среда, 2 декабря 2009 г.

რაც იყო...(მე–3 ნაწილი)

გზადაგზა არაერთ თანაკლასელს გავიხსენებ კიდევ, მერე შემომატებულებს, კიდევ – საშუალო სკოლის ამხანაგებს, რომელთანაც ასევე თბილი მოგონებები მაკავშირებს...

რვაწლიანი სკოლის მოსწავლეობის გახსენება იმჟამინდელ კლუბ – კანტორას წამომიტივტივებს წინ.
მაღლაკი დიდი სოფელია. უფრო დიდი იყო იგი მაშინ, რადგან როგორც მთელ საქართველოს, 90–იან წლებში მოსახლეობა მასაც დააკლდა. სოფელი ორ მსხვილ საბჭოთა მეურნეობად იყოფოდა, რომლებიც ყოფილი ორი კოლმეურნეობის ბაზაზე შეიქმნა. დუქნების კანტორა /დღეს ალბათ მას „ოფისი“ ერქმეოდა/ შოთა რუსთაველი სახელობის საბჭოთა მეურნეობისა იყო, ჩვენი ნაწილის კანტორა კი – ლენინის სახელობისა. დუქნებზე რუსთველის ძეგლი იდგა კანტორის ეზოში. აქეთ არ იდგა ლენინის ძეგლი და მეურნეობასაც იმის სახელით მოიხსენიებდნენ, ვინც იმხანად მისი დირექტორი იყო. დირექტორები კი, იცოცხლე, ბევრი მახსოვს, მალ – მალე იცვლებოდნენ. მაღლაკიდან გაკოტრებული და ღარიბი არავინ მიდიოდა. გლეხებმა იცოდნენ თქმა, მალადეც ამ გლეხობას, საკუთარ ოჯახებსაც ვარჩენთ და სხვისასაცო /„სხვაში“ კანტორის ელიტას გულისხმობდა/. მართალი იყო თუ არა ეს, გლეხთა უმრავლესობა ასე ფიქრობდა და ამიტომაც იყო ეს ფენა კომუნისტებისათვის ისტორიულად მუდამ არასაიმედო. ქვედა მაღლაკელებს ძალიან კარგად ახსოვთ შალვა ჯავახაძის /ჯოჯუას/ დირექტორობა. ეს იყო სამოცდაათიანი წლები და ოთხმოციანის პირველი ნახევარი. მერე მეურნეობები ისედაც გაუქმდა. ბატონ შალვას ულამაზესი მეუღლე ჰყავდა /აცხოვნოს ორივე ღმერთმა –ერთიანად იავადმყოფეს ორთავემ და თითქმის ერთ დროს გარდაიცვალნენ 1990 –იანი წლების დასაწყისში/. ძალიან ვუყვარდი და ამას არ მალავდა, ეამაყებოდა, რომ მის მეურნეობას „ვეკუთვნოდი“ /უნივერსიტეტში საბუთები რომ შევიტანე, შრომის წიგნაკი გახსნილი მქონდა უკვე „ჩვენს“ კანტორაში/. იმ ხანად უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა არც ისე ადვილი იყო, მით უმეტეს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯოჯუას დროს ფერი იცვალა მიწაწითლის სასოფლო ცენტრმა – ანუ ქვედა მაღლაკის ცენტრმა: თავად კანტორის ორსართულიანი შენობა კაპიტალურად გარემონტდა /მახსოვს დირექტორის გრძელი, ფართო კაბინეტი, სიდიდით ალბათ სტალინის კრემლისეულ კაბინეტს რომ არ ჩამოუვარდებოდა/. პირველ სართულზე საკანცელარიო თუ რაღაც ამდაგვარის საწყობი იყო ერთ ნაწილში, მეორეში კი –დაახლოებით 1979–80 წლებში სასაუზმე გაიხსნა, რომლის გამგეც და შეფ–მზარეულიც ჩემი ძმა იყო. ჯიმშერი მაშინ ოცი– ოცდაერთი წლის ბიჭი იყო, მაგრამ ამ საქმეში პატარა გამოცდილება უკვე ჰქონდა. მე კარგად მახსოვს იმ სასაუზმის სისუფთავე, კუპირებული ოთახი, სადაც ჯოჯუა სადილობდა ხოლმე, გემრიელი „ხარშჩო“. ერთ კვირა დღეს თორმეტი ბოთლი ლიმონათი „მზიური“ დავლიე. არ ვიცი, რატომ არ გაგრძელდა მუშაობა, გამოცდილება არ ეყო თუ კლიენტი, ვერ ვიხსენებ...