლება და ყველაფერი ნელ-ნელა სწორედ აქეთ მიდიოდა…
უგანრიგო რგოლის მესვეურები (მარცხნიდან): ნოდარ ჯვარშეიშვილი, კარლო კოხრეიძე, როლანდ კოსტავა და ნათელა კოხრეიძე.
ნათელა კუხიანიძე- კოხრეიძე.
1986 წელს რესპუბლიკური პრესის ერთ-ერთ ფლაგმანში „ზარია ვოსტოკა“(1 აპრილის ნომერი) დაიბეჭდა ვრცელი სტატია სათაურით „მაღლაკი დღეს და 11 წლის წინათ“ (ავტორები: თ. ლომსაძე, შ.ღვინიანიძე). წერილში გაანალიზებული იყო ტენდენცია, რაც ფაქტიურად ყველა ქართულ სოფელში შეიქმნა 1970-იანი წლებიდან. კოლექტივიზაციის სფეროს ლიბერალიზაციამ, იქ კერძო ტენდენციების დაშვებამ ხომ საგრძნობლად შეამცირა მუშახელის რაოდენობა სახელმწიფო მეურნეობებში. სტატიაში დასახელებულია რამდენიმე „მუქთახორის“ სახელი…სინამდვილეში ეს პიროვნებები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც მაღლაკში კერძო სასათბურე მეურნეობები მოაწყვეს, ვინც პირველებმა გაიტანეს საკუთარ ეზოში მოწეული პროდუქცია რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც კი…სტატიის ავტორები მოუწოდებენ მაღლაკლებს , რომ აუცილებელია სოფლის დიდი ყრილობის კიდევ ერთხელ მოწვევა (ერთი ასეთი ყრილობა 1975 წელს გაიმართა), სადაც მიიღებდნენ გადაწყვეტილებას „მუქთახორობის და უსაქმურობის“ წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარების შესახებ…
P.S. მაღლაკის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი გაშლილ ველზე და ნაყოფიერ მიწაზე ლოკაცია მართლა საუკეთესო წანამძღვრებს ჰქმნიდა კერძო მეურნეობების აღმასვლისთვის ისევე, როგორც პრინციპში წარმატებულად საქმიანობდა აქ სახელმწიფო მეურნეობები. კერძო მეურნეობებს კი ასმაგად მეტი მშრომელი, მუყაითი, უნარიანი ადამიანები სჭირდებოდა, სჭირდება და დასჭირდება მომავალშიც…
1986 წელს ქუთაისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მოცეკვავე კოტე დოლაბერიძე (დაბ. 1957 წელს მაღლაკში) სათავეში ჩაუდგა სოფლის კულტურის სახლთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიას. მალე მთელ რაიონში (და-არა მარტო) ცნობილი და პოპულარული გახდა კოტე დოლაბერიძის მაძიებელი ბუნება, ფანტაზია და ნიჭი, რაც მან განსაკუთრებულად გამოავლინა სტუდიაში დადგმული ცეკვებით: „განდაგანა“, „შრომის ცეკვა“, „მოხევის ქალო“, „მთიულური“ …
კოტე დოლაბერიძე
.
1987 წელი ცუდი ამბით დაიწყო ჩვენი სოფლისთვის: გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ადამიანი, პედაგოგი, მაღლაკელთა მრავალი თაობის აღმზრდელი შალვა ბაღათურია (1908-1987). იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ცხუნკურის სკოლაში, აგრეთვე- ჭიათურის რაიონში (განაწილებით), ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომში ინსტრუქტორად…იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე (იბრძოდა კავკასიის ფრონტზე). 1945 -1953 წლებში შალვა ბაღათურია იყო მაღლაკის საშუალო სკოლის დირექტორი, 1953 წლიდან- სასწავლო ნაწილის გამგე და პენსიაზე გასვლის შემდეგ (1968) საგნის (ალგებრა-გეომეტრია) მასწავლებლად. შალვა მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობდა სოფლის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. სახელმწიფო ჯილდოებიდან ავღნიშნავთ: მედალს კავკასიის დაცვისათვის, საპატიო ნიშნებს სახალხო განათლების წარჩინებულისათვის, უამრავ საპატიო სიგელს…მთავარი კი იყო ხალხის სიყვარული, აღზრდილთა მოკრძალება და პატივისცემა პედაგოგის მიმართ, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინით, წესრიგით…
შალვა ბაღათურია
1987 წლის იანვარში კიდევ ერთი სახელოვანი პედაგოგი დაემშვიდობა მშობლიურ სოფელს და ახლობლებს: ნადეჟდა ვლადიმერის ასული მარდალეიშვილი- გოგისვანიძე (1904-1987). 17 წლის ასაკში იგი დაინიშნა მაღლაკის მეორე დაწყებითი სკოლის მასწავლებლად (მანამდე ქუთაისის პროგიმნაზია დაასრულა). ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მთელი 20 წელი (1950-70 წ.წ.) მუშაობდა იგივე სკოლის გამგე-მასწავლებლად. ნადია მასწავლებლის როლი განსაკუთრებულია სოფელში წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საქმიანობაში, რაც მეტად აქტუალური იყო საუკუნის 20-იან წლებში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ის შესანიშნავად უწყობდა საზოგადოებრივ მეურნეობებში მუშაობასაც…მაგალითად, დიდი სამამულო ომის წლებში იგი ითვლებოდა აქაური საბჭოთა კოლმეურნეობის ერთ-ერთ აქტივისტად: სათავეში ედგა მეაბრეშუმეთა ბრიგადას. 1949 წელს ნადეჟდა მარდალეიშვილი შრომის წითელი დროშის, 1951 წელს კი- ლენინის ორდენებით დააჯილდოვეს! ეს მაშინდელ სახელმწიფოში უმაღლესი რანგის ჯილდოები იყო. 1964 წელს მას მიენიჭა რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება…
ნადეჟდა მარდალეიშვილი- გოგისვანიძე
1987 წელს მოსკოვში გაიმართა ჭაბუკ მოკრივეთა მესამე საკავშირო ტურნირი, რომელშიც მაღლაკის საშუალო სკოლის მეექვსე კლასელმა ლაშა ჟორჟოლიანმა თავის წონით კატეგორიაში მე-2 საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლები დაიმსახურა. რომ არა უახლოეს წლებში დატრიალებული ცნობილი ამბები, შესაძლოა, მაღლაკელი ლაშა ჟორჟოლიანი უფრო დიდი ასპარეზობების მონაწილე და გამარჯვებულიც ყოფილიყო…
ლაშა ჟორჟოლიანი
…გიორგი დიმიტროვი (1882-1949) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე იყო. ბულგარეთის სოციალისტური რესბუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავის დროზე რაიხსტაგის დაწვის – ცნობილი ინციდენტის (1933 წ.)- მოთავედაც კი ცნეს და ჰიტლერის ადმინისტრაციამ სასამართლოც მოუწყო…ევროპის მაშინდელმა სააპელაციო სასამართლო ინსტიტუტებმა დიმიტროვი უდანაშაულოდ ცნეს და გერმანელებმა იგი გაათავისუფლეს. 1934 წელს გიორგი დიმიტროვი ბორჯომში ისვენებდა-მკურნალობდა, სადაც ყველაზე მეტად დაუახლოვდა იქაური მედპერსონალის წარმომადგენელს ვანო ფაჩუაშვილს…
მარჯვნიდან პირველი- ვანო ფაჩუაშვილი.
ამ ფოტოზე, რომელიც საქართველოს არქივებშია დაცული, მაღლაკელი ვანო ფაჩუაშვილი მარჯვნიდან პირველი დგას…ვანო 1907 წელს დაიბადა სოფელ მაღლაკში და ბავშვობაც აქ გაატარა თავის სამ და-ძმასთან ერთად. სოფლის არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაასრულა ქუთაისის მეორე ცხრაწლედი, საიდანაც ტყიბულის რაიონის სოფელ გურნის დაწყებითი სკოლის გამგედ მიავლინეს (1927წ.). ვანო ტყიბულის ახალგაზრდული და საბჭოთა სახელისუფლო სტრუქტურების ხელმძღვანელ რგოლებშიც მიიწვიეს. 1930 წელს ვანო ჩაირიცხა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტი იგი დაინიშნა ბორჯომის ერთ-ერთი დასასვენებელი სახლის გამგედ (1934 წ.). სწორედ ამ წელს ჩამოვიდა გ.დიმიტროვი ბორჯომში და ის სწორედ იმ სახლში „გაამწესეს“, რომელსაც ვანო ფაჩუაშვილი ხელმძღვანელობდა. ლაიფციგის სასამართლოს გმირის, იმხანად ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოღვაწის, მომავალში კი სტალინის მთავარი საყრდენის ბულგარეთში (სოფიაში ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებდა გიორგი დიმიტროვის მავზოლეუმი) პერსონალური მეურვეობა ხელისუფლებამ და მისმა ორგანოებმა სათანადო უნარებით და პასუხისმგებლობით აღჭურვილ პიროვნებას დაავალეს: დიმიტროვიც ყველაზე მეტად სწორედ ვანოს დაუმეგობრდა…მოგვიანებით ბულგარეთში სამოგზაუროდ ჩასული ვანო ფაჩუაშვილი თბილად იხსენებს ამ მეგობრობას იქაური პრესის წინაშე… ვანო ბორჯომში არ „დაუტოვებიათ“: მალე იგი საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანეს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დანიშნეს საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებული პარტიული სკოლის დირექტორის თანაშემწედ…მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა (ყირიმის ფრონტზე), საიდანაც მეორე ხარისხის ორდენით და ღრმა ჭრილობებით დაბრუნდა სამშობლოში (1943). რამდენიმე წელი მუშაობდა კვლავ პარტიულ სკოლაში, ხოლო 1954 წლიდან პენსიაზე გასვლამდე იყო კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ცნობილ თანასოფლელს თბილისში ესტუმრა მაღლაკელივე მურთაზ კანკაძე (გაზეთ „დროშის“ რედაქტორი 1984 წლიდან) და მასზე ლამაზი ჩანახატი მოამზადა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ვანოს ორივე შვილი საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ მაშინდელ საქართველოში: გივი ვანოს ძე ფაჩუაშვილი (დაბადებული 1929 წელს მაღლაკში) გახლდათ სამხატვრო აკადემიის დოცენტი, მხატვარი, ხოლო რამაზ ვანოს ძე ფაჩუაშვილი იყო ასევე ცნობილი ინჟინერ-გეოლოგი. გივი ფაჩუაშვილის შესახებ ცნობებს გვაწვდის საქართველოს ენციკლოპედია და სხვა ბიოგრაფიული ცნობარები:
დაბადების თარიღი: 4 ივნისი, 1929
კატეგორია: მხატვარი, პედაგოგი
დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1959 წელს.
1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მისი ნამუშევრები ექსპონირებული იყო პოლონეთში (1959), ჩეხოსლოვაკიაში (1967), იუგოსლავიაში (1968), უნგრეთში (1977), გერმანიაში (1977), ინდოეთში (1982) და სხვა საერთაშორისო გამოფენებზე. მხატვარ-კერამიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.243; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/- თბ., 2001. – გვ.282.
მიუხედავად იმისა, რომ „პერესტროიკამ“ ფასეულობათა დიდი ნაწილი ჩამოაფასა და უამრავი იდეოლოგიური-მატერიალური კონცეფციების ცვლილებები დაიწყო, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თანამემამულეების მიმართ დამოკიდებულება ოდნავადაც არ შეცვლილა. მაღლაკი კვლავინდებურად პატივს მიაგებდა შინმოუსვლელთა ხსოვნას და ღირსეულად ეპყრობოდა იმათ, ვინც დაბრუნდა სამშობლოში და ყველაფერს აკეთებდა ოჯახის და სოფლის საკეთილდღეოდ. ამ ნარკვევშიც გავიხსენებთ რამდენიმე მათგანს:
აკაკი კონსტანტინეს ძე ჟორჟოლიანი (1918-1987) იბრძოდა ბელორუსიის, ბალტიისპირეთის და ლენინგრადის ფრონტებზე. რამდენიმე ჭრილობის მიუხედავად საბჭოთა არმიის რიგებში დაჰყო 1946 წლამდე. დემობილიზაციის შემდეგ დაამთავრა საბუღალტრო ტექნიკუმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კოლმეურნეობის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ, მაღლაკის სასოფლო საბჭოს აღმასკომის ფინაგენტად (1955-67 წ.წ.), ბრიგადირად, მუშადაც…სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა: სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი, 5 საბრძოლო მედალი.
იოსებ ბესარიონის ძე დოლაბერიძე (1911-1987) ძირითადად უკრაინის ფრონტზე იბრძოდა დ გამარჯვებას მტრის ბუნაგში- გერმანიაში შეხვდა. ისიც მრავალჯერ დაიჭრა ფრონტზე. იოსები მაღლაკის მებოსტნეობის მეურნეობის (მანამდე- კოლმეურნეობის) ერთ-ერთი მოწინავე მუშა იყო, ყოველწლიურად უხვი მოსავალი (სიმინდი და ბოსტნეული) მოჰყავდა. სახელმწიფო ჯილდოებიდან აღსანიშნავი იყო: სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი, რამდენიმე საბრძოლო მედალი და უმაღლესი მთავარსარდლის ი.სტალინის მადლობა!
