пятница, 21 марта 2025 г.
კედელი
-----------------------------------------
მე კედელი ვარ...კედელი ერთი კარით და ორი ფანჯრით. მე თითქმის საუკუნის ვარ...რამდენიმე სახლის წიაღში ვიდექი, როგორც - საყრდენი და საიმედო ერთი დიდი ოჯახის საცხოვრისისა. პირველი სახლი ერთსართულიანი შენობა იყო: იაკობმა ააშენა ეს სახლი, მე შემოსასვლელ ოთახსა და ზალას შორის მოვექეცი იმთავითვე: ზალიდან სამზარეულოსკენ და საძინებლისკენ გადიოდნენ...
ბედნიერი ოჯახი ჰქონდა იაკობს: ულამაზესი მეუღლე პელაგია, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილიც ეზო-კარ-მიდამოს ხალისით, სიმდიდრით ავსებდა. უფროსმა ბიჭმა სავლემ ცოლი 18 წლისამ მოიყვანა - ოჯახი ფაქტის წინაშე დააყენა. თანასოფლელი აგრაფინა მარდალეიშვილი მასთან ერთად „გაიპარა“ ქუთაისში ბიძაშვილის სახლში, საიდანაც 2 თუ 3 დღის შემდეგ დაბრუნდნენ...იაკობმა და პელაგიამ შვილებს დიდი სუფრა გაუშალა ზალაში: ცალი ხელით ჩემზე მოყრდნობილი (უყვარდა ეს პოზა) და გადაჯვარედინებული ფეხებით, მეორე ხელით ხან დოინჯ-შემართული, ხან კიდევ- კონკრეტული მიმართულებით გაშლილი- გამართული, სტუმრებს მხიარულებისკენ, დალოცვისკენ, დროის საამოდ გატარებისკენ მოუწოდებდა... კოხრეიძეები სტუმარ მარდალეიშვილებს ღვინოს აძალებდნენ, სტუმრები უარს არ ამბობდნენ...ბაგრატი კოსტავას არღანმა კი საბოლოოდ გადაწყვიტა: ღამე თეთრად უნდა გათენებულიყო...სავლესაც არსად ეჩქარებოდა, პირველი ღამე უკვე ჩავლილი იყო ორი თუ სამი დღის წინ...აგრაფინა პელაგიასთან ერთად ტრიალებდა სუფრის სამსახურში...
ეს საზეიმო დღე ჩემს მეხსიერებაში პირველი ყველაზე დიდი სადღესასწაულო სუფრა იყო დაუვიწყარი სახეებით, ლამაზი სადღეგრძელოებით, სიმღერებით. ხო, თამადა იაკობის ძმა გერმანე იყო...იგი იმხანად ქუთაისში ცხოვრობდა და მგონი, სწორედ მის საცხოვრებელში მიიყვანა სავლემ თავისი რჩეული...
საქეიფო სუფრების დროს იაკობმა იცოდა ჩემზე ხელის გულის რამენიმეჯერ დარტყმა-მოთათუნება შემდეგი სიტყვებით: ეს კედელი ვერ ხედავს და ამ კედელს არ ესმის, თორემ ჩვენ ხომ ვხედავთ და ხომ გვესმის! და მოაყოლებდა ამას რაიმე სათქმელს, რაზეც სურდა თანამეინახეთა ყურადღების მიქცევა...
არა და...მე საუბარი არ მეხერხებოდა, თორემ...ყველაფერს ვხედავდი...ყველაფერი მესმოდა...
ოჯახის ისტორიაც იმ ორ ოთახში მოსმენილი თუ დანახული ამბებით ვიცი:
სავლეს გვერდით ცალკე დიდი მიწის ნაკვეთი მისცეს და იქ ააშენა კიდეც მისი სახლი. სამი შვილი გაუჩნდათ მას და აგრაფინას: სულიკო, კარლო და ნანული...სამივე არაერთხელ მინახავს ამ ოთახებში...სავლე ბოლოს ომში წასვლის წინა დღეს ვნახე: აი, აქ, შემოსასვლელში დგნენ იაკობი და მისი ვაჟი კომისარიატიდან გამოგზავნილი ბარათით ხელში...უსიტყვოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს...