ორი წელი იმუშავა სასაუზმემე და, რამდენადაც ვიცი, მას ახლაც თბილად იხსენებენ მაღლაკელები... მახსოვს, მთელი ღამე როგორ გაათიეს წყალტუბოს ხორცკომბინატთან მამაჩემმა და ჯიმშერიმ, რომ იქიდან საუკეთესო ხარისხის სახაშე მასალა გამოეტანათ. მერე სახლში მის გასუფთავებაში ოჯახის ქალებიც მონაწილეობდნენ. ხაში ნაჭამი არ მქონდა. მეორე დილით კლასში „რეკლამას“ ვაკეთებ, ჩემს ძმას სასადილოში ხაში აქვს მეთქი...გელა ჭოლაძე დავიყოლიე და დიდ შესვენებაზე სასაუზმეში გავიქეცით. კუპე ცარიელი იყო და ჩემმა ძმამ იქ მოგვართვა ორი პირთამდე სავსე ხაში. გელა მაშინვე დაეწაფა. მე ჯერ ფერი არ მომეწონა, მერე არც – გემო. რა მექნა არ ვიცოდი...გელას ბოდიში მოვუხადე და ჩემი თეფშიც მას დავუდგი. სულელი ხარ შენო, მითხრა და რაც ფიზიკურად შეძლო, ჩემი თეფშიდანაც გადაიღო...მოკლედ, ეს ამბები ერთ ახლობელს მოვუყევი და, შენ გაგიკოტრებია შენი ძმის სასაუზმეო, დაასკვნა. კანტორის ზედა სართულზე დირექტორის კაბინეტის გასწვრივ კი ხუთი თუ ექვსი ოთახი იყო, რომელშიც ლენინის სახელობის მეურნეობის მართვა „მეცნიერულად იგეგმებოდა და ხორციელდებოდა“. დღეს ეს კანტორა კერძო საკუთრებაშია. იგი ორიათას დოლარად ჩვენი უბნის მკვიდრმა, იზა კოსტავას ბიძამ, აფხაზეთიდან ლტოლვილმა შეიძინა. რაღაც სიმბოლოები დევს ამ ფაქტში.
კანტორის წინ მშვენიერი სასოფლო კლუბი იყო ბიბლიოთეკით, სტუდიით, სცენით...მე ამ კლუბის მუდმივი „პაციენტი“ და „მომხმარებელი“ ვიყავი. როგორც მახსოვს,პირველად იქ 1975 წლის 8 მაისს გამოვედი. ის დღე საერთოდ დაუვიწყარი იყო სოფლისთვის: სამამულო ომში გამარჯვების 30 –ე წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო გრანდიოზული ღონისძიება. კლუბი სავსე იყო ომის ვეტერანებით /მაშინ კვლავაც ახალგაზრდა, ჯან–ღონით სავსე მამაკაცებით, რომელთა საშუალო ასაკი 55 წელი იყო/, მათი ოჯახის წევრებით, მოწვეული სტუმრებით, მოსწავლეებით. ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ კლუბში ტევა არ იყო და მაყურებლები ღია ფანჯრებიდან და კარებიდან ადევნებდა ღონისძიებას თვალს. ახლაც კარგად მახსოვს ჩვენი სკოლის ძალებით მომზადებული მაშინდელი კონცერტის რამდენიმე ნომერი: ცეკვა „ძველი თბილისი სურათები“– მასში სოლო ჰქონდა ჩემს დეიდაშვილს ეთერი კოსტავას, იმხანად მერვე კლასელს /მაყურებელთა დარბაზში მამამისი ომის ვეტერანთა რიგებში იჯდა/; ლალი მამაგეიშვილის, ქეთინო დეისაძის და მარინა ჟორჟოლიანის „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“; მზია ჟორჟოლიანის დეკლამაცია „ღიმილის ბიჭი ვიყავი“...კონცერტი დამთავრდა ჩემი გამოსვლით – სიმღერით „დაე მუდამ იყოს მზე“ –რუსულ ენაზე. მეორე კლასელი ბავშვისთვის ეს იყო საკმაოდ ძნელი სიმღერა, ხუთი სტროფით, უცხო ენით... მეცვა ჯონი ნათლიას მიერ ლენინგრადიდან ჩამოტანილი მეზღვაურის მაისური. მახსოვს, რა გულმოდგინედ მუშაობდა მუსიკის მასწავლებელი ნუნუკა გრიგოლაშვილი ჩემთან, რომ სასურველი შედეგი მიეღო...მას მერე სცენა და მიკროფონი ჩემთვის გაშინაურებული ატრიბუტები შეიქნა, რაც ცხოვრებაშიც დიდად გამომადგა.