დიმიტრი სპირიდონის ძე ჯავახაძემ (1902-1987) განათლება ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. შემდეგ კავშირგაბმულობის სასწავლებელიც დაამთავრა. 1930 წლიდან მუშაობდა მშობლიურ სოფელში. მეორე მსოფლიო ომში კი იბრძოდა ჩეხოსლავაკიის, იუგოსლავიის და უნგრეთის ტერიტორიებზე დივიზიის მთავარი მეკავშირის პოზიციაზე. ომის დასრულების შემდეგ, მიუხედავად რამდენიმე საინტერესო წინადადებისა, დიმიტრი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა: 1973 წლამდე მუშაობდა მეცხოველეობის ფერმის გამგედ…სახელმწიფო ჯილდოები: სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, უმაღლესი მთავარსარდლის ი.სტალინის 12 მადლობა (!) და მრავალი საბრძოლო მედალი…
ივანე ერმილეს ძე ჭოლაძე (1917-1987) 1938 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც მოხვდა პირდაპირ ფრონტზე. შავი ზღვის ფლოტის მეომრებთან ერთად იგი იბრძოდა ქერჩში, სევასტოპოლსა და ოდესაში. სახელმწიფო ჯილდოები: დიდი სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენი, მრავალი საბრძოლო მედალი. 1947-1978 წლებში მუშაობდა მაღლაკის მებოსტნეობის (პერესტროიკის შემდეგ- რუსთაველის სახელობის) მეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე, აქტიურად მონაწილეობდა სოფლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში…
ივანე ჭოლაძე
ვარლამ ლაზარეს ძე ფაჩუაშვილი (1907-1987) შესაბამისი უწყების მიღებისთანავე აღმოჩნდა ჩართული საბრძოლო ოპერაციებში, რომელიც უკრაინის ფრონტიდან დაიწყო და ბერლინში დასრულდა. სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით და მრავალი მედლით დაჯილდოებული ვარლამი შინ დაბრუნებისთანავე ჩაერთო საზოგადო შრომით ფერხულში და ღრმა სიბერემდე მუშაობდა მეურნეობაში.
ვარლამ ფაჩუაშვილი
გიორგი იონას ძე ნიჟარაძე (1904-1988) ომში გაწვევამდე თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მთავარ აგრონომად ჯერ გვიშტიბში, შემდეგ- მშობლიურ მაღლაკში. 1943 წელს დაჭრილი დაბრუნდა ფრონტიდან. 1943-53 წლებში იყო კოლმეურნეობის მთავარი აგრონომი, ხოლო 1953 წლიდან- იმავე კოლმეურნეობის თავმჯდომარე (1963 წლამდე). 1961 წელს ომისა და შრომის ვეტერანს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომის წოდება.
გიორგი ნიჟარაძე
შალვა გრიგოლის ძე ავალიანი (1918-1989) 1937 წელს გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იგი მონაწილეა სსრკ- ფინეთის ომის. 1944 წელს მძიმედ დაიჭრა ლენინგრადთან და დემობილიზებულ იქნა…1958-75 წლებში მუშაობდა ჟინვალჰესის მშენებლობაზე, 1975 წლიდან კი მძღოლად-მაღლაკის მტს-ში.
1987 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, დრამატურგი და ჟურნალისტი შოთა ნიჟარაძე- მაღლაკელი, მაღლაკზე უზომოდ შეყვარებული ქართველი ინტელიგენტი. (ქვემოთ გთავაზობთ მის შესახებ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და ვიკიპედიაში დაცულ ინფორმაციას):
დაბადების თარიღი: 1923
გარდაცვ. თარიღი: 1987 (64 წლის ასაკში)
კატეგორია: დრამატურგი, პოეტი, ჟურნალისტი
* სხვადასხვა დროს მუშაობდა საქალაქო გაზეთების – “სიმართლის”, “სტალინელის”, “ქუთაისის” რედაქციებში, გაზეთ “ლელოს” საკუთარ კორესპონდენტად ქუთაისის ზონაში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო მეოცე საუკუნის 50-იან წლებში. ავტორია ლირიკული ლექსების კრებულებისა: “სიჭაბუკის ბალადა”, “ლექსები”, “მზიანი ბილიკები” და სხვა. მისი საბავშვო პიესები ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრშია დადგმული.
*წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 244-245
*მზიანი ბილიკებით : ლექსები (ავტორი). – ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1983. – 141გვ.
ლექსები (ავტორი). – ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1978. – 94გვ.
სიჭაბუკის ბალადა : ლექსები (ავტორი). – თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1973. – 75გვ.
ლექსები (ავტორი). – თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1967. – 59გვ.
შოთა ნიჟარაძე
1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ამბები საფუძვლად დაედო ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის, რეალური სოციალურ- პოლიტიკური ცვლილებების დაწყებას. ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ძალებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, რომელთაც შესაძლებლად მიაჩნდათ უკვე შემოდგომაზე (1989 წ.) დაგეგმილ საქართველოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და მასში გამარჯვებით ხელისუფლებაში მოსვლა. მაღლაკის ერთ-ერთ კულტურის სახლში (მიწაწითელში) 1989 წლის 22 აგვისტოს გაიმართა ხალხმრავალი შეხვედრა უმაღლესი საბჭოს ორ კანდიდატს შორის: საქართველოს კომპარტიის წარდგენით კენჭს იყრიდა წყალტუბოს ქალაქკომის პირველი მდივანი მირზა ქორქაშვილი და საქართველოს სახალხო პარტიის სახელით- ირაკლი ენუქიძე.
ამ შეხვედრაზე წარმართული დისკუსიები ფაქტიურად იყო ანარეკლი მაშინდელ საქართველოში არსებული ვითარებისა. დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მაღლაკელმა ჯამბულ კოხრეიძემ -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტმა…მისი პირველი გამოჩენა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე მალე გახდა საფუძველი მისივე დამკვიდრებისა წყალტუბოს ადგილობრივ სახელისუფლო სტრუქტურებში, საიდანაც დიდ ქართულ პოლიტიკაშიც გაიკვლია გზა - აირჩიეს რა საქართველოს მეოთხე მოწვევის (1995-1999 წლები) პარლამენტის წევრად…
ზვიად გამსახურდიას და მისი „მრგვალი მაგიდის“ პოლიტიკური ბლოკის ინიციატივით, ორგანიზებული ბრძოლით 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა ახალი არჩევნები საქართველოს უმაღლესი (უზენაესი) საბჭოს დასაკომპლექტებლად, რამაც მთლიანად შეცვალა საქართველო. ამ არჩევნებში „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა. ეროვნულმა ბლოკმა მოიგო მაჟორიტარული არჩევნები წყალტუბოს საარჩევნო ოლქშიც, რომელშიც შედიოდა მაღლაკი.
1990 წლის ოქტომბრიდან მაღლაკი სრულიად საქართველოსთან ერთად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დიდ, რთულ და საჭირო ორბიტაზე დაბრუნდა…
13.მაღლაკი 1990-იან წლებში
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი: საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გასცა დადებითი პასუხი რეფერენდუმის ერთადერთ კითხვას: უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას?
ამ დღეს (31 მარტს) მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა (დაამთხვიეს) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მაღლაკის ისტორიაშიც პირველად ჩატარდა ადგილობრივი ხელისუფლების მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც მოსახლეობას მიეცა საშუალება, აერჩია მაღლაკის აწ უკვე საკრებულოში (ყოფილი „საბჭო“) წევრები („დეპუტატები“) სხვადასხვა პარტიებიდან, ეს წევრები კი პირველივე სხდომაზე აირჩევდნენ სოფლის ხელმძღვანელს-საკრებულოს თავმჯდომარეს (ყოფილი „საბჭოს თავმჯდომარე“)…
ამ პირველი ისტორიული არჩევნების შედეგად მაღლაკის საკრებულოში 27 პიროვნება აირჩიეს:
ჯავახაძე ამირანი (დაბ.1957წ. საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტია- სდკპ);
ბრძოლვერდ ჟორჟოლიანი (1941წ. ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“) ;
მაღლაკელიძე მურადი (1951წ, სდკპ);
ჯავახაძე მანანა (1958, მრგვალი მაგიდა);
ჟორჟოლიანი ტარიელი (1964, მრგვალი მაგიდა);
ჟორჟოლიანი ვაჟა (1961, მრგვალი მაგიდა);
დეისაძე ბეჟანი (1961, დამოუკიდებელი უპარტიო კანდიდატი);
გარუჩავა მადონა (1946, დამოუკიდებელი);
ჟორჟოლიანი გურამი (1932, სდკპ);
ჟორჟოლიანი სილიბისტრო (1958, დამოუკიდებელი);
ჟორჟოლიანი გივი (1954, მრგვალი მაგიდა);
კვერნაძე გიგლა (1959, მრგვალი მაგიდა);
მარჯანიშვილი ალეკო (1951, დამოუკიდებელი);
ჭოლაძე ოთარი (1950, დამოუკიდებელი);
ღაჭავა ვლადიმერი (1950, მრგვალი მაგიდა);
ჭოლაძე ჟუჟუნა (1936, დამოუკიდებელი);
ლექვინაძე გურამი (1956, მრგვალი მაგიდა);
დოლაბერიძე ილია (1947, სდკპ);
სვანიძე ვარლამი (1956, სდკპ);
ჭოლაძე მამუკა (1956, მრგვალი მაგიდა);
ფესტვენიძე ვახტანგი (1935, სდკპ);
ტყეშელაშვილი მევლუდი (1958, მრგვალი მაგიდა);
ჩუბინიძე შაქრო (1954, საზოგადოება „ლემი“);
ფურცხვანიძე მურმანი (1944, სდკპ);
ჩეჩელაშვილი ლეო (1954, მრგვალი მაგიდა);
ნიჟარაძე ერისტო (1940, სდკპ) და
ჯავახაძე ჯონდო (1935, სდკპ).
…დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები (წლები) რუსეთის მხრიდან პროვოცირებული ომებით დაიწყო: ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მთელს ქვეყანაზე მძიმედ ისახებოდა ამ ომების მსვლელობა, რასაც ემატებოდა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ეს უკანასკნელი სავსებით ბუნებრივი იყო საბჭოთა ეკონომიკური სარტყელის დარღვევის შემდეგ. 1991 წლის 31 მარტს მაღლაკი ორი სახელმწიფო მეურნეობით შეხვდა: რუსთაველის სახელობის ე.წ. მებოსტნეობის მეურნეობა (ცენტრით- დუქნებზე, დირექტორი ილია დოლაბერიძე) და მევენახეობის მეურნეობა (ცენტრით- მიწაწითლის ადმინისტრაციული შენობა, დირექტორი- მურადი მაღლაკელიძე). გლეხობამ იმთავითვე იგრძნო სახელმწიფო მიწაზე მუშაობის ვალდებულების მოხსნა. ფაქტიურად სრულად შეწყდა ჩაის კრეფა.. ორიოდე წელიწადში მთლიანად გაჩერდა ჩაის ფაბრიკა თერნალში…ასევე გაუქმდა მაღლაკში მდებარე მანქანა-ტრაქტორთა სადგური (მტს), რომელიც მთელს რეგიონს წარმატებით ემსახურებოდა ათწლეულები…“საბჭოთა მეურნეობის მუშა“ ჩაანაცვლა ტერმინმა „სახელმწიფო მეურნეობის მოიჯარე“… კერძო საკუთრებაში დაიწყო გადასვლა საწარმოო საშუალებებმა, რისთვისაც რაიონის თვითმმართველობის დონეზე შეიქმნა პრივატიზაციის განყოფილებები…ეს პირველ რიგში შეეხო ტრაქტორებს, სახნავ-სათეს სხვადასხვა მოწყობილობებს…“მოიჯარეებს“ ასეთი მოწყობილობების დაქირავება უკვე უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე- სოციალიზმის დროს. მთავარი: აქამდე გლეხი საკუთარი სახსრებით მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოს ამუშავებდა და ახლა იგი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა: სახელმწიფომ მას იჯარით (და პერსპექტივაში- საკუთრებით) შესთავაზა ერთბაშად 1-2 და მეტი ჰექტარი ფართობი, რომლის დამუშავება მოითხოვდა არა მხოლოდ შესაბამის ფულს (თუნდაც ტექნიკისთვის), არამედ- განსხვავებულ უნარებს, ფერმერულ ჩვევებს, ბაზარზე ორიენტაციას და ა.შ. მაღლაკის მოსახლეობა ასეთი უნარების დეფიციტს ისტორიულად არასდროს განიცდიდა (ჩვენ ამის შესახებ სხვა ეპოქების შესაბამის ნარკვევებშიც ვწერდით), მაგრამ 1991-1995 წლები განსაკუთრებულად მძიმე იყო ყველა მიზეზით: პოლიტიკური კრიზისი, სამოქალაქო ომამდე მისული ურთიერთობები, სამხედრო ესკალაცია და ომი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში…
P.S. სამოქალაქო ომის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდა მაღლაკელი ლერი კორძაიაც (1966-1991). მან წარმატებით დაასრულა მაღლაკის საშუალო სკოლა 1983 წელს…სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, ემზადებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის და…
1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. არჩევნებს წინ უძღოდა 1991-1992 წლების გასაყარზე მანამდე არჩევნების გზით სათავეში მოსული (კანონიერი) ხელისუფლების შეცვლა სამოქალაქო დაპირისპირების გზით, სამხედრო საბჭოს თითქმის 10 თვიანი მმართველობა, მსოფლიოში ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის ედუარდ შევარდნაძის მოწვევა ქვეყანაში, ტერიტორიების დაკარგვა რუსეთის იმპერიასთან უსამართლო ომში, ეკონომიკის პროლაფსი…მაღლაკი საკუთარი მოსახლეობითაც მონაწილეობდა ამ პროცესებში (ჩვენ ვამზადებთ ომებში მონაწილე მაღლაკელების დახმარებით ცალკე ნარკვევს იმ ბიჭების შესახებ, ვინც იბრძოდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში- მივიღებთ ნებისმიერ ინფორმაციას ყველასგან, ვისაც ეს გაგაჩნიათ…). 1992 წლის არჩევნებს ერთგვარი იმედითაც ხვდებოდა მოსახლეობა იმ აუტანელი ყოფის და რეალობის შემდეგ, რაც ხდებოდა მთლიანად საქართველოში და თუნდაც- მის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ერთ დროს უხვმოსავლიან სოფელში… მაღლაკი დაიყო 4 საარჩევნო (N N 28, 29, 30, 31) ოლქებად: მიწაწითელი, ქვედა მაღლაკი, მაღლაკი და ზედა მაღლაკი. წყალტუბოს რაიონის მოსახლეობასთან ერთად მაღლაკლებს უნდა აერჩიათ საქართველოს პარლამენტის წევრები როგორც მაჟორიტარული პრინციპით, ასევე- პროპორციული ანუ პარტიული სიებით…მაღლაკის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა პარტიების (მმართველი თუ ოპოზიციური) საარჩევნო კომპანიებში. ასე მაგალითად, მაღლაკელი ჯამბულ კოხრეიძე იმხანად იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თუმცა რესპუბლიკის მასშტაბით ამ პარტიის იერარქიაში მეორე ადგილზე ყოფნა მას ვერ დაეხმარა 1992 წლის არჩევნებში, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ე.შევარდნაძის ბლოკმა „მშვიდობა“. ჯამბულ კოხრეიძე მომდევნო არჩევნებში (1995 წელს) უკვე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიით! მაჟორიტარულ არჩევნებში მაღლაკმაც ხმების უმეტესობა მისცა წყალტუბოს გამგეობის კულტურის განყოფილების გამგეს ინგუშა აბესაძეს…
მაღლაკის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სოფლის საექიმო ამბულატორია და მისი მთავარი ექიმი ნაირა მარჯანიშვილი იმ დროის (და- არა მხოლოდ) მაღლაკის რეალობის ერთი დიდი და ნათელი წერტილი იყო. იმ დროს, როცა ფაქტიურად პარალიზებული იყო სახელმწიფო ტრანსპორტი, როცა სუფევდა ბენზინის დეფიციტი, არნახულად გაძლიერდა კრიმინოგენური სიტუაცია ადგილებზეც და გზებზეც- სოფლის მოსახლეობის ყველაზე ერთგული და საიმედო სამედიცინო მომსახურეობის ცენტრი სწორედ ეს ამბულატორია გახლდათ. ქალბატონ ნაირას და მის თანამშრომლებს ხშირად ხელფასების დიდი ხნის დაგვიანებით და უფასოდაც უწევდათ მუშაობა. იმ მცირედი ხელფასიდანაც სისტემატურად რიცხავდნენ თანხებს ეროვნული თავდაცვის ფონდში. ასე მაგალითად, 1992 წლის ნოემბრის თვეში კოლექტივმა 1700 მანეთი გადარიცხა ამ ფონდში…
1993 წლის 20 თებერვალს მაღლაკის კულტურის სახლში გაიმართა დიდი კრება-შეხვედრა, რომლის მსგავსი მასშტაბური შეხვედრები თითქმის 5 წელი არ ახსოვდა ამ სახლს…სოფლის ხელმძღვანელობა და აქტივი შეხვდა წყალტუბოს ადგილობრივი მმართველობის სათავეში დაბრუნებულ მირზა ქორქაშვილს (ქ. წყალტუბოს ზონის გამგეობის თავმჯდომარე), ზონის სამართალდაცვის ორგანოების ხელმძღვანელობას და მმართველობის ორგანოს სხვა წარმომადგენლებს… ძირითადი თემები: მართლწესრიგის განმტკიცება, მოსახლეობის უზრუნველჰყოფა პურით და ფართო მოხმარების სხვა აუცილებელი საქონლით, სატრანსპორტო მომსახურეობის აღდგენა და გაუმჯობესება, საგაზაფხულო სამუშაობის ორგანიზებულად ჩატარება…
შეხვედრაზე გამოვიდნენ: ამირან ჯავახაძე- მაღლაკის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე, ილია დოლაბერიძე – მეურნეობის დირექტორი, ოთარ ჭოლაძე -საკრებულოს წევრი, მურმან ჟორჟოლიანი- მოიჯარე, ბენო ჭოლაძე – მუშა და სხვები… გამომსვლელთა უმეტესობამ ნომერ პირველ პრობლემად კრიმინოგენური სიტუაცია დაასახელა! ამ სიტუაციის გაანალიზებისას საზოგადოება მეტ პასუხისმგებლობას სთხოვდა ხელისუფლებას, ხოლო ეს უკანსკნელი- საზოგადოებისგან აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობას უსვამდა ხაზს…
(გაგრძელება იქნება).
ამირან ჯავახაძე
ოთარ ჭოლაძე მეუღლესთან ერთად.
მურად მაღლაკელიძე
ილია დოლაბერიძე
ლერი კორძაია
არასრული სია გამოჩენილი მაღლაკელებისა:
ცნობილი მაღლაკელები:
—————————————————————————-
ეს ყველაზე დიდი და ცნობილი, საქართველოს ისტორიის წყაროებით ჩვენთვის N1 დიდი მაღლაკელია! გავიხსენოთ:
მ ი ქ ა ე ლ მ ა ღ ლ ა კ ე ლ ი — XII საუკუნის I ნახევრის ქართველი მხატვარი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი სოფელ მაღლაკიდან (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) უნდა ყოფილიყო. მიქაელ მაღლაკელს მოუხატავს ზემო სვანეთის სოფ. მაცხვარიშის ეკლესია (ფოტო იხ ქვემოთ). ეკლესიაში შემონახულია რამდენიმე საქტიტორო წარწერა. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ე. ი. 1140 წელს „ჴელითა მიქაელ მაღლაკელისათა“.
მაცხვარიშის ეკლესია ერთნავიანი ნაგებობაა. მას თავდაპირველად სამმხრივ გარშემოსავლელი ჰქონდა, ახლა მხოლოდ სამხრეთი ნაწილია დარჩენილი. საკურთხეველში გამოსახულია „ვედრება“, მის ქვემო რიგში მოციქულთა ფიგურებია, ნავის კედლები და კამარა ქრისტეს ცხოვრების სცენებს უჭირავს (3 რეგისტრად). განსაკუთრებით საინტერესოა ქვედა რეგისტრი, სადაც გამოსახული არიან სვანეთის კედლის მხატვრობისათვის დამახასიათებელი წმინდა მხედრები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალის გამოსახულება. ჩრდილოეთ კედლის მარცხენა თაღში დემეტრე მეფის ფიგურაა, მეფეს გვირგვინს ადგამს ანგელოზი, ქრისტე კი აკურთხებს, 2 ფეოდალი მას წელზე ხმალს არტყამს.
მხატვრულ-სტილისტიკური თვალსაზრისით მიქაელ მაღლაკელის მხატვრობა XI-XII საუკუნეების გარდატეხის ეპოქას განეკუთვნება. არსებითად იგი XI საუკუნის მონუმენტური კედლის მხატვრობის ტრადიციებს აგრძელებს. შენარჩუნებულია ცალკეული კომპოზიციის დიდი ზომა, მხატვარი ფიგურებს მონიმენტური, განზოგადებული ფორმებით გადმოსცემს, მათი მოძრაობა დინჯი და თავდაჭერილია, დგომა მყარი და ბუნებრივი. იგრძნობა შინაგანი დინამიკა, თუმცა ეს უკანასკნელი ხაზგასმული არ არის. ამასთან ერთად საყურადღებოა XII-XIII საუკუნეების დეკორ-მონიმენტური ფერწერის სტილის ნიშნები. მხატვრობა, ერთი მხრივ, ატენის სიონის, მეორე მხრივ კი ყინწვის-ტიმოთესუბან-ბეთანიის მოხატულობის ნიშნებს ამჟღავნებს. კოლორიტის თვალსაზრისით მხატვარი თავდაჭერილია, იყენებს ორი ძირითადი ფერის — რუხისა და მოწითალო ყავისფერის ნიუანსებს. ნახატები გრაფიკულია.
ლადო (ვლადიმერ) ლექვინაძე (1875-1921)!
წარმომავლობით იყო ქუთაისის გუბერნიის გლეხობიდან, კერძოდ კი-სოფელ მაღლაკიდან!
ქუთაისის გიმნაზიაში ზოგადი დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. 1894 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. სხვადასხვა დროს მსახურობდა: ელიზავეტპოლის 156-ე, ტამბოვის 122-ე, ფოთის სარეზერვო 257-ე, გორის 202-ე ქვეით პოლკებში. „Памяти героев Великой войны 1914–1918“- ამ წიგნის მიხედვით ვიგებთ, რომ მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და I მსოფლიო (1914-1918) ომებში. ორივე ომში დაიჭრა.
1915 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში! სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში მიიღო პოლკოვნიკის წოდება, იყო სამხედრო-საველე სასამართლოს თავმჯდომარე! საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ლექვინაძე გახდა ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი: გაზეთ “დამოუკიდებელი საქართველოს” 1926 წლის N5 ნომერში (გაზეთი იბეჭდებოდა პარიზში) არის სწორედ ეს ინფორმაცია: საქართველოს საგანგებო კომისიამ ლადო ლექვინაძე „რევოლუციური მართლმსაჯულების“ სახელით დახვრიტა 1921 წლის თებერვალში!
დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (წარწერით „მამაცობისთვის“), წმ. სტანისლავის III და წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით) ხარისხის ორდენებით.
სამწუხაროდ, ლადო ლექვინაძის შესახებ ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია…ასეთი ადამიანების ხსენება, მოგეხსენებათ, თითქმის 70 წლის განმავლობაში აკრძალული იყო…ლექვინაძეების გვარი მაღლაკის ერთ-ერთი ძველი და ტრადიციული გვარია. იქნებ, არსებობს ამ გვარის ახლანდელ წარმომადგენლებში გარკვეული ინფორმაცია, გადმოცემა, ნივთი, რომელიც უკავშირდება დამოუკიდებლობისთვის შეწირული სახელოვანი პიროვნების სახელს! ჩვენი მხრიდან კი მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ახალი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში იგი ცნობილი გახდება ამ გვერდის გამომწერებისთვისაც / ჯ.კოხრეიძე/…
ივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი (1864- 1942)
ივანე ტყეშელაშვილი დაიბადა 1864 წლის 1 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მაღლაკში გლეხის ოჯახში.
1874 წელ ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია- ისე გაემგზავრა თბილისში, სადაც მუშაობა დაიწყო აივაზოვის აფთიაქში. ერთი წლის შემდეგ იგი გაემგზავრა ბაქოში, სადაც შეგირდად მოეწყო ვიტუშინსკის აფთიაქში. შეგირდობის პერიოდი სამი წელი გარძელდა, რის შემდეგაც ივანე გაემგზავრა მოსკოვში და გამოცდები ჩააბარა უნივერსიტეტში აფთიაქარის თანაშემწის თანრიგზე. თავდაპირველად პრაქტიკა გაიარა პეტერბურგში ვენცელის აფთიაქში და კვლავ მოსკოვში დაბრუნდა, სადაც უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა. მოსკოვის უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ მიიღო პროვიზორის ჩინი.
თავისი სპეციალობის პარალელურად ივანე ტყეშელაშვილი დაინტერესდა ფოტოხელოვნებით. 1897 წელს იგი არჩეული იქნა რუსეთის ფოტოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრად და მოსკოვში გახსნა საკუთარი პატარა ატელიე, სადაც ექსპერიმენტებს ატარებდა ფოტოგრაფიულ ქიმიაში.
1899 წლის 1 მაისს მოსკოვის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ივანე ტყეშელაშვილს საზეიმო ვითარებაში გადაეცა ფარმაციის მაგისტრის ხარისხი და ახალგაზრდა აფთიაქარი „ფერეინის“ ცნობილი კომპანიისგან იღებს მომხიბვლელ წინადადებას ერთ–ერთ წამყვან აფთიაქში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გახსნის თაობაზე. პარალელურად ტყეშელაშვილი იწყებს ქიმიის, ფარმაციისა და ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობას „Иверской общине Сестёр Милосердия“.
1898 წელს ივანე ტყეშელაშვილმა ჩაატარა მეცნიერული ექსპედიცია ჩრდილოეთ კავკასიაში და 1899 წელს ამხანაგობა “И.Н. Кушнарев и К”–ში დაბეჭდა თავისი გზამკვლევი სათაურით “От Владикавказа до Кутаиса: путеводитель по Военно-Осетинской дороге. Записки экскурсанта”, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს ფლორა და ფაუნა, დადასტურებული თავისივე გადაღებული ფოტოებით. 1899 წელს „რუსული ფოტოგრაფიული საზოგადოების“ მიერ ჩატარებულ მე–2 კონკურსზე, ამ გზამკვლევისთვი, ივანე ტყეშელაშვილი საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
1900 წლის 11 ოქტომბერს ივანე ტყეშელაშვილმა „რუსული ფოტოგრაფიული საზოგადოების“ კრებაზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: “Краткий отчёт о фотографической экскурсии по Кавказу” და წარმოადგინა ექსპედიციის დროს გადაღებული დიაპოზიტივები.
1901 წელს ივანე ტყეშელაშვილმა შეადგინა და „რუსეთის ფოტოგრაფიულ საზოგადოებაში“ წაიკითხა ფოტოგრაფიული ქიმიის კურსი. მომდევნო წელს იგივე „ფერეინის“ ფირმის შეთავაზებით ფარმაკოლოგიური სკოლა დააარსა აფთიაქარი მოსწავლეებისთვის, სადაც ცნობილი ფარმაკოლოგები ასწავლიდნენ. 1902 წელს ტყეშელაშვილი უნივერსიტეტში „პრაქტიკული ფარმაკოლოგიის“ კურსის წასაკითხად მიიწვიეს.
ფარმაკოლოგიის პარალელურად ივანე ტყეშელაშვილს მოსვენებას არ აძლევდა ფოტოგრაფია და კავკასია. სააფთიაქო საქმიანობასთან დაკავშირებულ წიგნებთან ერთად მან გამოსცა გზამკვლვები: “Военно-Осетинская дорога”, “Военно-Сухумская дорога”, “Военно-Грузинская дорога”. ყველა გზამკვლევში გამოყენებული იყო მისი ფოტოები. ასევე გამოსცა ეთნოგრაფიული შინაარსის წიგნი სვანეთზე.
1904 წელს ივანე ტყეშელაშვილი საცხოვრებლად ესენტუკში გადასახლდა და გახსნა საკუთარი აფთიაქი. ამ პერიოდში იგი ბევრს მოგზაურობდა და იღებდა ფოტოებს. გახსნა პატარა ფოტოლაბორატორიები ვლადიკავკაზსა და ესენდუკში.
1905 წელს დაიბეჭდა ტყეშელაშვილის ერთ–ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი წიგნი – “Краткая история Русской аптеки”.
მისი სახლი ესენტუკში დღემდე კულტურის ძეგლად არის გამოცხადებული და იცავს სახელმწიფო.
1909 წლიდან ივანე ტყეშელაშვილი რამდენიმე წლით საცხოვრებლად გადადის ვლადიკავკაზში, სადაც გამოდის „რუსეთის სამთო საზოგადოების“ ფილიალის შექმნის ინიციატივით და აწყობს ექსპედიციებს.
1917 წელს ესენტუკში დაბრუნებული ივანე ტყეშელაშვილი სათავეში უდგება დროებითი მთავრობის ორგანოს სამოქალაქო აღმასრულებელ კომიტეტს, მაგრამ მალევე ტოვებს ამ პოსტს, რადგანაც მის ლაბორატორიას ჩაუტარდა ნაციონალიზაცია, თუმცა თავად ტყეშელაშვილი არ დაზარალებულა.
1919 წელს ივანე ტყეშელაშვილი სამშობლოში ბრუნდება, მკვიდრდება თბილისში და ზემელის აფთიაქთან ხსნის ქიმიურ–ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას.
1924 წლიდან უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურსს ფარმაკოლოგიაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქიმიკოსად „სახკურორტში“, „სოციალური ჰიგიენის ინსტიტუტში„ და „სუბტროპიკული კულტურებისა და ფარმაკოლოგიის ტექნიკური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტში“, მაგრამ პარალელურად თავს არ ანებებდა საყვარელ საქმესა და ფოტოგრაფიას.
1931 წელს სახელმწიფო კინო–ინდუსტრიის დავალებით იგი ხელმძღვანელობდა ფილმის – „Флора Грузии или знойный Юг“ გადაღებებს. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა და სწავლობდა კავკასიის სამკურნალო და შხამიან მცენარეებს და ამ თემაზე დაბეჭდილი აქვს რამდენიმე მონოგრაფია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე გამოგონება სამრეწველო ქიმიასა და ფოტოგრაფიულ ქიმიაში.
ივანე სოფრომის ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა 1942 წელს და დაკრძალულია თბილისში.
ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე (1867 – 1944)
ქუთაისს 1871-1924 წლებში ამშვენებდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საკათედრო ტაძარი (სობორო). სამწუხაროდ, 1923 წლიდან ქუთაისის კათედრალი ბოლშევიკებმა დახურეს, ხოლო 1924 წელს დაანგრიეს. ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობორო) უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, რომელიც 1919-1923 წლებში იმყოფებოდა ხსენებულ საეკლესიო პოზიციაზე.
ერისკაცობაში ვასილ ლუკას ძე დოლაბერიძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის მაზრის (ამჟამად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) სოფელ მაღლაკში, მედავითნის ოჯახში. მან 1885 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს – თბილისის სასულიერო სემინარია.
1892 წლის 11 თებერვალს, ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში, ყოვლადუსამღვდელოესმა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) დიაკვნად დაასხა ხელი ვასილ დოლაბერიძეს, ხოლო იმავე წლის 16 თებერვალს – მღვდლად აკურთხა და ხსენებული ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინა.
მამა ვასილი წერდა: „ახლა კი გადავსწყვიტე, ისევ ძველის გზით სიარული და მღვდლობას მოვკიდე ხელი. ვფიქრობ, ამ მცირე სწავლით და ადგილით მაინც ვემსახურო ქვეყანას. ქვეყანა კი ია და ვარდით ფიანდაზათ მოფენილი მგონია და ადამიანები კი ანგელოზები”.
მამა ვასილ დოლაბერიძეს სხვადასხვა დროს ებოძა საეკლესიო ჯილდოები: 1895 წლის 14 თებერვალს – საგვერდული, 1898 წლის 30 მარტს – სკუფია, 1902 წლის 6 მაისს – კამილავკა (მამა ვასილის კამილავკით დაჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსში“, 1902 წლის #8), 1903 წლის 3 თებერვალს – წმ. ანას III ხარისხის ორდენი, 1907 წლის 6 მაისს – სამკერდე ოქროს ჯვარი, 1912 წლის 6 მაისს – დეკანოზის წოდება, 1916 წლის 6 მაისს – წმ. ანას II ხარისხის ორდენი, 1919 წლის 2 ოქტომბერს – ენქერი, 1935 წლის 23 ნოემბერს – მიტრა.
მამა ვასილი 1892-1894 წლებში იყო ქუთაისის სასაფლაოს წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი, ხოლო 1896-1899 და 1905-1910 წლებში – ამავე სკოლის გამგე. 1898 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის უფასო სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი გახლდათ. მამა ვასილი 1901-1906 წლებში იყო ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებელი, 1893-1907 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობის წევრი, 1906 წელს დროებით იყო ქუთაისის ტაძრების მთავარხუცესი, 1911 წლის 5 მარტიდან დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად, 1911 წლის 7 მაისიდან დროებით ასრულებდა საკათედრო ტაძრის კანდელაკის, ხოლო იმავე წლის 7 ივლისიდან 25 აგვისტომდე საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოვალეობას. 1912 წლის 1 ივლისს კი დადგინდა ქუთაისის საკათედრო ტაძრის ტაძრის კანდელაკად.
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გახლდათ. 1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მამა ვასილისათვის დიდი სიხარულის მომტანი იყო. 1917 წლის სექტემბერში დეკანოზი ვასილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველ საეკლესიო კრებაში აქტიურად მონაწილეობდა.
1918 წლის ნოემბრიდან ქუთაისის სამიტროპოლიტოს მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; 1924 წელს ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრეტილი, აწ წმიდანად კანონიზირებული). 1919 წლის 2 ოქტომბერს მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელმა მიტროპოლიტმა ნაზარმა ქუთაისის საკათედრო ტაძრის (სობორო) წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე.
1919-1921 წლებში მამა ვასილი გახლდათ იმერეთის საეპარქიო სასამართლოს მომხსენებელი წევრი. 1921 წელს გელათში გამართული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი მესამე საეკლესიო კრების მომწყობი კომისიის წევრი იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. სწორედ, ხსენებულმა საეკლესიო კრებამ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (აწ წმიდანად კანონიზირებული წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია), რომლის ხსენებაც არის დღეს, 29 მარტს).
1921 წლის თებერვალში საქართველოში დამყარდა საოკუპაციო ბოლშევიკური რეჟიმი, რომელიც იდეოლოგიურად, აგრესიული ფორმებით ათეისტური შინაარსის იყო. ბოლშევიკები უსასტიკესი მეთოდებით მტრობდნენ ქრისტეს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და მრევლს.
1923 წლის დასაწყისში ათეისტურმა საერო რეჟიმმა უსამართლოდ დააპატიმრა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი. მმართველი მღვდელმთავრის პატიმრობის პირობებში დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული საკათედრო ტაძრის წინამძღვრობა დეკანოზ ვასილისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მამა ვასილი იგონებდა, რომ 1923 წელს, ქუთაისის საკათედრო ტაძრის დღესასწაულის – წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისადმი (ძვ.სტ. 26.01 – ახ.სტ. 08.02) მიძღვნილი წირვა-ლოცვა მიტროპოლიტის გარეშე აღსრულდა, თუმცა, მაინც ზარ-ზეიმით, როგორც კათედრალის დღესასწაულს შეეფერებოდა. მამა ვასილის მოგონებაში ვკითხულობთ: „რამდენიმე ქალი და კაცი მომეწიენ გზაში და ერთი პირის ხოკნითა და წუწუნით მომვარდნენ და შემომჩივლეს, თუ როგორ ძალმომრეობით დაადგინეს მათ /ბოლშევიკებმა/, რომ სობორო დაიკეტოს, რადგანაც, ვითომც მისი ზარების რეკვა მუშაობას უშლიდესო და დავით და კონსტანტინეს ნეშტიც უნდა გადმოტანილ იქნეს ქუთაისშიო. თუმცა, იკითხეს, თუ ვინა ხართ წინააღმდეგიო, მაგრამ, აბა, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას, თუმცა, ერთმა მუშამ მაინც წამოიწყო საწინააღმდეგო ლაპარაკი, მაგრამ მაშინვე ჩააჩუმეს და გამოაცხადეს კიდეც: წინადადება ერთხმად მიღებულია და კრება დახურეს“, – იგონებდა მამა ვასილი. იმავე დღის საღამოს დეკანოზი ვასილი თბილისში გამგზავრებულა, სადაც მოახერხა შეხვედრა ბოლშევიკური ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებით შინაპატიმრობაში მყოფ უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან.
სამწუხაროდ, ათეისტურმა ბოლშევიკურმა რეჟიმმა 1923 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკანონოდ ჩამოართვა ქუთაისის წმიდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძარი (სობორო), რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებამ სრულად დაანგრია 1924 წლის ზაფხულში. მამა ვასილს ფაქტობრივად თვალწინ დაუნგრიეს ქუთაისის საკათედრო ტაძარი, რომლის წინამძღვარი თავად იყო 1919 წლიდან.
1924 წლის აგვისტოში ბოლშევიკებმა ცილისმწამებლური ბრალდებით დააპატიმრეს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) თავის თანმხლებ სასულიერო პირებთან ერთად, რომელთა შორის იყო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. ქუთათელი მიტროპოლიტი თავის სამღვდელო კრებულთან ერთად სოფელ როდინოულში იყო ჩასული, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის კურთხევისათვის. სწორედ ამ სოფელში, შუაღამისას შეიპყრეს ისინი ბოლშევიკური საოკუპაციო მთავრობის წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მიტროპოლიტი ნაზარი, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე და პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე ბოლშევიკურმა რეჟიმმა ცილისმწამებლური ბრალდებით დახვრიტა, ხოლო დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე გადაურჩა დახვრეტას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ვასილი იგონებდა: „ეკლესიის გალავანში, ნაცნობ ორსართულიან შენობაში მიგვიყვანეს. გამოგვამწყვდიეს ერთ დიდ ოთახში და თვითონ მეორე ოთახში გავიდნენ, თან რაღაცას ჭოჭმანობენ. ამ საქმეს ხელმძღვანელობს, თურმე, რაიონის მილიციის უფროსი, ვინმე მაღლაკელიძე, ყოფილი ყაჩაღი. გაათავეს ჭოჭმანი, შემოვიდნენ და მოგვაძახეს: აბა, ადექით, რაიონში უნდა წახვიდეთო. ჩვენ რა ვიცით, სად არის რაიონი და ვუთხარი: რადგანაც წვიმს და ბნელა, ამაღამ აქ გაგვათევინეთ ღამე და ხვალ სადაც გინდათ, იქ წამოგყვებით-მეთქი. არ შეიძლება, ამაღამ უნდა წახვიდეთო, იყო პასუხი. მაშინ ვუპასუხე, რომ ამაღამ ამ ტყეში (იგულისხმება აჯამეთის ტყე) შეგიძლიათ, ყველანი დაგვხოცოთ და თავი იმითი იმართლოთ, გაქცევას აპირებდნენო, ამიტომ, ჯერ ბორკილები გაგვიყარეთ და მერე წაგვიყვანეთ-მეთქი. ბორკილებს ახლა გაგიჭედავთო, გვიპასუხეს. ამაზე მღვდელმა სიმონ მჭედლიძემ უპასუხა, თუ ბორკილები არ გაქვთ, ბაწრები ხომ გეშოვებათო. ამის თქმა და მილიციონრების დარევაც ერთი იყო და ყველანი ძირს, ეზოში ჩარეკეს. მერე მე დამავლეს ხელი და ციმციმ გამიტანეს გარეთ, და სხვებს შევუერთდი…
1 სექტემბერს, საღამოს, ასე ხუთ საათზე, მიტროპოლიტი და პროტოდიაკონიც მოიყვანეს საავადმყოფოდან. პროტოდიაკონი ისევ შეუძლოდ იყო. ამასობაში ათი საათი შეიქნა და დავწექით კიდეც. ცოტა ხანში ხმაურზე ისევ გამეღვიძა და რას ვხედავ, ვიღაც შეიარაღებული პირები შემოსულან ჩვენს საკანში. ერთი მათგანი ლამპასთან რაღაცას კითხულობს და მომესმა: „კორნელი კაკაბაძე, ჰო, მართლა, ის მეორე განყოფილებაშია” და დასძინა: „აბა, ჩქარა, ჩაიცვით და წამოდით!” ამ დროს კარს მოადგა ციხის უფროსის თანაშემწე – რუხაძე და დაიძახა: „ჩქარა წამოდით, თორემ მატარებელი გაგვასწრებს!”. სიის მკითხველმა ჩამოთვალა: ჯაჯანიძე, მჭედლიძე, ნიკოლაძე, მობრუნდა ჩვენკენ (ახლა კი გამაცივა), მიტროპოლიტი გააღვიძეთო და იკითხა კუხიანიძე სად არისო. მივეშველეთ მიტროპოლიტს ბარგის შეკვრაში. ბარგის შეკვრისას მიტროპოლიტი გარეთ გასულიყო და სხვები რომ გაირეკეს წინ, ჯაჯანიძემ ესღა მოასწრო: „ვასილი, აბა, შენ იცი, ბავშ…” და გარეკეს კიდეც. მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, გამოგვეთხოვა ყველას პირზე კოცნით და გვითხრა: „არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველა ერთიაო” და გაჰყვა იმათ… ასე, ოთხი საათი იქნებოდა, რომ სადგურის მხრიდან მოგვესმა, ზედიზედ ორჯერ თოფების გრიალი, მერე – ორი-სამი კენტად. ვიფიქრეთ, ისევ გამოსვლები დაიწყოო, მაგრამ ეს იყო და ეს, იმ ღამეს მეტი თოფის ხმა არ გაგვიგონია. დილით, როგორც კი მიმოსვლა დაიწყო საკნებს შორის, ჩვენთან შემოვიდა ტუსაღი მაჭავარიანი და შეგვათვალიერა, თუ ვინ გაიყვანესო. ჩვენ გულუბრყვილოდ შევეკითხეთ, სად წაიყვანეს ისინიო. მან კი თვალცრემლიანმა სთქვა: დახვრიტესო! ამის გაგონებამ თავზარი დაგვცა. მან განაგრძო: მათთან ერთად შვიდი კაცი ჩვენი საკნიდან გახლდათ და ჩამოთვალა გვარები, ყველანი ჩვენი კარგი მეგობრები. გადის დღეები და აგერ, 17 სექტემბერი შეიქმნა. ნაშუადღევის ოთხ საათზე ეზოში გაგვდენეს. ამ დროს დერეფნის ფანჯარას მოდგომიან გარედან და ვიღაცას კითხულობს: ვასილი, სად არის, ვასილიო. მეც გამოვედი და ერთბაშად მომაძახა: მომილოცავს, ვასილი გათავისუფლებაო… აბა, რას ვიფიქრებდით, რომ ისინი დახვრიტეს და ჩვენ კი ორ კვირაში გაგვიშვეს. რაკი ისინი დახვრიტეს, ჩვენ ათ-ათ წლის ციხე მივუსაჯეთ საკუთარ თავს. ესენი კი ორ კვირაში გვათავისუფლებენ. მოდი და დაიჯერე! მაშ, რაღასთვის დახვრიტეს ისინი?”, – იგონებდა დეკანოზი ვასილი, რომელიც ქუთაისის ციხეში მყოფი სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას.
1924 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე დადგინდა ქუთაისის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1926 წლის 12 სექტემბრიდან ქუთაისის საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იყო, ხოლო 1932 წლის იანვრიდან – ამავე ტაძრის წინამძღვარი. 1935 წლის 21 აგვისტოს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა სვიმეონმა (ჭელიძე) ქუთაისის არქიელის გორის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე. იმავე წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ხსენებული ტაძრის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე; აწ წმიდანად კანონიზირებული) მიტრით დააჯილდოვა დეკანოზი ვასილი.
დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე მრავლისმხილველი სასულიერო პირი გახლდათ, რომელიც მიუხედავად არაერთი მძიმე წნეხისა და ზეწოლისა, ღვთის მადლით, არ შეუშინდა კომუნისტურ რეჟიმს, არ განიმოსა სამღვდელო სამოსი და არ შეწყვიტა ღვთისმსახურება. საერო ათეისტური მთავრობა სასულიერო პირებს ხელოვნურად აკისრებდა დიდძალ ფინანსურ გადასახადებს. მამა ვასილს მიუვიდა ქვითარი, რომლის მიხედვით ის სახელმწიფომ დაბეგრა 11 984 მანეთითა და 64 კაპიკით, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში ტაძრის დაკეტვით ემუქრებოდნენ. ამ ამბის შესახებ მამა ვასილი იგონებდა: „1940 წლის 1 ივლისს მივედით მე და ჩემი მედავითნე, მღვდელი გიორგი ჯაში ფინგანში დაპირებისამებრ განცხადებებით სამსახურისათვის თავის დანებების შესახებ. გვითხრეს, ჯერ დათხოვნის ქაღალდი შემოიტანეთო. შევიტანეთ. მერე გვითხრეს, ეკლესიას ჩავიბარებთო. ჩაიბარეს. ესე გვაწვალეს თვის ბოლომდე. ბოლოს ინსპექტორმა გოგისვანიძემ, როგორც იქნა, წამოღერღა: კი, თავი დაანებე სამსახურს, მარაო… მარაო… იძახის. რა ვქნა, არ ვიცი, რა მარაო უნდა-თქო, ვიფიქრე და კიდევ წამოღერღა: ანაფორაო… რაი, რაი-მეთქი?! და ავენთე: ვინ მოგცა შენ ჩემთვის ანაფორის გაძრობის უფლება-მეთქი?! ხელი დაადევი, რომელ კოდექსში გიწერია, რომ ანაფორის ტარება არ შეიძლებოდეს და თუ შენი მოვალეობა არ გესმის, მე გასწავლი: მდიე უკან და თუ მღვდელმოქმედებას შევასრულებ და შემოსავალი მექნება, შენი პროცენტები აიღე-მეთქი. გავშორდი და არც მივკარებივარ მას მერე“, – აღნიშნავდა თავის მოგონებებში მამა ვასილი. მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, რომ წარმოვიდგინოთ, რა ურთულეს წნეხში უწევდათ საბჭოთა პერიოდს მოსწრებულ სასულიერო პირებს ცხოვრება და მსახურება.
დეკანოზ ვასილს ქუთაისში მღვდელმსახურება მოუწია ათი მღვდელმთავრის მმართველობისას. ესენი იყვნენ: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე; წმიდანად კანონიზირებული), იმერეთის ეპისკოპოსი ბესარიონი (დადიანი), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდე (ოქროპირიძე), იმერეთის ეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) გიორგი (ალადაშვილი), ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა; წმიდანად კანონიზირებული), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი სვიმეონი (ჭელიძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ვარლაამი (მახარაძე), ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ეფრემი (სიდამონიძე).
მრავალმა განსაცდელმა მამა ვასილს ფიზიკური სნეულებაც შეჰყარა. დეკანოზმა ვასილ დოლაბერიძემ ღვთივგანისვენა 1944 წლის 11 დეკემბერს, 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე, ტაძრის მახლობლად.
კონსტანტინე ხაჯიევი (1911-1977)
კონსტანტინე ილიას ძე ხაჯიევი დაიბადა 1911 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ მაღლაკში ბერძენი მუშის ოჯახში. დაამთავრა მაღლაკის საშუალო სკოლა და ბაქოს ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ მსახურობდა კავკასიის ოლქის ჯარების კადრის ნაწილებში ოცმეთაურად. 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დაწყების წინ კონსტანტინე ქუთაისში იყო განაწილებით…
1941 წლის აგვისტოდან იგი უკვე უკრაინის ფრონტზეა. მასთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი ოთხი ძმა! აქ მძიმედ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ აქტიურად მონაწილეობს გროზნოს, მოზდოკის და მელიტოპოლის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში. კონსტანტინემ განსაკუთრებით ისახელა თავი ყირიმის და გმირი ქალაქის სევასტოპოლის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში.
სევასტოპოლისთვის ბრძოლაში კონსტანტინე უკვე ასმეთაურია: იგი ხელმძღვანელობს ლისიჩანსკის მსროლელი დივიზიის 1001-ე პოლკის ასეულს. ერთი დღის განმავლობაში უშუალოდ მისმა ასეულმა წარმატებით მოიგერია ოთხჯერ გააფრთებულ შეტევაზე გადმოსული გერმანელები…
1944 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ. სევასტოპოლის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში კაპიტან ხაჯიევის ქვეგანაყოფს მოუხდა გერმანელთა თავდაცვის გარღვევა სივაშის ერთ უბანზე. ორი საათზე მეტი ხაჯიევის მეომართა არტილერია განუწყვეტლივ უშენდა მტრის პოზიციებს, ამზადებდა რა წითელი არმიის სხვა ნაწილებს მასშტაბური შეტევისთვის.
სამხედრო კორესპონდენტი აღწერს, თუ როგორ წავიდა პირველ ხაზზე მტრის სამიზნეებისკენ კონტანტინე ხაჯიევი ავტომატით ხელში…მებრძოლები გაჰყვნენ მეთაურს, შეიჭრნენ გერმანელთა განლაგებაში და ფაქტიურად ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ… ხაჯიევის მებრძოლებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგე, ხელთ იგდეს ქალაქის სამხედრო აეროდრომი. ნადავლი მნიშვნელოვანი იყო: 41 თვითმფრინავი და რამდენიმე საწყობი საომარი მასალებით. მალე სხვა ნაწილებმა მთლიანად დაიკავეს სიმფეროპოლი.
სწორედ ამ ბრძოლებში კონსტანტინე ხაჯიევი ბატალიონის უფროსად დანიშნეს! მისი ჯარისკაცები პირველები შეიჭრნენ სევასტოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც დამატებით ხელთ ჩაიგდეს მტრის კიდევ რამდენიმე საწყობი უამრავი სამხედრო ტექნიკით…მანვე აღმართა წითელი ალამი სევასტოპოლის სამხედრო სასწავლებლის შენობაზე. ასეთი თავდადებული ბრძოლებისათვის უკრაინის მე-4 ფრონტის საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 24 მარტის ბრძანებულებით ოფიცერ კონსტანტინე ილიას ძე ხაჯიევს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირისწოდება.
P.S.
სევასტოპოლის და ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ხაჯიევმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში. მის საბრძოლო არქივშია: ლენინის ორდენი, მედალი და “ოქროს ვარსკვლავი”, წითელი დროშის და წითელი ვარსკვლავის ორდენები, მთავარსარდლის იოსებ სტალინის მადლობები…
ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა კაპიტანი ხაჯიევი მძიმე ჭრილობით დაბრუნდა საქართველოში და მკურნალობდა წყალტუბოში. გამოჯანმრთელების შემდეგ 1946 წლიდან იგი ცხოვრობდა ერევანში, სადაც მუშაობდა სომხეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში…კონსტანტინე ხაჯიევის (1911-1977) შთამომავლობა ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში.
იოსებ მახათაძე (1917- 2010)
სახელოვანი ექიმი სოფელ მაღლაკიდან!
იოსებ მახათაძე დაიბადა 1917 წლის 15 დეკემბერს სოფელ მაღლაკში! ეს კი არის ბიოგრაფია, რომელიც განთავებულია წიგნიერ და ინტერნეტ ენციკლოპედიებში:
1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1940 წელს იყო სოფელ ცხუნკურის საექიმო ამბულატორიის გამგე;
1940–1948წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში; – 1948–1949წწ. მუშაობდა ტყიბულის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად;
– 1949–1951წწ. ვანის რაისაავადმყოფოს მთავარ ქირურგად; – 1956–2006წწ. გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი, სამედიცინო რადიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
– 1974–1983წწ. ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების გამგე.
– 1968–1975წწ. თბილისის სისხლის გადასხმის სადგურის კრიობიოლოგიის პრობლემური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
იოსებ მახათაძე ავტორია 146 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, რამდენიმე რაციონალიზატური წინადადების, მათ შორის აღსანიშნავია გამოგონება: “ძვლის ტვინის საკონსერვაციო აპარატი”, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ იქნა, როგორც უნიკალური და დაპატენტდა აშშ–ში 1972 წელს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და პერიფერიული სისხლის ცვლილება ნაღვლის ბუშტის მექანიკური გაღიზიანების დროს”, დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – “ანტიციტოლიზური ნივთიერებების შემცვლელი ჰემოკონსერვატი სისხლის გადასხმის მიზნობრივი სამკურნალო გამოყენებისათვის”, დაიცვა 1972 წელს.
– ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ, ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲘᲡ ᲐᲜ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ წევრობა:
ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოების წევრი
ქირურგიული საზოგადოების წევრი
ჰემატოლოგიის საზოგადოების წევრი…
– ᲯᲘᲚᲓᲝᲔᲑᲘ, ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲘᲖᲔᲑᲘ:
1997 – ღირსების ორდენი
1985 – საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
1984 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია
წლის საუკეთესო გამოგონებისთვის
1959 – მედალი “შრომითი წარჩინებისთვის”
1949 – წითელი ვარსკვლავის ორდენი
1945 – სამამულო ომის ორდენი
ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და პერიფერიული სისხლის ცვლილება ქოლეცისტიტისა და ქოლეცისტექტომიის დროს (ავტორი). – თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963. – 92გვ.
– იოსებ მახათაძე გარდაიცვალა 2010 წელს…
ინგუშ ჭოლაძე (1932-2017)
პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, გამომგონებელი….
ინგუშ ჭოლაძე 1932 წელს დაიბადა სოფელ მაღლაკში…აქვე დაამთავრა ოქროს მედალზე 1951 წელს საშუალო სკოლა…იმავე წელს იგი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, საიდანაც ძალიან მალე საბუთები გადმოიტანა იმხანად ქუთაისში დამკვიდრებულ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.ამ ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ 1957-1963 წლებში მუშაობდა ბახვის და წყალტუბოს ჩაის ფაბრიკებში.
1964 წლიდან კი იწყება ამ ნიჭიერი ახალგაზრდის სამეცნიერო კარიერა: იგი ანასეულში მდებარე ჩაის მრეწველობის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი ხდება.მალე ის ასპირანტურაშიც ჩაირიცხა და უკვე 1967 წელს უფროსი მეცნიერ-მუშაკის სტატუსი მიიღო! „მწვანე ბაიხის ჩაის ტექნოლოგიის სრულჰყოფის საკითხისათვის“- ასე ერთქვა ჭოლაძის სადისერტაციო ნაშრომს, რომლის წარმატებით დაცვის შემდეგ 1969 წელს მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სტატუსი.
1960-80- იან წლებში ანასეულის კვლევითი ინსტიტუტი გახლდათ არამარტო საქართველოს, არამედ -მაშინდელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კვლევითი დაწესებულება, რომელსაც ლომის წვლილი ჰქონდა შეტანილი იმ ფაქტის არსებობაში, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველო მთელს მსოფლიოში ჩაის მრეწველობის განვითარების თვალსაზრისით იმყოფებოდა მეხუთე ადგილზე!
ინგუშ ჭოლაძე სხვადასხვა დროს იყო ამ ინსტიტუტის: სტანდარტიზაციის და ახალი ტექნიკის დანერგვის განყოფილების გამგე; პატენტთმცოდნეობის განყოფილების გამგე (ამ განყოფილებაში 80-მდე თანამშრომელი ირიცხებოდა!); კვების მრეწველობის ტექნიკუმის საგამოცდო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე; ფირმა „ბახმაროს“ სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე…
ინგუშ ჭოლაძეს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ბროშურამ „ტექნიკა და საზოგადოება“ (1973), რომელიც მასობრივი ტირაჟით დაიბეჭდა…
უკვე დამოუკიდებელ საქართველოში 1999 წელს ჩვენი სახელოვანი თანასოფლელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
2002 წელს ი. ჭოლაძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შავი და მწვანე ჩაის წარმოების ტექნოლოგიური რეჟიმების სრულჰყოფა“.
პროფესორ ი.ჭოლაძეს ჰყავს ცოლი და ერთი ვაჟიშვილი, რომელიც ასევე მეცნიერების კვალს მიჰყვებოდა (2006 წლის მონაცემებით). შეძლებისდაგვარად მას სისტემატური ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა მაღლაკთან, მის ნათესავებთან…
2011 წელს ანასეულის კვლევითი ინსტიტუტი გამოიყვანეს საქართველოს სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროების სისტემიდან და უშუალოდ დაუქვემდებარეს აგრარულ უნივერსიტეტს (კახა ბენდუქიძის ინიციატივით). ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო იმ სამეცნიერო ბაზის რეალური დაკნინება, რომელმაც თავის დროზე უზარმაზარი სოციალურ- ეკონომიკური კულტურა შექმნა საქართველოში…დაიწყო ინსტიტუტის გადაქცევა ფაქტიურ „შპს“-დ, რასაც მოჰყვა ამ სამეცნიერო დაწესებულების ლიკვიდაცია. 2013 წელს ქართულ საზოგადოებას კვლავ შეახსენა თავი პროფესორმა ინგუშ ჭოლაძემ (81 წლის გახლდათ მაშინ), რომელმაც თავის კოლეგა ლევან ქუთათელაძესთან ერთად მიმართა მაშინდელ ხელისუფლებას, სამეცნიერო საზოგადოებას, პრესას, დაბრუნებოდა ანასეულის ინსტიტუტს ძველი სტატუსი. ამონარიდი ამ წერილიდან:
„ ჩვენი მოთხოვნაა, გაუქმდეს აგროუნივერსიტეტის უკანონო ბრძანება და ანასეულის ინსტიტუტი გადავიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომ მან შეძლოს ახალ სადღეისო პროექტებში აქტიურად ჩართვა, აღდგენილ იქნას განთავისუფლებული მეცნიერ-მუშაკები, ჩატარდეს ატესტაცია დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით. ჩვენი დიდი სურვილია, დაგვაბრუნონ ინსტიტუტში გარკვეული დროით მაინც, რომ შევძლოთ ნოვაციური წინადადებების განხორციელება დარგის ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს, რომლისთვისაც ასე თავგამოდებით იბრძვის ახლანდელი მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან.
-ლევან ქუთათელაძე,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ატესტირებული უფროსი მეცნიერ–მუშაკი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი;
-ინგუშ ჭოლაძე,
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ატესტირებული უფროსი მეცნიერ–მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ლაურეატი, გამომგონებელი. 2013წ.”
სოსო ჟორჟოლიანი (1923- ?)
დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.
მუშაობდა ინჟინრად ნოვოროსიისკში, კასპსა და ზუგდიდში, საიდანაც გაიწვიეს ჯარში.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცოლად შეირთო ჰაიდელბერგის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, გერმანელი მომღერალი ედელტრაუტ ეპლინგი. პირველ თვრამეტ წელს ისინი ცხოვრობდნენ ჰაიდელბერგში, სადაც შექმნეს საფეიქრო წარმოება;
1963 წელს გადავიდნენ მიუნხენში. აქ სოსო ჟორჟოლიანმა ჟურნალისტურ საქმიანობას მიჰყო ხელი (იბეჭდებოდა წიგნაძისა და ანზორ რეულის ფსევდონიმებითაც). რამდენიმე წელი მუშაობდა რადიოსადგურ “თავისუფლების” ქართულ რედაქციაში. 1956 წლიდან ჰაიდელბერგში ყოფნისას დაიწყო ლექსების წერა. 1971 წელს მიუნხენში სოსო ჟორჟოლიანმა გამოსცა ლექსების კრებული, რომელიც თავადვე გააფორმა მხატვრულად. მან ასევე გერმანულ ენაზე დაწერა პიესა “თამარა”. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.
მიხეილ ივანეს ძე ფაჩუაშვილი (1886- ?)
მიხეილ ლუარსაბის ძე ფაჩუაშვილი-ეროვნული საბჭოს წევრი- დაიბადა 1886 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ მაღლაკში (ეროვნული საბჭოს წევრად დასახელების მომენტში იგი მხოლოდ 31 წლის იყოს!).
დაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო სკოლაში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, გაიარა სასწავლებელთან არსებული პედაგოგიური კურსები. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1907 წლიდან მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ოზურგეთის, შორაპნისა და ქუთაისის მაზრაში (მშობლიურ სოფელში). 1914 წელს მიიღო უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის წოდება. შემდგომში მასწავლებლად მუშაობდა ართვინში, სუფსასა და ლანჩხუთში.
ცარიზმის რღვევის, სოციალურ რეცოლუციათა პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ და პედაგოგიურ საქმიანობას. 1917-18 წლებში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მხრიდან დასახელდა ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს განათლების კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა სიით. იყო საკანდიდატო სიის მე-10 ნომერი. სხვათაშორის: ესერებს პარტიულ სიაში 5 ქალბატონი ჰყავდათ შეყვანილი. არჩევნებში პარტიამ 5 მანდატი მიიღო! საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ მის შესახებ, სამწუხაროდ, ცნობები არ მოიპოვება.
მიხეილ მელიტონის ძე დოლაბერი ძე (1900 – )
მამა მელიტონ დოლაბერიძე გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ცნობილი აქტივისტი, საზოგადო მოღვაწე. სწორედ მის ოჯახში დაიბადა 1900 წელს მიხეილ მელიტონის ძე დოლაბერიძე, რომლის 80 წლის იუბილე ღირსეულად აღნიშნა რესპუბლიკის საზოგადოებრიობამ და მშობლიურმა სოფელმაც.
1903 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა ისე, რომ მშობლიურ სოფელთან კონტაქტი არ გაუწყვეტიათ.მიხეილმა 1920 წელს დაამთავრა სახელგანთქმული კლასიკური გიმნაზია. მისი მასწავლებლები იყვნენ სახელოვანი პედაგოგები: იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, დიმიტრი უზნაძე, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე, ალექსანდრე ჯანელიძე, ალიოშა წერეთელი…
შრომითი ნათლობა მიხეილმა წყალტუბოში მიიღო, სადაც 1920-30 იან წლებში საფუძველი ეყრებოდა ჩაის კულტურის სამრეწველო განვითარებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა ახლად ჩამოყალიბებული პირველი სამეურნეო რგოლების ხელმძღვანელი კადრებით დაკომპლექტებაში, მათი მენეჯმენტური უნარების ჩამოყალიბებაში. 1925 წელს მიხეილ დოლაბერიძემ წარმატებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. 1927 წლამდე იგი განაწილებით მუშაობდა გორის რაიონში მეხილეობის მიმართულების აგრონომ-ინსტრუქტორად. 1927 წლიდან გადაჰყავთ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჩაის“ სისტემაში ჩაის კულტურის მთავარ აგრონომ-ინსტრუქტორად. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაშენდა ათასობით ჰექტარზე ჩაის სუბტროპიკული პლანტაციები ლანჩხუთში, სამეგრელოში, აფხაზეთში. 1930-იან წლებში კი ეს პროცესი გააგრძელა მშობლიურ სოფელსა და მთელს წყალტუბოს რაიონში.
მიხეილ დოლაბერიძე წლების მანძილზე იყო: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუბტროპიკული კულტურების დარგის მთავარი აგრონომი; სუბტროპიკული კულტურების, მევენახეობისა და მეხილეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (1955 წლიდან)!
1966 წელს მას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება! დაჯილდოებული იყო მაშინდელი სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოებით: ლენინის, წითელი დროშის და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით!
P.S. მიხეილ დოლაბერიძის სამეციერო-პრაქტიკული მოღვაწეობის შესახებ მაშინდელ სამეცნიერო გამოცემებში დაცულია რამდენიმე სტატია-შრომა (მაგალითად, იზოლდა თავართქილაძის პუბლიკაციები!)
ნიკოლოზ არსენის ძე კოსტავა. (1904-1982)
საქართველოს აგრომრეწველობის ცნობილი მოღვაწე, გამომგონებელი და კონსტრუქტორი, აგრონომ- მექანიკოსი ნიკოლოზ არსენის ძე კოსტავა დაიბადა სოფელ მაღლაკში 1904 წელს. იქვე დაამთავრა სოფლის 4-წლიანი სკოლა და შემდეგ- ქუთაისის გიმნაზია. 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო გეგეჭკორის რაიონში, რომელიც ითვლებოდა ჩაის კულტურის გავრცელების ერთ-ერთ პირველ ინტენსიურ რაიონად. 1933 წელს ნიკოლოზი ქუთაისის მტს -ში (მანქანა-ტრაქტორთა სადგური) გადმოიყვანეს. სწორედ ამ წლებს უკავშირდება წყალტუბოს რაიონში ჩაის პლანტაციების ინტენსიური განაშენიანება. განსაკუთრებით ეს ეხებოდა სოფლებს: მაღლაკი, გვიშტიბი, ქვილიშორი, ოფურჩხეთი, ცხუნკური…ამ პერიოდში ნ. კოსტავა მამისეულ სახლში ცხოვრობდა და იქედან ეწეოდა აქტიურ საქმიანობას ჩაის მრეწველობის მექანიზაციის მიმართულებით. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, შეექმნა ჩაის საკრეფი აპარატი!
ერთი შეხედვით პროგრესული იდეა სულაც არ ჯდებოდა იმ ეპოქის მმართველთა სრულ ინტერესებში: ჩაის მონოკულტურას შესეული ასეულობით მუშის თუ გლეხის „ჩართვა კომუნიზმის მშენებლობაში“, მათთან იდეოლოგიური-პროპაგანდისტული მუშაობა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე- საკრეფი აპარატებით შეიარაღებული ერთეული მშრომელისა (ასეთი მექანიზმებით ნამდვილად აღარ იყო საჭირო ათასობით მკრეფავი ერთ ზონაში…). თანაც 1930-იან წლებში არც გიგანტური სამრეწველო საწარმოები იყო აგებული, სადაც მოხდებოდა „გამოთავისუფლებული“ მუშახელის დასაქმება. შედარებისთვის: ქუთაისის საავტომობილო ქარხანა და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აიგო მოგვიანებით- 1945 წლის შემდეგ გერმანელი ტყვეების გამოყენებით და ამერიკული ინვესტიციების ჩართულობით…
ნიკოლოზ კოსტავამ იცოდა ერთი ისტორია: საქართველოში ჩაის საკრეფი პირველი ავტომატური მექანიზმი გამოიგონა ნარაზენელმა ანდრო გრიგოლიამ, რომელიც 1937 წელს საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის („კგბ“) სარდაფში მოკლეს 1937 წელს. როგორც მაშინ ხდებოდა, 30 წლის ანდრო გრიგოლიას, რომელსაც ცოლი და 2 მცირე წლოვანი შვილი ჰყავდა, ბრალად “სახელმწიფოს მოღალატეობა-მავნებლობა” წარუდგინეს. რეალურად კი, გამოგონებისთვის მოკლეს, იმ გამოგონებისათვის, რომელსაც უნდა შეემცირებინა მუშა-ხელი კილომეტრებზე გადაჭიმულ პლანტაციებში…
ამიტომაც ნ. კოსტავამ თავისი განზრახვა, გამოეგონებინა საკრეფი მანქანა, გაანდო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატს. 1939 წელს კომისარიატმა (დღევანდელი- სამინისტრო) ნიკოლოზი ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად მიავლინა. მან აქ შექმნა ჩაის ფოთლის შერჩევითი კრეფის ელექტრონული აპარატი, რომელიც უკვე 1941 წელს გამოსაცდელად გაეშვა…თუმცა მალევე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო…ნიკოლოზ კოსტავა ომის პირველივე თვეებიდან ფრონტზეა: იყო პოლკის ერთ-ერთი პოლიტხელი, ორჯერ დაიჭრა, თუმცა ომის დასრულებამდე არმიის რიგებში დარჩა და გამარჯვება მტრის ბუნაგში- ბერლინში იზეიმა.
ომის დასრულებიდან მალევე ინდუსტრიალიზაციის ეპოქის დასაწყისი გამოცხადდა, რაც დამატებით მუშა-ხელს ითხოვდა ისედაც შემცირებული მოსახლეობიდან. ნიკოლოზი დაუბრუნდა თავის საქმიანობას და თანამოაზრეებთან ერთად შექმნა რამდენიმე თეორიულ-პრაქტიკული საფუძველი საუკეთესო მექანიზმების შესაქმნელად. ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით და სწორედ ნ. კოსტავას ხელმძღვანელობით 1950 წელს შეიქმნა პირველი თვითმავალი ჩაის სასხლავი მანქანა „ჩუგ“. იგი სამთო პირობებშიც მუშაობდა (28 გრადუსით დახრილ ფერდობებზე) და ამით უნიკალური იყო მთელს მსოფლიოში!
1963 წელს აკადემიკოს შალვა კერესელიძის პატრონაჟით და ხელმძღვანელობით (ოფიციალური ინფორმაციით) შეიქმნა პირველი აპარატული საკრეფი მანქანა „ჩსნ-1.6“, რომლისთვისაც ავტორთა ჯგუფს ლენინური პრემია მიენიჭა (1967). ორ წელიწადში კი ნიკოლოზ კოსტავას პატრონაჟით და უშუალო ხელმძღვანელობით აიწყო სრულიად ახალი ჩაის საკრეფი მანქანა „ჩა -900/650“ , რომელიც განსხვავდებოდა წინამორბედისგან უნივერსალობით! მაგალითად, ნ. კოსტავას მანქანას შეეძლო დახრილ ფერდობებზე მუშაობა, რასაც პაქტიკულად ვერ უზრუნველჰყოფდა შ.კერესელიძის მექანიზმი. ნ. კოსტავას მექანიზმი ასრულებდა შერჩევით კრეფას- იგი ადგილზე ტოვებდა შემოუსვლელ დუყებს. ორივე საკრეფი მანქანა (აკადემიკოს შალვა კერესელიძის და აგრონომ ნიკოლოზ კოსტავასი) ითვლება მსოფლიოში პირველ საკრეფ მანქანებად! (წყარო: „ქართული მეჩაიეობა/უახლოესი წარსული“. 2017წ. ავტორები: თ.კუნჭულია, შ.კიკალიშვილი, ზ.ბუკია.)
საყურადღებოა: ჩაის კრეფის მექანიზაციას ამაოდ ცდილობდა მსოფლიოს მრავალი გამომგონებელი, მათ შორის კიბერნეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის თეორიის ფუძემდებელი ნორბერტ ვინერი. დოქტორ ჰაროლდ მანის თქმით-ყველაფრის მექანიზაცია არის შესაძლებელი, ჩაის კრეფის გარდა. ამბობენ, რომ ჩაის კრეფის მექანიზაციისთვის სპეციალური ფულადი პრემია იყო გამოყოფილი, რისთვისაც ევროპის ერთ-ერთ ბანკში ინახებოდა 100 000 ამერიკული დოლარი, თუმცა ეს თანხა საბოლოოდ აუთვისებელი დარჩა.
მას შემდეგ კი, რაც ნიკოლოზ კოსტავამ საუკეთესო ჩაის საკრეფი მანქანა გამოიგონა, საზღვარგარეთაც აღარ გასჭირვებიათ ამ მოდელების გადანერგვა, გაუმჯობესება. გადადებული 100 000 დოლარი, ცხადია, არავის მიუცია ჩვენი სახელოვანი თანასოფლელისთვის…თუმცა ლენინის ორდენით კი დააჯილდოვა სახელმწიფომ და ეს მაშინ ძალიან დიდი აღიარება იყო…
P.S.
ნიკოლოზ არსენის ძე კოსტავას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა მაღლაკის სიყვარული, მონატრება…დღეს იმ მიწაზე-ეზოზე, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა, ცხოვრობენ მამამისის ძმის შთამომავლები, მათ შორის ერთ-ერთი მამამისის სახელსაც ატარებს. ნიკოლოზი ახსოვთ ნათესავებსაც და სხვებსაც. ნიკოლოზ კოსტავა (1904-1982) საქართველოს სსრ დამსახურებული გამომგონებლის სახელით წავიდა იმ ქვეყნად…
ცნობილი მამა-შვილი: ეზეკია და რევაზ ხაზარაძეები.
ეზეკია (ეზეკი) პორფილეს ძე ხაზარაძე დაიბადა 1902 წელს სოფელ მაღლაკში. საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ მუშაობდა მშობლიური სოფლის შვიდწლიან სკოლაში მასწავლებლად (1922-1925 წლები). 1925-30 წლებში სწავლობდა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე მებაღეობა-მევენახეობის სპეციალობით. იმავე წელს განამწესეს კახეთის საცდელი სადგურის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1932-1945 წლებში ფიტოპათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ- უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1945-46 წლებში ეზეკი ხაზარაძე ინიშნება ამ ინსტიტუტის მიკოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. 1946 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი ეჭირა ამ დიდი სამეცნიერო დაწესებულების – მცენარეთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის- დირექტორის მოადგილის პოსტი.
ეზეკი ხაზარაძე 31 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სამეცნიერო ხარისხი კი 1941 წელს მოიპოვა. თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან გამოიკვლია საქართველოს პირობებში მანამდე სრულიად შეუსწავლელი ავადმყოფობანი ისეთი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა, როგორიცაა: ბადრიჯანი, პარკოსნები, კარტოფილი, ხურმა, ვაშლი, მსხალი, ბროწეული, ლეღვი… მსოფლიოში პირველმა გამოიკვლია ბროწეულის კიბოს და ზოგადად ნაყოფების ლპობის გამომწვევი ავადმყოფობა, რის პარალელურადაც დაადგინა მათთან ბრძოლის მეთოდები. ამიტომაც ეზეკი ხაზარაძის გამოკვლევებს და მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც თეორიული, ასევე -პრაქტიკული თვალსაზრისით.
გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა ბატონი ეზეკი ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სტუდენტებში… კარგი მეცნიერის და პატრიოტის თვისებებთან ერთად იგი იყო კეთილსინდისიერი და გულთბილი ადამიანი, რაც აახლოებდა მას თავის მრავალრიცხოვან მოწაფეებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან.
საკავშირო სახელმწიფომ ეზეკი ხაზარაძის ღვაწლი შრომის წითელი დროშის ორდენით შეაფასა, რაც იმხანად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო იყო…
სახელოვანი მამის გზა ღირსეულად გააგრძელა მისმა ვაჟმა- რევაზ ხაზარაძემ, რომელმაც სახელი ადამიანების მკურნალობით გაითქვა!
_________________________________________
რევაზ ხაზარაძე
დაიბადა 1928 წელს სოფელ მაღლაკში. (გარდაცვალების თარიღი: 11 სექტემბერი, 2003)
პროფესია: ექიმი, მეცნიერი!
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური ფაკულტეტი 1951 წელს.
1951-1954წწ. იყო წალკის რაიონის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1955–1958წწ. გ. ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, 1958–1976წწ. რადიაციული და ნიადაგის ლაბორატორიის გამგე, 1976–1990წწ. კომუნალური ჰიგიენის განყოფილების გამგე, 1990-2000წწ კი იყო იგივე სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი!, 2000-2003წწ. ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-მუშაკია. ავტორია 3 მონოგრაფიის და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გარემოს ჰიგიენას, რადიაციულ ჰიგიენას და კვების ჰიგიენას.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – “მაგნიუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ექსპერიმენტულ-ჰიგიენური დასაბუთება წყალსატევის წყალში” იყო. იგი დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – “საქართველოს მოსახლეობის პოპულაციური დასხივების დოზები დამაინებული გამოსხივების ძირითადი წყაროებიდან”, (დაიცვა 1982 წელს).
რევაზ ხაზარაძე იყო:
ადამიანის ეკოლოგიურ და პროფესიულ მედიცინათა აკადემიის აკადემიკოსი,
ამიერკავკასიაში პირველი რადიაციული ჰიგიენის ლაბორატორიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი (1960-1990),
ეკოლოგიური და სიცოცხლის უშიშროების საერთაშორისო აკადემიის წევრი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭო, აგრეთვე-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი,
საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი,
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო-საატესტაციო საბჭოს წევრი
2003 – ღირსების ორდენი, მედიცინის მეცნიერული მიმართულებების განვითარებისათვის!
ვიცოდეთ ჩვენი ღირსეული ადამიანები, თანამემამულეები და თანასოფლელები!
ანდრო ნიჟარაძე
1960-70- იანი წლების საქართველოში კვების მრეწველობის განვითარების, განსაკუთრებით მცენარეული ნედლეულის ქიმიურ-ტექნოლოგიური შესწავლისა და მისი გამოყენების საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, კვების მრეწველობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, ტექნიკურ მეციერებათა დოქტორს, პროფესორ ანდრო ნიკიფორეს ძე ნიჟარაძეს. ფაქტიურად იგი ითვლებოდა ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთ მეტრად, ლიდერად!
ანდრო ნიჟარაძე დაიბადა 1911 წელს სოფელ მაღლაკში, სოფლის მასწავლებლის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1934 წელს დაამთავრა. იმავე წელს განაწილებით დაიწყო მუშაობა წულუკიძის (ახლა- ხონის) მტს-ში ჩაის კულტურის მთავარ აგრონომად. 1936 წელს გადაჰყავთ ზუგდიდის ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგად. 1937 წელს 26 წლის ანდრო ნიჟარაძე ინიშნება ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო- კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე, საიდანაც ერთ წელიწადში მიავლინეს მოსკოვში მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბახის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტში: აქვე დაამთავრა ასპირანტურა (1941 წელს), აქვე დაიტოვეს სამუშაოდ უფროსი მეციერ-თანამშრომლის რანგში.
1943 წლიდან ანდრო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების გამგის მოადგილეა. 1952 წლიდან ინიშნება ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად.
სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით 1955 წლიდან იგი მუშაობას იწყებს საკავშირო სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოლეგიის წევრად- მეხილეობის, მევენახეობის, ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების მთავარ ინსპექტორად. ამ პოსტზე ანდრო ნიჟარაძე 4 წელი მუშაობდა. 1959 წელს იგი დაინიშნა ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, ხოლო 1960 წლიდან უკვე საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია, სადაც პენსიაში გასვლამდე მოღვაწეობდა.
ანდრო ნიჟარაძე იყო ავტორი 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის. მისი სამეცნიერო და პოპულარული სტატიები ხშირად იბეჭდებოდა რესპუბლიკურ და საკავშირო პრესაში, იბეჭდებოდა ცალკე წიგნების სახით. ანდრო ითვლებოდა ამ მეტად საჭირო და მუდმივად აქტუალური სფეროს ოთხი გამოგონების ავტორად: ოთხივე ეს ნოვაცია დაამტკიცა სსრ კავშირის შესაბამისმა სტრუქტურამ.
საყურადღებოა, რომ ანდრო ნიჟარაძე სისტემატურად მოგზაურობდა უცხოეთში სპეციალური მივლინებებით როგორც სოციალისტურ, ასევე- კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც სფეროში საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა უცხოელ კოლეგებს, სწავლობდა მათგან სიახლეებს…
ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასა და ბიოგრაფიულ სალექსიკონო ცნობარებში გავრცელებულია შემდეგი ტექსტი:
ანდრო ნიჟარაძე:
დაბადების თარიღი: 25 აპრილი, 1911 წელი.
კატეგორია: ქიმიკოსი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, წყალტუბოს რაიონი.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი 1934 წელს.
მუშაობდა კპ ცკ-ში. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად და ბიოქიმიის კათედრის გამგედ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორად. 1960 წლიდან საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევის ინსტიტუტის დირექტორია. მისი შრომები ეხება საქართველოში გავრცელებული კულტურისა და გარეული ხილის ბიოქიმიისა და ტექნოლოგიების შესწავლას, მათი შენახვისა და სამრეწველო გამოყენების მეთოდების დამუშავებას. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1973), ბიოქიმიკოსი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7-თბ., 1984.-გვ.442
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
• სკკპ, წევრი (1941-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
• 1980 – საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
• საპატიო ნიშნის ორდენი
• შრომის წითელი დროშის ორდენი
გივი ჯავახაძე (1927 -2018).
დავიწყებ ამონარიდით ვიკიპედიიდან:
გივი ჯავახაძე (1927— 2018) — ქართველი ფეხბურთელი. მოხსენიებულია ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და სხვა. თამაშობდა 1944-1957 წლებში. იყო „ქუთაისის ლოკომოტივის“, „ქუთაისის ტორპედოს“, „თბილისის დინამოსა“ და „ქუთაისის დინამოს“ წევრი.
დაიბადა ქუთაისის მახლობლად, სოფელ მაღლაკში. თამაში დაიწყო ქუთაისის “ლოკომოტივში”, სადაც კაპიტანი იყო. 1946 წელს შეიქმნა ქუთაისის გუნდი “ტორპედო”. ჯავახაძეც იქ გადავიდა. “ტორპედოშიც” მას კაპიტნის სამკლაური ეკეთა. მალე გადაინაცვლა „თბილისის დინამოში“, სადაც ბორის პაიჭაძე თამაშობდა. მაშინ გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავდა, მათ შორის გივი ჯავახაძე. დიდხანს იქაც ვერ გაჩერდა და ქუთაისის “დინამოს“ წევრი გახდა. მას იქ ბევრჯერ უწევდა საბჭოთა ჩემპიონატის ბ კლასში თამაში. მას „პატარა გივიას“ უწოდებდნენ, თავად კი ამბობდა: „ხალხის სიყვარული მათამაშებდა“.
მიუხედავად მისი სურვილისა, კარიერის დასრულება 1957 წელს, მუხლის ტრავმის გამო მოუწია, 30 წლის ასაკში.
გარდაიცვალა 2018 წელს.
აქ კი გთავაზობთ ამონარიდებს ჩვენს მიერ ( ჯ. კოხრეიძე) სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში მოძიებული ინტერვიუებიდან თუ მასალებიდან:
გივი ჯავახაძის სპორტული ბიოგრაფია ქუთაისის და თბილისის „დინამოს“, თბილისის „სპარტაკს“, ივანოვოს „კრასნოე ზნამიას“ და ქუთაისის „ლოკომოტივს” უკავშირდება. სადაც კი უთამაშია, ყველგან გულშემატკივართა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია.
თავის დროზე მას ყველა იცნობდა, ქუთაისში ხომ – განსაკუთრებით. მისი თამაში ყველას სიამოვნებას ჰგვრიდა, ტანმორჩილი (160სმ) მარჯვენა ინსაიდი ბრძოლის საოცარი ჟინით, მაღალი სისწრაფით, დახვეწილი ტექნიკით და ძლიერი დარტყმით გამოირჩეოდა. ქუთაისში მას მოფერებით გივიკოს ეძახდნენ, თბილისელმა სომხებმა “პატარა გევორქად“ მონათლეს.
გივი ჯავახაძე 1927 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ მაღლაკში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა ოჯახი ქალაქში გადაბარგდა საცხოვრებლად. სწავლას მე-10 კლასიდან დაანება თავი. სხვა გზა არ ჰქონდა, გაგანია ომი იყო, ლუკმა პური ჭირდა. ოჯახის რჩენაში მშობლებს რომ დახმარებოდა, ჯანმრთელობისათვის მავნე – ნიკელის საამქროში დაიწყო მუშაობა. სამუშაოს რომ მორჩებოდა, “თეთრ ხიდთან“ მდებარე სპორტული სკოლის ფეხბურთის სექციაში მიდიოდა სავარჯიშოდ. ცეკვის წრეშიც ასწრებდა სიარულს. მერე არჩევნის დრო დაუდგა. ქალაქის ახალგაზრდული ნაკრები გორში მიემგზავრებოდა ამხანაგურ თამაშზე. იმავე დღეს გორშივე მიდიოდნენ გასტროლზე ქუთაისელი მოცეკვავეები.
– აბა, გივიკო, ან ჩვენთან ერთად წამოდი, ან მოცეკვავეებს გაჰყევი“, – უთქვამს მწვრთნელს. ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, ბიჭმა ჩანთაში სპორტული ფორმა ჩაალაგა…
დღეს ბევრმა არ იცის და, შეიძლება ნათქვამიც გაუკვირდეს, 1928 წელს დაარსებიდან და ზუსტად 30 წლის განმავლობაში ქუთაისის უპირველესი გუნდი “დინამო“ გახლდათ, რომელსაც ტიტულები არასოდეს აკლდა. ქუთაისის “დინამო“ საქართველოს ორგზის ჩემპიონი (1946, 1955 წწ.) და ათგზის პრიზიორი იყო, ამასთან ორჯერ (1953, 1955 წწ.) ფლობდა საქართველოს თასს. და, მართლაც რომ ნიშანდობლივია ყველა ეს ტიტული “დინამომ“, ორი გამონაკლისის გარდა, გივი ჯავახაძის მონაწილეობით ირგუნა.
ქუთაისური ფეხბურთის დიდმა მოამაგემ, სტეფანე ერქომაიშვილმა გივი ჯავახაძე 18 წლის ასაკში მიიწვია “დინამოში“, სადაც იმ დროისათვის შოთა ვაჩაძე, ნოე ხერხაძე, ტიხონ და მიშა გერაძეები, სერგო ნინუა და სხვა მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. სწორედ მათ გვერდით ხვეწდა ოსტატობას პატარა ბიჭი, რომელიც სულ მალე ქომაგთა კერპად იქცა. იგი იშვიათად გადიოდა თამაშიდან უგოლოდ, ბერჯერ 2-3 ბურთიც გაუტანია.
გივი ჯავახაძე : “ახალი მისული ვიყავი ქუთაისის “დინამოში“, როდესაც ამხანაგურ თამაშზე თბილისის დინამოელები გვესტუმრნენ. ერთ ეპიზოდში გრიგოლ გაგუას პირისპირ აღმოვჩნდი. ძალიან ძლიერი და გამოცდილი მცველი იყო. რამდენიმე ცრუმოძრაობა გავაკეთე, იციც დაიბნა, ჯერ წაბარბაცდა, მერე წაიქცა. ამის გამო ისე გაცხარდა, რომ იქვე დამიჭირა და თავში წამკრა. ეს რომ ბორის პაიჭაძემ შენიშნა, თანაგუნდელს ნიშნისმოგებით გასძახა – გრიშა, შენ არ ვარგოდე, მაგ ბავშვს რას ერჩიო. ის მატჩი ჩვენ 2:0 მოვიგეთ“.
1948 წელს ქუთაისელებმა კარგად იასპარეზეს სპორტსაზოგადოება “დინამოს“ ცენტრალური საბჭოს პირველობაზე და ნახევარფინალს უწიეს, სადაც მათი მეტოქე საბჭოთა ფეხბურთის იმდროინდელი ვარსკვლავებით გაძეძგილი მოსკოვის “დინამო“ იყო. ხომიჩი, სემიჩასტნი, სალნიკოვი, ბესკოვი, კარცევი, ტროფიმოვი – აი, ამათ წინააღმდეგ მოუწიათ თამაში ქუთაისელ დინამოელებს, რომლებმაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულში გატყდნენ. გივი ჯავახაძე ამ მატჩჩში საუკეთესო გახლდათ ქუთაისელთაგან. შემთხვევით არ იყო, მოსკოველთა მწვრთნელმა მიხაილ იაკუშინმა შესვენების შემდეგ მას ორი მეურვე მიუჩინა.
1949 წელს ქუთაისის “დინამომ“ საკავშირო ჩემპიონატის “ბ“ კლასის ცენტრალურ ზონაში თამაშის უფლება მიიღო. დებიუტი სანაქებო გამოდგა. ქუთაისელებმა მე-2 ადგილი დაიკავეს და უკან ჩამოიტოვეს გამოცდილი მინსკის, ვილნიუსის და ერევნის “სპარტაკი“, ტაშკენტის, თბილისის, რიგის ოფიცერთა სახლების და სხვა გუნდები. ზონის გამარჯვებული თბილისის “სპარტაკი“ გახდა, რომელსაც ერთადერთი მარცხი სწორედ ქუთაისის “დინამომ“ აგემა. გივი ჯავახაძე ამ სეზონს საკუთარ კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს.
გივი ჯავახაძე : “მე და ჯუმბერ რუსაძე “სპარტაკში“ ვაპირებდით თამაშს, მაგრამ საქმეში “დინამოს“ რესპუბლიკური საბჭოს ხელმძღვანელები ჩაერივნენ – თქვენ დინამოელები ხართ და “დინამოში“ უნდა ითამაშოთო. ცოტა არ იყოს, შევშინდით. აბა, როგორი იყო, “დინამოში“ ხომ ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, ნიაზ ძიაპშიპა, გოგი ანთაძე, გრიგოლ გაგუა და სხვა ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ“.
თბილისის “დინამოს“ მწვრთნელმა ალექსეი სოკოლოვმა პირველად მინსკის “დინამოსთან“ ამხანაგურ მატჩში გამოსცადა გივი ჯავახაძე, მერე ერევნის “დინამოსთანაც“ დააყენა, მაგრამ… ტრამვის გამო მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა. “დინამოსათვის“ ბრინჯაოს მედლების მომტანი 1950 წლის ჩემპიონატში მან ერთი ბურთი გაიტანა, ისევე როგორც მომდევნო სეზონში.
როგორც ვთქვით, გივი ჯავახაძეს თბილისი “დინამოში“ ბევრი არ უთამაშია და ამის მიზეზი მენისკი გახლდათ. 1951 წელს “დინამომ“ ვერცხლის მედლები მოიპოვა. ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთისათვის თავის დანებებას აპირებდა, მაგრამ “სპარტაკიდან“ ვახტანგ რამიშვილი შეეხმიანა და მკურნალობა შეთავაზა. ოპერაცია მოსკოვში გაუკეთეს. 1952 წლის სეზონში საკავშირო პირველობაზე “სპარტაკის“ ღირსებას იცავდა. მერე მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
გივი ჯავახაძე : “ქუთაისის “დინამოში“ ათ წელზე მეტი ვითამაშე. რომ ვიხსენებ, ამ გუნდს საუკეთესო სეზონი 1955 წელს ჰქონდა. საქართველოში ყველა ტიტული მოვიგეთ და თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდთან საკავშირო პირველობის “ბ“ კლასის საგზურისათვის ბრძოლა მოგვიწია. სტუმრად 0:0 ვითამაშეთ. საპასუხო შეხვედრაში ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბურთის გატანა ვერადავერ მოვახერხეთ. ეს თამაშიც 0:0 დასრულდა. საჭირო გახდა მესამე, დამატებითი მატჩის ჩატარება. საკუთარ მოედანზე აშკარად მოსაგები თამაში წავაგეთ. საფეხბურთო კარიერაში ეს ყველაზე გულდასაწყვეტი ამბავი იყო ჩემთვის. მახსოვს, როგორ გვამშვიდებდა უშანგი სალდაძე. მართლა დიდი პიროვნება იყო. პროფესიით ექიმს უფეხბურთოდ არ შეეძლო. კარგად თამაშობდა და მწვრთნელობაშიც ჰქონდა წარმატებები. თამაშის წინა დღეს გუნდი სასეირნოდ დაჰყავდა, საღამოს ყველა ერთ დიდ ოთახში ვიძინებდით. გვაკონტროლებდა, ვინმეს რომ არ ეცუღლუტა. ამ კაცმა მოგვიანებით “ტორპედო“ გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში“.
1957 წელს გივი ჯავახაძეს მაინც მოუწია საკავშირო პირველობაზე (“ბ“ კლასში) თამაში, ოღონდ ქუთაისის “ლოკომოტივის“ შემადგენლობაში, რომელსაც ანდრო ჟორდანია წვრთნიდა. თანაგუნდელებმა გივი კაპიტნად აირჩიეს. ეს სეზონი უკანასკნელი აღმოჩნდა გივი ჯავახაძის კარიერაში.
გივი ჯავახაძე : “30 წლის ვიყავი. მართალია, ანდრო ჟორდანია მენდობოდა და გუნდში დარჩენას მთხოვდა, მაგრამ კარგად ვგრძნობდი, რომ ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, თავს ხომ არ შევირცხვენდი და წასვლა გადავწყვიტე. გუნდმა პატარა გაცილება მომიწყო“.
გივი ჯავახაძე დიდი სითბოთი იხსენებს მწვრთნელებს – უშანგი სალდაძეს, სტეფანე ერქომაიშვილს, ანდრო ჟორდანიას, პარტნიორებს ორივე “დინამოში“ – შოთა ვაჩაძეს, ნოე ხერხაძეს, ჯუმბერ რუსაძეს, გივი იობიძეს, სერგო ნინუას, ბონდო ბობოხიძეს, ანტონ ქარჩავას, ბორის პაიჭაძეს, ავთანდილ ღოღობერიძეს, გოგი ანთაძეს, ვლადიმერ მარღანიას, ვლადიმერ ელოშვილს და სხვებს.
” ხალხის სიყვარული მათამაშებდა“- ეს სიტყვები გივი ჯავახაძის ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო ცხოვრებაში!
გივი გუდაძე – (დაიბადა 1946 წელს)
ეს იმ მაღლაკელის სახელი და გვარია, ვინც სახელი გაითქვა 1960-70-იან წლებში როგორც რესპუბლიკის, ასევე- მთელი ქვეყნის (მაშინ- სსრ კავშირი) მასშტაბით. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე რეგალიებს ჩამოვთვლით:
• იგი მონაწილეობდა მე-5 საკავშირო სპარტაკიადაზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრის რანგში და ძვირფასი ქულები შესძინა ჩვენს გუნდს, რომელმაც სპარტაკიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.
• მაღლაკელმა ბიჭმა ჭიდაობის ანა-ბანას ქუთაისში ეზიარა ლევან ფხაკაძის ხელმძღვანელობით. 1963-65 წლებში იგი გახდა ჯერ ქალაქის, შემდეგ კი-იუნიორთა შორის რესპუბლიკის ჩემპიონი (5-ჯერ!).
• 1970 წელს გივი „დინამოს“ საზოგადოების ალმით საკავშირო ჩემპიონიც ხდება!
• გივიმ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება იუგოსლავიაში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრებაში.
• კლასიკური ჭიდაობის დიდოსტატი სოფლის სპორტსმენთა საკავშირო სპარტაკიადაზე მეორე ადგილის დაკავებისთვის საჭიდაო ხალიჩით დააჯილდოეს. საჩუქარი გივიმ მშობლიური სოფლის სპორტსმენებს უძღვნა და მათ წვრთნა-დაოსტატებასაც თვითონ ხელმძღვანელობს.
• 80 წელს მიღწეული გივი გუდაძე ახლაც მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება: ჯანმრთელობა და ბედნიერი ხანგრძლივი ცხოვრება ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონს!
მურთაზ კანკაძე – ჟურნალისტი, პოეტი. (დაბ. 1943 წ.)
მურთაზ კლიმენტის ძე კანკაძე დაიბადა 1943 წლის 9 ნოემბერს. 1960 წელს დაამთავრა მაღლაკის საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით და მუშაობა დაიწყო მაღლაკის კოლმეურნეობაში რიგით წევრად. მოსწავლეობის დროს და შემდეგაც აქტიურად თანამშრომლობდა რაიონულ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში, ბეჭდავდა იქ კორესპოდენციებს, ლექსებს, ჩანახატებს, ფოტოსურათებს…
1961 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის საღამოს სწავლების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1971 წელს ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. (სტუდენტობის პერიოდში: მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში, მაღლაკის რუსთაველის სახელობის კოლმეურნეობაში, ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხანაში ტექნიკური კონტროლის ზედამხედველად…). 1971 წლიდან კი გადავიდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად.
1973 წლიდან მურთაზ კანკაძე უკვე წყალტუბოს რაიონული გაზეთის “დროშა” ლიტმუშაკად იწყებს მუშაობას. ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს პარტიის რაიონულ კომიტეტში ინსტრუქტორად… ამ მიმართულებით მის ბიოგრაფიაში აღსანიშნავია: პარტიული მდივნის პოსტზე მუშაობა მშობლიური სოფლის ერთ-ერთ საბჭოთა მეურნეობაში (1976-77 წ.წ.), სწავლება ბაქოს უმაღლეს პარტიულ სკოლაში პოლიტოლოგის სპეციალობით (1977-79 წ.წ), მუშაობა წყალტუბოს ქალაქკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ (1979-1983 წ.წ.)…
1983 წელს მურთაზ კანკაძე დაინიშნა რაიონული გაზეთის “წყალტუბო” რედაქტორად, სადაც დღემდე მუშაობს!
1989 წელს მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.
1993 წელს გამომცემლობა “საქართველოს” ეგიდით გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული “აღმართი”. 2012 წელს გამოვიდა ლექსების უფრო ვრცელი კრებული “ჩემი მწვერვალი მიმელის მაღლა”. 2023 წელს კი დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით ლექსების მესამე კრებულიც გამოიცა -“შემოდგომის ფოთოლთცვენა”.
1997 წელს გამოიცა მურთაზ კანკაძის ბროშურა “სერგეი მესხის პუბლიცისტური მოღვაწეობა გაზეთ “დროებაში” 1879-80-81 წლებში”.
წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რა გაზეთის რედაქციასთან არსებულ ლიტერატურულ გაერთიანება “სათაფლიას”, მისი რედაქტორობით გამოიცა ადგილობრივ ავტორთა 40-მდე წიგნი.
გაზეთმა წყალტუბომა მურთაზ კანკაძის რედაქტორობის პერიოდში არაერთ რესპუბლიკურ კონკურსში გაიმარჯვა, რომელთაგან აღსანიშნავია: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის დიპლომი და პირველი პრემია (1986), იგივე კავშირის მეორე პრემია (1989),საგამომცემლო გაერთიანების “პერიოდიკის” დიპლომი და პრემია (1989),საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების ათეულობით სიგელი…
მურთაზ კანკაძე დაჯილდოებულია: “ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 20 წლის საიუბილეო” და “შრომის ვეტერანის” მედლებით, სერგეი მესხის სახელობის პრემიით (1997), ღირსების ორდენით (2000)…
იგი არის: საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი…აგრეთვე: მწერალთა, მეცნიერთა და ხელოვანთა ეროვნული აკადემიის წევრი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის წევრი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრ- კორესპოდენტი! ქართულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და წარმატებული მოღვაწეობისთვის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა 2017 წელს მიანიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება…2017 წელსვე იგი წყალტუბოს საპატიო მოქალაქედ აირჩიეს!
P.S.
კლიმენტი კანკაძისა და ლოლა ჟორჟოლიანის ოჯახში დაბადებული ბიჭის მურთაზ კანკაძის სახელი დიდი ხანია გასცდა მშობლიური სოფლის და რაიონის საზღვრებს…ქართული ხელოვნების, მეცნიერების, ლიტერატურის და მრავალი სხვა დარგის კორიფეთა უმრავლესობასთან მურთაზს მეგობრული და ახლო ურთიერთობები გააჩნია. დღეს (2026 წ.) , როცა ერთმანეთის მიყოლებით იხურება რესპუბლიკური გაზეთები, არსებობა შეწყვიტეს რაიონულმა გაზეთებმა, წყალტუბოს ადგილობრივი გაზეთი “წყალტუბო” ისევ აგრძელებს სიცოცხლეს და ეს პირდაპირ დაკავშირებულია მურთაზ კანკაძის სახელთან!
———————————
Подписаться на:
Сообщения (Atom)