- რას ნერვიულობ, მამა? მე არც პირველი ვარ და არც -უკანასკნელი!
- თავს გაუფრთხილდი, შვილო!- ხელის გული დამარტყა რამდენიმეჯერ, ქვა ხომ არა ვარ ამ კედელივით...დაბრუნდი...აუცილებლად დაბრუნდი: გამარჯვებული და ჯანმრთელი!
გაწვევიდან 2 წელიწადში იაკობი დეპეშით ხელში შემოვიდა სახლში პელაგიასთან ერთად....დეპეშა ფეხებში დააგდო და თვითონ თავი მომადო...კი არ მომადო, მომაწვა მთელი ძალით...თითქოს განგრევა სურდა...მე მივხვდი, რომ საქმე ვერ იყო კარგად...პელაგიაც მალე მიხვდა ყველაფერს და დაუმთავრებელმა კივილმა შესძრა იქაურობა...სავლეს დაღუპვის ამბავი მოვიდა ფრონტიდან...
ამ დღის შემდეგ თითქმის 2 წელი ჩემს თვალსაწიერში მხოლოდ პელაგიას ვხედავდი, ზალის და შემოსასვლელი „შუშაბანდის“ დასალაგებლად, გასანიავებლად თუ შემოვიდოდა... აგრაფინა და მისი სამი ბავშვი გვერდით ეზოში იაკობის ხელშეწყობით აშენებულ პატარა სახლში გადავიდნენ და მამამთილ-დედამთილიც დიდ დროს იქ ატარებდნენ. იაკობის მეორე ვაჟი ვახტანგი და ულამაზესი ქალიშვილი ალექსანდრა, იგივე ცაფა, სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ზალაშიც იშვიათად შემოდიოდნენ. როგორც ჩანს , თავიანთ საძინებლებში მეცადინეობდნენ და ისვენებდნენ...
...ზალაში სუფრა 1956 წლამდე არ გაშლილა...კი...მახსოვს ეს თარიღი: ვახტანგიმ გუბისწყლელი ლენა რომ მოიყვანა ცოლად, მაშინ გაიმართა ჩემს „თვალწინ“ დიდი ქეიფი...მანამდეც იყო ლხინის მიზეზი იაკობის ოჯახში: ცაფა გათხოვდა კუხში, მაგრამ საქორწინო პატარ სეფა ეზოში გაიმართა და ზალაში არც კი შემოსულან...ვახტანგის და ლენას დალოცვის სუფრაზე ცაფა და მისი სიმპათიური მეუღლე, სიძე-ბატონი ჟორა კუპატაძეც ყურადღებით შევათვალიერე...ეჰ... განა სავლე დაავიწყდა ვინმეს...სულ იხსენებდნენ...თითქმის ყოველ სადღეგრძელოში ახსენებდნენ მას...მაგრამ მე მაინც ვფიქრობდი: მეხსიერებაც ალბათ ნელ-ნელა მიინავლება...
ამ სახლის ადგილას უფრო დიდი, ორსართულიანი სახლის აშენებაზე ალაპარაკდნენ იაკობი და ვახტანგი...თავი მოიწონეს გუბისწყლელი ნათესავების წინაშე თუ რა იყო, არ ვიცი: იაკობმა ხელი დამარტყა რამდენიმეჯერ და ხმამაღლა თქვა: „მე და ჩემი ვახო აქ მალე ახალ სახლს და ახალ კედლებს ავაშენებთ, ჩვენი პატარძალიც მოგვეხმარება ამ საქმეში და საზეიმო სუფრებს გაგვიწყობს როგორც პირველ, ისე - მეორე სართულზეო...“
ნუთუ აუცილებელია, დაინგრეს ძველი სახლი და მისი კედლები ახლის ასაშენებლად?...
ჯამბულ კოხრეიძე. 2025.21.03.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)


Комментариев нет:
Отправить комментарий