ჩვენი კლუბი პოპულარული მაინც იქ ჩატარებული კინოსეანსებით იყო. კინომექანიკოსი ავთო დეისაძე /„ტობიშა“/ ძალიან ახლოს იყო წყალტუბოს რაიონულ კინოგაქირავებასთან და ამ ურთიერთობის კვალი „ჩვენი“ კლუბის რეპერტუარზეც აისახებოდა. იმ დროს, როცა დუქნებზე მეტწილად ძველი ფილმები გადიოდა, ტობიშას ყოველთვის ახალი რეპერტუარი ჰქონდა, ამიტომაც არც მაყურებელი აკლდა და არც –შემოსავალი. აფიშებზე გაკეთებული წარწერებიდან ხშირად მცდარი მინიშნებებიც იყო: ასე მაგალითად, არასდროს სრულდებოდა გაფრთხილება – „16 წლამდე ასაკის ბავშვები სეანსზე არ დაიშვებიან “ ან კიდევ –„სეანსის დასაწყისი 9 საათზე“, რადგან სანამ კარგად არ შეღამდებოდა, სანამ მეჩაიეები ჩაიდან არ დაბრუნდებოდნენ, ძროხას არ მოწველიდნენ და ოჯახს ვახშამს არ გაუკეთებდნენ, კინო არ დაიწყებოდა. ამიტომაც იყო, რომ ორსერიანი ინდური ფილმები, რომელიც ტობიშას ძირითადი რეპერტუარი იყო ხოლმე, ხშირად ლამის ალიონზე მთავრდებოდა. ბავშვობიდან გამომყვა ინდური ფილმების სიყვარული. ამის არც არასდროს მრცხვენოდა. ან რატომ უნდა დაფარო შენი გატაცება? ერთი ხანობა ვოცნებობდი კიდეც, რომ თუ ბიჭები მეყოლებოდა, მათთვის რამი და შამი დამერქვია, თუ – გოგონები, მათთვისაც მქონდა სახელები შერჩეულები: ზიტა და გიტა.
მშვენიერი ბიბლიოთეკა ჰქონდა ჩვენს კლუბს. ნანული კიკნაველიძე იყო მისი გამგე ჩემს ბავშვობაში. თითქმის მთელი ბიბლიოთეკა წამაკითხა. მენდობოდა, უპრობლემოდ მატანდა შინ რამდენიმე წიგნს. სამწუხაროდ, ზოგიერთი წიგნი ახლაც ჩემს ოჯახშია. 80–იან წლებში ბიბლიოთეკები ბევრგან მოიშალა და სასოფლო წიგნის ფონდები ფაქტიურად მოსახლეობაში დანაწილდა სხვადასხვა გზით! არადა, საუკუნე ნახევრის წინ „ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ როგორ ზრუნავდა, რომ პატარ –პატარა ქოხ – სამკითხველოები გაეხსნა ყველა დასახლებულ ადგილას...ამჟამად მაღლაკში მხოლოდ ერთი ბიბლიოთეკაა, დუქნებზე. ქალბატონი ნანული ახლა იქ უნდა მუშაობდეს.
კლუბი დიდთოვლობის დროს –1993 წლის ზამთარში – დაინგრა. ვერავინ მოიფიქრა მისი სახურავის გადათოვლა. ყველამ ხელი გაუქმების პირას მდგარი მეურნეობის ხელმძღვანელობისკენ გაიშურა, არადა კლუბი იმ „ყველას“ ძალიან უყვარდა და სჭირდებოდა.

1 комментарий: